ძველი ქოთნის გაახლების პრაქტიკული ხერხი ცნობილი კერამიკოსისგან

ქართული კერამიკის ხელოვნება უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს (ჩვ.წ.აღ-მდე VIII ათასწლეულიდან), მან განვითარების მეტად საინტერესო და რთული გზა განვლო. საქართველოში კერამიკული ხელოვნების მაღალ კულტურაზე გასული საუკუნეების მრავალი მაღალმხატვრული ნიმუში მეტყველებს, რომლებიც მუზეუმებშია დაცული. საგულისხმოა ისიც, რომ ქართული კერამიკის უძველესი ფონდი მუდმივად ივსება და მდიდრდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ახალ-ახალი ნიმუშებით.

საუკუნეების მანძილზე კერამიკული ხელოვნება ხალხურმა რეწვამ შემოინახა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებობდა მეთუნეობის ადგილობრივი მძლავრი ცენტრები, სადაც უწყვეტად მზადდებოდა საყოფაცხოვრებო და მხატვრული კერამიკის ნიმუშები. თანამედროვე ქართული კერამიკის ისტორია კი

1925 წლიდან იწყება, როდესაც სამხატვრო აკადემიაში შეიქმნა კერამიკული სახელოსნო, რომელიც ნაწილობრივ მცხეთის კერამიკული სკოლისა და ქართული კერამიკის ტრადიციებს ემყარებოდა. აკადემიაში პირველი დღეებიდანვე აღდგა მხატვრული ჭურჭლის წარმოებაც. ამ სახელოსნოს დაარსებამ დასაბამი მისცა მცირე ზომის თიხის სკულპტურისა და ბარელიეფის წარმოებას. ამ პერიოდიდან დაიწყო კერამიკის განვითარების აღმავლობის ხანა, მეტად წარმატებულ და პოპულარულ დარგად იქცა და ცნობილ ქართველ მხატვარ-კერამიკოსთა დამსახურებით განვითარების მწვერვალებსაც მიაღწია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უყურადღებო, გაუაზრებელი და არასათანადო დამოკიდებულების გამო დარგმა უკუსვლა დაიწყო: დაიხურა (და ჯართადაც კი გაიყიდა) ქარხნები და საწარმოები, განადგურდა კომბინატები, სახელოსნოები, ქართულმა კერამიკამ თავისი განუმეორებელი ტექნიკური და ესთეტიკური ღირებულებები დაკარგა. თუმცა დღესაც არიან მხატვარ-კერამიკოსები, რომლებიც ვერ ელევიან საყვარელ საქმიანობას და საუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებასა და მის განვითარებაზე ზრუნავენ, ასევე არსებობს ოჯახები, სადაც ქართული კერამიკის აღორძინებას ცდილობენ. მეტად ოპტიმისტური განწყობა შეგვიქმნა ჩვენმა რესპონდენტმა, ბატონმა ლევან გელოვნიშვილმა, რომელსაც ნატახტარში, კერამიკის სახელოსნოში ვესტუმრეთ:



- როდის დაიწყეთ კერამიკაზე მუშაობა?

- მამაჩემი ნიკოლოზ გელოვნიშვილი მხატვარ-კერამიკოსია, თუმცა მან ჩემზე უფრო ცოტა ხანს იმუშავა ამ სფეროში, მე მისი მეგობრების გარემოცვაში გავიზარდე. თიხაზე მუშაობის დაწყების შემდეგ კი უძლიერეს კერამიკოსებთან მოვხვდი და უამრავი რამ ვისწავლე მათგან. დღეს ეს ჩემი უსაყვარლესი საქმიანობაა, კერამიკაზე მუშაობა ძალიან საინტერესო და აზარტულია, როდესაც სამუშაოდ ვჯდები, ჯერ ერთი თემა არ მაქვს დამთავრებული, რომ მეორეზე ვიწყებ ფიქრს, შემდეგ - მესამეზე და ასე დაუსრულებლად... ვაკეთებ დოქებს, ფიალებს, ყანწებს, სხვა სასმისებს, ქოთნებს, საყვავილეებს და კიდევ უამრავ რამეს, პრაქტიკულად ვმუშაობ ყველაფერზე, რაზეც მოთხოვნა არსებობს.

- რითი განსხვავდება თქვენი ნამუშევრები სხვებისგან?

- ვცდილობ, ორიგინალური ვიყო, რადგან მომხმარებელი ყოველთვის რაღაც ახალს და განსხვავებულს ელოდება. იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სიახლეს არ სთავაზობ, ინტერესსაც კარგავენ, ამიტომ არ უნდა გაჩერდე და სულ ახალ-ახალი იდეების ძიებაში იყო. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მარწყვის ქოთანი გავაკეთე, განსხვავებული დიზაინი აქვს, ერთდროულად რამდენიმე ძირის ჩარგვა შეიძლება, მარწყვის ნაცვლად ყვავილებიც შეგვიძლია ჩავრგათ. აი ეს კვერცხის ფორმის საყვავილე (გამოსაწვავად მომზადებულ ნამუშევარზე მიგვითითებს) ქარელში წმინდა ნიკოლოზის ტაძარს მინდა შევწირო, ორი ნაწილისგან შედგება და ორ ფერში იქნება შეღებილი, ცოცხალი ვარდებისთვისაა განკუთვნილი... ქართულ კერამიკას უმდიდრესი ტრადიციები აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს სათანადო ყურადღება არ ექცევა. უფრო მეტიც, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დაკარგვის წინაშეც კი ვდგავართ, უპრიანია, რომ ამ დარგს სახელმწიფოებრივი მასშტაბით მიექცეს ყურადღება. თუ ძველ დიდებას ვერ დაიბრუნებს ქართული კერამიკა, ის მაინც არ უნდა დაიკარგოს, რაც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა დაგვიტოვეს.



- თავად თუ გადასცემთ ცოდნას ახალ თაობას?

- გორში, სკოლაში ვასწავლი კერამიკას. ბავშვებს ძალიან მოსწონთ მუშაობა, ვეღარ ჩერდებიან და მთელი სერიოზულობით, თიხის სახლში წაღებას მთხოვენ, იქაც გვინდა მუშაობაო. მალე პრეზენტაციაც გვექნება, სადაც ბავშვების ნამუშევრებს გამოვფენთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ეფექტური გამოვა.

რუბრიკისთვის “მასტერკლასი” ჩვენმა რესპონდენტმა, ძველი და ფუნქციადაკარგული თიხის ქოთნის დეკორირება შემოგვთავაზა:

საჭიროა:

1. ძველი თიხის ქოთანი, წებო “პევეა”, ფუნჯი, ღრუბელი, აკრილის ან პიგმენტური საღებავი და კვერცხის ნაჭუჭები, რომლებსაც წინასწარ მოვამზადებთ. სასურველია შუაზე გატეხილი კვერცხის ნაჭუჭი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოვაშოროთ შიდა აპკი.

2. ძველი თიხის ქოთნის მომცრო მონაკვეთზე ფუნჯით წავუსვათ წებო. აღნიშნულ მონაკვეთს მივაკრათ წინასწარ მომზადებული კვერცხის ნაჭუჭი, რომელიც ამ პროცესში დაიმტვრევა, ეს ნამსხვრევები, მოზაიკის მსგავსად, ნაწილ-ნაწილ დაეწებება ქოთანს. შემდეგ მომდევნო მონაკვეთს წავუსვათ წებო, მივაკრათ ნაჭუჭები და აღნიშნული პროცესი განვაგრძოთ მანამ, სანამ მთლიანად დავფარავთ ქოთანს.



3. როცა მთლიანად დავფარავთ ზედაპირს, შეგვიძლია მისი შეღებვა, ეს უკვე სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. შეგვიძლია ერთი ფერით შევღებოთ ან მსგავსი ტონალობის რამდენიმე საღებავით, ან სულაც მოზაიკის მსგავსად, - თითო-თითო ნატეხი სხვადასხვა ფერით, ნახატიც შეგვიძლია შევასრულოთ, ან რაიმე ორნამენტი. მოკლედ, ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

4. საღებავის წასმის შემდეგ თიხის ქოთანს უნდა გადავუსვათ ღრუბელი, რაც საღებავს გაათანაბრებს და კვერცხის ნაჭუჭებს უკეთ გამოაჩენს, ამით ჩვენი დეკორატიული “მოზაიკა” გამოიკვეთება და უფრო ეფექტური გახდება.

5. უკანასკნელი ეტაპი - დაფერილ ქოთანს კვლავ გადავუსვათ წებო მთელ ზედაპირზე და დაველოდოთ მის გაშრობას. ამგვარი ქმედება ბზინვარებასაც შესძენს ქოთანს და პრაქტიკული თვალსაზრისითაც გამართლებულია - ამით დავიცავთ დასვრისგან, გახდება წყალგამძლე და მისი გარეცხვაც კი იქნება შესაძლებელი. საბოლოოდ, ჩვენს განახლებულ ქოთანში, რომელმაც ახალი სიცოცხლე შეიძინა, შეგვიძლია ჩავრგათ ყვავილი ან რაიმე დეკორატიული მცენარე. თუნდაც, “შინის” ამ ნომრის საჩუქარი - რომელიმე თესლი.

თეა იაკობაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები