თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ - რჩევები ქართული რეალობიდან ხარისხსა და ფასებზე

როცა რემონტს იწყებ, ფიქრობ, რომ ინტერიერი იქნება შენი "მეს" გამოძახილი, მაგრამ კომპრომისების კასკადი (ფინანსები, ფართი, ოჯახის წევრების აზრი და ბოლოს პრაქტიკულობა) ამ "მეს", სადღაც "მიჩოჩებას" გაიძულებს. ამიტომ ცივი გონებით მივუდექი ყველა ოთახს, მაგრამ აბაზანა იყო ადგილი, რასაც ვეღარ დავთმობდი. ის ჩემთვის უნდა ყოფილიყო ფერადი და ცოტა პროვოკაციული. მაგრამ რეალობა არ გაცდის "სინარნარეს". აღმოჩნდა რომ გათვალისწინებულ ხარჯებს, აბაზანის "სტიაშკის" აყრა და სანტექნიკის სრულად გამოცვლა ემატებოდა. ჩემი პირველი რჩევაც აქედან იწყება.

1. აბაზანის ხარჯებისთვის, თქვათ, დათვალეთ 2000 ლარი , 500 ზედ დამატეთ.

ეს რჩევა ახალ ბინებსაც შეეხება და ძველ ბინებს - მითუმეტეს, აბაზანის რემონტისას, აუცილებლად შეცვალეთ სანტექნიკა, მინიმუმ შეამოწმეთ. (რიგი სამშენებლო კომპანიებისთვის თქვენი ხარისხიანი გაყვანილობა და უსაფრთხოება პრიორიტეტული სულაც არაა.)
5-6 კვადრატული აბაზანის სანტექნიკის გაყვანა, დაერთების ხელობის ფასი 500 დან 800 ლარამდეა. მასალების ფასი ხარისხის მიხედვით იცვლება. ელიავაზე გავრცელებული (თურქულ-ჩინური) მასალებით 300- 350 ლარი დაგჭირდებად.

2. სანტეკნიკის ცვლილების პარალელურად , უკვე უნდა იცოდეთ სად რის დადგმას აპირებთ და როგორი დიზაინის. თუ კედელზე მიბჯენილი უნიტაზი გინდათ, მას სხვა ტიპის სამუხლე უმონტაჟდება. სულ სხვა ტექნოლოგიას მოითხოვს დაკიდებული უნიტაზი. ხელსაბანი თუ მოკლე ჰაერში დაკიდებული მუხლით გნებავთ მას მონტაჟის სხვა სტანდარტები აქვს. ( მილის იატაკიდან ამაღლება, ცხელი და ცივი წყლის მილების მინიმალური დაშორება) მეტ დეტალებს კონკრეტული მოდელის ინსტრუქციაში წაიკითხავთ. დროულად განსაზღვრეთ სად აპირებთ სარეცხი მანქანის განთავსებას შესაბამისი სველი წერტილის მოსამზადებლად.
3. აბაზანის შუაგულში, ტრაპი ერთი შეხედვით ულამაზო დეტალია, თუმცა გამოცდილი ადამიანები დამეთანხმებიან, რომ ეს ძალიან აცილებელი რამაა. ტრაპი მომავალში უსაფრთხოების და დალაგების პროცესში დიდ როლს ასრულებს. ახლა უკვე ვიზუალურად დახვეწილი ტრაპებიც არის ბაზარზე, შესაბამისად მაღალი ფასით. ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, ის რკინის შეარჩიოთ (პლასმასი მალე ზიანდება და მისი ამოტეხვა რომ არ დაგჭირდეთ) და ჩამკეტი მეაქანიზმით. მართალია, მას წყლის გამტარიანობა შედარებით ნელი აქვს, თუმცა მომავალში უსიამოვნო სუნს აგარიდებთ თავიდან.

3. უკვე კაფელ-მეტლახის ჯერი დადგა. აბაზანის რემონტისას დილემის წინაშე აღმოვჩნდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემს მიერ "უწვალებლად" შერჩეული 60 ლარიანი კაფელ-მეტლახი ბიუჯეტს სერიოზულ დარტყმას აყენებდა. ხოდა თავიდან დავიწყე ძებნა "ჩემი ფერადი გოგოს" საპოვნელად.
ელიავა ძირითად თურქული და ირანული კაფელითაა გაჯერებული. ფასები დაბალია, თუმცა ასორტიმენტი გემოვნებაში მოიკოჭლებს. (პ.ს. დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ). არსებობს დიდუბეში მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე საწყობი, სადაც ესპანური ფილები შედარებით დაბალ ფასშია, მთლად რეკლამა რომ არ გამივიდეს დავამატებ, რომ პრემიუმ ხარისხი ნამდვილად არაა, თუმცა თანამედროვე დიზაინის ფილებია. დადასტურებულადაც ვერ იმას გეტყვით რომ ნამდვილად ესპანური ფილებია. ფასები 20 ლარიდან - 60 ლარამდე მერყეობს. (მე "ჩემი გოგო" აქ შევარჩიე.)

 

 


 

პრიალა თუ გლუვი?

გამიგია რომ შავი და წითელი კაფელი ცუდი მოსავლელია. ერთ დღეს კი ახლობლის ახალ გარემონტებულ სახლში მოვხდი, გულანთებულმა დიასახლისმა დიდის ამბით დამათვალიერებინა მისი ბუდე. აბაზანა გემოვნებით წითელ-შავ ფერში ჰქონდა გაკეთებული , ჩავეკითხე ძალიან ლამაზია, მაგრამ როგორი მოსავლელია-თქო, "ჩვეულებრივი, პრობლემას ნამდვილად არ მიქმნისო." ცოტა ხანში კი მისი საუბრიდან დავადგინე, რომ მის სახლს კვირაში ერთხელ დამხმარე ქალი გენერალურად ალაგებდა. სათქმელს იმედია მიხვდებით. მე ასეთ კომფორტს საკუთარ თავს ჯერ- ჯერობით ვერ შევთავაზებდი, ამიტომ კაფელის ფერის არჩევისას სილამაზესთან ერთად, ერთ-ერთი პრიორიტეტი ჭუჭყისადმი ამტანობას მივანიჭე.

მაინც რომელი პრიალა თუ გლუვი? პრიალა კაფელ- მეტლახი მეტად სრიალებს, ლაქებს ადვილად იჩენს, თუმცა ადვილადაც იწმინდება. მე უპირატესობა გლუვს მივანიჭე და აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ მართლაც ჭუჭყის ამტანია. მაგრამ დაბინძურების შემთვევაში პრიალასავით ტილოს გადასმა ნამდვილად არ ჰყოფნის - მისი გახეხვაა საჭირო. (აქვე ჩემი რჩევა, ხელოსნებს თხოვეთ ფუგა და სილიკონი აკურატულად გამოიყენონ, გლუვი ფილიდან მათი ამოყვანა ძალიან რთულია) .
თუ აბაზანაში პატარა სივრცე გაქვთ, პრიალა ჯობს, რადგან შუქს ირეკლავს და მეტი სივრცის ეფექტს ქმნის. გლუვის შემთხვევაში კარგი განათება დააყენეთ, რადგან მისი ეფექტი შუქს თითქოს "ყლაპავს". თუ თქვენ მდიდრული, თავმომწონე აბაზანა გინდათ, ამის განხორციელებაში უფრო პრიალა კაფელ-მეტლახი დაგეხმარებათ, რადგან გლუვ ფილას აბაზანაში უფრო შპალერის ეფექტი აქვს და ოთახის სიყუდროვეს ქმნის

 

 




აბაზანა, საშხაპე თუ კაბინა?
საბჭოთა პერიოდში აშენებული ბინების პატრონებს  უზარმაზარმა თეთრმა აბაზანამ ისე მოგვაბეზრა თავი, მაშტაბურად დავიწყეთ ოჯახებიდან მისი გასახლება, თუმცა ახლა ძალიან მომინდა მისი უკან დაბრუნება. თუმცა ჩემს აბაზანაში, ასეთი მაშტაბის ფართი ვეღარ გამოიძებნა, მაგრამ ამის გარეშეც ნორმალური ხარისხის აბაზანა არა მიწიერი ფასი ღირს. მაგ. რკინისა და თუჯის აბაზანა 1200 ლარიდან ზევით იწყება. არსებობს შედარებით დაბალ ფასიანი სხვადასხვა ზომის აკრილის აბაზანები 250 ლარიდან ზევით. ( პ.ს. უფრო ფეხსადგამებს გავს ვიდრე სარელაქსაციო აბაზანებს). ერთი სასარგებლო ინფორმაცია: თუ თქვენ ყავლგასული საბჭოთადროინდელი აბაზანა გაქვთ, მისი რესტავრაცია, ახალი ემალის ჩასხმა, ბევრად იაფი დაგიჯდებათ (ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე), ვიდრე მსგავსი ხარისხის ახლის შეძენა.
შხაპ-კაბინაზე არჩევანის შეჩერება გემოვნების საკითხია, თუმცა თუ ოჯახში პატარები არიან ნამდვილად მოუხერხებელია მათი დაბანის პროცესი. გარდა ამისა ზაფხულში მათ ე. წ. "ტაშტში ჭყუპალაობის" სიამოვნებას ართმევთ.

 


ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს ფილით მოპირკეთებული ამოშენება, თუ მას ხელოსანი აკურატულად გაგიკეთებთ ვიზუალურადაც ლამაზი გამოვა, მასზე კი გამყოფ მინას დაამონტაჟებთ . თუ ჯერჯერობით გამოწრთობილ მინას თქვენი ბიუჯეტი ვერ გასწვდება, დროებით ორიგინალური ფარდით კარგი განწყობის შეტანასაც მოახერხებთ.


 

აბაზანის ჭერი
არჩევანი ბევრია, ამ თემასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გამოგადგებათ მისაღების პოსტი. მე პირადად მწვანე გიფსოს მივანიჭე უპირატესობა, ვინაიდან გლუვ ფილას, პრიალა პლასტიკატი ან ბარისოლი ნამდვილად აღარ მოუხდებოდა. არჩევანი თქვენი გემოვნების საკითხია, ვინაიდან აბაზანის მცირე ფართობიდან გამომდინარე თითქმის ყველა მასალა ხელმისაწვდომი ფასი გამოდის.

მსხვილი სანტექნიკა
ამ მხრივ იმხელა არჩევანია, რთულია გაარკვიო, რატომ არის თითქოს და ერთნაირი ვიზუალისა და მასალის ხელსაბანს შორის ფასში ამხელა სხვაობა . ფასები 100 ლარიდან 2000 ლარამდე ადის. უნიტაზის ფასები კი 180 ლარიდან -3000 ლარამდე მერყეობს. მთავარია სტილზე, ზომებზე ჩამოყალიბდეთ. საშუალოდ ნორმალური ხარისხის ხელსაბანს ან უნიტაზს 350 ლარიდან 500 ლარამდე იყიდით. უფრო მაღალი ფასი უკვე კომპანიის რეპუტაციასა და დიზაინზეა დამოკიდებული და რა თქმა უნდა ხარისზეც. უნიტაზის შეძენისას გაითვალისწინეთ, ის წრიულად ირეცხებოდეს. მნიშვნელოვანია მონტაჟის შემდეგ მისი სიმაღლეც.

მაღალი უნიტაზი ქალბატონებისთვის და მოზარდებისთვის შედარებით მოუხერხებელია. რაც მეტი ხვეული და ჩუქურთმა იქნება კარკასზე, მით მეტად ჩაიბუდებს მასში ჭუჭყი და ბაქტერია. ძალიან მოსახერხებელი და ლამაზია სათავსოიანი ხელსაბანი. მაგრამ თუ ის საშხაპესთან ახლოს უნდა დაამონტაჟოთ, გაფუჭების რისკი ძალიან მაღალია.( პ.ს. ხელსაბანს თუ უნიტაზისგან შორს დააყენებთ უმჯობესია, ასე ყოველი ხელის დაბანის შემდეგ მისი წვეთებისგან გაწმენდა აღარ დაგჭირდებათ.


წვრილ- წვრილი რჩევები

• სარკე ხელსაბანის კიდეს დააშორეთ , მუდმივმა "წუწებმა" რომ არ გაგაგიჟოთ.
• ხელსაბანი რაც უფრო ღრმა იქნება, მით უფრო კომფორტულია.
• გათვალეთ, რომ სარკის მიმდებარედ, ახლოს განათავსოთ დენის წყარო,წვერსაპარსისთვის თუ თმის საშრობითვის. დენცქვიტა არ დაგავიწყდეთ სარეცხის მანქანისთვისაც.
• დაგეგმეთ სააბაზანოს გამწოვი, დენის ასანთების მსგავსი სისტემით უნდა იყოს თუ თვით ჩამრთველით.
• უკვე თამამად შეგიძლიათ, მეტალო-პლასმასის კარის ნაცვლად, თქვენს დიზაინს ნებისმიერი ფერის ნესტ გამძლე მდფ-ის კარი მოარგოთ.(პ.ს. მოსაზრება რომ მეტალო პლასმასი უფრო გამძლეა ჩემთვის არ მიიღება. ჯობია ერთი წლით ადრე გაფუჭდეს მდფ-ის კარი, ვიდრე მრავალი წელი მეტალოს სიმახინჯეს უყურო.)
• აბაზანის სფეროში ყველაზე მეტად რაც გაგაოცებთ, წყლის შემრევების არა მიწიერი ფასია. თუ თქვენ გადაწყვიტთ, ის ხარისხიანი შეიძინოთ, მაშინ ევროპული ხელსაბანის და საშხაპის შემრევისათვის 600 - 800 ლარამდეა საჭირო. ან დაჯერდით მაღაზიებში შემოთავაზებულ თურქულ წარმოებას რომელიც 300- 400 ლარამდე დაგიჯდებათ. ან წადით ელიავაზე და გაურკვეველი წარმოების( თურქული, ჩინური) პროდუქცია შეიძინეთ 150 ლარის ფარგლებში. ( მე ეს უკანასკნელი შევიძინე და 2 თვის თავზე ჯერ არაფერს ვუჩივი.)


• ნუ იჩქარებთ აქსესუარების განთავსებას, პირსახოცის საკიდი ან ა. შ. დაიწყეთ ცხოვრება და პრაქტიკა გაჩვენებთ სად უფრო მოსახერხებელი იქნება დეტალების განთავსება.
• თანხის დაზოგვა გამართლებულია ზედაპირულ ნივთებსა და აქსესუარებზე. ბოლო -ბოლო გაფუჭდება და გამოცვლით. აი კაფელის ან შიდა სანტექნიკის უხარისხობა დიდი თავის ტკივილია მომავალში.
• ელიავაზე ნაცნობის ან გამოცდილი ხელოსნის გარეშე წასვლა არ ღირს, ბევრ ჯართს ან უხარისხო ნივთს გაყიდინებენ.

პ.ს. ჩემი მცდელობა, რომ აბაზანა მექცია "უნიტაზიან მყუდრო ოთახად" ნელ ნელა გამომდის. ამ საქმეში თანდათან აქსესუარების, ფოტოების მიმატებაც დამეხმარება. ჩემი გადაწყვეტილება ზოგიერთი სტუმრისთვის ცოტა პროვოკაციულია, თუმცა როგორც ჩემს ეპილოგში უკვე ავღნიშნე აბაზანას ვერ დავთმობდი.
გახსოვდეთ, რომ სახლის ინტერიერი არის თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისათვის და არა სტუმრებისთვის

თამარ თაბუკაშვილი

წაიკითხეთ თამარის სხვა რჩევები

რა უნდა იცოდეთ სამზარეულოს რემონტზე, რომ ხელოსნებმა ადვილად ვერ მოგატყუონ

"მაღაზიებში შემოთავაზებული 200-ლარიანი მატრასები გადაყრილი ფულია" - რჩევები საძინებლისთვის

კომენტარები

მაია 2021-06-27 00:25
დიდი მადლობა ასეთი საჭირო რჩევებისთვის
თამუნა გურგენიძე 2020-06-22 16:46
მოგესალმებით,იქნებ მირჩიოთ ხელოსანი ვინც თუჯის აბაზანის რესტავრაციას აკეთებს,მადლობაა
Nona shevuden kates 2020-04-15 23:17
Abanostvis da samzareulistvis saswrafot mwirdeba
მედეა 2020-03-17 00:47
აბაზანის ჭერის სპეცები გამომეხმაურეთ
Temo 2019-08-17 08:33
თუჯის აბაზანის რესტავრაციაზე ხომ ვერ მიმასწავლეთ?

კომენტარის დამატება