ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი შედევრები

 შეუძლებელია ბატონი ნიკოლოზ იოსებიძის დეკორატიულ, ბუნებრივი მასალით შექმნილ კოლექციას გადაავლო თვალი და გულგრილი დარჩე. ხის ფესვებისგან, ქვისგან, სამკურნალო მცენარეებისგან გაცოცხლებული ცხოველები, ადამიანები ნამდვილად აღგაფრთოვანებთ. ბატონი ნიკოლოზი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სწავლული აგრონომი და 12 წიგნის, აქედან 4 ენციკლოპედიის ავტორია. მთელი ამიერკავკასია ფეხით აქვს შემოვლილი და გზად ამ უნიკალურ ნივთებს აგროვებდა. მათში მეეზოვე, მწყემსი, მონადირე, მოცეკვავე, მოფარიკავე, მოლა, მათხოვარი, სხვადასხვა ცხოველი და ფინველი გააცოცხლა. ამ მასალებში ბუნებრივი ფორმა შენარჩუნებული, მხოლოდ დეტალებია დამატებული.

"უკიდეგანო ბუნებაში საკმაოდ რთულია ხეზე, ფესვზე, ქვაზე, ამოიცნო ცოცხალი არსება. ეს

მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს შეუძლია.


-ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვარ. ფრიადებზე დავამთავრე სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი. ვარ სამკურნალწამლო მცენარეების სპეციალისტი. მთელი კავკასია ფეხით შემოვიარე. ამ კოლექციაზე დიდი სამდიდრე ჩემს სახლში არ არის. ბავშვობიდან ვაგროვებდი, მაგრამ სხვებს ვჩუქნიდი, შემდეგ გადავწყვიტე მათი შეგროვება. დღესდღეობით ასზე მეტ ნივთს მოიცავს ჩემი კოლექცია. სამწუხაროდ, ზუსტად რომელი რომელი კუთხიდანაა ჩამოტანილი, არ მახსოვს. ზოგი სვანეთის მიწის შვილია, ზოგი გურიის, იმერეთის, აჭარის, კახეთის და ა.შ.


ბუნებიდან აღებული ნივთების გარდა, მე თვითონ ვქმნი ხის ჭურჭელს. კაკლის ხის მასალისგან გაკეთებული მაქვს დეკორატიული რკო, რომელიც ნამდვილ რკოს არაფრით ჩამოუვარდება. ერთმა ქალბატონმა შეიცხადა კიდეც, ამხელა რკო საიდან გაქვთო. ჩემი კოლექციის 99% არის სამკურნალწამლო მცენარეებისგან დამზადებული. ყანწი ბზის ხისგან გამოვთვალე. ბზა როგორც ძვალი, ისეთი მაგარიმასალაა, ამიტომ მასზე მუშაობა საკმაოდ რთული და შრომატევადია. ბევრ მხატვარს აქვს ჩემი კოლექცია ნანახი და აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ხეზე ამოწვის მეთოდით ვხატავდიპორტრეტებს. ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ჩემის შვილის პორტრეტი. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს შოთა რუსთაველის ნახატი. ხის გარდა ვმუშაობ ქვაზეც. საკუთარი ხელით ქვაზე გამოვაქანდაკე დედაჩემის პორტრეტი. ულამაზესი დედა მყავდა.


ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ ეს საქმიანობა ჩემთვის განტვირტვის საუკეთესო საშუალებაა და ყოველთვის ვპოულობ დროს ამისთვის. ჩემი მეუღლე მეხუმრება ხოლმე, ამ ,,ჯოხების" გარდა არაფერი გახსოვსო.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები