როგორ დავამზადოთ ”ბედნიერების ქისა” - დეკორის დამზადების 5 მარტივი ნაბიჯი

მანანა ლომაძე-ჩიქოვანის სახლში ნივთების დიდი ნაწილი მისი ხელითაა შექმნილია, ზოგს ახალი დეტალი აქვს დამატებული, ზოგიც გადაკეთებულია. პირადი აქსესუარებიც ასეთივე აქვს - ქუდებსა და შარფებს სხვადასხვა ქსოვილითა და მაქმანით აწყობს, თითოეულს მეტად ორიგინალური სახე რომ მისცეს და ექსკლუზიური გახადოს. როგორც მანდილოსნების უმეტესობას, ყვავილები და მაქმანები მასაც უყვარს და ხშირად იყენებს აქსესუარებსა და დეკორატიულ ნივთებში. სანამ ქალბატონი მანანა "შინის" მკითხველისთვის დეკორატიული ნივთის დამზადების მასტერკლასს წარმოგვიდგენდა, ორიოდე სიტყვით საკუთარ თავზეც გვიამბო.

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დავამთავრე. 1976

წლიდან იქვე კათედრაზე ვმუშაობდი და უნივერსიტეტში სამი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს ვუკითხავდი ლექციებს განათლების თეორიასა და ისტორიაში. ამ ეტაპზე პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ვარ.



- ხელსაქმით პარალელურად იყავით დაკავებული, თუ ბოლო პერიოდის გატაცებაა?
- ხელსაქმე ყოველთვის მაინტერესებდა. ბუნებით ესთეტი ვარ. როცა რაღაც საქმეს ვაკეთებ, დიდი სიყვარულით ვეკიდები. ყველა ადამიანს აქვს თავისი გატაცება და ჩემი ინტერესის სფეროც ყოველთვის იყო ისეთი ნივთების შექმნა, რომელიც ორიგინალურთან ერთად, ვიზუალურადაც ლამაზი იქნებოდა. ჩემი ხელნაკეთი ნივთები - შარფები, ქუდები თუ საოჯახო ნივთები ყველას მოსწონს, თუმცა, მე ალბათ იმდენად ვარ მიჩვეული, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.



- კერვა, ქარგვა გეხერხებათ...
- ვქარგავ, შემიძლია კემსვაც, მაგრამ კერვა და ქსოვა არ ვიცი. რაიმე იდეა რომ მომივა, გავრბივარ იმ ადამიანთან, ვინც ჩემს ჩანაფიქრს შეასრულებს. ქუდები და შარფები ასეა შექმნილი. რაც შეეხება ბალიშებსა და მუთაქებს, მათზე ფრაგმენტები ჩემი ხელითაა გაკეთებული. ასევე ჩემი იდეითაა გაფორმებული სანათი თეთრი მაქმანით. მაგიდაზე კი აწყვია დეკორატიული ნივთები, რომლებიც ჩემს სახლში ყოველი მორიგი ახალი წლის დადგომას უკავშირდება. ახალი წელი ძალიან მიყვარს და ამ პერიოდში ჩემი სახლი განსაკუთრებულად ლამაზია. შევეცდები, გაჩვენოთ, როგორ შეიძლება უბრალო, ჩვეულებრივი ყოფითი ნივთებისა და ქსოვილებისგან შევქმნათ სადღესასწაულო იერის დეკორი, რომელიც მხოლოდ ახალ წელს კი არა, ნებისმიერ დროს გაალამაზებს და დაამშვენებს თაროებსა და მაგიდებს.



სამუშაო მასალა: წელვადი ხავერდი, სინდიფონი, ხელოვნური ვარდი, მაქმანი.

1. სამუშაო მასალით სავსე ზარდახშაში აწყვია ქსოვილები, ხელოვნური ყვავილები, მაქმანები... ამჯერად ვირჩევთ ხავერდის ქსოვილს, სადღესასწაული იერი აქვს და საახალწლო დეკორისთვის სწორედ მას ვანიჭებ უპირატესობას. მაკრატლით მოვჭრათ ქსოვილის საშუალო ზომის მონაკვეთი. აუცილებელია ნაჭერი წელვადი იყოს, უფრო დამყოლია. ამ შემთხვევაში ქსოვილი ოთხკუთხედია, თუმცა, უმჯობესია, თუ მას ოვალური ფორმა ექნება. ასე გაცილებით მარტივი იქნება მუშაობა. ქსოვილის ზომებს არ ვაკონკრეტებ, რადგან ეს ინდივიდუალურია, გააჩნია, ვის რა ზომის დეკორის დამზადება სურს.

2. ქსოვილზე ვდებთ სინდიფონს (ან ბამბას). საბნისა და ბალიშების შემავსებელი ეს მასალა ბევრგან იყიდება და მისი შეძენა ყველა მსურველს შეუძლია. ქსოვილს კუთხეეებში მოვკიდებთ ხელს და ნელ-ნელა მის თავმოყრას ვიწყებთ. ბუნებრივია, თუ სინდიფონი მეტია, ქისიდან ამოვაკლებთ, თუ დააკლდა - დავამატებთ, რომ დეკორი უფრო მეტად გაიბეროს და "სავსე" იერი ჰქონდეს.

3. ხავერდის ქსოვილს მოვაჭრით 1-2 სმ სიგანის მონაკვეთს. ვინაიდან ქსოვილი წელვადია და თვალი არ მისდის, თავისთავად მიიღებს თასმის ფორმას და მისი მეშვეობით თავს მოვუკრავთ ქისას. უმეტეს შემთხვევაში, ბოხჩა ისე იკვრება, რომ ნემსისა და ძაფის გამოყენება არ არის საჭირო, სწორედ ესაა ამ დეკორის ხიბლი, მაგრამ თუ რამდენიმე ადგილას სინდიფონი გამოჩნდება, შეგვიძლია ნემსითა და ძაფით დავამაგროთ.

4. ქისა შეგვიძლია გავაფორმოთ: ხელოვნური ვარდით, წვრილი ყვავილებით, ყურძნის მტევნით და ა.შ. საერთოდ, წინასწარ არ მაქვს განსაზღვრული, როგორ უნდა გავაფორმო ქისა. მუშაობის დროს ვხვდები, რა დეტალი მოუხდება. ამ შემთხვევაში მე ვარდს ვირჩევ, ქისის შუაგულში ვათავსებ, ვცდილობ, ღერო ძირამდე ჩამაგრდეს და შემდეგ მეტი სიმყარისთვის, კიდევ ერთხელ მოვუჭერ თასმას.

5. ამის შემდეგ, ორი სახის მაქმანს ვირჩევ. მას ყვავილის გარშემო შემოვავლებ. მაქმანს თასმაზე ავკინძავ და არც ამ შემთხვევაში ვიყენებ ნემსსა და ძაფს. ნახევარ მხარეს ერთ ოქროსფერ მაქმანს დავამაგრებ, მეორე მხარეს - შედარებით სადას და საახალწლო დეკორიც მზადაა.



მაგიდაზე, თაროზე, ან ნებისმიერ ადგილას, რომელზეც დეკორატიულ ქისას მოვათავსებთ, გარშემო წვიმას შემოვავლებთ, შემოვუწყობთ გირჩებს, დეკორატიულ კაკლებს, საშობაო სათამაშოებს ან სხვა ნივთებს, რომლებიც ჩვენში ახალ წელთან ასოცირდება.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები