სვანი გოგონა, რომელიც კახეთში მეღვინე გახდა

საქართველოში აქტიურად გამოჩნდნენ მეღვინე ქალები, რაც ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელია. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მცხოვრები თამარ გერლიანი ბიო-ღვინოს წარმოებას იწყებს. მეღვინეობის ბიზნესის დასაწყებად ორი წელი ემზადებოდა. როგორც თამარმა აღნიშნა, მეღვინეობით ბავშვობიდან არის გატაცებული და ამ პროცესებშიც ადრეული ასაკიდან იღებდა მონაწილეობას.


- კახეთში დავიბადე და სკოლაც იქ დავამთავრე, კახეთი და ვენახი მოგეხსენებათ, ასოცირდება ერთმანეთთან. ჩვენ დიდი ვენახი არასდროს არ გვქონია, რადგან ბაბუაჩემი სვანეთიდან იყო ჩამოსახლებული და მხოლოდ პატარა ვენახის გაშენება მოახერხა. შემდგომ უკვე მამაჩემმა გააშენა ვენახი, რომლის გაშენების პროცესი ძალიან კარგად მახსოვს. ყოველთვის მაინტერესებდა ყველაფერი, რაც ვენხში მიმდინარეობდა, შეიძლება ითქვას, მე და ის ვენახი ერთად გავიზარდეთ. სახლში ძველი მარანი გვაქვს, რომელიც ჩვენმა კახელმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, სწორედ იქ ვწურავდით ყურძენს. ერთ-ერთ რთველზე მოხდა ისე, რომ როცა ქვევრის რეცხვის დრო მოვიდა, მამაჩემი ვეღარ ჩაეტია ქვევრში, ამიტომ გადავწყვიტე, მე გამერეცხა. ეს პროცედურა მშვენივრად გამომდის დღემდე.

- როგორ გაჩნდა იდეა, რომ დაგეწყოთ ღვინის წარმოება?
- ამ სფეროში სერიოზულად ჩართვა 2 წლის წინ გადავწყვიტე. როცა ხვდები, რომ შენი საყვარელი საქმიანობა შიძლება წარმატებულ ბიზნესად აქციო, ეს უკვე პირველი წარმატებაა. მაგრამ ამისათვის თანხები იყო საჭირო. დავიწყე ფულის შეგროვება. გაზაფხულზე გავაშენე კიდეც ვენახი, ბოლო პერიოდში მევენახეობა–მეღვინეობით უამრავი ახალგაზრდა დაინტერესდა, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩემთვის კიდევ ერთი სტიმული იყო.

- როგორ მოიყვანეთ სისრულეში თქვენი ჩანაფიქრი, რა გზა და სიძნელეები გაიარეთ, სანამ ამ ჩანაფიქრს განახორციელებდით?
- სოფლის მეურნეობა ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი საქმეა, როცა კონკრეტულ სამუშაოს გეგმავ და ყველაფერი მზად გაქვს, შეიძლება მთელი კვირა უბრალოდ ცუდი ამინდი იყოს და გადაგედოს დაგეგმილი საქმე, თან მაშინ, როცა ჩემს შემთხვევაში კვირაში მხლოდ შაბათი და კვირა მაქვს თავისუფალი და უნდა ჩაეტიო ამ დროში (კვირის განმავლობაში ვმუშაობ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში). როდესაც ვენახის გაშენების დღე დავთქვით, ყველაფერი მოვამზადეთ. ერთი შეხედვით მეგონა, ყველაფერი რიგზე იყო. როდესაც გათენდა, აღმოჩნდა, რომ დამხმარეები, რომლებიც უნდა წამოსულიყვნენ, რაღაც მიზეზების გამო აღარ მოდიოდნენ. 12 ადამიანის საქმე ოთხ ადამიანს უნდა გაგვეკეთებინა - მე, დედაჩემს, ჩემს ძმას და ერთ დამხმარეს. ბოლოს ვაზებისათვის წყლის დასასხმელად ტრაქტორის მართვაც მე მომიწია. მოკლედ, მაშინ ძალიან დავიღალეთ ყველა, მაგრამ ახალა კარგად მახსენდება.


- ვენახი თქვენ თვითონ გაქვთ გაშენებული თუ ყურძენს ყიდულობთ?
- ახალი საფერავის ჯიშის ვენახი გაშენებული მაქვს დაახლოებით ერთ ჰექტარზე, აგრეთვე გვაქვს 15 წლის და 40 წლის ვენახიც, სადაც გაშენებულია რქაწითელის, კახური მწვანის, ქისის ხიხვის და ცოტა ვარდისფერი რქაწითელის ნერგები. ვგეგმავთ მინიმუმ სამი სახის ბიოღვინის წარმოებას. თითქმის ყველა სამუშაო პროცესში უშუალოდ ვარ ჩართული, აუცილებელია, შენ თვითონ აკეთებდე ყველა საქმეს, აკვირდებოდე, თუ რა პროცესი მიდის ვენახში.

- რას ნიშნავს ბიოღვინო?
- ბიოღვინო ეს არის იმ ტრადიციების დაბრუნება, რომელიც ჩვენთან ისტორიულად ყოველთვის არსებობდა, ეს არის ნაკლები ჩარევა ვაზის ზრდა-განვითარებაში, უარის თქმა სისტემატურ პრეპარატებზე და ქიმიურ სასუქებზე, ჰერბიციტებსა და

პესტიციდებზე, და ბუნებრივი ბალანსის დაცვა, დანარჩენი თვითონ მიდის ვენახში ის ბუნებრივი პროცესები, რომლებსაც ზედმეტი ხელოვნური ჩარევა არ სჭირდება.


- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- სამომავლოდ ვგეგმავთ ოჯახური წარმოების გაფართოებას, ღვინის ბოთლში ჩაამოსხმას და სარეალიზაციოდ გატანას. დიდი სურვილი მაქვს ჩავერთო აგროტურიზმის მიმართულებაშიც. მე ვფიქრობ, როგორც მეღვინეობას, აგრეთვე აგროტურიზმსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის. თუ ეს სფერო სათანადოდ განვითარდება, დარწმუნებული ვარ, უამრავი სოფელი გადაურჩება დაცლას და მეტი ახალგაზრდა დარჩება სოფლად და ჩაერთვება ამ საინტერესო საქმიანობაში.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები