შინაური პასქა - იოლი და გემრიელი რეცეპტი

სააღდგომოდ საკონდიტრო საწარმოები პასქების ისეთ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ, რომ მისი სახლში ცხობა საჭირო აღარ არის. თუმცა, დამეთანხმებით, ბავშვებისთვის აშკარად შინაური პასქა ჯობია. ვინც არ დაიზარებს და შინ გამოცხობას გადაწყვეტს, ვთავაზობთ, ამ რეცეპტით იხელმძღვანელოს. ამ დოზით 10 საშუალო ზომის პასქა გამოდის. თუ თქვენთვის ბევრია, დოზები გაანახევრეთ.

სანამ უშუალოდ ცხობას შეუდგებით, სასურველია, 2-3 დღით ადრე 1 ჩაის კოვზ ყვითელ ყვავილს 30 მლ არაყი დაასხათ, რათა პასქისთვის საჭირო ნაყენი მიიღოთ (ძალიან ცოტა დაგჭირდებათ).

ინგრედიენტები:

3 ჭიქა რძე, 500 მლ მაწონი, 50 გ საფუარი, 1,300 კგ

შაქარი, 3,300 კგ ფქვილი, 700 გ კარაქი (ან მარგარინი), 1 ცალი ფორთოხლის გახეხილი კანი (ცედრა), ლიმონის ესენცია ან ცედრა, 12 კვერცხი, ქიშმიში 500 გრამი (სურვილის შემთხვევაში - ცუკატებიც).

სუნელები: მუსკატის კაკალი, მიხაკი, დარიჩინი, ილი - მათი რაოდენობა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თითოეული დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზის ან ნაკლები ოდენობით უნდა აიღოთ.

მომზადება: ფქვილში ჩაასხით მაწონი და თბილი რძე, რომელშიც საფუარია გახსნილი.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. შეურიეთ ცომს და დაამატეთ გამდნარი მარგარინი. ჩაუმატეთ ზემოჩამოთვლილი სუნელები და სპირტზე დამზადებული ყვითელი ყვავილის ნაყენი - 1 სუფრის კოვზი. მოზილეთ ჩვეულებრივი ცომი. დადგით ასაფუებლად. რომ ამოვა, ისევ ჩაზილეთ, ამჯერად ზეთში დასველებული ხელებით. შეაზილეთ 100 გრამი ზეთი, ქიშმიში და ისევ დადგით ასაფუებლად. რომ ამოვა, ჩაასხით ფორმებში და გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე. ცომს ფორმის მხოლოდ მესამედი უნდა ეკავოს. ცხობისას ფორმას რომ გაავსებს და გამოცხობამდე ცოტა რომ დააკლდება, ცეცხლს ოდნავ დაუწიეთ. ასე გამოშრობას უკეთ მოასწრებს.

ფორმების მომზადება
ყველაზე ხშირად თუნუქის ქილებს იყენებენ. ფორმაში ფსკერზეც და გვერდებზეც ზეთწასმული კალკა უნდა ჩაუფინოთ.

კომენტარები

maka 2016-04-10 13:57
rahi cxveba aucilebelia formebhi?

კომენტარის დამატება