სასარგებლო ჩაი სოფელ ლავრისხევიდან და ქალი, რომელმაც ოცნება სოფელში აისრულა

ნატალია ფარცხალაძე კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში ბალახებისგან სასარგებლო და არომატულ ჩაის ამზადებს. მას რამდენიმე პროფესია და შესაბამისად, მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს, მაგრამ იმ საქმიანობაში, რასაც ბოლო დროს მოჰკიდა ხელი, საფრანგეთში ცხოვრება დაეხმარა, კერძოდ, სორბონის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი. “სოფლის მეურნეობა ჩემთვის არასდროს ყოფილა საოცნებო დარგი, არც სერიოზული გეგმები მქონდა მასთან დაკავშირებით, უფრო ჰობის დონეზე გახლდათ ყველაფერი”.

“მე საფრანგეთში ვსწავლობდი. ჩემი და ოჯახით სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრობს, იქ დღესაც ხშირად ჩავდივარ. საოცარი გარემოა - აივანზე გამოხვალ და თვალწინ ლავანდისა და ვარდების მინდორი იშლება,

ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, იქაურობა სამოთხეს ჰგავს. ხალხიც სხვანაირია - კეთილგანწყობილი, მიირთმევენ ბალახების ჩაის და ბედნიერად ცხოვრობენ...



რომ ჩამოვდიოდი, სწორედ ის გემრიელი ჩაი ჩამომქონდა. მაგალითად, ცაცხვის, მელისას, ცოცხანას (ვერბერა), პიტნის. ეს მცენარეები ცალ-ცალკე პაკეტებადაც იყიდება და ერთმანეთში არეულიც, თანაც ძალიან ლამაზად არის შეფუთული. თავიდან ამ ყველაფერს როგორც ტურისტულ სუვენირს, ისე ვუყურებდი. სტუმრები რომ მომდიოდნენ, ამ ბალახეულ ჩაის ვაგემოვნებდით. ერთხელ, საცდელად თესლებიც ჩამოვიტანე, ჩემს სოფელში დავთესე და უპრობლემოდ ამოვიდა ლავანდა, როზმარინი...

მოკლედ, მივხვდი, რომ ლავრისხევში იმ ბალახეულისთვის, რაც დავთესე, საუკეთესო გარემო იყო. მერე გავიგე, რომ “ენპარდს” გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი, პროექტის დაწერა იყო საჭირო, რომ მეურნეობა წამოგეწყო. ჩემი იდეა მოიწონეს, არადა, ძალიან პატარა პროექტი შევქმენი, სულ 7 ათასი ევროს ფარგლებში...

- ე.ი. საქმე მცირე მასშტაბით დაიწყეთ.

- კი, რადგანაც რისკიანი სფეროა, თან, ახალ პროდუქტთან გვქონდა საქმე. თუ გაამართლებს, მერე გავზრდი-მეთქი, - საკითხს ასე მივუდექი.

მამაჩემის ძველი სახლი ყველა წესის დაცვით გავარემონტეთ და საწარმოდ გადავაკეთეთ, ახლა იქ ხდება შრობაც, კალიბრირებაც, დაკუპაჟებაც და შეფუთვაც. პროდუქტი ყველა ეტაპს პირველადი წარმოებიდან ბრენდამდე გადის.

ამრიგად, გვაქვს წვეთოვანით აღჭურვილი ინტენსიური ბაღი, რომელშიც მოგვყავს არომატული ბალახები (19 სახეობა).

- თქვენი გვარი წარმოშობით ქართლიდან არ უნდა იყოს, ლავრისხევში როგორ აღმოჩნდით?



- სოფელი არასდროს გვქონია, ურბანულ გარემოში გავიზარდე. 80-იან წლებში სამსახურებში ადამიანებს სააგარაკოდ, მიწის ნაკვეთებს რომ ურიგებდნენ, მამას მაშინ ერგო იქ პატარა ნაკვეთი. ფანტასტიკური ადგილია, ახლოსაა ქვათახევთან, სადაც პატარა, X საუკუნის ეკლესია დგას. სოფელში სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ზამთარში კი იქაურობა თითქმის იცლება. ჩრდილოეთის ფერდია და ცივი ზამთარი იცის...

- მეურნეობის წარმოებას ცოდნა სჭირდება. სად დააგროვეთ ეს ცოდნა?

- საფრანგეთშიც და აქაც არაერთ ფიტოფარმაცევტთან მქონდა კონსულტაცია, ამასთან, საკმაოდ ბევრი ლიტერატურა წავიკითხე. ინტერნეტშიც უამრავი ინფორმაციაა. ასევე ძალიან მაინტერესებს ეთნობოტანიკური კვლევები, მაგრამ ფიტოისტორიულ მასალას საქართველოში ჯერ ვერ მივაკვლიე, საბჭოთა კავშირმა სრულიად დაღუპა ეს სფერო... ამასობაში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი.…

ყველა მცენარე ჯგუფებად არის დაყოფილი და თითოეულს თავისი აქტიური თვისებები აქვს: მატონიზებელი, სედატიური, ანტისეპტიკური, ანტისტრესული. მათგან საინტერესო კომპოზიციებს ვამზადებ. თავიდანვე აქცენტი გემოვნურ თვისებებზე გავაკეთე.

- მცენარეთა თესლებიც უცხოეთიდან ჩამოგაქვთ?

- კი, საფრანგეთიდან, რომელიც ბიოწარმოებიდანაა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებია. მინდოდა, რომ ბაზარზე სრულყოფილი პროდუქტით შემოვსულიყავი და ამისთვის კომპოზიციები საგანგებოდ შევქმენი.

- პროდუქციის შექმნაზე რამდენი ადამიანი მუშაობთ?

- სულ ხუთნი ვართ. სათბურში ჯერ ჩითილები გამოგვყავს და გაზაფხულზე გრუნტში გადაგვაქვს. პირველ შრობას ივნისის ბოლოდან ვიწყებთ. გაშრობას 4-5 დღე უნდა. სპეციალურ ოთახში სტელაჟებზე ვაწყობთ და ტემპერატურას ვურჩევთ, ვენტილაციას ჰაერით უზრუნველვყოფთ, ბუნებრივად ხდება ყველაფრი, ტექნოლოგიურად არ ვერევით. შემდგომ უკვე გამშრალ ბალახს ტილოს ქსოვილში ვაგროვებთ. კუპაჟირებამდე, ორ სხვადასხვა კალიბრის საცერში ვატარებთ. მერე ვწონით და ვფუთავთ. ყველაფერს ხელით ვაკეთებთ...

- შვილებიც გყავთ საქმეში ჩართული?



- დიახ, სამი ბიჭი მყავს: 13-ის, 10-ის და 8 წლის. მათთვის ეს “ბიზნესია”. მინდორში მიდიან, თან სეირნობენ და თან მინდვრის მცენარეებს აგროვებენ. მათ კალათებს ასეთი ტარიფები აქვს: დიდი სამი ლარი ღირს, პატარა კალათი - ლარი. თავშავა სულ მათი დაკრეფილია. მიაქვთ პატარა მაკრატელი და ყვავილებს გვირგვინებს აჭრიან. სხვათა შორის, ამაში სოფლის სხვა პატარებიც არიან ჩართულები. ოღონდ, ყველას ვასწავლე, როგორ უნდა იმუშაონ, რომ მინდორში ბიომრავალფეროვნება არ გაანადგურონ. ერთ ადგილზე იღებენ მაქსიმუმ 30%-ს, დანარჩენს ტოვებენ და სხვაგან გადადიან.

- მოკლედ, ლამის მიტოვებული სოფელი თქვენი საქმიანობით გამოგიცოცხლებიათ...

- მართლაც, ადრე იქ არაფერი ხდებოდა, დღეს კი ისეთი ამბავია, ვერ წარმოიდგენთ, რაც მთავარია, ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს გაუჩნდათ იმედი და სტიმული. მარტო ლაურასთვის, ჩვენი კოოპერატივის წევრისთვის, ღირდა ამ ყველაფრის წამოწყება. ისეთი ბედნიერია, მის ცხოვრებას აზრი მიეცა. არადა, მეგობრები, მარკეტოლოგები მეუბნებიან, ამდენს რატომ წვალობ? ერთი საშაურმე ან სახინკლე გაგეხსნაო... მართალია, უტრირებული ნათქვამია, თუმცა ეს ყველაფერი ბევრი ფაქტორით იყო განპირობებული: პირველი - მინდოდა, მეთქვა, რომ თუ ბევრს იმუშავებ, აუცილებლად გამოგივა. თუ ამით კიდევ შვილებს კარგ მაგალითს მისცემ, ამას რა სჯობია? ალბათ ისიც იყო, რომ რაღაცებზე პროტესტი მქონდა, კერძოდ, ამ მიდგომების მიმართ - “მაინც არაფერი გამოვა” და “რას გვიშვრება ეს მთავრობა”. თუმცა, კონკრეტულად არავის არაფერს ვუმტკიცებ, უბრალოდ, ეს ასეთი ექსპერიმენტია. თან ამ ყველაფერში შეიძლება, ბევრი ადამიანი დასაქმდეს. პროექტის მეორე მხარე იყო, წარმოების სრული ციკლი მომეცვა - თავიდან ბოლომდე. მართლა მუჭა-ნახევარი მარცვლით დაიწყო ყველაფერი, მუჭა-ნახევარი მარცვალი იდეად გაიყიდა და მოიმკო ლამაზი ბრენდი. რა თქმა უნდა, წარმოების გაზრდა-გაფართოებაზე ინტენსიურად ვფიქრობთ.

- რით განსხვავდება ბალახეული ჩაი იმ ჩაისგან, რასაც ადამიანები მასობრივად სვამენ?

- მართალია, ხშირად ერთ კატეგორიად მოვიაზრებთ, მაგრამ ბალახეულ ჩაის და „ჩაის“ განსხვავებული შემადგენლობა, დამზადების ტექნოლოგია და დაყენების წესი აქვს. მწვანე, შავი, თეთრი ჩაი, ყველა მზადდება ჩაის ბუჩქისგან - ცამელლია სინენცის (ტჰეა), განსხვავება მათი ოქსიდაციის ხარისხშია. ყველა შეიცავს თეინს სხვადასხვა რაოდენობით (იგივე ნივთიერება, რაც კოფეინი, რომელიც ჩაის ფოთლებში პოლიფენოლის ოქსიდაციით წარმოიქმნება და სისხლში 6-8 საათის განმავლობაში გადადის). ბალახეულ ჩაიში კი არ არის თეინი/კოფეინი, მის შემადგენლობაშია იმ მცენარეების ექსტრაქტები, რომლისგანაც დამზადებულია ესა თუ ის ბალახეული ჩაი. ბალახეული ჩაის დასაყენებლად გამშრალ ბალახს მდუღარე წყალს ვასხამთ და 5-10 წუთს ვაჩერებთ. ჩაის კი 80-95 გრადუსი უნდა, იმის მიხედვით, მწვანეს ვაყენებთ თუ შავს. მათთვის, ვისთვისაც კოფეინის მიღება არ არის სასურველი, ბალახეული ჩაი მშვენიერი ალტერნატივაა.

- ბალახებს, რომლისგანაც ჩაის ამზადებთ, რის მიხედვით არჩევთ?

- კომპოზიციები შედგენილია მცენარეთა ჯგუფებისა და გემოვნური თვისებების კომბინაციით. ჩვენთვის ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანი ფაქტორია - კომპოზიციები იყოს სასარგებლო და ამავე დროს, გემრიელი. ჩვენი 12 ჩაიდან 7 კომპოზიცია არის მხოლოდ ბალახეული, კოფეინის გარეშე; 2 კომპოზიცია შავი და მწვანე ჩაის ბაზაზეა და გვაქვს სამი მონო, ტრადიციული, საუკეთესო ხელნაკეთი ჩაი გურიიდან - შავი, მწვანე და მოცვის.

ლალი ფაცია

კომენტარები

Tamriko 2017-04-14 12:39
Sad sheidzleba tkveni produkciis shedzena?

კომენტარის დამატება