დაათვალიერეთ გუგა ქაშიბაძის სახლი და ოჯახური რელიკვიები

ეს ადგილი მთაწმინდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილად ითვლება, სადაც დროდადრო მამადავითის ეკლესიის ზარების ხმა ისმის. ამგვარ სიმშვიდეს ალბათ იშვიათად თუ "შეხვდები" თბილისის რომელიმე სხვა უბანში. მამადავითის ფერდობისკენ მიმავალი გზის ბოლოს დგას სახლი, რომლის ერთ-ერთ ბინაში ცნობილი ექიმი გუგა ქაშიბაძე ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს.

პირველი, რაც ბინაში შესულს თვალში გხვდება, დიდი სარკეა. დერეფანში ხის ხუთი, მასიური კარი ერთმანეთისგან ყოფს სამზარეულოს, მისაღებს, ბავშვის ოთახს, კაბინეტსა და ცოლ-ქმრის საძინებელს.

წელიწადზე მეტია, რაც აქ დამკვიდრდნენ. როგორც აღმოჩნდა, ბინა თითქმის გარემონტებული დახვდათ და ეს განსაკუთრებული კარი

იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც მათ სახლის შეძენა გადააწყვეტინა (თურმე ხე სპეციალური სითხის გადასხმის შემდეგ, ჭრელდება და ერთგვარ დაჟანგულ ეფექტს იძენს).



ქაშიბაძეებს ბინის ინტერიერში დიდი ცვლილებები არ შეუტანიათ, მათ მხოლოდ განათების დამონტაჟება, კედლებზე ნახატების დაკიდება და ავეჯისა და სხვა ნივთების დაწყობაღა დასჭირდათ.

სადა, არამკვეთრი თეთრი ფერის კედლებზე გუგა ქაშიბაძისა და მამამისის ნახატებია გამოფენილი. ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია ექიმის ეს გატაცება. პაციენტებზე ზრუნვისა და სამედიცინო საქმიანობის პარალელურად გუგა ხატავს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ ჰობია და არა პრეტენზია პროფესიონალ მხატვრობაზე. ისევე, როგორც ნებისმიერ საქმეს, ხატვასაც რეგულარული მუშაობა და მუდმივი ხელის ვარჯიში სჭირდება, რასაც ის თავის პროფესიიდან გამომდინარე ვერ ახერხებს, თუმცა, თავისუფალ დროს ხატვა მისთვის ერთგვარი განტვირთვაა. გამოფენებშიც მიუღია მონაწილეობა და მისი ნამუშევარი გაყიდულა კიდეც. გუგას ასევე შექმნილი აქვს ლითონის ფიგურები და თოჯინები, რომლებიც უკვე კერძო კოლექციებშია და თავად მხოლოდ ფოტოებზე შემორჩენია.

მისაღებ ოთახში მაგიდაზე ფუნჯები და აკრილის საღებავები უწყვია, მორიგი ნახატი მალე მიიღებს დასრულებულ სახეს. ხოლო უკვე ჩარჩოებში ჩასმულ ნამუშევრებზე დაკვირვებული თვალი აღმოაჩენს, რომ ნახატებზე ქალბატონები იშვიათადაა, ძირითადად მამაკაცთა პორტრეტებია, რომელთა სახის ნაკვთების გამოყვანას გუგა ყველაზე დიდ დროს უთმობს. პერსონაჟები აბსტრაქტულია, ავტორის მიერ გამოგონილი ქვეყნის მკვიდრნი. აქვე გეტყვით, რომ გუგას მამაც მოყვარული მხატვარია და ზაფხულში მამა-შვილი ქაშიბაძეების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა თბილისში ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართება.



დერეფანშივე შევამჩნიე ნინო ჩაკვეტაძის ორ ნახატი და მათი ისტორიით დავინტერესდი.

"ნინოს ერთი ნამუშევარი ჩემს მეუღლეს შარშან ვაჩუქე, ჩვენი შეუღლების 13 წლისთავთან დაკავშირებით, ხოლო მეორე - წელს, როცა თანაცხოვრების 14 წელი შეგვისრულდა. ნამუშევარს ჰქვია "ერთად" და ნინომ ის სპეციალურად ჩვენთვის დახატა. მეორე ნახატი მიზანმიმართულად შევარჩიე იმ აქციის დროს, როდესაც გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა ბარისახოს სკოლის მშენებლობისთვის გროვდებოდა. სკოლასაც დავეხმარეთ და ულამაზესი ნახატის მფლობელებიც გავხდით".

მასპინძელს ძველი ნივთებისადმი გამორჩეულად ემოციური დამოკიდებულება აქვს. მიიჩნევს, რომ თითოეული ინდივიდუალური ისტორიის მატარებელია, სწორედ ამიტომაა ისინი ძვირფასი და ამაში არ იგულისხმება ნივთის ღირებულება. ასეთია მისაღებ ოთახში მოთავსებული ორი ძველი "ბუფეტი", ჭრელი ფარდაგები, ლამპები, ნახშირის ბუხარი; სამზარეულოს მაგიდაზე - წინაპრების ნაქონი ჩაის ჭიქები; ჰოლში კარადასთან - მშრალ ხიდზე შეძენილი ხის ჩემოდანი, რომელსაც ძირზე ლონდონისა და პარიზის საბაჟოს გავლის ბეჭდები არტყია; ჩიბუხების კოლექცია, რომელთაგან ყველაზე სადა, მწყემსის ხელით გამოთლილია, და პაციენტი ქალბატონის ნაჩუქარი დურბინდი.



მისაღები ოთახი ორ სივრცედ იყოფა, ერთგან ჟურნალების მაგიდაა რუხ მასიურ სამეულთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილში მაღალი მაგიდა დგას, ექვსი სკამით, რომელთა საზურგეები კედელზე გაკრული ფარდაგის ფერშია გადაწყვეტილი. ამავე ოთახში ორი სხვადასხვა დიზაინის, მუქი და ღია ფერის "ბუფეტია". ეს ავეჯი გუგას დედ-მამისგან მემკვიდრეობით ერგო. არ იცის, როდის და სად შეიძინეს, მაგრამ კარგად ახსოვს მათი თითოეული ატკეჩილი კუთხე თუ ჭიის ნასვრეტი.

ერთ-ერთზე გუგას ბაბუის, გრიგოლ იაშვილის 1929 წელს ჩოხაში გადაღებული ფოტო დევს, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა შვილიშვილმა სკოლის მეგობრის "ფეისბუქზე". გუგა მაშინვე დაინტერესდა და მეგობარს ფოტოს ახლოდან ნახვა სთხოვა. აღმოჩნდა, რომ მართლაც ბაბუამისი იყო ასახული და ბუნებრივია, ახლა ეს ფოტო-რელიკვია უკვე გრიგოლ იაშვილის შთამომავალთან ინახება.

გუგა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის წევრია, რომლის ხელმძღვანელიც გოგი დოლიძე გახლავთ. "ჩოხოსანი" ბოლო ხანს გახდა, თუმცა, სანამ აღნიშნულ დასში გაწევრდებოდა, მანამდეც ატარებდა ამ სამოსს. ამბობს, რომ ჩოხის მორგების პირველივე წამიდან პიროვნება იცვლება, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. "...როგორ შეიძლება ტანსაცმელი ადამიანს ცვლიდეს, ჰო?! მაგრამ რაც უნდა საოცარი იყოს, ჩოხა არის სამოსი, რომელსაც ეს თვისება აქვს. როცა მას იცვამ, უფრო მეტად ლმობიერი, გულკეთილი, ვაჟკაცური, გალანტური ხდები, მანერებიც იცვლება. ჩოხა ის ტანსაცმელია, რომელიც თავის უნივერსალური ფორმებით ყველას უხდება: ბავშვს, ქალს, კაცს, ახალგაზრდას, მოხუცს. ბევრს ჰგონია, რომ ჩოხაში შებოჭილი ხარ, ამ დროს პირიქით, თავს თავისუფლად გრძნობ. ამ სამოსით ხომ ცხენით ჯირითობდნენ, შრომობდნენ, ომში მიდიოდნენ. საოცარია, ამიტომაც გაუძლო დროს"...



გუგა:

- ძალიან მიყვარს თბილისი და მისი ბევრი უბანი, მაგრამ მთაწმინდა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ამ უბანს ბავშვობიდან ვარ მიჯაჭვული. აქ დავამთავრე სკოლა, მყავს მეგობრები და ჩემთვის ყველა სახლსა და ფანჯარას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, 5 წლამდე ნიაღვრის ქუჩაზე ვიზრდებოდი, შემდეგ ჭონქაძეზე ვცხოვრობდი და ახლა დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე გადმოვედი. ამაზე ჩემი მეგობრები ხუმრობენ, ნელ-ნელა პანთეონს უახლოვდებიო (იღიმის).

სახლი, სადაც ჩვენი ბინაა, დიდი ხნის აშენებული არ არის. ამ გზაზე ბავშვობაში ბევრი მივლია და ხშირად მისრიალია ციგით ზამთარში. ებრაელებს აქვთ ძალიან კარგი გამონათქვამი, როცა სახლს იძენ, სამი რამაა მთავარი: პირველი - ადგილი, მეორე - ადგილი და მესამე ადგილიო. ჩემთვისაც ასეა. მე და ჩემს მეუღლეს აქ ბინის ყიდვის გადაწყვეტილება, სწორედ ადგილმა მიგვაღებინა. თან, ჩვენი გემოვნება ძირითად შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა. შეიძლება, ბევრ რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ კედლის ფერის არჩევაა თუ ავეჯისა და სხვა ნივთების განლაგება, ეს ის თემაა, რომელზეც ძალიან ადვილად ვთანხმდებით.

ყოველთვის ძნელია შეჩვეული სახლიდან ახალში გადასვლა. დღემდე მესიზმრება ჩემი ბავშვობის დროინდელი სახლი, თუმცა, როგორც კი მე და ჩემი მეუღლე ამ ბინის დასათვალიერებლად მოვედით, ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, თითქოს მის კედლებთან გარკვეული მოგონებები გვაკავშირებდა. საერთოდ, ძალიან მიჭირს ხოლმე ახალ გარემოსთან შეგუება, მაგრამ აქაურობას ადვილად შევეჩვიე.



ჩვენთვის ასევე მთავარია, ბინა არ იყოს "ცივი", არ ჰგავდეს ოფისს და იყოს ნათელი. რაც მეტი სინათლეა, მით უკეთესი. შინ უნდა გქონდეს სიმყუდროვის, სითბოს განცდა და ჩემი აზრით, ინტერიერში ხე, აგური, ქვა, ყოველთვის გიჩენს ამგვარ ასოციაციას. ვფიქრობ, ბუნებრივი მასალები გარკვეული დადებითი ენერგეტიკის მატარებელია, რომელიც სითბოს იზიდავს და თან გასცემს კიდეც. წინა ბინაში გვქონდა ერთი აგურის სვეტი, რომელიც დედაბოძივით იყო გამოჭიმული შუა სივრცეში. სტუმრებს ვეუბნებოდი, ქვედა სართულზე მეზობელმა ბუხარი გააკეთა, აქ საბუხრე ამოდის და ზამთარში თბება-მეთქი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არ იყო (იღიმის).

ძალიან მიყვარს შინ ყოფნა. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის დავბრუნდები, რადგან ყველაზე კარგ დროს აქ ვატარებ. როგორც კი სახლში ღუზას ჩავუშვებ, იმწუთიდან თავს კომფორტულად ვგრძნობ.

შინ არ მაქვს ამოჩემებული საყვარელი ადგილი. ოთახში ტელევიზორთან დიდ დროს ვატარებ, მაგრამ ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა არ შემიძლია. სკოლაშიც მიჭირდა მერხთან გაჩერება, მეცადინეობა, კითხვა და სულ დავდიოდი. ასევე ვარ ხატვისას. ფაქტობრივად, მაგიდის გარშემო დავრბივარ და ნახატსაც წრეზე ვატრიალებ. ოპერაციასაც რომ ვაკეთებ, ხშირად პაციენტის გარშემო ვმოძრაობ და ისე ვმუშაობ.



რაც შეეხება ნივთებს და ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ, ჩემი აზრით, თითოეულს ისტორიის "მოყოლა" უნდა შეეძლოს, ახლებს იშვიათად აქვთ ეს თვისება. აქედან გამომდინარე, ბევრი ნივთი თუ ავეჯი, ჩვენთან ერთად "მოგზაურობს". ასეთი რამდენიმეა, მაგალითად: "ბუფეტები", სანათი, ნახშირის ბუხარი... წლების წინ, ჰოლანდიაში დამწვრობის ცენტრში სამუშაო პრაქტიკაზე ყოფნამ მომიწია. კლინიკის გვერდით სახლში, შაბათ-კვირას ავეჯი იყიდებოდა. როცა ნახშირის ბუხარი დავინახე, ისეთი ისტორია "მომიყვა", რომ მაშინვე მივხვდი, აუცილებლად უნდა წამომეღო. გამიჭირდა, მაგრამ ჩამოვიტანე და მას შემდეგ სულ ჩვენთანაა. ისევე, როგორც მამას წინაპრების ნაქონი ჩაის ჭიქები. მიუხედავად იმისა, რომ ჩაის დიდი მოყვარული არ ვარ, უფრო მეტად წყალსა და რძეს ვსვამ ამ ჭიქით. წყალი ნომერ პირველია ჩემთვის. ერთხელ, ზაფხულში, მთაში ყოფნისას წყალი გაგვითავდა, წყარო არსად ჩანდა. სხვა გზა არ იყო, მთაზე შემორჩენილი გაშავებული თოვლი უნდა გაგვედნო, გადაგვედუღებინა და ისე დაგველია. ასეც მოვიქეცით, მაგრამ გადადუღებულ თოვლს საშინელი თევზის გემო ჰქონდა. თბილისში რომ დავბრუნდი, მას შემდეგ ყოველი წყლის ყლუპზე ის ამბავი მახსენდება და ვხვდები, როგორი ბედნიერებაა სუფთა წყლის დალევა (იღიმის).



მიყვარს ბუნებაში გასვლა. სახლისთვის ასეთი მოგზაურობებიდან თითქმის არაფერი მომაქვს. ძირითადად კენჭებს ვაგროვებ, წლებია ეს უკვე ჩვევად მაქვს. უწინ მეუღლისთვის ყვავილები ჩამომქონდა, მაგრამ ამ ბოლო დროს დასაკრეფად მეცოდება. ფოტოებს ვუღებ და ასე "მომაქვს ყვავილები" წარწერით: "თაკო, ეს შენია!.."

ანა კალანდაძე

კომენტარები

ინგაწ 2017-08-05 00:24
ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ოჯახები
Nineli 2017-06-23 16:34
თავისი საქმის პროფესიონალი და უსაყვარლესი პიროვნება
nino 2017-06-22 12:02
mixaria aseTi eqimi rom gvyavs, meimedeba. kargi bina gaqvt, mshvidobashi da sixarulshi moixmaret. rogorc eqimis statia maqvs cakitxuli da adamianic kargi kofila.
ლიკა 2017-06-22 10:51
ვამაყობ ამ უნიჭიერესი ადამიანით და მიხარია რომ ის არის ქართველი...❤

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები