როგორ უნდა მოვუაროთ არტოსს, რომელიც კვირაცხოვლობას ურიგდებათ ეკლესიებში ქრისტიანებს?

აღდგომის მომდევნო კვირა, ანუ კვირაცხოვლობა, სხვაგვარად იწოდება თომას კვირად, რადგანაც ამ დღეს ქრისტიანები იხსენებენ თომას რწმენაში მოსვლის სასწაულს.
მაცხოვრის ჯვარზე გაკვრით შეძრწუნებული თომა მოციქულის გონება უნუგეშო ფიქრებით იყო დამძიმებული, ძვირფასი მასწავლებლის დაკარგვის გამო – ქრისტეს მოწაფეების მტკიცებებს, მასწავლებლის აღდგომასთან დაკავშირებით, იგი პასუხობდა: „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ“ (იოანე, 20:25).

აღდგომიდან მერვე დღეს უფალი ეჩვენა თომას იმის დასტურად, რომ აღდგომის შემდეგ იგი ერთთავად მოწაფეებთან იყო, არ დაუცადა თომა

შეკითხვას და თავად უჩვენა ნაჭრილობევი, რითაც უპასუხა მის სიტყვით გამოუთქმელ კითხვას, რის შემდეგაც თომამ წამოიძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იოანე, 20:28). ამით თომამ არა მხოლოდ აღდგომა ირწმუნა ქრისტესი, არამედ ირწმუნა მისი ღვთაებრიობაც!

თომას კვირიდან, დიდმარხვის ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მართლმადიდებლურ ეკლესიებში ხდება ჯვრისწერის საიდუმლოს შესრულება.

თომას კვირა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ამ დღეს ეკლესიებში მორწმუნეებს ურიგდებათ არტოსი. 

არტოსი
აღდგომის ერთ-ერთ ტრადიციას განეკუთვნება არტოსის კურთხევა - პატივად და დიდებად და მოსახსენებლად დიდებული აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. „არტოსი“ ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს.

არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა (საქმე 10, 41). მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა“ (მთ. 28, 20) და თავიანთ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: „ქრისტე აღსდგა“. როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ამ ტრადიციის შენარჩუნებას.

ეკლესიის წმიდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნავად დაადგინეს, რომ ტაძარში პური ანუ არტოსი დაედოთ. არტოსზე გამოსახულია ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, ოღონდ ჯვარცმულის გარეშე - ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად, ანდა ქრისტეს აღდგომა. ტაძრებში ეს პური მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ღია ტრაპეზის შუაგულში ასვენია. არტოსის მომზადებით წმიდა ეკლესია მოციქულებს მიემსგავსება და ამ წმიდა პურით მოგვაგონებს, რომ მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე გახდა ჩვენთვის ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა, რაც მისი კურთხევის ლოცვებშიც კარგად მოჩანს. ამ ლოცვებში მღვდელი ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვს და შესთხოვს, რომ განკურნოს სნეულნი და ჯამნრთელობა მიანიჭოს იმათ, ვინც მას რწმენით იგემებს.
არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება. ეკლესიაში არტოსის პურს მაცხოვრის ხატის წინ ალაგებენ პატარა მაგიდაზე და ეს პურები აქ რჩება ბრწყინვალე შვიდეულის დღემდე. კვირაცხოვლობას კი, არტოსის განტეხის ლოცვის შემდგომ პურს მორწმუნეებს ურიგებენ. არტოსს მორწმუნენი მთელი წლის განმავლობაში ინახავენ, განსაცდელის ჟამს კი უზმოზე იხმევენ მის მცირე ნაწილს.

კვირაცხოვლობა – თომას კვირა
ტროპარი
დაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაჲ აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ, ყოველთა აღდგომაჲ, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდითა შენითა წყალობითა.
კონდაკი
გამომეძიებელითა მარჯუენითა გუერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შე-რაჲ-ხვედ კართა დახშულთა, და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი, დიდებაჲ და ქებაჲ აღდგომასა შენსა, ყოვლადძლიერო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები