ლურჯი მოცვის ბაღები ზემო აჭარაში

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუთურაული მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს.
ამ ძველ სოფელში სამი წლის წინ ზვიად მიქელაძემ და მისმა ორმა ბიძაშვილმა კოოპერატივი შექმნეს და ლურჯი მოცვი გააშენეს. სიმინდისა და თამბაქოს მხარეში ლურჯი მოცვის მოყვანას თანასოფლელები სკეპტიკურად შეხვდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა, სამი ფერმერი მიღებული შედეგით თანასოფლელებს ეჭვს უქარწყლებს.

ზვიად მიქელაძე:

- ჩვენს სოფელში ადრე თამბაქო და სიმინდი მოჰყავდათ, მაგრამ მიწა არცთუ მოსავლიანი იყო და ეს საქმე შემოსავლიანი არ გახლდათ. ერთხელ ტელევიზიით შევიტყვე რეგიონის საინფორმაციო ცენტრის შესახებ. მივაკითხე და ზოგიერთ

საკითხზე დაწვრილებითი ინფორმაცია მივიღე. მერე მე და ჩემს ბიძაშვილებს, ტარიელსა და შალვას, სურვილი გაგვიჩნდა, ისეთი კულტურა მოგვეყვანა, რომელიც ზემო აჭარაში ველურადაც ხარობს.­ მოკლედ, ლურჯი მოცვის მოშენებას მივყავით ხელი. კოოპერატივიც ჩამოვაყალიბეთ, "ენპარდის" კონკურსშიც გავიმარჯვეთ და მათ ნერგებით მოგვამარაგეს.

კონკურსი 3 ათას კვმ-ზე კულტურის მოყვანას ითვალისწინებდა. ვინაიდან ფართობი ბიძაშვილებს ერთობლივად გვქონდა­ (ათასი კვმ თითოს, თანაც ერთმანეთის გვერდით), ამან კოოპერატივის ჩამოყალიბებაში ხელი შეგვიწყო.

მოკლედ, 1000 ძირი გადმოგვცეს და ამასთან, სამულჩე მასალაც. ეს ტენის აორთქლების საწინააღმდეგო, ცელოფანის მსგავსი მასალაა. თუ ის ნარგავებზეა გადაფარებული, სიცხეში მცენარეს ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.
მესამე წელია, რაც ლურჯი მოცვი გავაშენეთ. პირველი მოსავალი შარშან ივლისში ავიღეთ, წლეულს უფრო მეტს ველით. საერთოდ, მოცვი კარგ შედეგს მეოთხე წლიდან იძლევა. ასე რომ, სრული მოსავლიანობა გაისიდან გვექნება. 1000 ძირი გვაქვს და თითომ 8 კილოგრამი უნდა მოგვცეს.

- სად ყიდით პროდუქტს?
- ჩაქვთან არის ჩამბარებელი პუნქტი.­ ლურჯი მოცვი, ძირითადად, ნედლად ინახება, სპეციალურ დანადგარში იყინება და ცელოფანში ინახავენ. ასეთი სახით იგზავნება უცხოეთში, ჩირისთვის კი წვრილ მარცვლებს­ იყენებენ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება