ჯემალ ჭკუასელის ულამაზესი აგარაკები და ერთადერთი ოროთახიანი ბინა "ქარიან დიდუბეში"

"ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი - ჯემალ ჭკუასელი ამბობს, რომ თბილისში მხოლოდ ოროთახიანი ბინა აქვს, რაც ყველას გაკვირვებას იწვევს... სამაგიეროდ ორი ულამაზესი აგარაკი აქვს, რომელთა შესახებ იგი თავად გვესაუბრება...


- თბილისში ოროთახიანი ბინა მაქვს... ყოფილა შემთხვევა, სტუმრად წამიყვანია სახლში და უთქვამთ ახლა თქვენთან წავიდეთ, ეს ხომ არ იქნება თქვენი სახლიო... ეგრეთ წოდებული "ხრუშჩოვკაა". - თოხის ტარზე დავიძინებთ მტრის ჯინაზეო - სამწუხაროდ, ამ დრომ უკვე გაიარა, ცალკე ოთახები გვინდა მე და ჩემს მეუღლეს. სტუმარსაც ღამეს ვერ გავათევინებთ. ახლა ჩემ თავზე ვარ ნაწყენი, სხვაზე

არავიზე… - მხოლოდ ოროთახიანი ბინა მაქვს და ისიც ქარიან დიდუბეში!


- ალბათ უნიკალური ნივთები გაქვთ, თუნდაც მეგობრების ნაჩუქარი...
- დიახ... ჩემთვის უძვირფასესი ადამიანებისგან ნაჩუქარი ნივთები მაქვს! ყველას მირჩევნია მერაბ ბერძენიშვილის მიერ ნაჩუქარი, ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ქამარ-ხანჯალი... სხვების მიერ ნაჩუქარი ხმლებიც მაქვს. იარაღიც მაჩუქეს მაგრამ ხელუხლებლად ძევს, იქიდან არასოდეს არავის უსვრია...

ახალგაზრდობაში არ მიყვარდა იარაღის ტარება და ახლა ხომ საერთოდ გამორიცხულია! უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან ცუდი მყიდველი ვარ! უმეტესწილად ჭიქებს ვიძენდი, რომლებიც დიდად ძვირფასი არ იყო, მაგრამ კარგ მოგონებებთან არის დაკავშირებული და ჩემთვის ამის გამო ძალიან ღირებულია. ჩემს მეუღლეს უყვარს ღვინის და კონიაკის კოლექცია და გვაქვს სახლში სადღაც კუთხეში, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს... ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემი ოჯახია, როგორც ყველასთვის... ახალს და ორიგინალურს არაფერს ვამბობ! როგორღაც ვეტევით ამ სივიწროვეში. შვილებიდან და შვილიშვილებიდან ზოგს აქვს ბინა და ზოგიც ნაქირავებში ცხოვრობს.


- სამაგიეროდ ულამაზესი აგარაკები გაქვთ...
- დიახ, აგარაკი გვაქვს გურიის იმ სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე... ეს გახლავთ სოფელი შემოქმედი. იქ სახლის მშენებლობა 40 წლის წინ დავიწყეთ და ნელ-ნელა დავასრულეთ. ყველაფერი ჩემი მეგობრების დამსახურებაა... რაც შეეხება მეორე აგარაკს, კახელებმა მაჩუქეს ნაკვეთი ხაშმში და პატარა სახლი იქაც ავაშენეთ. ბანკის ვალი ავიღე, დაახლოებით 35 ათასი ლარი დასჭირდა მშენებლობას.


- ორივე სახლი ევროპული ტიპისაა...
- დიახ... ამაზე ხუმრობით ვამბობ, ჯერ კიდევ 40 წლის წინ ვიგრძენი, ევროპას რომ უნდა შევერთებოდით-მეთქი. თუმცა ხუმრობის გარეშე ვამბობ, რომ ევროპა ჩვენი სახლია და ჩვენ ამის შესახებ სულ უნდა ვფიქრობდეთ! მეგობარმა მირჩია წვეტიანი სახლი. თუმცა შემდეგ მან შიგნით ყველაფერი სხვაგვარად დახაზა და არ დავუჯერე. ამიტომ მე ვარ ამ სახლის არქიტექტორი!.. პირველ სართულზე დიდი დარბაზია, ზემოთ სართულზე საძინებლები. დარბაზში ჭაღი ჩემი დიზაინით არის შექმნილი. სახლში ყველაფერი ხის მასალაა... არავისთვის არ მიმიბაძავს და ასეთ სახლს მეორეს ვერსად ნახავთ! ბოლომდე მანსარდით სახლი, თითქმის არ არსებობს! ყველა თანხმდება, რომ ჭკვიანურად არის მოფიქრებული (თავს ვიქებ, რადგან გურული ვარ).


ეზოში ბევრი ეგზოტიკური მცენარეა - პალმა, ფეიხოა, ბანანი... ბანანის ნაყოფი დაახლოებით მსუქანი კაცის ნეკისხელა იზრდება, მეტი არა... ბანანს 8 თვე მზიანი ამინდები სჭირდება, ნაყოფი რომ ჩამოყალიბდეს და გურიაში რადგან მზე ამდენ ხანს არ არის, ბანანის ნაყოფი პატარა რჩება... ადესის გარეშე ხომ არ ვიქნებით გურულები, რასაკვირველია, გვაქვს ეზოში! გვაქვს ასევე წყავი, რომლის ნაყოფიც ყურძენს ჰგავს, მაგრამ წყავი სულ სხვა რამეა... აღმოსავლეთშიც ხარობს, მაგრამ უნაყოფოდ. თბილისში ტელევიზიის წინ არის, მაგრამ რადგან ნაყოფი არ აქვს, უმეტესობას დეკორატიული მცენარე ჰგონია. გურიაში წყავი ძალიან გემრიელია! ეზოში კიდევ ბევრი ეგზოტიკური მცენარე გვაქვს და ეგზოტიკური მეზობლებიც გვყავს! არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს, ყველა სხვადასხვანაირად კარგები არიან! შესანიშნავი ეზო და მეზობლობა გვაქვს!

- ალბათ თქვენი მეგობრები ხშირად ყოფილან თქვენი ულამაზესი სახლის სტუმრები...
- "ერისიონის" წარმომადგენლები ყველა უკლებლივ იყო... ბათუმში კონცერტები თუ გვაქვს, წესად გვაქვს აუცილებლად შევიაროთ... მეგობრებიც ხშირად ყოფილან, ჩოხოსნები და სხვები...


- როგორც გვითხარით, ხაშმშიც ევროპული ტიპის სახლი გაქვთ...
- დიახ, მაგრამ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან! ხაშმის სახლი ჩემი შვილის – კახაბერ ჭკუასელის იდეაა... ოღონდაც მე ვთქვი, როგორი ჭერი მინდოდა და ამ ჭერმა ყველაფერი შეცვალა! მრავალფეროვნება მიყვარს და ამიტომ მინდოდა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ყოფილიყო... მართალია, ხაშმის სახლი პატარაა, მაგრამ ძალიან ძვირი დაჯდა, რადგან საუკეთესო მასალაა გამოყენებული... მე ძალიან მომწონს გამოთქმა - არც ისე მდიდარი ვარ, იაფფასიანი შევიძინოო... გურიის აგარაკზეც 110 კუბი მეტრი მხოლოდ ხის მასალაა დახარჯული.


გურიაში თავიდან ჩვეულებრივი ოდა სახლის მშენებლობა მითხრეს, მაგრამ მე არ მსურდა. იმდენად დიდი თოვლი მოდის, ზოგჯერ ღობეზე პირდაპირ გადავდივართ. სახლს დათოვლა და მოვლა ჭიდება... გასათვალისწინებელია ნესტი არ დაგროვდეს. სახლი ისე აშენებული მიწას საერთოდ არ ეხება... გამოყენებულია სხვადასხვა ფრაქციის ქვა, ასფალტითაა მოპირკეთებული, გუდრონი გადასხმული, შემდეგ ხეა და რკინაზეა ყველაფერი აგებული... მსურს გაიგონ ქართველებმა, რომ იაფფასიანი მასალებით წინ ვერასოდეს წავალთ! ნესტიან სახლში რომ შეხვალ იქ ვერაფრით ვეღარ დაიძინებ... როდესაც ჩავდივართ სინესტე ოდნავაც არ იგრძნობა. მარილი მარილად და შაქარი შაქრად გვხვდება, ცოტა კი არის ერთმანეთს მიწებებული, მაგრამ დანესტიანებული არ არის! სახლში სულ ხის, სასიამოვნო სურნელია...


ხაშმში არ არის სინესტე, პირიქით! თუმცა მაინც მთელი ჭერი ხისგან არის მოპირკეთებული. ჭერს დაახლოებით ხუთი-ექვსი მეტრი აქვს სიმაღლე... დაბლა სარდაფებია, სადაც ღვინოები ინახება... ეზოში ტერასებია და ტერასებზე სულ ყვავილები. დამხმარე ქალბატონი გვყავს, რომელიც წინასწარ მითანხმებს თუ რომელი ყვავილები დარგოს და სხვათა შორის, ყოველთვის მომწონს მისი არჩევანი. 

მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

მარინა ათანელიშვილი 2017-08-29 18:00
ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ ბატონო ჯემალ,ქედს ვიხრი თქვენი შესანიშნავი ანსამბლის და შესანიშნავი გემოვნების წინაშე
მარიანა 2017-08-08 21:01
კარგი ადამიანია -ჩვენი გურული კაცი და მოკრძალებული ცხოვრბაც მშვენივრად შეუქნია, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, ძამა.
meri 2017-07-19 16:49
es adamiani mets imsaxurebs.madloba baton jemalis erisionis sheqmnistvis.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები