ერთადერთი მხატვარი მსოფლიოში, რომელიც სახატავად მარმარილოს იყენებს

როცა ხელოვანი შესრულების განსაკუთრებულ ტექნიკას იყენებს, შედეგიც უნიკალური გამოდის. მხატვარ თამუნა საჯაიას ნამუშევრებს აღფრთოვანებაში მოჰყავს ყველა, განსაკუთრებით  უცხოელები... ის მარმარილოთი ხატავს და მის ნამუშევრებს 3დ ეფექტი აქვთ.  თავის შემოქმედების შესახებ თამუნა საჯაია თავად გვესაუბრა...

- ეს მეთოდი ჩემს მიერაა შემუშავებული. დაფხვნილი მარმარილოს ფერწერაში გამოყენება უჩვეულო ეფექტს ქმნის. ფეისბუკის პირად გვერდზეც მიწერია ჩემი ტექნიკის შესახებ და ბევრი ადამიანი ინტერესდება. ძალიან საინტერესო სამუშაოა! რამდენიმე ფაზად იყოფა: სქელ მუყაოს ვიყენებ, ჯერ ხდება დაგრუნტვა, შემდეგ გალესვა, რომ გაშრება ფანქარში დახატვა ,შემდეგ ფორმების გამოყვანა, ბოლო

ეტაპზე უკვე – ფერები. საბოლოოდ შესრულებული ნახატი ბარელიეფის ამოყვანის და ფერთა გამის მიხედვით 3D ეფექტს ქმნის. დაფხნილი მარმარილოთი შესრულებული ბარელიეფური ნახატი თავისუფლად შეგვიძლია ფასადისთვისაც გამოვიყენოთ... – წვიმა, თოვლი, –არაფერი მასზე არ მოქმედებს... საღებავიც წყალგამძლეა...

- როგორ გაგიჩნდათ იდეა, ეს უნიკალური და ექსკლუზიური მეთოდი გამოგეყენებინათ?

- სახლში ქოთნის გალამაზება მომინდა და რატომღაც ამ იდეამდე მივედი. ბავშვობაში ვერთობოდი და ღერღილით და წებოთი ბოთლებს ვაფორმებდით... როდესაც დავფიქრდი სამშენებლო მასალიდან თუ რისი გამოყენება შეიძლებოდა, რომელიც წყალგამძლე და მდგრადი იქნებოდა, რატომღაც დაფხვნილ მარმარილოზე შევჩერდი.

- როგორც ვიცი სამხატვრო აკადემია გაქვთ დამთავრებული...

- დიახ, აკადემია მაქვს დამთავრებული ქსოვილების განხრით. ვმუშაობდი ბატიკაზე, გობელენსა და ხალიჩაზე. ყოველთვის უფრო მეტად ბატიკა და

ხალიჩა მიყვარდა. .წლების შემდეგ კი მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ფერწერაა  ჩემი... თუმცა მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ და ფერწერაშიც მინდოდა ახალი

მეთოდი გამომეყენებინა. ძალიან ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა. გამოფენა მქონდა 14 თებერვალს, თუმანიშვილის თეატრში, რომელიც ათი დღე

გაგრძელდა... ვფიქრობ საინტერესო გამოფენა იყო, მესიამოვნა ხალხის შთაბეჭდილებები. ვინაიდან ახალ ტექნიკას ვიყენებ, მაინტერესებდა ხალხზე თუ

რა შთაბეჭდილებას მოახდენდა...

 

 

 

 

 

- კოლეგები როგორ აფასებენ თქვენს ახალი ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს?

- მეგობარი მხატვრები და ინტერნეტით გაცნობილი კოლეგები ინტერესდებიან ახალი ტექნიკით და ძალიან ბევრ შეკითხვასაც მისვამენ თუ როგორ მივედი ამ

აღმოჩენამდე... მსურდა რამე ძალიან გამძლე. თიხა და თაბაშირი არ იძლევა ასეთ ეფექტს და მარმარილომ მომცა. მარმარილო იმდენად მდგრადია, ძალიან დიდი

ზეწოლა უნდა მოხდეს, რომ დაზიანდეს და სივრცულ ეფექტსაც მეტად ქმნის.

 

 

 

]

- მოწაფეები გყავთ?

- მოწაფეები არ მყავს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს აქვს სურვილი. ალბათ ხელს ის ფაქტორი მიშლის, რომ ჯერ-ჯერობით სახელოსნო რომ არ მაქვს და სახლში ვმუშაობ.

- რამდენ დროს ანდომებთ ერთი ნახატის შექმნას და არის ძირითადი თემატიკა?

- ყველა ეტაპის გავლით დაახლოებით ხუთი დღე. ძირითადი დრო გაშრობას მიაქვს... ბარელიეფური ტექნიკა ძალიან უხდება პეიზაჟებს, საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მაქვს დახატული. ძალიან მინდა სხვა ქვეყნების საინტერესო ხედებიც დავხატო.

 



- დაფხვნილი მარმარილოთი ნახატის შესრულება უფრო რთულია თუ ქოთნების მოხატვა?

- ქოთნების უფრო რთულია, რადგან წრიულად გიწევს მუშაობა... ჯერ ერთი მხარე უნდა გააშრო, შემდეგ მეორე, მესამე...

- ალბათ უცხოელებისგან დიდი ინტერესია თქვენი ნამუშევრების მიმართ...

- კი ძალიან მოსწონთ და რამდენიმე მათგანმა შეიძინა კიდეც. ნახატებს როგორც  სალონების მეშვეობით ასევე ფეისბუქ გვერდიდანაც ვყიდი…

 

 

 

 



- თუ არ ვცდები ქოთნების გარდა, სხვა ნივთებსაც აფორმებთ...

- დიახ... მაგალითად ზარდახშა, თიხის ქვაბები... მალე მსურს დავიწყო ავეჯის გაფორმება - სკამები, ჟურნალის პატარა მაგიდები, კომოდები, პატარა ზარდახშა

გავაფორმე ცოტა ხნის წინ, რომელიც მეგობარს ვაჩუქე. ვფიქრობ, რომ დაფხვნილი მარმარილოთი საინტერესო იქნება შუშაზე მუშაობა

მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

ანასტასია 2017-05-11 11:15
ულამაზესია, ძალიან მომეწონა!
თამუნა საჯაიას ნახატები გამოფენაზე ვნახე, ორიგინალები გაცილებით ლამაზია!
გილოცავ თამუნა და გისურვებ წარმატებებს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები