"თონეში ჩაკვრის წინ ყოველთვის "მამაო ჩვენოს" ვკითხულობ, პური ხომ მხოლოდ საკვები არ არის..."

შოთის საყიდლად მივედი და ლოდინი მომიწია. არა, რიგი არ იდგა, უბრალოდ, მცხობელი, როგორც თვითონ თქვა, "დასვენებულ" გულდას თონეში ჩასაკრავად ამზადებდა. მითხრა, რამდენიმე წუთი მოგიწევთ მოცდა, თუ გაწყობთო.


სხვა გზა არ მქონდა. გაღებულ სარკმელს ჩამოვეყრდენი და საცხობიდან გამოსულ სითბოს დავეხარბე. ცხობის მთელი პროცესი საინტერესო საყურებელი აღმოჩნდა. თუმცა, მცხობელს ცომი მოზელილი ჰქონდა, რამდენიმე ხანი გუნდას ხელიდან ხელში ათამაშებდა. უფრო სწორად, ეფერებოდა, როგორც ძალიან ძვირფას და მოსაფრთხილებელს. ნაზად ატრიალებდა ნაჯაფარ ხელებში. თან ტუჩებს აცმაცუნებდა, უფრო სწორად, თავისთვის ბუტბუტებდა. ვიფიქრე, რამდენი ადამიანი დადის ქალაქში,

თავის თავს ელაპარაკება. ეგებ, ამ ადამიანსაც დიდი სტრესი აქვს გადატანილი და ამიტომაც ესაუბრება საკუთარ თავს, თქო.


- მაპატიეთ, კიდევ დიდი ხანი დაგჭირდებათ? - ვკითხე მორიდებით, რადგან გვიანი იყო და ცოტა არ იყოს, შემცივდა.
- თუ გცივათ, შემობრძანდით. აგერ, კუთხეში, დაბრძანდით. შიგნით ნუ შემოხვალთ, უცხო პირებს არ ვუშვებთ.
რადგან უცხოდ ჩამთვალა და ალბათ, ასეც იყო, არაფრის დიდებით ფეხი არ შევდგი.
- რა საყვარლად ესაუბრებოდით პურის გუნდას, - მოგვიანებით ისევ დაველაპარაკე ხაბაზს.
- დიახ, დიახ, მე თონეში ჩაკვრის წინ ყოველთვის "მამაო ჩვენოს" ვკითხულობ. დალოცვილი პური ყველას შეერგება, ვინც მისი ფასი იცის. განა მისი ფასი მართლა 70 თეთრია. პური ხომ მხოლოდ საკვები არ არის...
ამ სიტყვებმა გული ისე ამიჩუყა, გაუცნობიერებლად გავაღე კარი და კუთხეში ჩამოვჯექი. ხმა ვერ ამოვიღე. უკვე უცხოდ არ ვგრძნობდი თავს.
ვუყურებდი, როგორ აკრავდა შოთებს თონეში. თავქვე ისე ეშვებოდა, გული გადამიქანდა. ყველა ჯერზე მეგონა, ჩავარდებოდა ცხელში და გაშლილ ხელისგულებს ტუჩებზე ვიფარებდი. დამცხა, ძალიან დამცხა. ცოტა ხანში, ისეთი ხვატი დადგა, ისეთი ოხშივარი დატრიალდა, ისეთი სურნელი, რომ მადლით აივსო იქაურობა. უამრავი რამ გავიხსენე. როგორ მომქონდა ბავშვობისას სახლში ყუამოჭმული პური და როგორ მტუქსავდნენ ამის გამო. როგორი ულაზათოა სუფრა, როცა პური არ დევს მაგიდაზე. როგორი ცოდვაა ამ მადლიანის გადაგდება და სხვა.
სულაც არ ყოფილა ადვილი პურის გამოცხობა. ამიტომაცაა ნათქვამი, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო.
შოთი ვიყიდე, მეპურეს მადლობა მოვუხადე და ის იყო წამოსვლას ვაპირებდი, ღია სარკმლიდან მეპურემ კიდევ ორი შოთი გადმომაწოდა.
-  წაიღეთ, ცომს დილამდე ვერ დავტოვებდი- გამიფუჭდებოდა, ამიტომ უნდა გამომეცხო. ხვალ ამ პურს არ გავყიდი. ახლა გვიანია, სახლში უნდა წავიდე. წაიღეთ, ფული არ მინდა, უბრალოდ არ გავაფუჭოთ, ეს მადლიანი.
-  რა კარგია, რომ პურს თქვენნაირი ადამიანები აცხობენ. რომლებიც ლოცავენ და ეფერებიან, ესიყვარულებიან " პურს ჩვენი არსობისა". ეფერებიან, როგორც საკუთარ შვილს. გაიხარეთ, ამ დიდი მადლისთვის.
წამოვედი და მეტრო პოლიტექნიკურთან მოხუცი ბებო შევნიშნე. მას სვანური ქუდი კალთაში, ხურდის შესაგროვებლად ჩაედო.
-  გამარჯობა, ბებო. ეს შოთი, აი, იმ მეპურემ გამოგიგზავნათ. ხედავთ საცხობს? გამომართვით, ღმერთმა შეგარგოთ! ფრთხილად, თითები არ დაიწვათ! მეორეც აიღეთ. რას ბრძანებთ, რის მადლობა, მე მხოლოდ გადმოგეცით.
ბელა ალანია
14.12 2015

კომენტარები

LARISA 2016-01-15 16:39
აღწერაDzalian ketili brdzandebit, qalbatono Bela! Gmertma gagaxarot!
Maia 2016-01-12 23:11
Ar vart bolomde gantsirulebi sanam madliani xalxi ivlis quchashi da "mamao chvenos" kitxuloben toneshi tu saqartveloshi.didi madloba q-no bela,dzalian masiamovnet.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები