იმედა კახიანის მიერ შექმნილი ოაზისი: "სახლი კი არა, ქოხი იყო, ბალახიც არ ხარობდა"


"აქ მაინც ყველაფერი იხარებს, ნერგი თავდაყირაც რომ ჩარგო!... ეზოში უამრავი ხეხილია და ყველა ჩემი ხელით არის დარგული... მალე ბალი შემოვა, შემდეგ ატამიც... გვაქვს ბევრი და ძალიან კარგი ჯიშის კარალიოკები... ძალიან ბევრი ყვავილი გაქვს. ყვავილებს ძირითადად ჩემი მეუღლე – ფლორა და ეკა არჩევენ. უფრო მეტად ფლორა, სახელიც ისეთი აქვს, არ შეიძლება ბუნებაზე არ ზრუნავდეს... ნინიმ მოინდომა ერთი კუთხე სულ ვარდების იყოს და ვარდების ბაღი დავარქვათო..." - ცნობილი მსახიობი - იმედა კახიანი მისთვის უძვირფასეს მცხეთის სახლზე გვესაუბრება...

- დაახლოებით 25 წელია მცხეთაში

ეს სახლი ავაშენე... ჩემი ძმა ცხოვრობდა მცხეთაში და ყოველ ზაფხულს მასთან დავდიოდით დასასვენებლად. ჩემი ოცნება იყო მცხეთაში სადმე ჩემი საკუთარი ფეხის დასადგმელი მქონოდა. ეს ალბათ ყველა ქართველის ოცნებაა, რადგან მცხეთა არ არის ის ადგილი, სადაც მხოლოდ ჩახვალ, დაისვენებ, ან სახლს ააშენებ... კიდევ სხვა დიდი მადლი და სიკეთე აქვს!

 


ერთ დღეს ჩემს ძმასთან ვიჯექით და ცოტა ღვინოს შევექცეოდით – მე, ცხონებული გურამ ფირცხალავა, ჩემი ძმა და ჩემი მეუღლე... ამ დროს მოვიდა მეზობლად მცხოვრები კაცი და გვითხრა, რომ ახლოს სახლი იყიდებოდა... წავედით ყველა სანახავად, მაგრამ სახლი კი არა უფრო ქოხი იყო, ეზო შეღობილიც არ იყო, არსად ხე არ იდგა და ბალახიც არ ხარობდა.. ძალიან ახალგაზრდა ოჯახი იყო, დაახლოებით 23-24 წლის ბიჭი-გოგო და უკვე სამი შვილი ჰყავდათ, სამი პატარა ბიჭი...

 

 

 

გვითხრეს, რომ სახლს კი არ ჰყიდდნენ, არამედ გაცვლა სურდათ გლდანის მეტროსთან მდებარე ოროთახიან ბინაში... ვინც კი სახლის სანახავად ვიყავით მისულები, ყველა მათგანი მაშინვე გლდანში წავედით... გლდანის მეტროსთან "მაკლერები" იდგნენ და მათ ვუთხარით, მეტროსთან ახლოს ორთახიან ბინას რომ ვეძებდით... აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ოროთახიან ბინას ათასრვაას დოლარად ჰყიდდა. როდესაც მას უკვე ბინის შეძენის შესახებ ვესაუბრებოდით, ხანში შესული სომეხი ქალბატონი მოვიდა, მას სასომხეთში შვილებთან სურდა საცხოვრებლად წასვლა და გვითხრა რომ მეტროსთან ახლოს, გარემონტებულ სამოთახიან, ავეჯით სავსე ბინას - ორიათასოთხას დოლარად მოგვყიდდა... ჩემმა მეუღლემ მითხრა მოდი მადლი ვქნათ და ეს ბინა ვიყიდოთ, სამი ბიჭი ეზრდებათ და კარგად მოთავსდებიან, ჩვენ ოთხასი დოლარი არ დაგვაქცევსო... წავედით, ადგილზე ვნახეთ ეს შესანიშნავი ბინა და მყისვე ვუთხარით რომ შეძენა გადავწყვიტეთ... ის ოჯახი თავად გადავიყვანე მცხეთიდან თბილისის ბინაში და კიდევაც გავუფორმე ბინა... თბილისში მაშინ ჩაწერა პრობლემა იყო და სამინისტროდან დაწყებული ვინ აღარ შევაწუხე, ხუთივე რომ ჩაეწერათ. შემდეგ სამსახურის პოვნაც მთხოვეს. მეტრომშენის უფროსთან, კარგ პლეხანოველ კაცთან – გურამ გაბუნიასთან მივედი და მისი დახმარებით ოჯახის უფროსი სამსახურშიც მოვაწყვეთ... ასე აეწყო იმ ახალგაზრდა ოჯახის საქმე და მეც ძალიან კმაყოფილი ვარ დღეს, რადგან ოცნება ამიხდა... ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს თუ შეგიძლია, სიკეთე უნდა თესო! იმ ოჯახის მიმართ სიკეთე დავთესე და დღეს მეც მაქვს სახლი მცხეთაში, რაც ყოველთვის ძალიან მინდოდა... მცხეთაში ვარ ბატონო, დიდ მადლს და სიკეთეს ვგრძნობ!

 


აქ მაინც ყველაფერი იხარებს, ნერგი თავდაყირაც რომ ჩარგო!... ეზოში უამრავი ხეხილია და ყველა ჩემი ხელით არის დარგული... ახლა მალე ბალი შემოვა, შემდეგ ატამიც... გვაქვს ბევრი და ძალიან კარგი ჯიშის კარალიოკები... ძალიან ბევრი ყვავილი გაქვს. ყვავილებს ძირითადად ჩემი მეუღლე – ფლორა და ეკა არჩევენ. უფრო მეტად ფლორა, სახელიც ისეთი აქვს, არ შეიძლება ბუნებაზე არ ზრუნავდეს... ნინიმ მოინდომა ერთი კუთხე სულ ვარდების იყოს და ვარდების ბაღი დავარქვათო. ყვავილები ეზოშიც გვაქვს და სახლშიც. ქოთნის ყვავილების ზაფხულში ეზოში გვაქვს და ზამთარში სახლში. მარანი გვაქვს და გვეწვიეთ, კარგ ღვინოს მოგართმევთ!
ნინი და ელენე სულ ჩვენთან არიან. აქ ძალიან მოსწონთ... ელენე ხვალ ჩამოდის დუბაიდან და ახლა დიდი სამზადისი გვაქვს, ეზოში და სახლში ყველაფერი ლამაზად უნდა დავახვედროთ...

 

- სახლზე გვიამბეთ...
- ჩვეულებრივი, ორსართულიანი სახლია... პირველ სართულზეა მისაღები, სასადილო, ერთი პატარა საძინებელი და სველი წერტილი... მეორე სართულზე ძირითადად საძინებლებია. პატარა სახლი გვაქვს, ირგვლივ უზარმაზარ სახლებს ვხედავ და ღმერთმა ბევრი მისცეთ. ჩვენ შედარებით დიდი ვერანდა გვაქვს და ოჯახის წევრები თუ სტუმრად მოსულები, მთელი დღე ვერანდაზე ყოფნას არჩევენ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სახლის სიდიდე კი არ არის გადამწყვეტი, არამედ ისეთი ააშენო, რომელსაც სასიამოვნოდ გამოიყენებ! რაც საჭირო და აუცილებელია, ის უნდა გქონდეს, თორემ მარტო მეზობლის გულის გასახეთქად იფიქრო, ამით რას მიიღებ?! სახლში ნივთები, მათ შორის უნიკალური ნივთებიც, ძირითადად, ჩვენი შეძენილია... როცა დავქორწინდი, პლეხანოვზე მხოლოდ ერთი პატარა ოთახი მქონდა მამაჩემის და მამიდაჩემის ნაქონი. მიცკევიჩის ქუჩაზე მეუღლეს ჰქონდა ბინა და იქ დავქორწინდით. შემდეგ ოროთახიანი ბინა მოგვცეს, შემდეგ უფრო გავფართოვდით... შემდეგ ოჯახის წევრებმა ვაკეში მოინდომეს გადასვლა, რადგან სამსახურებიც იქეთ ჰქონდათ და სკოლაც... მეუღლე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია, იქ არაბულ ენას დღესაც ასწავლის... გავყიდეთ ბინა, ორიათას წელს მშენებლობაზე ფული შევიტანეთ და დღესაც ბინის დასრულებას ველოდები. თბილისში ბინა არ მაქვს! იმედი მაქვს, წელს დასრულდება და ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი და ჯანმრთელად ვიყოთ!
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

მარინა 2020-04-03 19:30
მიყვარს იმედა კახიანი ძალიან !
გაიხაროს თა ისი ოჯახით!
რა ვთქვა მეტი ვიღაცას უყვარხართ ვ8ღაცას არა..მე კი ძალიან მიყვარს იმედა კახიანი ბავშვობიდან ...და მიხარია ცოცხალი რომ არის ჩემი ,,საბუდარელი ჭაბუკი,,,
333 2019-08-01 17:20
უზრდელო კახიანებო, როგორ კადრულობთ და სხვის საცხოვრებელ სახლს ქოხს როგორ უწოდებთ? თუკი ის ახალგაზრდა ოჯახი, როგორც ამბობთ სამ ბიჭს ზრდიდა, მათ საცხოვრებელ ადგილს შეიძლება ქოხი უწოდო? ახლაც უკმაყოფილება გაქვთ, რომ სხვას თურმე თქვენზე დიდი სახლი აუშენებია და გიკვირთ რაში სჭირდებაო. ყოველთვის ყველაფერი დიდი ვერ გექნებათ, ამ ფაქტს უნდა შეეგუოთ
ვაიმე? 2019-07-31 22:21
კახიანების მადლით დავიწვი. რამდენი გიწვალიათ? კი მარა, თვითონ ვერ იყიდიდა იმ გლდანის ბინას თქვენი გადახდილი ფულით, 24 წლის ასაკში 3 ბიჭის მამა? სამაგიეროდ, შემდეგ წლებში დროებით შეშვებული ბინიდან რომ აღარ გამოდიოდით, ეგ საქმე როგორ იყო?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები