რომანოვების საოცარი სასახლე ლიკანში, სადაც ნიკოლოზ რომანოვის უიღბლო სიყვარული განვითარდა

ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში რუს მეფეებს რამდენიმე საყვარელი ადგილი ჰქონდათ, სადაც თავიანთთვის დასასვენებელ ადგილებს აწყობდნენ. ერთ-ერთი იყო ლიკანი, სადაც რომანოვებს სასახლე ჰქონდათ აგებული და ეს სასახლე იქ დღესაც არის.

შენობა მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. მიხეილ რომანოვის ვაჟს, ნიკოლოზს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია. რეზიდენცია შემდგომში ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. საბჭოთა პერიოში სასახლეს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობდა. აქ პერიოდულად ისვენებდა იოსებ სტალინი.

 

სასახლეზე, იქ დატრიალებულ სიყვარულის ისტორიაზე, უნიკალურ ნივთებზე გვესაუბრა ისტორიკოსი ბაკურ გელაშვილი.



- რომანოვების სასახლე, რომელიც მეოთხე სამმართველოდ მოიხსენიება, მეცხრამეტე

საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. ამ ადგილას უწინ პურის კალო ყოფილა. მიხეილ რომანოვის ვაჟს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია და ეს ტერიტორია შეუსყიდია გენერალ პიტერსისგან. შემდგომ ამ ტერიტორიაზე პირველი პარკი გაუშენებია. მისივე ბრძანებით, სასახლე 1892-95 წლებში არქიტექტორ ლეონტინ ბენუას დაუგეგმარებია, ხოლო მშენებლობას გერმანელი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი ხელმძღვანელობდა. ხელოსნებად ძირითადად ბერძენი და იტალიელი ოსტატები მუშაობდნენ.

მთავარი სასახლე ასიმეტრიული ფორმისაა. ინტერიერში მეტად მდიდარი ბიბლიოთეკა და ფრანგული ფერწერული ტილოები იყო. რომანტიკული მიმდინარეობის სასახლე უშუალო გამოძახილი იყო ევროპული და რუსული სასახლეების არქიტექტურული სტილის. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლოზის სასახლე მორთული იყო ანტიკური ღმერთების მარმარილოს ქანდაკებებით, ჩინურ-იაპონური ფაიფურის ვაზებითა და ოქროს ძერძვით.

სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორისაა ნაპოლეონის მიერ რომანოვებისთვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისაგან დამზადებული ისტორიული მაგიდა, რომელიც ნიკოლოზ რომანოვს თვითონ ჩამოუტანია პეტერბურგიდან. სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია.

ცენტრალური შესასვლელის თაღში მოთავსებულია ფაიფურის თუთიყუში, რომელიც კარების გაღებისთანავე იწყებდა მოძრაობას, თითქოს ესალმებოდა შემომსვლელ სტუმარს. ეს დაკავშირებული იყო ჰაერის ჭავლთან. საბილიარდო ოთახში კვლავ არსებობს რომანოვების დროინდელი ბილიარდი, ოთახში არსებულ რუსულ ღუმელზე იტალიური მწვანე კერამიკით გამოსახულია ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ ბორჯომის ხეობაში.

ასევე დაცულია რომანოვის კაბინეტი, რომელშიც შემდგომში სტალინი მუშაობდა. ამ კაბინეტშია ორი ისტორიული ლურსმანი, რამდენადაც ორივე სტალინის მიერ არის დაჭედებული. ერთი, საწერ მაგიდაზე, ქუდისათვის და მეორე კედელზე - კიტელის დასაკიდად. ეს კაბინეტი ბუხრით, განლაგებული ავეჯით და მოზაიკური ჭერით აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი.

სასახლის მეორე სართულზეა ე.წ. “პეპლებიანი” საძინებელი. ისტორია კი ასეთია: რომანოვს ჰყოლია კოლექციონერები, რომლებიც იჭერდნენ პეპლებს ბორჯომის ტერიტორიაზე. ერთ-ერთს მოსვლია აზრად, ოთახი მოეხატა ამ პეპლების ანალოგიური დასურათებებით, რადგან ყველა მათგანი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამავე ოთახში არის იმდროინდელი ორმხრივი სავარძელი, რომელსაც გაბუტული შეყვარებულების სავარძელი ჰქვია.

სასახლისაკენ მიემართებოდა მარმარილოს კიბე, ქვის დეკორატიული ბოძებით, რომლებზეც შემოდგმული იყო იტალიური დოქები, სტილიზებული ურჩხულებით და ყურძნის მტევნებით, ხოლო ქვესადგამს ამშვენებდა კურდღელზე მონადირე ბრინჯაოს არწივების, გოჭებისა და ინდაურის ქანდაკებები. სასახლის პარკის პროექტის ავტორები და დამგეგმარები იყვნენ რეგელი და რამი. ნიკოლოზ რომანოვს, სასახლის პარკში ხელოვნური ტბაც ჰქონია, სადაც წეროები, გედები და იაპონური ჯიშის ქათმები ჰყოლია გაშვებული, ასევე მისი დავალებით მისავე პარკში გაუშვიათ ირმები, შვლები და რუსეთიდან ჩამოყვანილი გარეული თხები.

პარკის ფართობია 47, 16 ჰექტარი.
ცნობილია, რომ ნიკოლოზ რომანოვი გატაცებული ყოფილა ლეპიდოპტოლოგიით (მეცნიერება პეპლებზე). აღნიშნულ თემაზე მან გამოსცა 9 ტომი, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. მის კვლევებში პეპლები კონტურულ ჩანახატად გამოისახებოდა, ხოლო შემდეგ ხელით, აკვარელით ფერადდებოდა. ასე შექმნა მან 110 000 ნაირსახეობის პეპლის კოლექცია. ცნობილია, რომ ლიკანის სასახლის ტერიტორიაზე მისი დავალებით უამრავი პეპელა დაიჭირეს და ამ მიმართულებით ბორჯომში კოლექციის დიდი ნაწილი შეაგროვა. მისი კოლექცია რამდენიმე ათეულ მოზრდილ სეიფს შეადგენდა და მისი დიდი ნაწილი მთავარმა პეტერბურგის ზოოლოგიის მუზეუმს გადასცა, ხოლო ერთი სეიფი თბილისის სახელმწიფო მუზეუმს უსახსოვრა.


ნიკოლოზ მიხეილს ძე რომანოვს თავდაპირველად შეჰყვარებია მისივე ბიძაშვილი დედის მხრიდან, რაც მიუღებელი იყო მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის. სიყვარულში გულგატეხილ ნიკოლოზს ცოლი აღარასოდეს შეურთავს და არც შვილი ჰყოლია. თუმცა მოგვიანებით შეჰყვარებია ვარვარა დავითის ასული რომანენკო. ჯერ კიდევ პატარა ვარვარა რომანენკოს ოჯახი უკრაინიდან, კერძოდ პოლტავიდან წაღვერში ჩამოუსახლებიათ. რუსულთან ერთად ქართული კარგად შეუსწავლია. თავდაპირველად, ვარვარა რომანენკო ნიკოლოზის ძმის, სერგეი რომანოვის სასახლის მეთვალყურის, კუხარევიჩის მეუღლე იყო, ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ - ამავე სასახლის ახლად დანიშნულ მეთვალყურეს, ერმოშკინს გაჰყვა ცოლად. შემდეგ ვარვარა მეუღლესთან ერთად სამუშაოდ გადავიდა ლიკანის სასახლეში, სადაც ვარვარა 1949 წლამდე მუშაობდა. თავისი სილამაზით განთქმული ვარვარა სასახლის შეუცვლელი დიასახლისი და უერთგულესი მეგობარი იყო ნიკოლოზ რომანოვისა, რომელიც ასევე ეთაყვანებოდა მას. მათი სიყვარულის ამბავი და ურთიერთობა ხანგრძლივი იყო. მაგრამ ქალის დაბალი წარმომავლობის გამო, კნიაზ ნიკოლოზს არ შეეძლო მისი ცოლად შერთვა. სასახლის დიასახლისმა სიკვდილამდე, 1958 წლამდე იცხოვრა ბორჯომში.

დღესდღეობით სასახლეში სამუშაოები მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამართავად საპარტნიორო ფონდს გადაეცა. ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ სასახლეს რამდენიმე წლის წინ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზაფხულო რეზიდენციდ იყენებდა. ახლა სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ტურისტებისთვის გაიხსნება. ამასთან, როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განაცხადა, სასახლის რეაბილიტაციის კონცეფცია უახლოეს ხანში მომზადდება.

მოამზადა მერი ბლიაძემ

კომენტარები

სოფი 2023-08-01 19:04
ამჟამად სასახლისკენ მიმავალ ყველა გზას და ბილიკს ყვეთელი ლენტი აქვს შემოვლებული. დაკეტილია. მხოლოდ დაცვა იმყოფება.
მარიამი 2022-05-23 13:10
შესწორება: სასახლეს პერიოდულად კი არა, ერთხელ სტუმრობდა იოსებ სტალინი (1952 წელს)
P.S. თუ ბავშვობისას გორიდან ამოირბენდა ხოლმე არ ვიცი...
Xatia sotievi 2020-09-26 10:58
Makvs romanovebis periodis moneta dainteresebis shemtxvevashi damireket
579130182
Natia 2019-01-30 10:51
უნიკალურია როგორ მინდა ვნახო სასწრაფოდ ანუ შესვლა შესაძლებელია
ნინო 2018-08-30 15:03
საპარტნიორო ფონდს თუ გადაეცა დიდი ხანი არაფერს გააკეთებენ

კომენტარის დამატება