ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში დედოფლის სასახლის მახლობლად

"...იმდენად მომწონდა ბაღი, ეზოში ხშირად ჩამოვდიოდი და ულამაზესი ყვავილების მზერით ვტკბებოდი. მეზობლად იტალიელი ოჯახი ცხოვრობს და ოჯახის დიასახლისი სარეცხს რომ ჰფენდა, სულ ჩემი ეზოსკენ იხედებოდა. შემდეგ თვითონაც უამარავი ქოთნის ყვავილები შეიძინა და მანქანით მოზიდა"... - ამბობს ქართველი ქალბატონი ელინა დოქერთი, რომელსაც ინგლისში ულამაზესი ბაღი აქვს. იგი თავად გვიამბობს, როგორ მოახერხა ეს საოცარი ბაღი შეექმნა...


- ინგლისში გავთხოვდი და უკვე 17 წელია აქ ვცხოვრობ. ლონდონიდან 20 წუთის სავალი მანძილია ჩვენს ქალაქამდე. ეს გახლავთ ქალაქი ჰატფილდი დიდი ბრიტანეთის ჰარტფორდშირის საგრაფოში... უძველესი ქალაქია,

რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს! ინგლისის დედოფალი ელისაბედი პირველი აქ დაიბადა და მერეც არდადეგებს ყოველთვის ამ ქალაქში ატარებდა. დღესაც დიდი სამეფო სასახლე დგას, დიდი ბაღით. სასახლე მე-15 საუკუნეში აშენდა...

- გვიამბეთ თქვენს ულამაზეს ბაღზე, რამდენი წლის განმავლობაში იქმნებოდა?
- როდესაც ინგლისში ჩამოვედი, მაშინ დრო არ მქონდა, ბაღის მოწყობაზე მეფიქრა. ჩემს შვილებს შორის განსხვავება მხოლოდ ორი წელია და პატარები რომ იყვნენ, მხოლოდ მათი მოვლით გახლდით დაკავებული... იშვიათად მზესუმზირას, ვარდს და ისეთ მცენარეს თუ ჩავრგავდი ეზოში, რაც უფრო ადვილია გასახარებლად... შემდეგ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ, ამ მხარეში გადმოვედით, სადაც ბევრ მეზობელს ჰქონდა ლამაზი ბაღი... მეც გამიჩნდა სურვილი, მქონოდა. სახლს დიდი, მაგრამ მოუვლელი ეზო ჰქონდა. ეს დიდი ეზო სრულიად მარტომ დავალაგე და დავბარე. შემდეგ ჩემი მეუღლეც მომეხმარა, ქვებიანი მიწა ამოვთხარეთ და ახალი მიწა შევიძინეთ... პირველად რამდენიმე ვაშლის და ალუბლის ხე დავრგეთ, გვაქვს მსხალი, ტყემალიც კი იზრდება კუთხეში...


- ინგლისი გამორჩეულია პარკებით...
- დიახ, ნეტავ საქართველოშიც ასე იყოს! ქოთნის ყვავილები ძალიან იაფია და კარგი იქნება, თუ ყველა ეზოში იქნება... ინგლისში ყვავილების თესლი განსაკუთრებულად იაფია, ვიძენდი, ქოთნებში ვთესავდი და ამოდიოდა ულამაზესი ყვავილები... წინ შედარებით პატარა ეზო გვაქვს და იქაც დავთესე, უკანა ეზოშიც და ამდენმა ყვავილმა ეზო საოცრად გაალამაზა. 7 სახეობის ვარდი მაქვს, იასამანი, სხვადასხვა ჯიშის ყვავილები. იმდენად მომწონდა ბაღი, ეზოში ხშირად ჩამოვდიოდი და ულამაზესი ყვავილების მზერით ვტკბებოდი. მეზობლად იტალიელი ოჯახი ცხოვრობს და ოჯახის დიასახლისი სარეცხს რომ ფენდა, სულ ჩემი ეზოსკენ იხედებოდა. შემდეგ თვითონაც უამარავი ქოთნის ყვავილები შეიძინა და მანქანით მოზიდა.


- საქართველოდან არ წაიღეთ ყვავილების თესლი?

- არა, რადგან იგივე ყვავილების თესლი აქ შემეძლო მეყიდა. ტყემალიც პირველად ჩემი შვილების სკოლასთან აღმოვაჩინე. რომ შევხედე ტყემლის ყვავილს, მეცნო და გამვლელებს ვკითხე, ხომ არ იცით, რა ხეა-მეთქი. წითელი ტყემალი აღმოჩნდა, რომელსაც მხოლოდ მე ვკრეფდი. იქ ისეთი არავინ იყო, ტყემლის ხით რომ დაინტერესებულიყო. შარშან ჩემს ეზოში დავკრიფე ვაშლი და მსხალი, იმდენად მომეწონა მოსავალი, თასზე დავალაგე და ფოტო გადავუღე. ეზოში მაქვს ჟოლო, რომელიც განსაკუთრებული სიტკბოთი გამოირჩევა. სამომავლოდ ვგეგმავ ბაღი სხვადასხვა ჯიშის იასამნებით გავამდიდრო...

მანანა გაბრიჭიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები