როგორ დავიცვათ საცხოვრებელი კორპუსები და კარ-მიდამო ქვეწარმავლებისგან?

ნინო გურჩიანი ორთაჭალაში, კერძო სახლში ცხოვრობს. ბოლო სამი წელია, ზაფხულის მოახლოებას უფრთხის, რადგან რამდენჯერმე ეზოში გველი იპოვეს. "საბედნიეროდ, შინ ერთხელაც არ შემოსულა. თუმცა მცირეწლოვანი შვილები მყავს, ზაფხულში ეზოში თამაშს ხომ ვერ დავუშლი? ოჯახში უამრავი საქმეა, მთელ დღეს ეზოში ვერ ვიქნები. მეშინია, თამაშის დროს შემთხვევით გველს არ გადაეყარონ. შარშან, ზაფხულში ჩვენს ეზოში გველი ვიპოვეთ, საკმაოდ მოზრდილი. სამეზობლო შევყარე, ისე შემეშინდა. შემდეგ ვიღაცას ცხელ ხაზზე დარეკვა მოაფიქრდა. საბედნიეროდ, ოპერატიული ჯგუფი მალე მოვიდა და გველი დაიჭირეს. წელს საკმაოდ ადრე, მაისში გამოვიძახეთ. ეზოში ფიცრები

გვიყრია, სადაც ბავშვები თამაშობენ. კიდევ კარგი, იმ დროს მათთან ვიყავი. მზეს მიფიცხებული გველი რომ დავინახე, ვერ აგიწერთ, რა დამემართა - შიშისგან ენა ჩამივარდა. ისღა მოვიფიქრე, რომ ბავშვები იქაურობას სასწრაფოდ მოვარიდე. შემდეგ 112-ზე დავრეკე. მართალია, როცა მოვიდნენ, გველი იქ აღარ დახვდათ, მაგრამ გაგვაფრთხილეს, როგორ მოვქცეულიყავით თუ კიდევ გამოჩნდებოდა. კარგი იქნება, მოსახლეობაში ინფორმაციას თუ გაავრცელებენ, გველის პოვნისას როგორ მოვიქცეთ", - ამბობს ახალგაზრდა დიასახლისი.

ჩვენი რესპონდენტი მართალია - ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ქვეწარმავლების პრობლემაც თავს იჩენს. თბილისში უკვე გვარიანად ჩამოცხა. სინოპტიკოსები წელს საკმაოდ ცხელ ზაფხულს პროგნოზირებენ. ზაფხული დასვენებასა და გართობასთან ერთად ისეთ არასასიამოვნო შემთხვევებთან ასოცირდება, როგორიცაა ქვეწარმავლები. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობა გველს, მორიელსა თუ ხვლიკს ბინაში, საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში, ლიფტში, კერძო სახლის ეზოებსა და სარდაფებში პოულობს. თუმცა, ნაკლებად ან თითქმის არაფერი იციან, ასეთ შემთხვევაში როგორ მოიქცნენ, რომ არც საკუთარ ჯანმრთელობას მიაყენონ ზიანი და არც ქვეწარმავალს. პანიკაში ჩავარდნილთა უმეტესობა მათთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობს ან საშველად მეზობლებს უხმობს.

როგორ დავიცვათ თავი ქვეწარმავლებისგან, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა მათი აღმოჩენის შემთხვევაში? ამის შესახებ ჩვენს მკითხველს ჰერპეტოლოგების (გველების სპეციალისტი) პრაქტიკული რჩევები დაეხმარება.

დედაქალაქში ძირითადად გვხვდება ანკარა, წყლის ანკარა, წითელმუცელა, გველხოკერა - ეს უკანასკნელი ხვლიკია, თუმცა, გარეგნულად გველს წააგავს, რადგან კიდურები არ აქვს. სპეცილისტის გარდა სხვა ვერ ხვდება, რომ ხვლიკია. ამიტომ, საკმაოდ ხშირად გამოძახებაზე მისულ სპეციალისტებს გველის ნაცვლად გველხოკერა დახვედრიათ. ჰერპეტოლოგების განმარტებით, გველხოკერა არ იკბინება და არც შხამი აქვს. აღსანიშნავია, რომ თბილისში შხამიანი გველები იშვიათად გვხვდებიან. ამ მხრივ კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები გამოირჩევა, სადაც ძირითადად გიურზები ბინადრობენ. მათი შხამი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია და დაკბენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოთ. საბედნიეროდ, რეგიონებში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ანტიგიურზინის ვაქცინა მოეპოვებათ. მთავარია, დაკბენილმა ექიმს დროულად მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი სავალალოდ დასრულდეს.

რეგიონებისგან განსხვავებით, მხოლოდ დედაქალაქის მცხოვრებთ აქვთ შესაძლებლობა, რომ გველის პოვნის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარეკონ. შეტყობინების მიღებისთანავე სპეციალისტთა ჯგუფი ადგილზე მიდის და გველს იჭერს. ამ სამუშაოს მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში შეიქმნა. ამჟამად, დედაქალაქის მასშტაბით 6 ბრიგადა მუშაობს.

როგორ დავიცვათ თავი ქვეწარმავლებისგან?
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ კერძო სახლსა თუ საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებზე სანიტარიული ზომები ზედმიწევნით დავიცვათ. ბალახი, ნაგავი, ეზოში მიყრილი ფიცრები - ეს გველისთვის ხელსაყრელი პირობაა, რომ დროებითი თავშესაფარი იპოვოს. რეპორტაჟზე მუშაობისას თბილისის რამდენიმე უბანში ვიყავით. განსაკუთრებით რთული სიტუაცია გარეუბნებშია. პრაქტიკულად, ყველა საცხოვრებელი კორპუსის გარშემო ხშირი ბალახია. ჩვენთან საუბარში მოსახლეობა ამ პრობლემაზე ჩივის, ამბობენ, რომ გველის პოვნის ფაქტები ხშირია. ამიტომ, ბავშვების ეზოში გაშვების ეშინიათ. მოსახლეობა ამ საქმის შესრულებას მერიას ავალებს. თუმცა, მერიის განცხადებით, კორპუსების მიმდებარე ტერიტორია მოსახლეობას ეკუთვნის. შესაბამისად, დასუფთავებაც მათ ეკისრებათ. ამ გაუთავებელ ვაჭრობაში კი უკვე მერამდენე წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. წესით ამ საკითხის გარშემო ამდენი მითქმა-მოთქმა არ უნდა ატეხილიყო. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის სერიოზული პრობლემა დგას, ხოლო დომინოს მოთამაშე თუ ლუდის მსმელი მამაკაცები თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან, მათთვის ბალახის მოთიბვა რთული არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ საფრთხე არა მარტო მათ, არამედ მათ ოჯახებსაც ემუქრება. გახსოვთ, ალბათ, მე-7-მე-8 სართულზე ნაპოვნი გველების მაგალითები, ასევე - სარდაფებსა და სადარბაზოებში. ჰერპეტოლოგების თქმით, ბალახის მოთიბვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალია იმისათვის, რომ იქაურობას გველი არ გაეკაროს.

თუმცა, ზოგიერთი, სპეციალისტის რჩევის გათვალისწინების ნაცვლად, ქვეწარმავლებისგან დაცვას ძველი, ხალხური მეთოდებით ცდილობს. ცნობილია, რომ ზღარბი და ციცარი გველის მტერია. ამ მიზნით, ზოგს კერძო სახლში ციცარიც ჰყავს. გასაგებია, ზღარბს ერთ ადგილზე ვერ გააჩერებენ. ამიტომ, მხოლოდ მის იმედად ყოფნა არ ივარგებს. ასევე, გველის შესაშინებლად ბევრი საბურავისა თუ გოგირდის დაწვას ამჯობინებს. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით ეს გზა არაეფექტურია.

შოთა ზანდუკელი, ჰერპეტოლოგი, მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი:
- ბევრი მიმართავს გოგირდისა და საბურავის დაწვას, მაგრამ ამას დიდი ეფექტი არ აქვს. ღია სივრცეში გოგირდის სუნი ზევით ადის, გველი მის სუნს ვერ გრძნობს. ამიტომ, არსადაც არ მიდის. გოგირდის გამოყენება იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ გველი დახურულ სივრცეშია, მის მოსაცილებლად სხვა გზა ვერ მონახეს და გოგირდს წაუკიდეს. ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ მოსახლეობამ სისუფთავე დაიცვას კორპუსებთან, სადარბაზოებში. იქ, სადაც სისუფთავეა, გველი არ მიდის.

- ძირითადად გველი რომელ უბნებში გხვდებათ?
- ძირითადად გარეუბნებშია, სადაც ბუნებასთან მეტი შეხებაა. მართალია, სოლოლაკი და კრწანისი ცენტრალურ უბნებს განეკუთვნება, მაგრამ ტყის შემოგარენი იქაც არის. ამიტომ, ამ უბნებიდანაც ხშირია გამოძახებები. ხშირად პოულობენ ეზოებში, სარდაფებში, სადარბაზოებში. რამდენჯერმე პირველი სართულის ფანჯრის გისოსებზე დახვეული დაგვიჭერია. შარშან, ზაფხულში გვქონდა შემთხვევა, როცა გველი საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულზე დავიჭირეთ. ოჯახის უფროსი თევზაობდა, ამასობაში გველი ჩანთაში ჩამძვრალა და ამგვარად, შინ მიიყვანა.

როგორ მოვიქცეთ გველის პოვნისას?
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ამ დროს გველს არ მივეკაროთ, არ გავაღიზიანოთ და მისი მოკვლა არ ვცადოთ. გურამ წიკლაური, ჰერპეტოლოგი, თბილისის ზოოპარკის ეგზოტერიუმის ხელმძღვანელი:

- გველი ადამიანს თავს არ ესხმის. პირიქით, გველს ადამიანის ეშინია და მას ერიდება. იმ შემთხვევაში, თუ ბინაში ან სახლის ეზოში გველს იპოვით, მისი დაჭერა ან მოკვლა არ სცადოთ. გველს მხედველობა და სმენა არ აქვს. ის ადამიანს სითბოზე გრძნობს, ხოლო ხმას ვიბრაციით ხვდება. როცა სისინს იწყებს და ენას გარეთ ჰყოფს, ეს მისი მხრიდან გაფრთხილებაა, რომ მის ტერიტორიაზე ხართ და არ უნდა მიეკაროთ. ასეთ დროს ცხელ ხაზზე უნდა დარეკოთ. პრაქტიკულად, თბილისში შხამიანი გველი არ არის. იშვიათად ორთაჭალის ბოლოში, კრწანისში გვხვდება. ანკარას, წითელმუცელას ნაკბენი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. შხამიანი გველები აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთსა და ქვემო ქართლში გვხვდება. აქ გავრცელებულია გიურზა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. გიურზას კბენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოთ. რაც მთავარია, არანაირი თვითმკურნალობა. ეს სიტუაციას გაართულებს. ამ დროს ხშირად სვამენ კონიაკს ან არაყს, ჰგონიათ, ეს გაანეიტრალებს შხამს თუმცა, მცდარი აზრია. პირიქით, ალკოჰოლი ორგანიზმს ძალიან ასუსტებს და შხამის გავრცელებას ხელს უწყობს.

- როდის არის გველი უფრო აქტიური? რა პერიოდში გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა?
- თბილისში ადრე დათბა. შესაბამისად, ტემპერატურის მატებასთან ერთად გველებიც გამოვიდნენ. მოგეხსენებათ, გველი ცივსისხლიანია, მისი სხეულის ტემპერატურა გარემოზეა დამოკიდებული. სითბოში გველი განსაკუთრებით აქტიური დღის მონაკვეთშია. თუმცა, ტემპერატურის მატებასთან ერთად, გველი შედარებით გრილ ადგილს ეძებს. ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება სარდაფი, სადარბაზო, ეზოში მიყრილი ნაგავი ან ფიცრები აღმოჩნდეს. მაღალი ტემპერატურის დროს გველი აქტიური ღამითაა. სანადიროდ ღამით გამოდის. ასეთ დროს ადამიანს სიფრთხილე მართებს, განსაკუთრებით ბალახებსა და სადარბაზოებში. ყოფილა შემთხვევა, როცა გველი მაღალ სართულზე კიბის მეშვეობით ასულა ან ლიფტს შეჰყოლია. როგორც გითხარით, მთავარია სისუფთავის დაცვა და გველი იქაურობას არ გაეკარება. თქვენ თუ დააკვირდებით, თბილისში, განსაკუთრებით გარეუბნებში, კორპუსების გარშემო ხშირი ბალახია, ეს არის იდეალური თავშესაფარი გველისთვის. მოსახლეობამ ბალახი აუცილებლად უნდა გათიბოს.

რაც შეეხება ხვლიკებსა და მორიელებს. სპეციალისტების თქმით, ამ მხრივ გამოძახებები იშვიათად, მაგრამ მაინც არის. მორიელები ძირითადად ვაშლიჯვრის დასახლებაში, ნუცუბიძის ფერდობზე, ორთაჭალასა და ავჭალაში ხვდებათ. რაც შეეხება ხვლიკებს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მხრივ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, რადგან ხვლიკი არ იკბინება, შხამიანი არ არის.

ასე რომ, გაითვალისწინეთ ჰერპეტოლოგების რჩევები და გაატარეთ ზაფხული მშვიდად და უსაფრთხოდ.

სალომე გოგოხია

კომენტარები

112 ჩვენ არ გვეკუთნი 2023-05-24 20:59
112 დავრეკეთ გვითხრეს მუნიციპალიტეტში დარეკეთო.საღამოს სთ ვინ იპასუხებს
ქ-ნ თამარს და სხვებს 2020-06-10 10:31
112-ზე უნდა დარეკოთ, 112-ზე!!! რა წერია გაუგებრად? თქვენი ძალებით ვერ გაუმკლავდებით, იმიტომ, რომ არ იცით, შხამიანია თუ არა და ზიანი რომ მოგაყენოთ, სად მიდიხართ მერე? უხსენებელს არაფერიც არ აფრთხობს, თუ უკვე ეშინია, ახლოს არ მოვა, მაგრამ თუ თქვენთან ახლოს მოხვდა, უკვე თავდაცვაზე გადადის. ამიტომ უნდა დარეკოთ და დაიჭერენ.
თამარი 2020-05-29 14:34
საერთოდ არ წერია იმის შესახებ რით გავუმკლავდეთ თუნდაც იმ ანკარას და გველხოგერას, ეს ქალი ერთი და იგივე თემას ტკეპნის მაგრამ არ მიყავს განმარტება იმის შესახებ თუ რა ურჩიეს.
როგორც ჩანს დაგიპნოზებულია გველისგან
ეს ყველამ ვიცით არ შეეხო და არ შეგეხება.
მაგრამ გაკრიალებულ ეზოში მხართეძოზე რომ წამოკოტრიალებულია და მზეს ეფიცხება, როგორ ავერიდო როცა სხვა გზა არა მაქვს სახლიდან შიშით ვერ გამოვიდე საკუთარ ეზოში????????????
tamari 2020-05-17 00:07
ki magram saertod ar makvs ar ficrebi arc kvebi da sul gackrialebuli makvs ezo da sharshanac da celsac mestumraa es ras davabraloo
nutuu shxam kimikatebi ar arais ro ezo shevcamlot da ase davicvat tavii,vcofdebii magis danaxvazee nervozii gamihndaa mitxarit rame camali
ნინო 2020-05-11 23:21
რატოარ წერთ ცხელიხაზის ნომერს
მჭირდება ადამიანები არა ხართ.ბინაში ხვლიკები არიან

კომენტარის დამატება