მსოფლიოს უდიდესი ხელოვანების სათაყვანებელი სახლი საქართველოში, რომელიც არქიტექტორებსაც აღაფრთოვანებდა

"ჩვენთან სახლში არასოდეს ყოფილან სტუმრად ცეკას მდივნები, მინისტრები, მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ გამორჩეული ხელოვანები - ყოველთვის! ჩვენს სახლში რამდენჯერმე იყო მაია პლისეცკაია. მას მამასთან ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებდა. მისი მეუღლე, უდიდესი კომპოზიტორი – როდიონ შჩედრინიც არაერთხელ ყოფილა ჩვენთან"... - ამბობს მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწე ქართველი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი... იგი ამჯერად ბელგიაში ცხოვრობს. დირიჟორს თბილისში ულამაზესი სახლი აქვს, სადაც წლების განმავლობაში იყრიდნენ თავს მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები...


- ამ სახლის არქიტექტორი დედაჩემი – ქეთევან პაჭკორია-მაჭავარიანი გახლავთ. იგი არაჩვეულებრივი არქიტექტორი იყო, ამის მაგალითი პირველ რიგში

ეს სახლია! 45 წლის წინ აშენდა სახლი და როგორც კი მშენებლობა დასრულდა, არქიტექტორები სანახავად მოდიოდნენ. დედა მეგობრობდა არქიტექტორ შოთა ყავლაშვილთან და ბატონი შოთასგან გაიგეს სხვა არქიტექტორებმა, გამორჩეული სახლი აშენდაო... არ დამავიწყდება მათი აღტაცებული სახეები, როდესაც ეს სახლი ნახეს... ჩვენს სახლში ცხოვრობდა გენიალური მსტისლავ როსტროპოვიჩი და დედაჩემს ეუბნებოდა, რომ შემეძლოს თქვენი სახლის პარიზის შუაგულში გადატანა და იქ ჩადგმა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდაო... სახლი მართლაც ბრწყინვალე არქიტექტურული შედევრია, მაშინ ასეთ დიდ ფანჯრებს არავინ არ აკეთებდა. ზემოთ უზარმაზარი აივანი გვაქვს. მეხუთე სართულზეა დიდი აივანი...


ჩვენ ვიდრე ამ სახლში გადმოვიდოდით, გვერდით, სამსართულიან აგურის სახლში, მეორე სართულზე ვცხოვრობდით. როდესაც მამას, კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის ბალეტმა “ოტელომ“ და სავიოლინო კონცერტმა მსოფლიოში დაიქუხა, ჩვენს სახლში მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავებმა დაიწყეს მოსვლა... “ოტელოს“ პრემიერაზე ჩამოვიდა სერჟ ლიფარი... დღეს იგი ბევრს არ ახსოვს ვინ იყო, მაგრამ ბალეტის ისეთივე დიდი ვარსკვლავი გახლდათ, როგორც რუდოლფ ნურიევი. სერჟ ლიფარი პარიზის ოპერისა და ბალეტის მთავარი ბალეტმაისტერი და ბალეტის დირექტორი იყო... იმ დროის ნომერ პირველი მოცეკვავე და ბალეტის დირექტორი სახლში გვეწვია სტუმრად - პარიზში ბალეტ “ოტელოს“ დადგმის შესახებ მამასთან სასაუბროდ... იმ სახლში ხშირად მოდიოდნენ – სოლიკო ვირსალაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ანდრია ბალანჩივაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი, ოდისეი დიმიტრიადი... ისენი მამას მეგობრები იყვნენ. მამას ასევე ახლო მეგობრობა აკავშირებდა გალაკტიონ ტაბიძესთან და გოგლა ლეონიძესთან! ჩვენთან საგანგებოდ მოვიდა სტუმრად ჯორჯ ბალანჩინი, მახსოვს, იგი საოცრად სიმპათიური კაცი იყო!

ხედი ვახტანგ მაჭავარიანის სახლიდან

 

ჩვენს ძველ სახლში იყო ნამყოფი ლეგენდარული დიმიტრი შოსტაკოვიჩი... ჩემმა უახლოესმა მეგობარმა - ლექსო თორაძემ ცოტა ხნის წინ ერთი ისტორია გამახსენა: 14 წლის ვიყავი, როდესაც მამამ დიმიტრი შოსტაკოვიჩი ვახშამზე მოიყვანა. ჩვენს სახლში იყო ასევე სტუმრად მამას მეგობარი დავით თორაძე მეუღლესთან ერთად. მე იმ დროს კონცერტზე გამოსასვლელად ვემზადებოდი, ორკესტრთან ერთად უნდა დამეკრა შოსტაკოვიჩის პირველი საფორტეპიანო კონცერტი... სანამ სუფრაზე დასხდებოდნენ, მამამ მითხრა, აბა, დაუკარი, რა კონცერტსაც ამზადებო... ლექსო ახლახან ამბობდა, შენ რა ნერვები გქონდა, როდესაც შოსტაკოვიჩი იქ იყო და მისი კონცერტი დაუკარი, მე ვერაფრით გავბედავდი, ისე უეცრად მსგავს სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავიო... ბედნიერება მქონდა როგორც ბავშვს, შოსტაკოვიჩის კალთაში ვმჯდარიყავი. დღეს ჩემი მეგობარია მისი შვილი, დირიჟორი მაქსიმ შოსტაკოვიჩი, რომელიც ასევე არაერთხელ იყო ჩვენი სტუმარი.
ჩვენთან სახლში მოდიოდნენ სტუმრად უდიდესი რუსი პიანისტები ლევ აბორინი, ალექსანდრე გოლდენვეზერი, სვიატოსლავ რიხტერი... განუმეორებელი სვატოსლავ რიხტერი და დავით ოისტრახი ჩვენთან სტუმრად ძველ სახლშიც იყვნენ და შემდეგ ახალშიც, ასევე ალფრედ შნიტკე... ჩვენთან არასოდეს ყოფილან სტუმრად ცეკას მდივნები, მინისტრები, მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ გამორჩეული ხელოვანები ყოველთვის! ჩვენს სახლში რამდენჯერმე იყო – მაია პლისეცკაია. მას მამასთან ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებდა. მისი მეუღლე, უდიდესი კომპოზიტორი – როდიონ შჩედრინიც არაერთხელ ყოფილა ჩვენთან...


- როდესაც თქვენი ახალი სახლი აშენდა, სტუმრიანობის ტრადიცია აქაც გაგრძელდა...
- როდესაც ეს სახლი აშენდა, პირველად განსაკუთრებულად მახსოვს, ვახშამზე რომ გვეწვია ისააკ სტერნი. იგი შესანიშნავი მადით გამოირჩეოდა... წლების შემდეგ პარიზში შევხვდი და პირველი სიტყვები რაც მითხრა, არასოდეს დამავიწყდება დედათქვენის სამზარეულოო... ამ ახალ სახლში ცხოვრობდა იური გრიგოროვიჩი. იგი მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი ქორეოგრაფი იყო და ამ თეატრის დაკვეთით დაწერა მამამ ბალეტი “ვეფხისტყაოსანი“. ლიბრეტისტი იური გრიგოროვიჩი გახლდათ. მახსოვს, ზედა სართულზე, დიდ სტუდიოში იკრიბებოდნენ მამა, იური გრიგაროვიჩი და სოლიკო ვირსალაძე... ამ სახლში ცხოვრობდნენ იური ტემირკანოვი და ოლეგ ვინაგრადოვი... მარიას თეატრში ოლეგ ვინაგრადოვმა ბალეტი “ვეფხისტყაოსანი“ დადგა, რომელმაც პიკასოს პრიზი მიიღო ჩიკაგოში. რაც ფაქტიურად ბალეტის ოსკარია. ხოლო “ოტელომ“ ლა-სკალას ოქროს მედალი მიიღო. ალექსი მაჭავარიანი ერთადერთი ქართველი კომპოზიტორია, რომლის ნაწარმოებებიც მარიას თეატრში დაიდგა...

აივანი

უდიდესი ხელოვანები მხოლოდ საბჭოთა სივრციდან კი არა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ... ჩვენთან იმყოფებოდა ბრწყინვალე იტალიელი კომპოზიტორი – ლუიჯი ნონო, იგი თბილისში ალექსი მაჭავარიანის გასაცნობად ჩამოვიდა. იმყოფებოდა ასევე გამოჩენილი ფრანგი კომპოზიტორები ჟორჟ ორიკი და ანდრე ჟოლივე... უმეტესობა აღტაცებული იყო ამ სახლით, ზემოთ, დიდ აივანზე განავარდება უყვარდათ. თბილ ამინდებში იქ იშლებოდა სუფრები და იქვე მწვადიც იწვებოდა...


მე ძირითადად ვისაუბრე იმ სტუმრებზე, რომლებიც მამასთან ჩამოდიოდნენ სტუმრად... პირადად ჩემი სტუმრები იყვნენ ისეთი უდიდესი მუსიკოსები, როგორებიც არიან კენტ ნაგანო, ვალერი გერგიევი, იური ტემირკანოვი, ელენა ობრაზცოვა, რენატო ბრუზონი, კატია რიჩარელი, ივრი გიტლის... ჩემი უსაყვარლესი მეგობრები - ლექსო თორაძე, ლიანა ისკაძე, სერგო ფარაჯანოვი, ნინო ანანიაშვილი, მაყვალა ქასრაშვილი, მურაზ მურვანიძე, ბადრი მაისურაძე... მრავალი სხვა...


- საოცარ ბუხარი გაქვთ... თქვენს სახლში ყველა ნივთი უნიკალური და გამორჩეულია, გვიამბეთ მათ შესახებ...
- დიახ, ეს "მოგზაური" ბუხარია... იგი ორი საუკუნისაა. ჯერ კიდევ ძველ სახლში გვქონდა, შემდეგ გადავიდა წყნეთში და შემდეგ აქ დაიდო ბინა. იტალიური ბუხარია, ეს ჩვენი ოჯახის დიდი რელიკვია გახლავთ... ჩვენს სახლშია შესანიშნავი ნახატები, მათ შორის ჩვენი ოჯახის მეგობრის – ელენე ახვლედიანის ნამუშევრები. ქეთო მაღალაშვილმა დახატა ჩემი და მამას პორტრეტები, რომლებიც დღეს ჩემს კაბინეტში ჰკიდია. მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მხატვარმა – ვასილ შუხაევმა მამა დახატა. მამას ქანდაკება შექმნა უდიდესმა რუსმა სკულპტორმა – პეტრე შაპირომ, რომელიც დღეს პუშკინის მუზეუმშია. მექსიკელი მოქანდაკის მარიელა არაგონის შექმნილი მამას ქანდაკება დღეს მეხიკოში ხელოვნების მოედანზე დგას... გვაქვს მამას მეგობრების - დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის და სხვათა ნამუშევრები.


- სახლის ინტერიერს დავუბრუნდეთ... კუთხეში ულამაზესი სარკე დგას...
- კუთხეში რომ სარკეა, მე-18 საუკუნის დამლევის ვენეციური სარკეა. მისაღებ ოთახში გვქონდა ბევრად უფრო მდიდრული და დიდი ვენეციური სარკე, რომელიც სამწუხაროდ, ჩამოვარდა და გატყდა... დედამ მოიკითხა, თუ სად შეიძლებოდა აღდგენა და მხოლოდ ერმიტაჟშია ხელოსანიო, უთხრეს. ვაპირებდით გაგზავნას, მაგრამ იმ პერიოდში რუსეთისკენ გზა ჩაიკეტა...

მისაღებში რომ მაგიდა დგას, ისიც ვენეციურია, რომელსაც მარმარილო ადევს ზედაპირზე. ორი მე-18 საუკუნის, ოთხსართულიანი ვენეციური სახილე გვქონდა, ერთ-ერთი დამხმარე ქალბატონს გაუტყდა და მახსოვს იმდენი იტირა, ვერაფრით ვამშვიდებდით.
სავარძლები დედაჩემის ბაბუის წინა თაობისაა. როგორც ვიცი, საფრანგეთშია ნაყიდი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. გვაქვს ასევე უძვირფასესი – ბიდერმაიერის ტყავის სავარძლები. როგორც ხედავთ, ყველაფერი ძველია, მათ შორის ჭაღებიც... განსაკუთრებულად ძვირფასი ჭაღი ზედა სართულზეა. ასევე ძალიან ძველია ჭურჭელი. ზოგიერთი მათგანი წინაპრების შეძენილია, ზოგიც ჩვენი.

როიალი გახლავთ "ბლუტნერი", სხვათა შორის, მე კიდევ "მოგზაური" როიალი "სტენვეი" მაქვს, რომელიც ახლა ბელგიაშია... ეს როიალი ისევ თბილისში დაბრუნდება, რადგან იდეა მაქვს, ზემოთ სართულზე ალექსი მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი იყოს! ერთი ძველი როიალი კიდევ მამას კაბინეტშია... სახლში თქვენ ხედავთ დიდ ბიბლიოთეკას, მაგრამ აქ ყველა წიგნი არ არის წარმოდგენილი. წიგნები მთელ სახლშია და ლამის წიგნად ვიქეცით. თითქმის მთლიანი ბიბლიოთეკა წაკითხული მაქვს... გვაქვს ალექსი მაჭავარიანის უნიკალური ხელნაწერები, ნოტები, აფიშები, პროგრამები, პარტიტურები, უნიკალური ფირფიტების კოლექცია...


მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

vaso 2017-09-19 18:01
dzaan magari saxlia.
irina 2017-08-17 10:57
წმინდა გაგას კომენტარების წერამდე ის გაერკვია რომ ეს სახლი მთლიანად მაჭავარიანები კი არ იყო. აქ დიდი ქართველი კოწია ერისთავიც ცხოვრობდა. და არც ის დაავიწყდეს რომ ალექსი მაჭავარიანი და მისის მეუღლე დიდებული ოჯახების შვილები იყვნენ,
მარტო ოტელოს დადგმებით მიღებული ჰონორარებით რომელიც მთელს მსოფლიოში იდგმებოდა შეეძლო ამ სახლი აშენება
irina 2017-08-17 10:52
დიდი ქართველი პატრიოტი, უპირველეს ყოვლის ალექსი მაჭავარიანი, გამოჩენილი კომპოზიტორი, არ გაყიდული ქართველი ინტელიგენტი, წარმატებების და დღეგრძელობა მის შთამომავლებს,
ხათუნა 2017-07-06 22:05
ეს სახლი შეიძლება ახლა ვინმეს გაოცებას აღარ იწვევდეს, მაგრამ ორმოციოდე წლის წინ გამორჩეული იყო. და ახლაც ძალიან მოხდენილად დგას ვერის პარკში/კიროვის ბაღში ლურჯი მონასტრის წინ.
კახა 2017-06-18 23:39
?! ?! და მამუკას -ს გეტყობა არქიტექტურაში მაგრად ჩახედული ხართ ))) უწმინდურ გაგას - წერა კითხვა რომ იცი , არ ნიშნავს რომ აზროვნების უნარიც გაქბს ))) კაკაკბაძეს _ ქურდს , ქუდი ეწვის და მელას რაც აგონდებოდა ის ელანდებოდაო )))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები