როგორ ნადირობდნენ ძველად სვანები და რას ჰყვებიან დღეს გამოცდილი მონადირეები

ნადირობა ერთ-ერთია იმ ტრადიციულ საქმიანობათაგან, რომლებსაც სვანეთში დღესაც მისდევენ. ჯიხვის ხორცის კუბდარიც იქ კვლავ დელიკატესი და განსაკუთრებული სტუმრისთვის გამორჩეული პატივია. ალაგ-ალაგ, სოფლებსა თუ რაიონში შეხვდებით ძველ, გამოცდილ მონადირეებს და მათ ახალგაზრდა მიმდევრებს, რომლებიც თავისუფალ დროს კვლავაც მიაშურებენ მთებს და საკმაოდ რთულ გზებსა და უღელტეხილებზე, რისკის ფასად, კლდის თავისუფალ ბინადრებს, თავად სვანებივით უდრეკ ჯიხვებს უსაფრდებიან.

ნადირობა ერთ-ერთი პირველია, რაც საერთოდ ადამიანმა ისწავლა და რითაც თავს და ოჯახს არჩენდა. თავად ნადირობაში არაფერია უნიკალური

და განსაკუთრებული. თუმცა, სვანეთში ნადირობა იმთავითვე ზეაღმატებულ საქმიანობად მიიჩნეოდა და მასთან გამუდმებით იყო დაკავშირებული ათასგვარი მითი თუ ლეგენდა. სვანი მონადირეები ნადირობამდე გარკვეულ რიტუალებს ატარებდნენ - მარხულობდნენ, განიწმინდებოდნენ და სრულიად გასუფთავებულები მიეშურებოდნენ მთებში. იქ მათ ჯიხვების გარდა ნადირობის ქალღმერთი და ველური ცხოველების მფარველი, უმშვენიერესი დალი ელოდათ, რომელთან შეხვედრაც მონადირისთვის დაუვიწყარი მოვლენა იყო. ბევრი მონადირე დღესაც ამბობს, რომ დალი მართლა უნახავს, ოღონდ დეტალებს არავისთან ჰყვება. ხოლო დალისა და ბეთქილის ამბავი, რომელიც ამ ქალღმერთის სიყვარულმა შეიწირა, ყველამ იცის. ხალხური თქმულებების თანახმად, დალი გარეგნობით მზეთუნახავს წააგავს. მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმა. დალი მაქციაა, მას შეუძლია, ცხოველის (განსაკუთრებით - ჯიხვის) ან ფრინველის სახით გამოეცხადოს ადამიანს. თავის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ნადირობაში ეხმარება მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. სხვათა შორის, დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.



სვანი მონადირეები ხალხში ოდითგანვე დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. ეს საოცრად მამაცი, გამძლეობითა და რისკის სიყვარულით გამორჩეული ადამიანები ძველი დროიდანვე საუკეთესო და სანდო მეგზურებად ითვლებიან. ცნობილ მთამსვლელებთან ერთად არაერთი დიდი მწვერვალი დაულაშქრავთ და მხოლოდ მონადირეები კი არა, მთამსვლელებიც იყვნენ. ასეთი იყო, მაგალითად, გოჯი ზურებიანი, რომელიც ცნობილ მთამსვლელებს, ჯაფარიძეებს დაჰყვებოდა ხოლმე მთებში. ალბათ ამიტომაა, რომ განთქმულ მონადირეებს მთელი სვანეთი იცნობს და მათ მიერ მონათხრობ ამბებსაც ყველა სიამოვნებით ისმენს.

სოფელ ჟაბეშში გამოცდილ და ძველ მონადირეს, ამბრი კახიანს მივაკვლიეთ, რომელიც თითქმის 40 წელი ემსახურა საყვარელ საქმეს და დაწვრილებით მოვაყოლეთ, ასეთი რა ეშხი აქვს ნადირობას და რატომ მიიწევენ სვანი მამაკაცები მთებისკენ.

- თუ გახსოვთ, როდიდან დაიწყეთ ნადირობა?
- როგორ არ მახსოვს... 16 თუ 17 წლის ვიყავი. ცნობილ მთამსვლელ და მონადირესთან, გოჯი ზურებიანთან ერთად დავიწყე ეს საქმე. მან მასწავლა ნადირობის ანაბანა და მასთან მივიღე მთავარი გამოცდილება.

- ნადირობა გაინტერესებდათ თუ რისკი გიზიდავდათ?
- ძალიან მაინტერესებდა, ერთი კვირა ვერ ვძლებდი ნადირობის გარეშე. მოსული არ ვიყავი სახლში, რომ უკან დაბრუნებაზე ვფიქრობდი. მუზა მოდიოდა და ისევ მიხმობდა მთაში, სანადიროდ. ყველაფერს ვტოვებდი, სამუშაოს, სახლს და მივდიოდი.



- რა გაინტერესებდათ - რას მოინადირებდით თუ თვითონ ნადირობის პროცესი?
- მე პროცესი უფრო მაინტერესებდა, თორემ ხორცის დიდი მჭამელი არ ვარ. მთლიანად ეს პროცესია მომნუსხველი - ნადირობის, დევნის, თვალთვალის, მიზანში ამოღების... უფრო ჯიხვებზე ვნადირობდით. ყაბარდო-ბალყარეთში გადავდიოდით. ყველაზე რთული წანერის უღელტეხილია, იქ ვარ გადასული 11-12-ჯერ. ჩემთან ერთად დადიოდნენ ბორის ზურებიანი, ძალიან ძლიერი და ფიზიკურად კარგად მომზადებული მონადირე, გოგია ნავერიანი, ავღან ნავერიანი, ჭიჭიკო კახიანი, სხვები და სხვები.

- მომიყევით პირველი ნანადირევის შესახებ...
- პირველად, გოჯი ზურებიანთან ერთად, ჯიხვი მოვკალი. წანერის უღელტეხილზე ვიყავით, დღისით. მზე ჩადიოდა, ჯიხვი დავინახეთ, ხუთი ან ექვსი. ერთს რქა ჰქონდა მოტეხილი. იარაღი მოხვდა ალბათ და რქა თვალთან ჰქონდა ჩამოწეული. ის ჯიხვი მოვკალი პირველად... საოცარი განცდა იყო. მერე მივეჩვიე... პირველად შემეცოდა, მაგრამ თან ძალიან გამიხარდა. გავატყავეთ და სახლში ჩამოვიტანეთ. რქა გოჯი მივეცი, როგორც უფროს კაცს და ჩემს მასწავლებელს (ესეც წესია - მონადირეები ერთად რომ მიდიან სანადიროდ, ნანადირევს იყოფენ. თუ მეორემ ნადირის მოკვლაში არ მიიღო მონაწილეობა, მას მაინც ხვდება წილი - ხორცის, ტყავისა და რქების სახით), ლიტრი ღვინო მაინც ჩადიოდა... სანამ ტურისტები დადიოდნენ, უფრო მეტი იყო ჯიხვი, ახლა ისე აღარაა. ყაბარდო-ბალყარეთშია ბევრი. ადრე იქ რომ დაფრთხებოდნენ ხოლმე და აქეთკენ გადმოდიოდნენ, ჩვენ ვხვდებოდით. თეთნულდზეც იყვნენ მაშინ ჯიხვები. იქ მოვკალით მე და გურამ ჩეგიანმა უზარმაზარი ჯიხვი, დაახლოებით 80-კილოიანი, ცხენს ავკიდეთ და ისე ჩამოვიტანეთ.

- დაახლოებით იცოდით ხოლმე, სად იქნებოდნენ ჯიხვები თუ როგორ პოულობდით?
- საკუთარი სახლივით ვიცი, ვგრძნობ, როდის სად იქნებიან... მაგრამ ახლა ვეღარ ვნადირობ, თვალი და მუხლი აღარ მერჩის. მაშინ ამდენი არ ვიცოდი. ახლა კი ზუსტად ვიცი, სად არიან შემოდგომაზე, გაზაფხულზე ტუბერში, წანერში, თეთნულდზე...

- ადრე ასეთი ტრადიცია ჰქონდათ სვან მონადირეებს, სანადიროდ წასვლამდე მარხულობდნენ, იწმინდებოდნენ, სუფთავდებოდნენ...
- სუფთა უნდა წასულიყავი აუცილებლად, მარხვას ჩვენ ნაკლებად ვიცავდით...



- ეს წესები იმიტომ იყო, რომ დალის არ შეხვედროდით სადმე, ხომ?
- კი, ასეთი თქმულებაა, რომ მონადირეებს დალი ხვდება და მასთან შესახვედრად მზად უნდა იყო.

- გინახავთ როდისმე?
- არა, ტყუილს ვერ გეტყვით... თუმცა, სხვებს უნახავთ.

- რას ამბობენ, როგორიაო?
- მაგაზე ლაპარაკი ბევრს არ უყვარს... ლამაზიაო... ხან ვნებს ადამიანს, ხან - არა, გააჩნია, როგორ თვალზე შეხედავს.

- დევებზეც ჰყვებიან ხოლმე, თითქოს ნახულობენ მთებში - თუ ეს წარმოსახვაა?
- მე არ მჯერა... თუმცა ერთ ამბავს გიამბობთ, რომელიც მართლა გადახდა ზემოთ ნახსენებ ცნობილ მონადირეს - გოჯის. სანადიროდ რომ იყო წასული, ღამეს გამოქვაბულში ათევდა. ერთი ჩვენებური კაცი შესულა უცებ გამოქვაბულში, უიარაღოდ. გოჯი გაოცებულა და უკითხავს, იარაღი რატომ არ გაქვსო? - რად მინდაო იარაღი? - აბა, ასე რას დაბოდიალობო?

სწყენია იმ კაცს და დაუწყიათ ჭიდაობა. გამოვიდნენ გამოქვაბულიდან, იქვე გადასავარდნი ადგილი ყოფილა... იჭიდავეს და გადავარდნილა ის კაცი კლდიდან. დაღონდა გოჯი, იფიქრა, კაცი შემომაკვდაო და სანადიროდ აღარ წავიდა, დილასვე დაბრუნდა სოფელში... რას ხედავს, ის კაცი, ვისაც ეჭიდავებოდა, თავის ძმებთან ერთად სათიბად მიდის. გამარჯობა არ უთქვამს გოჯის, გაოცებულა... მერე მიხვდა, რომ იმ კაცის სახით ავი სული გამოეცხადა და სწორედ ის ავი სული გადაუშვა კლდიდან.

- დათვი თუ მოგიკლავთ?
- მინადირია დათვზე, მაგრამ გამექცა.

- დღეს თუ ნადირობენ ბიჭები და როგორი მონადირეები არიან, თქვენი გადმოსახედიდან?
- კი, ნადირობენ და კარგი ბიჭები არიან. ერთი ვეფხვია ზურებიანია, კარგი მონადირე. ჩემი შვილიშვილიც აგრძელებს ამ გზას...

- კარგი ნადირობა რას ნიშნავს?
- კარგი ნადირობაა, სწორად რომ დაედევნები, არ დააფრთხობ. შეიძლება, სამ კილომეტრზე გადევნინოს. კარგი მონადირე არ ააცილებს და ბევრჯერ სროლაც არ მოუწევს.

- რა სჭირდება კარგ მონადირეს?
- კარგი თავი, კარგი გული, კარგი მუხლი და კარგი თვალები - ეს არის აუცილებელი.

- მარტოს თუ გინადირიათ?
- კი, როგორ არა.

- ყველაზე დიდხანს რამდენ ხანს ყოფილხართ სანადიროდ?
- რვა დღე ვიყავით, სამნი. დავდიოდით, ვდარაჯობდით. მხოლოდ მეშვიდე დღეს შეგვხვდა. მანამდე ვაკვირდებოდით, დავეძებდით. ღამე გამოქვაბულებში გვეძინა. ვერტმფრენმა გადმოიფრინა მწვერვალზე და ეტყობა, იმან დააფრთხო ჯიხვი. გადმოხტა კლდიდან და, რა თქმა უნდა, დავინახეთ. გამოქვაბულში შევიდა. გზა ავუქციეთ და სხვადასხვა ადგილას ჩავუსაფრდით. დანარჩენები გამოქვაბულისკენ გაიქცნენ, ჯიხვი ჩემკენ გადმოხტა, ვესროლე, კლდეზე გადავარდა. იქ ადვილად ვერ ჩავიდოდით, სულ სრიალ-სრიალით დავეშვით კლდის ძირისკენ და ვიპოვეთ. ერთი რქა არ ჰქონდა, ეტყობა, კლდეზე გადავარდნის დროს მოსტყდომოდა...

- განსაკუთრებული შემთხვევები გქონიათ?
- ორჯერ ჩავვარდი კლდის ნაპრალში, თოკებით ამომიყვანეს, პრაქტიკულად, გარდაუვალ სიკვდილს გადავურჩი. ბურუსი იყო, ვერაფერს ვხედავდით. წინ მივდიოდი და არაფერი ჩანდა... ჩემმა მეგზურებმა ამომიყვანეს.

- როგორც ვიცი, მთამსვლელობაც უნდა იცოდეს კარგმა მონადირემ...
- მთამსვლელები ჩვენთან სად მოვლენ, ჩვენ არც დაცვა გვაქვს ისეთი, სალ კლდეებზე დავდივართ ყოველგვარი დაზღვევის გარეშე. მათ კი ყველაფერი აქვთ. ჩვენ თოკებით დავდიოდით ხოლმე ურთულეს უღელტეხილებზე, თოკების გარეშე არ შეიძლება. უღელტეხილზე ისეთი ქარბუქი იცის, შეიძლება, ერთი კლდიდან მეორეზე გადაგისროლოს. გამუდმებით უბერავს ქარი და საშინელი სასიარულოა.



- ალბათ ყოფილა მომენტები, რომ ვერაფერი მოგიკლავთ და ნანადირევის გარეშე ჩამოსულხართ...
- უჰ, როგორ არა. საშინელი განცდაა, მოდიხარ და თავს აგინებ. მაგრამ დღე არ გავა და გული ისევ მთისკენ მიგიწევს.

- ჯიხვებზე ნადირობა ხომ აკრძალულია?
- ადრეც აკრძალული იყო, კომუნისტების დროს. მაშინ თოფებს გამოქვაბულებში ვინახავდით და ისე მივდიოდით ხოლმე სანადიროდ. არ ვამხელდით. ღამე გავდიოდით და შინაც ღამე ვბრუნდებოდით.

- ფიტულებს აკეთებდით?
- ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნანადირევის ფიტული მესტიის მუზეუმში ინახება. სახლშიც მაქვს, ოღონდ პატარა ჯიხვის ფიტული.

- ცნობილი სტიქიის დროს რომ გაიქცნენ ზოოპარკიდან ცხოველები, გაიგებდით. როგორ ფიქრობთ, თქვენნაირი მონადირე რომ ყოფილიყო იქ, ადვილად იპოვიდა იმ ვეფხვს?
- მგონი, მეც ვიპოვიდი. მონადირეები არ არიან თბილისში, თორემ არ გაუჭირდებოდათ.

- შვილებს და შვილიშვილებს თუ უყვებით ხოლმე ნადირობის ამბებს?
- შვილები და შვილიშვილები სანადიროდაც დამყავდა.

- ფრინველზე თუ გინადირიათ - მწყერზე, მაგალითად?
- აპაპაპა... მწყერზე და იხვზე ნადირობას თავს არ ვაკადრებდი. ხვნა-თესვის დროს უამრავი ფრინველი იყო, მაგრამ მათი მოკვლის სურვილი არც გამჩენია.



- ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ ალბათ, სანადიროდ რომ დადიოდით?
- ო, ძალიან. მამაჩემი არც კი წვებოდა დასაძინებლად, გაუხდელად ათენებდა ღამეებს, სანამ არ ჩამოვიდოდი. ცოლი უფრო მიჩვეული იყო ან არ იმჩნევდა.

- ჯიხვის და დათვის გარდა რა მოგინადირებიათ?
- კურდღელსა და მელიაზე არ დავდიოდი. არჩვი მომინადირებია. არჩვი უფრო დაბლაა და პატარა რქები აქვს.

- გენატრებათ ნადირობა?
- უჰ, ძალიან! თითქმის ყოველ ღამე მესიზმრება, რომ ვნადირობ, ჯიხვებს დავდევ. მინდა წასვლა, მაგრამ აღარ შემიძლია.

- ახალგაზრდა მონადირეებს რას ურჩევთ?
- ნელა იარონ, არ აჩქარდნენ და რაც მთავარია, ბევრი არ მოკლან. ერთი ან ორი შეიძლება მხოლოდ, ცოდოა ჯიხვი. არც დედა ჯიხვი უნდა მოკლან...

- მერე, ითვალისწინებენ? ან ნადირობით ჯიხვებს გადაშენების საფრთხე არ ემუქრებათ?
- არა, კარგი მონადირე ბევრს არ კლავს და დედა ჯიხვსაც არასოდეს ესვრის. მით უმეტეს, გაზაფხულზე, როცა მაკეობის პერიოდი აქვთ - მაისის ბოლოს მშობიარობენ ხოლმე ჯიხვები. აბა, რამდენსაც დაინახავ, ყველა კი არ უნდა მოკლა. ახლა ალბათ აღარც მოვკლავდი. უბრალოდ, თავად ნადირობის პროცესია დიდ თავგადასავალთან დაკავშირებული, გიზიდავს და გნუსხავს, ძნელია ამაზე უარის თქმა.

საინტერესოა, როგორი იყო მონადირის ცხოვრება მეორე მხრიდან - ცოლის გადმოსახედიდან. ამაზე კიდევ ერთი ცნობილი მონადირის, რაჟდენ (ბუღვია) ქურდიანის მეუღლე ნაზი ქალდანი გვიამბობს:

- სვანი მონადირეები ყოველთვის გამორჩეული მამაკაცები იყვნენ - ერთგული ვაჟკაცები. ნადირობის დროს გამოიცდებოდა, მამაკაცი როგორი ვაჟკაცი იყო. სანადიროდ წაიყვანდნენ და რომ ჩამოვიდოდნენ, იტყოდნენ, ეს კარგი ვაჟკაცია, ეს არ გამოდგებაო. ჩემი ქმრის მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მონადირეებმა კარგი მეგობრობა იციან, მონადირეზე ერთგული და სანდო ადამიანი ძნელად მოიძებნება. უერთგულებენ ერთმანეთსაც და უცხოსაც. ჩემი ქმარი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა, მაგრამ სანადიროდ მაინც დადიოდა. მერე მიყვებოდა, როცა გამოქვაბულში რჩებოდნენ ხოლმე, დანარჩენები შუაში იწვენდნენ თავისი საძილე ტომრით, რომ არ შესცივებოდა.

ერთხელ მახსოვს, თბილისიდან რაღაც დავალებით იყო ჩამოსული რამდენიმე მამაკაცი და უღელტეხილზე გზა აებნათ, თოვლში მოყვნენ, დაიკარგნენ. ჩემმა ქმარმა და მისმა მეგობრებმა იპოვეს და წამოიყვანეს. გზად ერთი ძალიან შეშინდა და გაჯიუტდა - დაიღალა იმ ქარიან, თოვლიან გზებზე საირულით და სასოწარკვეთილმა უთხრა, აქ დამტოვეთ, მირჩევნია, მოვკვდეო. ბუღვია რომ მიხვდა, არაფერი გამოდიოდა, ქეჩოში მოჰკიდა ხელი და უყვირა, ახლავე ადექი და წამოდიო! ჩაიბეს თოკებით და წამოიყვანეს. უღელტეხილზე ნამქერს კოშკებისოდენა გორები დაეყენებინა. იქ გადასვლა შეუძლებელი იყო, უნდა გადამხტარიყვნენ ქვემოთ თოვლში, საკმაოდ მაღალი მანძილიდან. ეს კაცი აქაც გასძალიანებიათ, მე ვერ წამოვალო. რა უნდა ექნათ? ხელი ჰკრეს და ძალით გადააგდეს. მესტიამდე რომ ჩამოიყვანეს, ხელებს უკოცნიდა მონადირეებს გადარჩენისთვის...

თოვლსა და ყინულზე სასიარულოდ მონადირეები საგანგებო აღჭურვილობას - თხილამურს და წრიაპს იყენებდნენ. თხილამურები ადრე თხილის ტოტებისგან მზადდებოდა, წრიაპები ლითონისაგან.

ადვილი არ იყო, რასაკვირველია, მონადირის ცოლობა. სულ ველოდი, როდის გამოჩნდებოდა, როგორი ჩამოვიდოდა - ეს ხომ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ღამე ხორცს რომ მოიტანდა, დილის 9 საათზე უკვე კუბდრები უნდა მქონოდა დაცხობილი - სტუმარი სტუმარზე მოდიოდა.

წესებს ყველანაირად იცავდა. წასვლამდე თვითონაც განიწმინდებოდა და ჩვენ, ქალებსაც გვეკითხებოდა, ვიყავით თუ არა წმინდად (ანუ ოჯახში ციკლიც არავის უნდა ჰქონოდა, ისე მიდიოდნენ მონადირეები სანადიროდ).

ყველაფერს იცავდა ნადირობის დროსაც. მაგალითად, არასდროს კლავდნენ გამორჩეული ფერის, რაიმე ნიშნის მქონე ჯიხვს - ეს ღვთისააო. არც ახალგაზრდას კლავდნენ, თუ დაინახავდნენ, რომ იქვე ბებერი ჯიხვი იყო, რომელიც ძლივს მოდიოდა, მისი მოკვლა ერჩივნათ. ციკანსაც მხოლოდ მაშინ კლავდნენ, თუ სხვას ვერაფერს მოინადირებდნენ. ბევრი მეგობარი შესძინა ნადირობამ ჩემს ქმარს, თანაც - ნამდვილი მეგობრები, უღალატო და სანდო.

მონადირეები სახლში...



ნადირობისგან თავისუფალ დროს სვანი მონადირე ჩვეულებრივად ცხოვრობს, ისე, როგორც ყველა. ზაფხულობით ძირითადად სათიბშია - სვანები ამ დროს თითქმის სულ თიბვასა და თივის შეგროვებაში არიან, ზამთრისთვის ემზადებიან. შემოდგომაზე მოსავლის აღების დროა - უმთავრესად, კარტოფილის, ხილიდან - ვაშლი, მსხალი მოდის ყველაზე უკეთ, ზემო სვანეთში ყველა ხილი არც ხარობს და ვერც ასწრებს დამწიფებას. ზამთრის ცივ და თოვლიან ღამეებში კი დღის საქმეებისგან დაღლილი სვანები თავიანთ სახლებში ღუმელს გაახურებენ, ახალმოწველილ რძეს აადუღებენ, სვანურ კუბდარს ან მერწვს, ან კიდევ რამე სხვა ტრადიციულ კერძს მოამზადებენ, სუფრას სვანური სულგუნითა და სვანური არყით - რახით დაამშვენებენ, ჯგრაგის (წმინდა გიორგის) ადღეგრძელებენ და ღმერთს მადლობას ეტყვიან იმისთვის, რაც აქვთ. რასაკვირველია, არ ავიწყდებათ წმინდანები, მიცვალებულები, რომლებსაც სვანეთში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, არ ავიწყდებათ ოჯახის უფროსი - მახვში, რომლის სიტყვასაც დიდი წონა აქვს და არც პატარები, რომლებზეც დიდ მომავალს ამყარებენ.

ქალები ამ დროს თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულები - ძროხას წველიან, სახლს უვლიან, ბავშვებს ზრდიან. ზოგიერთ სოფელში ძველ საქმიანობასაც მისდევენ და სვანურ ქუდებს აკეთებენ. სვანური ქუდი ნაბდისგან მზადდება. ის ერთნაირად იცავს სიცხეშიც და სიცივეშიც. როგორც წესი, რუხია. შავ ქუდს მხოლოდ მგლოვიარეები ატარებენ. ქუდი სადაა და მასზე აბრეშუმის სირმით და ბამბის ზონრით ჯვარია გამოსახული. ამიტომაცაა, რომ სვანური ქუდით ეკლესიაში შესვლაც შეუძლია მამაკაცს.

სვანური სახლების უმეტესობა დღესაც ისეთია, როგორიც ადრე - ქვით ნაგები. ბევრს კოშკიც აქვს მიდგმული გვერდით - ამაყი და ლამაზი. კოშკებს სვანები რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნენ და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. არც ისე დიდი ხნის წინ, კულტურული მემკიდრეობის დაცვის, ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების თანახმად, სვანურ ქუდს, საკრავსა და სამზარეულოს - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ სვანეთში საპონს ამზადებდნენ. სახლის პირობებში მომზადებული საპონი არაჩვეულებრივი სარეცხი და დასაბანი საშუალება იყო. მის დასამზადებლად საჭირო იყო მხოლოდ ნაცარი და ღორის ან საქონლის ქონი. თავდაპირველად აგროვებდნენ დიდი რაოდენობით წიფლის ხის ნამწვისაგან მიღებულ ნაცარს, რადგანაც იგი მოთეთრო ფერისაა, შემდეგ მოათავსებდნენ გოდორში ან ნახვრეტებიან ჭურჭელში, შუაში ამოაღრმავებდნენ და შიგ პერიოდულად თბილ წყალს ასხამდნენ, ნაცარი წყლით იჟღინთებოდა და ჩამონაწური წყალი ქვეშ მდგარ ჭურჭელში გროვდებოდა, რომელსაც თან წვრილი ნაცრის ნალექი მოჰყვებოდა. ამ ნაცრიან წყალს „ჰერამი~ ჰქვია, მას მათეთრებლადაც იყენებდნენ. შემდეგ „ჰერამს“ ქვაბში ასხამდნენ და ცეცხლზე შემოდგამდნენ, დიდხანს ადუღებდნენ, სანამ არ განახევრდებოდა და სქელი მასა დარჩებოდა, ამის შემდეგ უმატებდნენ საქონლის ან ღორის ქონის გარკვეულ დოზას, ეს დამოკიდებული იყო ნაცრის მასაზე. ზოგან ასეთ საპონს დღესაც ამზადებენ და ამბობენ, რომ თუ ქონი აკლია, საპონი ფშვნადია და რეცხვისას თეთრ ლაქებს ტოვებსო, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქონი საჭირო რაოდენობით დაემატოს. ამ ნაცრისა და ქონის ნაზავს ისევ ხარშავენ, სანამ მასა ცომივით სქელი გახდება, შემდეგ ათავსებენ პატარ-პატარა ყალიბებში, ფორმის მისაღებად, საიდანაც მალევე, თბილს გადმოაგდებენ და შეახვევენ პირსახოცში. ამ პირსახოცში გახვეულს ტკეპნიან და ამაგრებენ, შემდეგ აწყობენ ფიცრის ნაჭერზე გამოსაშრობად. ასე მომზადებული საპონი დიდხანს ინახება, ოჯახი ერთ მოხარშვაზე 3-4 თვის მარაგს ხარშავდა, რადგანაც საპნის საბოლოო დასრულებას დაახლოებით 5-8 დღე სჭირდება და შრომატევად საქმეს წარმოადგენს. ადრე ხშირად რამდენიმე ოჯახი ერთად ხარშავდა საპონს, საქმე რომ გაეადვილებინათ.

ლელა ზურებიანი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები