საამურ ადგილად ქცეულ სხვენში შეჩერებული წამები...

”ბედმა ბებიები არ მარგუნა (ცოცხალი არც ერთი არ მახსოვს), ამიტომ ხშირად მიწევდა სხვების ბებიებთან სტუმრობა და მთელი ბავშვობა ოცნებად მქონდა ერთ-ერთი სხვისი ბებიის სხვენივით ,,ტკბილი'' ათასგვარი ნუგბარით სავსე ოთახი მქონოდა.

როცა იქ ვხვდებოდი აბლაბუდების ქსელშიც კი გავხვეულვარ, მაგრამ იმდენად სასიამოვნოდ ვგრძნობდი თავს, დედის საყვედურს არაფრად ვაგდებდი...
იმ სხვენის განსაკუთრებული სუნები ახლაც მიღიტინებს...
ჰოდა ოცნება რეალობად ვაქციე, აგერ უკვე 41 წლის ასაკში, ბავშვივით მიხარია, როცა სხვენში მოვიფრთხვნები და სასიამოვნო სიმშვიდით ვტკბები, ვკითხულობ, ვქსოვ, ვხატავ, ვწერ, ვთამაშობ ჩემს შვილთან ერთად და მოგონებებიც მილამაზებს

დღეებს...
აქ, ჩემთან სხვენში, სამი ობობაც ცხოვრობს, რომლის მოკვლის უფლებას არავის ვაძლევ, იყვნენ და გააბან ქსელები, და დავტკბე ბავშვობის ნოსტალგიური მოგონებებით. ეს ჩემი ნაშენები სამყაროა: შიგნიდან უბრალოდ სითბო, სიმშვიდე, მწვანე კუთხე, სიცოცხლე. გარეთ კი - მკაცრი ზამთარი. ნოსტალგიური თვეები და მოლოდინი გაზაფხულის.
არ მინდა ლაიქები, უფრო გამიხარდება, თუ ვინმეს დაგათბობთ ჩემი შეჩერებული წამები - ჩემივე შექმნილი კონკიას ზღაპრიდან.
საღამო მშვიდობისა მეგობრებო!”

რუსუდან კაპანაძე

კომენტარის დამატება