სტილი „ლოფტი“ - ყველაზე მოდური სტილი ბოლო დროს

მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება „ლოფტი“ ახლებურად და უჩვეულოდ ჟღერს, ბევრი მიხვდება, რა სტილზეა ლაპარაკი. სიტყვა „ლოფტი“ პირდაპირი თარგმანით ნიშნავს სხვენს. აშშ-ში ასე უწოდებენ ასევე სავაჭრო დაწესებულების ან საწყობის ზედა სართულს, თუმცა თვით სტილი შეიძლება იყოს ნებისმიერ სივრცეში და ნებისმიერ სართულზე. ბინის ინტერიერი „ლოფტის“ სტილში ხაზგასმულად ასკეტურია. ყველაფერია მოსახერხებელი, პრაქტიკული, ეფექტური და არა - დატვირთული.


„ლოფტი“ სუფთა ამერიკული წარმომავლობისაა. მას ფაბრიკული ნაგებობებიდან, საწყობებიდან, სახელოსნოებიდან დაედო სათავე. მიტოვებული მანუფაქტურების საცხოვრებლად გამოყენების იდეა მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში გაჩნდა მანჰეტენის საქარხნო რაიონებში. მაშინ ქალაქის ცენტრში მიწაზე ფასი მკვეთრად გაიზარდა და ბევრი საწარმო დაწესებულება განაპირა რაიონებში გაიტანეს. გათავისუფლებული ფართობი კი სიამოვნებით დაიკავეს ძირითადად ხელოვანმა ადამიანებმა, რომლებიც დაინტერესდნენ დიდი სივრცეებით, მაღალი ჭერით, კარგი განათებით, ჩვეულებრივ ბინებთან შედარებით დაბალი საარენდო ფასებით. ხელოსნობიდან მოდურ სივრცემდე გაიარეს გზა „ლოფტებმა“ და უკვე 50-იან წლებში მოდის პიკში აღმოჩნდნენ. სწორედ ამგვარ ბინები ამჯობინებდა „ანდერგრანდულ“ ყოფას იმდროინდელი არტისტული საზოგადოება. მოდური მხატვრები ამგვარ ოთახებში თავიანთ გალერეებსა და სტუდიებს ხსნიდნენ და იქვე ცხოვრობდნენ, ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ლეგენდარული ენდი უორჰოლი იყო.
თანდათანობით ამგვარი სტილის ბინები ცალსახად იქცა ელიტურად და დღესაც პოპულარულია შემოქმედებით ადამიანებს შორის.

„ლოფტის“ სტილის ინტერიერის შიდა გაფორმება საკმაოდ მკაცრია, მინიმალისტური და ლაკონიური. ძირითადად გამოყენებულია ცივი ფერები (მეტალისფერი, ლურჯი...). ერთ-ერთი კედელი შეიძლება იყოს გამოყოფილი სხვათაგან ფაქტურით ან ფერით. ის იღებება კონტრასტულ ფერად, ან საგანგებოდ არის გასუფთავებული აგურის ფენამდე, რაც ვიზუალურად კვეთს სივრცეს. შიდა სივრცე მეორე პლანზე გადადის და მოკრძალებულ ფონად იქცევა დახვეწილი ნივთებისთვის.

ლაკონიურობის და თითქოსდა შეუმჩნეველი გაფორმების მიუხედავად, ყველაფერი არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება, ჩანდეს. მინიმალური ავეჯის გამოყენება და მკაცრი დიზაინი ხშირად კომპენსირდება გამომხატველი და ძვირფასი, უმთავრესად ნატურალური მასალების გამოყენებით. მაგალითად, ავეჯი სახლში უნდა იყოს

იშვიათი და ძვირადღირებული ხის. იატაკი სამზარეულოსა და სასადილოს ზონაში ბუნებრივი ქვისგან დამზადებული „დაძველებული“ ფილებით ირთვება.
ერთი ტონის კედლები უნივერსალური და მოხერხებული `ფონია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებისთვის. ბოჰემურ „ლოფტში“ კარგად აღიქმება ცნობილი ნახატების კომპიუტერული რეპროდუქციები, რომელიც ისეა მოწოდებული, თითქოს მფლობელის სიამაყე და საფირმო სტილის ატრიბუტია. ნახატი შეიძლება საერთოდაც არ ეკიდოს კედელზე და მიყუდებული იყოს, თითქოს სხვათა შორის.
„ლოფტის“ სტილის ავეჯი მარტივი და ფუნქციურია. უპირატესობა ენიჭება მეტალის ან მეტალისფრად შეღებილ ავეჯს, თუმცა როგორც ითქვა, ხეც ძალიან ორგანულად ჯდება „ლოფტ“ ინტერიერში. ის ხშირად ასრულებს ტიხრების როლს ოთახებს შორის, ეფექტურად ყოფს სივრცეს ფუნქციურ ზონებად.

 

კომენტარის დამატება