საშობაო ღვეზელი, ხინკალი, ღორის ხორცი... - როგორ ხვდებოდნენ შობას სხვადასხვა კუთხეში

მართლმადიდებლური სამყარო 7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში ამ დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავდნენ. ღვეზელები, კოტორი, ხორცი, ხინკალი - ეს საშობაო სუფრისთვის დამახასიათებელი საკვების მცირე ჩამონათვალია, თუმცა ხორცი ყველა კუთხის სუფრისთვის აუცილებელი ატრიბუტია... როგორ ემზადებოდნენ და როგორ ხვდებოდნენ შობის დღესასწაულს, ამაზე სხვადასხვა კუთხის ცნობილი ადამიანები გვიამბობენ.


ეთერ თათარაიძე, ფოლკლორისტი:

- მე ზემო ალვანში გავიზარდე. ჩვენს ოჯახში და ყველა თუშის ოჯახში ასეთი ტრადიცია იყო, აუცილებლად საშობაოდ უნდა გამომცხვარიყო სამი კოტორი - ეს იყო იგივე ძალიან თხელი ხაჭაპური, რომელიც გამომშრალი ხაჭოსგან

მზადდებოდა. რაც შეეხება სუფრას, ხორცი აუცილებლად უნდა ყოფილიყო, ოღონდ ცხვრის, სხვა ხორცი არა. იყო სხვადასხვა ხილის ჩირები, თაფლი, რომელიც ოჯახის დიასახლისს ყველასთვის უნდა ეჭმივნა და თან დაეყოლებინა - ასე ტკბილად დამიბერდიო.

რაჭაში შობისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ საშობაო პურებს აცხობედნენ. წინა დღეს დიასახლისი ორ მამალს დაკლავდა ერთს, რომელსაც საანგელოზო ერქვა, ოჯახის მამაკაცებს, ბიჭებს შემოავლებდა თავზე და დალოცავდა. მეორეს, საოჯახოს კი - პურს, ჭურჭელსა და ცეცხლს შემოავლებდა. საანგელოზო მამალს ოჯახის მამაკაცები მიირთმევდნენ, საოჯახოს კი ოჯახის ყველა წევრი. სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნამცხვრები, რომლებზეც ჯვრები იყო გამოსახული.

აჭარაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ, ამიტომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იდგას ჯამით ხორბალი.
გურიაში შობისთვის საშობაო ღვეზელი ცხვება. ეს არის საფუვრიან ცომში გახვეული ყველი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი.

შობის სუფრაზე ფშავ-ხევსურეთში ხინკალი აუცილებლად უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ხევსურები და ფშავლები ამ დღესასწაულზე ლუდსა და არაყს ხდიდნენ... 

ტარიელ ხარხელაური, პოეტი:

- შობის სუფრაზე ხინკალი აუცილებელად უნდა ყოფილიყო. აცხობდნენ ქადებს ჩვეულებრივი პურის ცომისგან, შიგთავსი კი ფქვილის და შაქრის იყო და ზედ სანთლეს ანთებდნენ. ოჯახის უფროსი გავიდოდა გარეთ, შემდეგ დაბრუნდებოდა, ტკბილეულსა და თოვლს შემოყრიდა და ასე ვზეიმობდით შობის დადგომას. შემდეგ უკვე მეზობლები ოჯახიდან ოჯახში დადიოდნენ შობას და ერთმანეთს ულოცავდნენ. ქრისტეშობის დღესასწაული ძალიან მნივნელოვანი დღესასწაულია ქრისტიანული სამყაროსთვის, თუმცა, მახსოვს, განსაკუთრებულად არ აღნიშავდნენ ამ დღეს და მეც ასე ვარ, შობის დღესასწაულის სიხარული ყოველი დღე უნდა იყოს ჩვენში...

შობის ტრადიციის აღნიშვნის რიტუალს არც სვანები ჩამორჩებოდნენ და ამ დღესასწაულის სიხარულს მთელი სოფელი ერთად იზიარებდა. სვანეთში შობას საკლავის გარეშე არ აღნიშნავენ. იკვლება ხბო, ხარი, უმეტესად კი ღორი. საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი, ხაჭაპური, ფხლოვანი, ფეტვრა. 

მარიამ ხაჭვანი, რეჟისორი:

- სვანეთში შობის დღესასწაულზე ხაჭაპურები - „ლემზირლები“ ცხვებოდა. ჩამოივლიდნენ ოჯახებში. ოჯახის უფროსი კარებს გაუღებდა, ამღერებდა ალილოს, მისცემდა ტკბილეულსა და სასმელ-საჭმელს: პურს, ხორცს, სასმელს, ნამცხვრებს. შემდეგ თვითონაც შეუერთდებოდა მეალილოებს და ასე შემოივლიდნენ მთელ სოფელს და ყველა ოჯახს. ბოლოს მთელი სოფელი ამ დღესასწაულის აღსანიშნავად ერთად იკრიბებოდა.

ალილოს ტრადიცია, რომელიც უკვე საუკუნეებს ითვლის და რომელსაც ქველმოქმედების სახე აქვს, შობის დღესასწაულის დამაგვირგვინებელი ტრადიციაა. "ალილო" სადღესასწაულო სიმღერა იყო, სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა შესრულების მანერით გამოირჩეოდა და შობის წინა ღამეს სრულდებოდა. ჩამოუვლიდნენ ოჯახებს სიმღერით და შობის დღესასწაულის დადგომას ულოცავდნენ ერთმანეთს, მასპინძელი ოჯახი კი სხვადასხვა სანოვაგეს ატანდა სტუმარს.
აღსანიშნავია ტრადიცია, რომელიც პატრიარქის - ილია II-ის ლოცვა-კურთხევით რამდენიმე წლის წინ დამკვიდრდა - ქართველი მოსახლეობა ქრისტეშობის დღესასწაულს ფანჯრის რაფაზე ანთებული სანთლით ეგებება... ამ რიტუალით ქრისტეს ოჯახებში მოიხმობენ, სახლში შემოდის სინათლე და მადლი ამ დღესასწაულისა.
ქრისტეშობის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
ნინო ჩიქოვანი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები