ნაბდის ქუდები "ნამუსის შესანახად"

"კაცი ვარ და ქუდი მხურავს", - ეს ცნობილი ფრაზა ნათლად მიანიშნებს, რა დატვირთვა ჰქონდა ქუდს მამაკაცისთვის. ის ვაჟკაცობასთან, სინდის-ნამუსთან ასოცირდებოდა... საქართველოში გავრცელებული იყო სხვადასხვა სახის ქუდი, რომლებიც ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით მზადდებოდა. ქართული ქუდის ნიმუშებია: კახური (თუშური) ნაბდის ქუდი, იმერული ფაფანაკი, სვანური, ხევსურული და მოხევური ქუდები და სხვ. ცხადია, ოდითგანვე არსებობდა ასეთი მნიშვნელოვანი ნივთის შექმნის ტექნოლოგიებიც. 

დღეს მოგითხრობთ სვანურ და კახურ ქუდებზე. გვესაუბრება ხალხური რეწვის ოსტატი, ისტორიის დოქტორი და ეთნოლოგი ნანული აზიკური.

- მენაბდეობა მატყლის თელვა გახლ­ავთ, რაც ქართველ ხალხში ოდითგანვე

იყო გავრცელებული. სადაც მეცხვარეობას­ მისდევდნენ, დარგი ყვაოდა.
ქართულ მატყლს თუშური ცხვრისგან იღებენ, რომელიც, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ძვირფასი მატყლია, შესანიშნავად ითელება, იღებება, გაჭიმვასა და გრეხასაც კარგად ემორჩილება.
დასავლეთ საქართველოში კი უძველესი­ დროიდან კოლხური ჯიშის ცხვარი­ იყო გავრცელებული (ამას მოწმობს არქეოლოგიური მასალები), რასაც დღეს იმერულ ჯიშს უწოდებენ. აღმოსავლეთ საქართვე­ლოს (თუშური) ცხვარს ნახევრად უხეში მატყლი აქვს და მისი ნაწარმიც ასეთივეა. კოლხური ცხვრის მატყლი შედარებით ნაზია. სხვათა შორის, მუდმივად ტყუპმშობია, ხანდახან კი სამსაც შობს.

- მოკლედ, საქართველოში ადრევე ყოფილა ბაზა მენაბდეობისთვის...
- ყველანაირი საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ აქ ნაბდები ეთელათ. დღეს ნაბდის ნაცვლად სიტყვა თექას­ ხმარობენ - ეს სიტყვა თავის დროზე ლიტერატურაში შეცდ­ომით გამოიყენეს და სამწუხაროდ, ასევე დამკვიდრდა. დარგს მენაბდეობა ჰქვია, ხელოსანს, რომელიც ამ საქმეს ემსახურება, მენაბდე და მერე უკვე ხელობიდან გამომდინარე, გვარი მენაბდეც გაჩნდა.
მენაბდეობაში იქმნება სხვადასხვა ნამუშევ­არი, უსახური და სახიანი (დეკორატიული),­ თავსაბურავები, საბეჭურები, პაჭიჭები. იკე­რებოდა საწვიმრები, რომელთაც აღმ­ოსავლეთ საქართველოს მეცხვარეები ატარებდნენ. ითელებოდა ასევე ცხენის აღკაზმულობის ნაბდები, სამშვენისები, უნაგი­რის ქვეშაგები, ანუ პირველი ფენა უნაგირის ქვეშ დასადებად და სხვ.

- ქუდებზე რას გვეტყვით?
- რამდენიმე სახის ქუდი ითელებოდა.­ სვანური ქუდი დასავლეთში დღესაც გავ­რცელებულია, აღმოსავლეთში კი თუშ­ური, ანუ კახური (თუშური ქუდის ანალოგი თეთრიწყაროს რაიონში, ბედენის აკლდამაშია აღმოჩენილი და ჩვენს წელთაღრიცხვამდელ პერიოდს განეკუთვნება. მუზ­არადს ნაბადი შიდა ფენად აქვს გამოკრ­ული დარტყმისგან თავის დასაცავად. მიცვალებულსაც ნაბადზე ასვენებდნენ). თუშური ქუდი ნაბდის განვითარებული ფორმაა, კახეთში კახურს ეძახიან, სამცხე-ჯავახეთში - ტეტიურს, სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელი აქვს. ადრე ზოგჯერ ფაფანაკიც ითელებოდა, მატყლისგან მზადდებოდა, იყო მოქარგულიც. ორიგინალური და თვითმყოფადია ხევსურული ნაბდის ქუდებიც, დაბა­ლი რკალითა და მთლიანად მოქარგ­ული. თუშური ქუდი ყაითნით (ნაგრ­ეხი ბამბის ძაფი) არის გაწყობილი. სვანური ქუდი ყალიბზე ითელებოდა და მთლიანად, მრგვლად აწყობდნენ ყაითნით. ამ ქუდის დამზადება დიდ ოსტატობას მოითხოვს. ბოლო დროს ბევრი თელავს, მაგრამ ისე ვერა, როგორც სვანები. ისინი ამ საქმის უბადლო ოსტატები არიან.

- მატყლის თვისებების განსხვავებებზე­ საუბრობდით...
- თუშურ-კახური ქუდებისთვის საუკეთესოდ ითვლება ცხვრის ყელ-ყურის, შუბლის, ლაჯების არიდან აპარსული მატყლი, ხუჭუჭი და საუკეთესოა. სვანური ქუდი ლეჩხუმსა და სვა­ნეთში გავრ­ცელებული ცხვრის მატყლისგან მზადდება, - შეუდარებელია ფერდებიდან და ზურგის არიდან აპარსული მატყლი.
მოთელვის შემდეგ თუშური ქუდისთვის მიღებული მასალა, ანუ მონათელი საქუდე შოლტებად იჭრება და ქუდებიც მათგან იკერება. ქუდს რკალი სამ ფენად უკეთდება, ანუ გარშემო აკეცილი ნაწილი სამი ფენისგან შედგება. იმ ნაკეცში მწყემსები წინათ ნემსსა და ძაფს ინახავდნენ. იქვე ბორწკალსაც (პინცეტი) მალავდნენ, სახეზე ზედმეტი ბეწვის­ მოსაშორებლად. ადგილს, სადაც ამ ყველაფერს ინახავდნენ, საშუბლე ერქვა, მის ზედა ნაწილს კი ცა, თუმცა უფრო წინა თაობა მას ყალამს ეძახდა (სპარსული სიტ­ყვაა და ცას ნიშნავს). შემდეგ ოთხი ნაკეცი ცენტრში ერთდება, შესაბამისად, ზემოდან ქუდს ჯვრის ფორმა აქვს. იქვე უკეთდება პატარა სიმრგვალეც. თეთრ ქუდებს შავი ყაითნით აწყობდნენ, შავს - თეთრით. რაც შეეხება სვანურს, ქისონი უნდა ყოფილიყო (ზოლ-ზოლად თეთრად და შავად შეფერადებული შალის ქსოვილი), შავ-თეთრი ან რუხი. ასაკოვნებისთვის უფრო მუქი მზადდებოდა - ორ წილ მუქ მატყლს ერთ წილ თეთრს ამატებდნენ და მერე ჩეჩდნენ.

- სვანურ ქუდსაც აქვს ყაითანი ჯვარედინად შემოვლებული, ცენტრში კი - გრძელი­ ძაფი.
- ყაითანი გასალამაზებელი, შესამკობია,­ თუმცა სახმარი ნივთი მხოლოდ მიმზიდველი კი არა, პრაქტიკულიც უნდა ყოფილიყო. ქუდის ქვედა კიდეს ყაითანს შემოავლებდნენ, ზემოდან კი ჯვარს სახავდნენ. ამით ქუდს სიმაგრეც ეძლევა. გრძელ ძაფს იმიტომ უტოვებდნენ, რომ ქუდის ხელში დაჭერა გაადვილებულიყო, ან მთაში ცხე­ნოსნისთვის ქარს არ გაეტაცა. ზოგჯერ ძაფით ქუდს სამოსზეც იბამდნენ. ასეთივე ძაფი აქვს ფაფანაკსაც. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები