15 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც ორქიდეებს უვლის და დიდ კოლექციაზე ოცნებობს

გელა ჯაფარიძე 15 წლისაა, თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობს და ყვავილებით არის დაინტერესებული. განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ორქიდეასთან, რადგან თვლის, რომ ორქიდეა სხვა ყვავილებისგან განსხვავებით, უცხო ცხოვრების წესით გამოირჩევა. ყვავილების გარდა მისი ჰობი ძველი, სიცოცხლედაკარგული ნივთების აღდგენა და დეკუპაჟია.

- როგორ დაინტერესდით ყვავილებით?
- ყვავილებით ჯერ კიდევ ადრე ბავშვობაში დავინტერესებულვარ (ასე მეუბნება დედა), უფრო მოყვავილე და უცხო ყვავილები მიზიდავს. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ევროპაში მშობლებთან ერთად მოგზაურობამ. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ქალაქები მორთულია ულამაზესი ყვავილებით, ჩვენს ქვეყანასთან შედარებით იქ მცენარეების დიდი არჩევანია. თავდაპირველად

მცენარეები გერმანიიდან ჩამომქონდა, მგზავრობის შემდეგ იწყენდნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდი მათ გამოცოცხლებას. შემდეგ მამაჩემი ჩაერთო ამ საქმეში და ხშირად ჩამოჰქონდა მცენარეები. თავიდან ვარდებით დავიწყეთ, შემდეგ კალანჰოე და ბოლოს იები. როცა მათთან ვარ, ყველა კარგად გრძნობს თავს, მაგრამ ზაფხულში მათი დატოვება სხვასთან მიწევს და ზოგჯერ ეს მარცხით მთავრდება. ყველა ყვავილს მე ვუვლი, მაგრამ დედაც ძალიან მეხმარება მათ მოვლაში.

- რამდენი სახეობის ყვავილი გაქვს შეგროვილი?
- სულ მაქვს 15 სახეობის მცენარე, უმრავლესობა მოყვავილეა. განსაკუთრებით მიყვარს ორქიდეები, უკვე სამი თვეა, ორქიდეების შეგროვება დავიწყე და 10 ორქიდეა მაქვს.

- შენ თვითონ თუ გაგიმრავლებია ყვავილები?
- ყვავილების გამრავლებით არ ვარ დაინტერესებული, მაგრამ რამდენიმე მარტივი მცენარე გამიმრავლებია. ყვავილის გამრავლება საკმაოდ ძნელი საქმეა, მათ დიდი ყურადღება და საჭირო პირობების შექმნა სჭირდებათ. მაგალითად, ორქიდეა საკმაოდ ძნელი გასამრავლებელია, თუ მისი გამრავლება თესლით გადაწყვიტეთ, ლაბორატორია უნდა გქონდეთ, ლაბორატორია რომც გქონდეთ, მის ყვავილობას 6 წელი უნდა ელოდოთ. თუ გაგიმართლათ, ის თვითონ გაიზრდის შვილს, რომელიც შედარებით მალე იყვავილებს, მაგრამ შვილის გამოყვანაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.

- ყვავილი, რომელიც ჯერ არ გაქვს და ოცნებობ მის შეძენას...
- საოცნებო ყვავილი არ მაქვს, საერთოდ, ყველა ყვავილი მინდა, რომ მქონდეს,მაგრამ მათი სახლში მოტანის საშუალება არ მაქვს, ფიზიკურად ვერ დავატევ ამდენ მცენარეს ბინაში, ამიტომ ვფიქრობ კერძო სახლზე, სადაც ორანჟერეა ცალკე მექნება. მცენარეების გარდა სახლში მყავს თუთიყუშები, თევზები, კატა.

- მათ მოვლას საკმაოდ დიდი დრო უნდა. სწავლის პარალელურდ როგორ ახერხებ ამ ყველაფერს?
- სწავლას მარტივად ვუთავსებ მცენარეების, ცხოველების და ფრინველების მოვლას, რადგან ამაში დედა მიწყობს ხელს.

- რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
- სამომავლოდ ვაპირებ გერმანიაში სწავლის გაგრძელებას, ამიტომაც დროებით დიდ კოლექციაზე უარის თქმა მიწევს. ამ საქმიანობას იქ გავაგრძელებ.
მერი ბლიაძე

კომენტარები

ლელა 2018-02-16 17:03
გთხოვთ დამიტოვოთ ორქიზიას როგორ მოუარო მისი წესები
Marafet 2016-07-10 03:27
მეც ორქიდეების ძმაკაცი ვარ და უნდა აღვნიშნო რომ, საკმაოდ იშვიათი ჯიშის ორქიდეები ჰქონია. ყოჩაღ ბიჭო!
ალექსანდრე 2016-06-30 09:24
გელა, ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და მჯერა ძალიან ბევრს გააკეთებ შენ ამ სფეროში!
ირმა 2016-06-29 20:27
ჩემი მზრუნველი ბიჭი
ნანა 2016-06-29 00:45
გელუ წარმატებები!

კომენტარის დამატება