სამების ბაღის იშვიათი მცენარეები და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გაშენებული როზარიუმი

სამების საკათედრო ტაძრის პარკში ნებისმიერი კუთხე საგულდაგულოდ არის მოვლილი. ტაძარს ყველა მხრიდან ბაღი აკრავს, სადაც არაერთი უნიკალური მცენარეა გაშენებული. გამორჩეულად ლამაზია როზარიუმი, სადაც უამრავი ფერისა და ჯიშის ვარდი ხარობს. მონაზონ თეკლე სიხარულიძის თქმით, მაის-ივნისში აქაურობის ხილვას არაფერი სჯობს, “ატომური აფეთქებაა” ხოლმე, რადგან მართლა საოცრება ხდება, როცა ამდენი სხვადასხვა ფერის ვარდი ერთად ყვავის... მიუხედავად იმისა, რომ ახლა მცენარეების უმრავლესობას სძინავს, პარკი მაინც ლამაზია და მნახველს თავისი მშვენიერებით ატკბობს. ამ ყველაფრის შესახებ სწორედ დედა თეკლემ, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის დირექტორის მოადგილემ გვიამბო.

- საკმაოდ დიდი ბაღია და რაც ყველაზე თვალში საცემია, საოცრად მოვლილია...

- მოვლა-პატრონობის გარდა, ჩვენი ბაღი არაჩვეულებრივად არის გაშენებული, მართლა ლამაზი პარკია. აქ უამრავი უცხო და იშვიათი ჯიშის მცენარის კოლექციაა თავმოყრილი. მაგალითად, ეს ხე ალბიციაა, ულამაზესი, მოვარდისფრო ყვავილი აქვს, ხმელთაშუა ზღვის მცენარეა...



ჩვენი ბაღის მშვენებაა ზეთისხილის ხეები. სამების საკათედრო ტაძარი 2004 წელს გაიხსნა და სწორედ მაშინ დაირგო; ხედავთ, უკვე რამხელებია? თბილისში დიდი ყინვები არ იცის, ამიტომ ზამთარს უძლებს და აქამდე ყოველთვის კარგ მოსავალს ვიღებდით, თუმცა წელს ძალიან ადრე დაგვიზამთრდა და ნაყოფმა დამწიფება ვერ მოასწრო, ამიტომ ხეზე დავტოვეთ და გაზაფხულზე მოვკრეფთ. ნაყოფისგან მწნილს ვამზადებთ ხოლმე...

ასევე ბაღის მშვენებაა იტალიური ფიჭვი. ყველასგან განსხვავებულია, შეხედეთ, როგორი ლამაზია, როგორი ქოლგისებური თავები აქვს. მის მეზობლად ჩვენი ქართული ფიჭვია დარგული (ელდარის ფიჭვს რომ ვეძახით) და გვერდიგვერდ მშვენივრად ხარობენ.

ის კი პირამიდული ტუიებია, სპეციალურად გამოყვანილი ჯიში, რომელსაც მერე ასე ვკრეჭთ.



- ბაღის ქვედა ნაწილში ულამაზესი მარადმწვანე ხეებია, მათზე რას გვეტყვით?

- ისინი მტირალა ლიბანის კედრებია. მაღალი, უნიკალური ფორმის მცენარეები, შორიდან ხომ ხედავთ, როგორი ლამაზებია და ახლოს სულ გაგაოცებთ. მტირალას მისი დაშვებული ტოტების გამო უწოდებენ. სპეციალურად გამოჰყავთ ასეთი ფორმის. მათ გვერდით კი ჰიმალაის კედარი ხარობს.

აქეთ გახედეთ, ბზის ბუჩქებისგან ბოლნური ჯვარია გაკეთებული. მის ფრთებში ამჟამად ქრიზანთემებია დარგული და ასეთ ლამაზ კომპოზიციას ქმნის...

ჩვენს პარკში ხარობს როზმარინი. როგორც იცით, ის სამკურნალო ეთერზეთოვანი და დეკორატიული მცენარეა, ბევრ დაავადებას კურნავს. მისგან ზეთის დამზადება შეიძლება. ნაყენიც სამკურნალოა. იტალიელები ამ კულტურას საკვებადაც იყენებენ. აღმოსავლეთის ხალხი შემწვარ თევზს გვერდით როზმარინის ტოტებს უწყობს, ან უკვე გამხმარს, ზემოდან აყრიან...



ეს კი აქაურობის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია, ოთხასწლიანი ზეთისხილის ხე, ნაყოფს კი ისხამს, მაგრამ უფრო დეკორატიული დატვირთვა აქვს. აქ უწმინდესის კურთხევით ჩაირგო, ერთი ასეთი რუსთაველზეა, ვარდების მოედანთან ახლოს და ასევე საპატრიარქოს ეზოშიც...

აქვეა ფრინველების კუთხეც. გვყავს გედები, იხვები, ფარშავანგები. ეს უფრო საბავშვო ნაწილია, თავისი აუზით, სადაც პატარები ზაფხულის ცხელ დღეებში თავს იქცევენ...

- ამ უზარმაზარ ტერიტორიას, ძირითადად, თქვენი კოლეჯის სტუდენტები უვლიან?

- კოლეჯი იმისთვის დაარსდა, რომ მომავალი მებაღეები გამოვზარდოთ, რომლებიც ამ მცენარეების სეზონურ მოვლა-პატრონობას და ყველა აუცილებელი აგრო-ტექნიკური ღონისძიების ჩატარებას შეძლებენ. ჩვენი სასწავლებელი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ამ პროგრამას ახორციელებს. ის უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა, რათა საქართველოში მებაღეობა განვითარდეს. სხვათა შორის, უკვე მეთორმეტე წელში ვართ. ჩვენი კურსდამთავრებულები სხვადასხვა სამებაღეო ცენტრში წარმატებით საქმიანობენ, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ. საოცრად კეთილშობილი საქმიანობაა.



ჩვენი სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას პედაგოგების დახმარებით სწორედ აქ, ამ ბაღის ტერიტორიაზე გადიან. ყველაფერს ერთად აკეთებენ. დეკორატიული მცენარეების ისეთი დიდი ასორტიმენტი და თან ამდენი თანამედროვე კულტურა აქ რომ არის, ვერ გეტყვით, საქართველოს რომელიმე პარკში იყოს...

ახლა კი ვარდების საკოლექციო ნაკვეთში, ე.წ. როზარიუმში გადავინაცვლოთ. მთელ ტერიტორიაზე დაახლოებით, 120-130 ჯიშამდე სხვადასხვა სახეობის, გამორჩეული და განსაკუთრებული ვარდია, ერთმანეთს არც ერთი არ ჰგავს. რაც მთავარია, თითოეული მრავალჯერადი ყავილობის გახლავთ, რომლებიც მაისში რომ იწყებენ, გვიან შემოდგომამდე, სხვადასხვა პერიოდულობით ისევ ყვავილობენ...

- სადაური ჯიშებია?

- გერმანიაში სულ რამდენიმე სელექციონერია, ვისაც ეს სახეობები გამოჰყავს. მათ შორის განთქმული კორდესის ფირმაა (საოჯახო), რომელიც დაახლოებით, 150 წელზე მეტია, რაც ამ საქმიანობას ეწევა და აქვს სხვადასხვა ჯიშის - ხვიარა, საპარკე, ჩაის ჰიბრიდები, მინიტიურული, ნიადაგმფარავი, ფლორიბუნდა, ბევრყვავილიანი, დაბალბუჩქა ვარდები, ერთ ღეროზე 15-20 ყავილს რომ იკეთებს და რაც მთავარია, საინტერესო, ლამაზი ფერებით არის გამორჩეული.

თუმცა ჩვენი ბაღის მშვენება, ულამაზესი ვარდი - “შოკინგ ბლუა”, ანუ შოკისმომგვრელი ცისფერი. წელიწადში რამდენჯერმე ჰყვავის, პირველად - მაისში. არაჩვეულებრივი ჯიშია ასევე “ნოსტალგია”, ორ ლამაზ ფერშია გადაწყვეტილი. საერთოდ, ყველა ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად თავისი ხასიათით, სურნელით, სილამაზით, ფერით ნამდვილად საინტერესო მცენარეა.



- როზარიუმი რამდენი წლის არის?

- 8-9 წლის წინ გაშენდა, მანამდე აქ არაფერი იყო, მხოლოდ მწვანე მინდორი. შემდეგ კი ჩვენი დიზაინერებისა და მებაღეების მიერ ეს ყველაფერი გაკეთდა...

მოგეხსენებათ, სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დეკორატიული მებაღეობის კოლეჯია გახსნილი, სადაც ბაღის დიზაინსაც ვასწავლით, ჰოდა, ჩვენი კოლეჯის პედაგოგების მიერ შედგა ეს პროექტი და შემდგომ უკვე სტუდენტების დახმარებით გაშენდა ლამაზი პარკი. თუ დააკვირდებით და ყოველ კუთხეს ცალ-ცალკე შეისწავლით, დარწმუნდებით, რომ ამ საქმეში დიდი შრომა და ენერგიაა ჩადებული.

- სანამ ეს ვარდები ამ როზარიუმში დაბინავდება, მანამდე ალბათ თქვენს საცდელ ნაკვეთში ხდება მათი გამრავლება.

- კი ასეა. ამ მცენარეს ჩვენს ნაკვეთში ვამრავლებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში (ტექნიკური დაზიანებისას, ან რაიმე რთული ბუნებრივი პირობების შექმნისას), მისი შეცვლა მოხდეს. დიახ, უნდა გვქონდეს საშუალება, რომ სასწრაფოდ ჩავანაცვლოთ.

ვარდებს გარს სურნელოვანი ლავანდები აკრავს, რომლებიც ვარდის მსგავსად, ზაფხულში ლამაზად ყვავის... ლავანდაც არაჩვეულებრივად სურნელოვანი და ეთერზეთოვანი მცენარეა. მისი ზეთი, გამორჩეული სურნელის გამო, ყველა პარფიუმერიული ნაწარმის (სუნამო, საპონი, ნელსაცხებელი) ძირითადი კომპონენტია. გარდა იმისა, რომ მშვენიერია, სამკურნალო მცენარეც არის. ამიტომ სტუდენტებთან ერთად, მას ვაგროვებთ, ვაშრობთ, ნაწილს ფლორისტული საშობაო გაფორმებებისთვის ვიყენებთ, როგორც მშრალ მასალას, ნაწილისგან კი სურნელოვან ზეთს ვამზადებთ. სპირტზე ასევე ლავანდის ნაყენს ვაყენებთ და კარგი შედეგები გვაქვს.



- იქნებ გაგვანდოთ ლავანდის ზეთის თქვენეული რეცეპტი?

- მარტივია, დაახლოებით ისეთი, როგორიც ვარდის ზეთის დამზადებისას გამოიყენება. ლავანდა აქტიური ყავილობის პერიოდში გროვდება. აქ, რა თქმა უნდა, სუფთა და ეკოლოგიურად დაცული ადგილია, მაგრამ მცენარე დაკრეფის შემდეგ მაინც უნდა გასუფთავდეს. მერე ქილაში ვყრით და ზემოდან ზეითუნის ზეთს ვასხამთ, თავი მჭიდროდ უნდა დაეხუროს და მზის გულზე დაიდგას, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე. შემდეგ კი დღეში ორჯერ ხდება მისი არევა, ორი კვირაში უკვე კარგად უნდა გამოიწუროს. იმ გამონაწურში ახალი ლავანდის ყვავილებს ვყრით იმისთვის, რომ უფრო მაგარი ზეთი მივიღოთ, თუმცა იმ ერთი გამონაწურითაც მშვენიერ პროდუქტს ვიღებთ.

როგორც გითხარით, ამ მცენარისგან სპირტიან ნაყენსაც ვამზადებთ, კარგი ანტისეპტიკია, ზეთი კი დამამშვიდებელი საშუალებაა ანთებითი პროცესებისთვის, მაგალითად, კუნთის გაცივებისას დასაზელად იყენებენ...

- როზარიუმს გარშემო ბზის ბუჩქები დაბალ, ცოცხალ ღობედ აკრავს...

- აბა, ბზის გარეშე როგორ იქნება? ამასთან, ხედავთ აქ ლამაზი, დეკორატიული, დიდი ქვებიც აწყვია, რომელიც ამ შემთხვევაში, საუკეთესო გაფორმებას წარმოადგენს...

ჩვენი ბაღის ხილვა ყოველთვის კარგია, მაგრამ გაზაფხულზე მაინც არაფერი სჯობს...

ლალი ფაცია

კომენტარები

shoko 2017-06-05 16:34
martlac rom gvtisnieri siketit savse uwmindesi gvyavs romelic uxvad gadmogvcems sicocxli siyvaruls wesierebas ,nijierebas ,upalo didxans gvachuke misi tavi

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები