როგორ სახლში ცხოვრობს ზაზა ხუციშვილი და რას ურჩევს მათ, ვისაც ჯერ რემონტი არ გაუკეთებიათ

მართალია, მამაკაცების უმრავლესობას სარემონტო სამუშაოები, სახლის მოწყობის საკითხში ჩარევა ნაკლებად უყვარს, მაგრამ ამ მხრივ მომღერალი და წამყვანი ზაზა ხუციშვილი გამონაკლისი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც მან და მისმა მეუღლემ, ხათუნა დოლიძემ დაქორწინება გადაწყვიტეს, ბინაც ერთად შეარჩიეს და რემონტზეც ერთად იზრუნეს. როგორც ჩანს, მისთვის ეს პროცესი არათუ დამღლელი, არამედ სასიამოვნო იყო, ალბათ სწორედ ამიტომ ინტერიერთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენი რესპონდენტი ძალიან საინტერესოდ გვესაუბრა. 

- ადამიანი, ძირითად დროს სახლში ატარებს, ამიტომ მნიშვნელოვანია შეარჩიოს ისეთი ინტერიერი, სადაც თავს კომფორტულად და მყუდროდ იგრნობს. სახლში განსაკუთრებულ ყურადღებას სამზარეულოსა და

სველ წერტილს ვაქცევ, ვინაიდან მატერიალური ხარჯებიდან გამომდინარე მისი ხშირი ცვლა, სასურველი არ არის, ვგულისხმობ, კაფელს, მეტლახს, სამზარეულოს ატრიბუტებს. ვთვლი, რომ ხარისხაინად და დიდი დაკვირვებით უნდა გაკეთდეს. ოთახის ფერის, ავეჯის შეცვლა ბევრად უფრო მარტივია, შესაძალებელია, გარკვეული დროის შემდეგ, მობეზრდეს ადამიანს და გააახლოს.


- ზოგადად, მამაკაცებს ნაკლებად მოსწონთ ხოლმე სარემონტო სამუშაოებში ჩართვა, მაგრამ თქვენ რამდენად აქტიურობდით ამ კუთხით?
- მაშინ, როცა ჩემს ბავშვობაში, მშობლებმა გააკეთეს რემონტი, ეს იყო ტანჯვა-წამება. ჯერ ერთი, არაფერი იშოვებოდა და მეორე, იმავე სახლში ვცხოვრობდით, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ეს კი დამატებითი სირთულე იყო. აი ჩემი სახლის შემთხვევა ცოტა განსხვავებული გახლდათ. როცა მე და ჩემმა მეუღლემ დაქორწინება გადავწყვიტეთ, დავიწყეთ ზრუნვა სახლსა და რემონტზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ცოლსაც სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ორივე ხელოვნების სფეროდან ვართ, დიზაინერი არ აგვიყვანია, ვიხელმძღვანელეთ ჟურნალებით, ვნახეთ სხვადასხვაგვარი ინტერიერი და საყიდლად შევარჩიეთ ისეთი ბინა, რომელსაც ჰქონდა კარი, იყო 90 კვადრატული მეტრი მთლიანი სივრცე. მე ძალიან მომწონს მანსარდა და ვფიქრობ, ჩემი ბინის ერთ-ერთი დადებითი მხარე სწორედ ესაა. ჩვენთან მანსარდის ყველაზე მაღალი წერტილი 5,50 მეტრია, თუმცა, მშენებლის ადგილას ერთი მეტრით მაინც გავზრდიდი სიმაღლეს, რაც ვფიქრობ, მშენებლობას ძალიან არ გაუძვირებდა, მაგრამ სამაგიეროდ, შეიძლებოდა, მის სასარგებლოდ ემოქმედა ფასზე, პირადად მე ნამდვილად გადავიხდიდი სხვაობას, იმისთვის, რომ სრულფასოვანი ანტრესოლი გამომსვლოდა. ახლა კი მაქვს ანტრესოლი, რომელსაც ბიბლიოთეკის დანიშნულება აქვს, წიგნების თაროებია იქ მოთავსებული და გაჭირვების დროს შეიძლება, სტუმარმაც დაიძინოს, მაგრამ ბოლომდე კარგად ვერ იმართები.


ოთახების დაგეგმარება მე და ჩემმა მეუღლემ ერთად გადავწყვიტეთ, შედეგად 90 კვადრატულ მეტრში გამოგვივიდა 12 და 16 კვადრატული მეტრის ფართის საძინებლები, ერთი ჩვენთვის, მეორე - ბავშვისთვის და დაახლოებით 35 კვადრატი ფართის დიდი ოთახი, სამზარეულო+მისაღები, რომელიც ერთიმეორისგან ბარის სადგამითაა გადატიხრული. თუკი გამწოვი სისტემები კარგად მუშაობს, არავითარი საჭმლის სუნი ოთახში არ დგება და ერთი მხრივ ასეთი წყობა კომფორტულიცაა, რადგან შესაძლებელია ერთ სივრცეში სტუმართან ერთად მოამზადო ნებისმიერი რამ და თან გაუმასპინძლდე ისე, რომ მისი დატოვება და სხვა ოთახში გასვლა არ მოგიხდეს.


ვინაიდან მანსარდის ჭერი მოპირკეთებული უნდა ყოფილიყო ხის მასალით და იმ მომენტში გერმანული, მაღალი ხარისხის მასალა არ იყო ჯერ შემოსული ქართულ ბაზარზე, ადგილობრივი პროდუქტით მოგვიწია გაკეთება, ის კი არ იყო მაინცდამაინც კარგად დამუშავებული და ცოტა გამუქება მოითხოვა, ამიტომ ჭერს ყავისფერი შეფერილობა მივეცით, შემდეგ კი უკვე ამან მოგვცა მიმართულება, რა ფერში უნდა გადაგვეწყვიტა კედლები. ჩემმა ცოლმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა შპალერის მაღაზიაში ვთხოვეთ, გაეტანებინათ დახლოებით 10 ნიმუში, რათა მივმხვდარიყავით ჩვენს ჭერთან მიმართებაში, რომელი იქნებოდა უკეთესი. საბოლოოდ ორ მწავნე ფერზე შევჩერდით. ზუსტად ერთი და იგივე მოხატულობის, მაგრამ ორი სხვადასხვა ტონის შპალერი გავაკარით - იქ სადაც ნაკლებადაა განათება, გამოვიყენეთ სალათისფერი, ნათელ კედელზე კი - ე.წ. ჭაობისფერი, მთალიანობაში ძალიან მოგვწონს ხის ფერისა და მწვანეს სინთეზი.
მანსარდის ერთი ძალიან დიდი პლუსი ისაა, რომ ბუხარი ეწყობა უპრობლემოდ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სახლის მშენებლი კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს ექსპლუატაციაში შესულ ბინას და არავის აძლევს საშუალებას გააკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად ამახინჯებს შენობებს, ვგულისხმობ, ყველა თავისი გემოვნების კარ-ფანჯარას რომ სვამს და აივანს ყველასგან განსხვავებულ ფერში რომ ღებავენ.
ბუხრის მოწყობა სხვა სართულის მცხოვრებლებისთვის პრობლემაა, რადგან შენობას გარედან თუნუქის საბუხრე მილი რომ მიჰყვება, ესეც სიმახინჯეა და პირადად მე მაღიზიანებს, ჩვენ კი ამის გაკეთება ყოველგვარი ფასადის დამახინჯების გარეშე შევძელით. მოგეხსენებათ, ბუხარი სახლში არის კერა, რომელიც დიდ კომფორტს ქმნის, ატრიალებს სითბოს და ამაღლებს განწყობას.

- თქვენი სახლის მოწყობისას სრულად განახორციელეთ ის იდეები, რაც ჩაფიქრებული გქონდათ, თუ კიდევ დაგრჩათ ისეთი რაღაცები, რისი სისრულეში მოყვანაც გინდათ?
- ასეთ სიტუაციაში ადამიანი გამოდიხარ იმ ბიუჯეტიდან, რისი საშუალებაც გაქვს, შესაძლებელი იყო იატაკის, საძინებლის, თუნდაც იმავე ჭერის მასალა სხვა გამეკეთებინა, მაგრამ რაც არის, ნორმალურია. რემონტის პერიოდში ყველაფერი გინდა საუკეთესო გააკეთო, მაგრამ მერე ცხოვრებას რომ იწყებ, ხვდები, რაც გაქვს, ყველაფერი გაკმაყოფილებს.


- გარდა იმ სტილისა და მიმართულებისა, რაც საკუთარ სახლში გააკეთეთ, ინტერიერში კიდევ რას ანიჭებთ უპირატესობას? თუნდაც სტილისტური თვალსაზრისით. ზოგადად გეკითხებით, თორემ თქვენი არჩევანი ნათელია – თქვენი ბინა უფრო ლოფტის სტილისკენ იხრება...
- მე არ მიყვარს კლასიკური სტილი, რომელიც თბილისური ბინების 70-80 პროცენტში იყო გავრცელებული. ”დ10” ერქვა დიდ ჩუქურთმებიან საძინებელს, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. პირადად მე, არ მომწონს ეს როკოკოს სტილი, ჩუქურთმები და ა.შ. უფრო სისადავე მიზიდავს და ალბათ ეს ჩემს ბინაზეც აისახება. გარდა ამისა, ეკლექტიკის მომენტებიც უხდება ხოლმე სახლს, შეიძლება კუთხე გააკეთო განსხვავებულ სტილში და ესეც გამორჩეული იყოს.
როგორც უკვე აღვნიშნე, სისადავე მომწონს, მაგრამ არ უნდა დაიკარგოს კომფოტულობის შეგრძნება, ამ საკითხში კი ერთ-ერთი მთავარი დეტალი განათებაა. სწორედ ოთახის განათება ქმნის განსაკუთრებულ კომფორტს და სიმყუდროვეს. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა რესტორნებსა და ბარებზე, ზოგან შედიხარ და მაშინვე არასასიამოვნო განწყობა გეუფლება, ვერ გრძნობ თავს კარგად, ზოგან კი – პირიქით. კომფორტის შექმნაში ბევრ სხვა დეტალთან ერთად განათება დიდ როლს თამაშობს.
ციცი ომანიძე

კომენტარები

fato 2016-03-13 14:18
komportuli, sada da minimalizmi. kargia.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები