ბნელ 90-იანებში შვილისთვის მოქსოვილი თოჯინით დაწყებული ხელოვნება - როგორ იქმნება ანუკა უთურგაიძის "ღიმილები"

ბოლო პერიოდში ხელნაკეთი თოჯინები სულ უფრო პოპულარული ხდება. ანუკა უთურგაიძე ერთ–ერთი მათგანია ვინც ულამაზეს, ფერად და მხიარულ თოჯინებს ქმნის. პირველი თოჯინა რთულ და მძიმე 90–იან წლებში საკუთარ ქალიშვილს შეუქმნა. წლების შემდეგ კი გატაცებამ ისევ იჩინა თავი. ანუკა მის ულამაზეს ქმნილებებზე თავად მოგიყვებათ.


- ყველაფერი დაიწყო მრავალი წლის წინ, შორეულ 90-იანებში... 1991 წელს ჩემი პირველი გოგო დაიბადა. მოგეხსენებათ, ეს უშუქობის, უსახსრობის, უმუშევრობის და უამრავი "უ"-ს პერიოდია. იმისათვის, რომ ჩემი პატარას ცხოვრება გამეხალისებინა, გადავწყვიტე მომექსოვა ბაჭია. ძალიან ლამაზი და საყვარელი სათამაშო გამოვიდა.

პატარას აღფრთოვანებამ და გარშემო მყოფების მოწონებამ ცოტა არ იყოს, წამახალისა და ბაჭიას მოჰყვა ცუგრია, სპილო, მამალი, ჯამბაზი და კიკინებიანი თოჯინა.... ასე დაიწყო ყველაფერი...
მერე, შემეძინა მეორე გოგო, დავიწყე მუშაობა და მოუცლელობის გამო დაიწყო ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზა. რამდენიმე წლის წინ თანამშრომელმა გაიხსენა ჩემი თოჯინებით გატაცება და ძალიან მთხოვა, მისთვის ჯამბაზი მომექსოვა. თავიდან ვიუარე, ვთქვი, რომ საერთოდ არ მახსოვდა, როგორ ვქსოვდი. დავპირდი, რომ ვცდიდი. ჯამბაზიც ძალიან საყვარელი გამოვიდა. მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ ძალიან მომნატრებია ჩემი ხელობა და ამ ჯამბაზს მოჰყვა უამრავი სახალისო თოჯინა და ცხოველი...


- ბავშვობაშიც გიტაცებდათ ხელსაქმე? ინტერესდებოდით მსგავსი საქმიანობით?
- როგორც ყველა პატარა გოგოს უყვარს თოჯინებით თამაში, ალბათ მეც ასე მიყვარდა. ძალიან დიდხანს გამყვა მათი სიყვარული. 8 წლის ვიქნებოდი, რომ ჯერ კიდევ მყავდა ჩემი საყვარელი სათმაშოები. ჩემი ძმა მეჩხუბებოდა, დიდი გოგო ხარ, წიგნი წაიკითხე, გეყოფა თოჯინებით თამაშიო. ისე, კონკრეტულად, რამე შემექმნა მაგ ასაკში, არ მახსოვს. ახლაც ძალიან მიყვარს სათამაშოები, მით უფრო, თუ რაღაცნაირი სასაცილო ან საინტერესო ტიპაჟები არიან. შემიძლია მაღაზიაში სათამაშოების დახლთან საათობით "გავიჭედო".

- პირველი თოჯინა ვისთვის შექმენით?
- პირველი თოჯინა ჩემი შვილისთვის შევქმენი! ახლაც ძალიან დიდი მოყვარულია ჩემი ნაკეთობების. გათხოვილია, თავისი ოჯახი ჰყავს, მაგრამ საკმარისია დაინახოს ჩემი ახალი ქმნილება, ხელიდან აღარ უშვებს და თავის სახლში მიარბენინებს. ჩემი უმცროსი გოგონა 20 წლის არის, უფრო ჩემს მიერ გაკეთებული აქსესუარები მოსწონს - ჩანთა, საფულე, სათვალის ჩასადები, მაგრამ ყოველთვის აღფრთოვანებულია ჩემი თოჯინებით. უბრალოდ, იმ ასაკში აღარ არის, რომ თოჯინებით ითამაშოს.

- თოჯინების შესაქმნელად რა მასალას იყენებთ?
- ჩემი თოჯინების დასამზადებლად ვიყენებ საქსოვ ძაფს, თექას, ქეჩის ნაჭერს, ხელოვნურ ბამბას (გამოსატენად), მავთულს (ზოგიერთ შემთხვევაში საფუძველის დასამზადებლად), მძივებს, მაქმანებს და უამრავ წვრილმანს, რითიც შეიძლება გამოვპრანჭო ჩემი ქმნილება. ანუ, ვიყენებ ეკოლოგიურად სუფთა და ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხო მასალას.

- რა ეტაპებს გადიხართ, სანამ თოჯინა დასრულებულ სახეს მიიღებს?
- თუ ცოტაოდენი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი გაქვთ და ცოტათი მოგყვებათ ხელსაქმის ცოდნა, კერვა ან ქსოვა, ნებისმიერი რამის შექმნას შეძლებთ. მე, უბრალოდ, წარმოვიდგენ რა მინდა, ფურცელზე ვხატავ, შემდეგ ვადგენ თარგს და მერე ვიწყებ მუშაობას, ან ნაჭერზე, ან საქსოვზე. როცა შეკვეთას მაძლევენ, რამდენიმე დღე მჭირდება ფიქრი იმ ტიპაჟზე, რომელზედაც ვიმუშავებ. მერე, ერთ დღეს თითქოს თვითონვე დამენახება ხოლმე. ასე იბადებიან ჩემი თოჯინები. ნებისმიერ რამეს შეუძლია გამიღვიძოს ფანტაზია, ნახატი იქნება ეს, ანიმაცია თუ ნივთი, არ აქვს მნიშვნელობა.

- ვინ არიან თქვენი შექმნილი თოჯინები?

- ჩემი შექმნილი თოჯინები არიან "ღიმილები", ასე დავარქმევდი მათ. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს, თითოეულ მათგანს ვეფერები მუშაობის დროს და როცა საჩუქრად ვამზადებ, რამოდენიმე დღე ვერ ვიმეტებ, ცოტა ხანი უნდა ვუყურო. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია გავცე.


- ზოგი მათგანი სევდიანია, ზოგი - მხიარული, თქვენი განწყობა ხომ არ აისახება მათ ხასიათზე?
- როცა ჩემს თოჯინებზე ვმუშაობ, ყოველთვის ბედნიერების და სიამოვნების განცდა მეუფლება, მოლოდინის განცდა, ნეტავი როგორი გამოვა? მათი სევდიანი და მხიარული სახე მხოლოდ და მხოლოდ გამომდინარეობს თავად თოჯინების ტიპაჟებიდან, თვითონ არიან ეგეთები.


- ალბათ ხშირად ჩუქნით მეგობრებს მათ შვილებს, როგორ უყურებენ თქვენ გატაცებას?
- თქვენ წარმოიდგინეთ, თოჯინების მოყვარული მარტო პატარები კი არ არიან, არამედ უამრავი ზრდასრული ადამიანი. გაგიკვირდებათ და მამაკაცებიც. ორ ჩემს მეგობარ ბიჭს დაბადების დღეზე ვაჩუქე ჩემი მოქსოვილი ბაჭია და დათვი. მგონი, იმ წელს, საუკეთესო საჩუქარი მე გამომივიდა. ახლაც საპატიო ადგილი უჭირავთ მათ სახლში ჩემს ქმნილებებს. სამსახურშიც რამდენიმე თანამშომელმა მთხოვა შემეკერა მათთვის სათამაშო ბაჭია. მაქსიმუმ 25 წლის ბიჭები არიან, ხომ გასაკვირია, ამ ასაკის ბიჭებსაც რომ მოსწონთ ასეთი სათამაშოები? თქვენ შეგიძლიათ მათი აღფრთოვანებული და გახარებული სახეების წარმოდგენა? რა თქმა უნდა, უამრავ ჩემს მეგობარს და მათ შვილებს ვუმზადებ სიურპრიზებს. ყველაზე დიდი ბედნიერება, ჯილდო და ანაზღაურება არის, როდესაც მათ სახეებზე აღფრთოვანებას და დიდ სიხარულს ვხედავ. სწორედ ეს მაძლევს დიდ სტიმულს და სურვილს, ვაკეთო და შევქმა რაც შეიძლება უფრო მეტი საინტერესო და საყვარელი ხელქმნილი არსება.


- დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ, როგორ ახერხებთ მათ შექმნას?
- პროფესიით მოდელიერ-დიზაინერი ვარ, დამთავრებული მაქვს სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ვმუშაობ "ბიბლუსი-ქიდსში", ძიძა ანიმატორად, სადაც სტუმრად მოსულ ბავშვებს ვთავაზობთ და ვასწავლით მარტივი სათამაშოების დამზადებას, დასრულებულ სათამაშოს კი საჩუქრად ვატანთ. ასევე ვმუშაობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციაში „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“. იქაც ვასწავლი, თერაპიის სახით,ხელნაკეთ სათამაშოებს. ძალიან მონდომებული და ყოჩაღი ახალგაზრდები მყავს ჯგუფში. მიუხედავად თავიანთი შეზღუდული შესაძლებლობებისა, ძალიან მონდომებულები და ენერგიულები არიან. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, დასვენების დღე ფაქტობრივად არ გამაჩნია, ისე ინტენსიურად ვეღარ ვმუშაობ პირადი სიამოვნებისთვის. მაგრამ, კვირაში ერთი საღამოს გამონახვას მაინც ვახერხებ იმისათვის, რომ ჩავუჯდე ჩემს "ღიმილებს".


- რა არის თქვენი ოცნება?
- რაც შეეხება ოცნებას, ძალიან მინდა პატარა მაღაზიის დაარსება, თავისი მცირე საწარმოოთი. სადაც მაღაზია და საწარმოოს კედელი გამიჯნული იქნება დიდი შუშაბანდით და საჩუქრის შესაძენად შემოსულ სტუმარს შეეძლება თვითონვე დაინახოს "ღიმილების" შესაქმნელად მოფუსფუსე "ფერიები". მინდა ამ ჩემი თოჯინებით ცოტათი მაინც გავახალისო და გავაფერადო სამყარო. ბევრი, ბევრი ღიმილები პატარებს!


მერი ბლიაძე

კომენტარები

nino 2017-02-06 13:55
dzalian momecona gimilebi, aucileblad ascavle sxvebs da daarset patara magazia, bevri klienti gekolebat, mat shoris mec :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები