ერთი პალმით დაწყებული ულამაზესი კოლექცია

ყველაფერი სტუდენტურ საცხოვრებელში ერთი პალმით დაიწყო. დღეს კი მეუღლის დახმარებით და თანადგომით ლანა დოიჯაშვილს ულამაზესი ყვავილების კოლექცია აქვს. ქართველი გოგონა გერმანიაში განათლების მისაღებად წავიდა და იქ დაოჯახდა. ძალიან ენატრება საქართველო. ახლო მომავალში ეროვნებით იტალიელ ქმართან ერთად გეგმავს ჩამოსვლას. ერთი სული აქვს, როდის გააოცებს მეუღლეს საქართველოს თვალწარმტმაცი ბუნებით და სილამაზით.


"გერმანიაში შვიდი წლის წინ ჩამოვედი. აგვისტოს ომის შემდეგ გადავწყვიტე მეცადა ბედი და მესწავლა გერმანიაში. ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, გერმანული ენის სპეციალობით . უცხო ქვეყანაში არ იყო ადვილი გზის გაკვალვა,უამრავი სირთულე გადავლახე.

ახლა უკვე აქ ვცხოვრობ და მასტერს ვაკეთებ ლინგვისტიკაში.

- რამდენი ხანია რაც ყვავილებით დაინტერესდით?
- სოფელში გავიზარდე და ჩემთვის ბუნებასთან კონტაქტი უცხო არასოდეს ყოფილა. სტუდენტურ საცხოვრებელში ერთი პალმა მყავდა, საშინლად ნელა იზრდებოდა, სხვა ყვავილების ადგილი არც მქონდა. დაახლოებით ორი წლის წინ ფეისბუქში ვიპოვე გვერდი ,,ჩენი ბაღი-ჩონცოლიდა/სოსანი" და აქედან დაიწყო ყველაფერი. იმდენ ლამაზ-ლამაზ ყვავლებს დებდნენ ჯგუფის წევრები, მეც გამიჩნდა სურვილი მქონოდა მსგავსი მცენარეები. თავიდან ყველა ყვავილი მინდოდა მყოლოდა, ვყიდულობდით და მოგვქონდა სახლში, ზამთარში ვერ გამოვაზამთრეთ და გული დაგვწყდა. მივხვდით ყველაფრის ყოლა შეუძლებელია და წელს სხვანაირად დავგეგმეთ. ჩემს მეუღლეს დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი აივნების გამწვანებასა და გალამაზებაში, ამბობს, რომ მე მეხმარება,თუმცა თავადაც ძალიან მოსწონს ეს საქმე. აკეთებს ახალ თაროებს, მომავალი წლისთვის გეგმას ადგენს. გვინდა ჩვენც ვისიამოვნოთ ყვავილების სილამაზით და გამვლელების ყურადღებაც მიიქციოს.

- ძირითადად როგორი ტიპის ყვავილები მოგწონთ?
ძირითადად მოყვავილე ყვავილები მოგვწონს. აივნები, რომ კარგად გამოიყურებოდეს აუცილებლად მოყვავილე ყვავილები უნდა გაახარო. წელს პელარგონიებმა და პეტუნიებმა, თავი არ დაიშურეს და გაგვახარეს. გაზაფხულიდან ყვაოდნენ კროკუსები,ტიტები,ნარცისები.ამარილისები იანვარსა და თებერვალში. შარშანდელმა ლილიებმა იყოჩაღეს და წელსაც გაგვახარეს. გვყავს ოლენადრის ხე, კამელია,აზალეა. ხელმოწერის დღეს გვაჩუქეს ყვითელი ჩინური ვარდის ხე და ძალიან ვუფრთხილდებით.

- ყვავილების მოვლა აქამდეც იცოდით თუ რაც აივანი გაამწვანეთ მას მერე ისწავლეთ?
მცენარეებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ვიცოდი, თუმცა აივნის პირობებში სხვა ხერხებია საჭირო. როდესაც წვიმებია, ვცდილობ მოვარიდო ბევრს წყალს, ვუცვლი ადგილებს როცა ძალიან ჩამოცხება, მზეს ვემალებით. ყვავილების მოვლის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე ჩვენს გვერდზე.

- რამდენი სახეობის ყვავილი გაქვთ და ვინ დაგეხმარათ შეგროვებაში?
- ზუსტად არ ვიცი რამდენი სახეობის ყვავილი გვაქვს. მე და ჩემი მეუღლე ვყიდულობთ. მას განსაკუთრებით პელარგონიები და ბეგონიები მოსწონს,თუმცა ბეგონიებს არ მოსწონთ ჩვენთან. სამაგიეროდ შაშვი გვყავდა წელს, ოთხი კვერცხი დადო, გამოჩეკა, დააფრთიანა ბარტყები და გადავიდნენ ჩვენგან. სახალისო და სასიამოვნო იყო მათი სტუმრობა. (იღიმის)
ოთახში გვყავს რამდენიმე ორქიდეა, საკმაოდ დიდი სპატიფილუმი, ანთურიუმი და ბარაქის ხე. წელს კლემატისი ვიყიდეთ,ულამაზესია თუმცა აივნისთვის საკმაოდ არასახარბიელო. ერთი-ორი კვირა იყვავილა, ეს კი ცოტაა.

- აივნებისთვის სპეციალურად არჩევთ ყვავილებს?
- სპეციალურად არჩევა ალბათ მესამე წელს უფრო დაიწყება,ეს ორი წელი დაკვირვების და აღმოჩენების წელი იყო. პელარგონიები, პეტუნიები, კალიბრაჰოა, მანდევილა, გვირილები ძალიან უხდება ჩვენს აივანს და კლიმატს.

- თითოულ მათგანს განსხვავებული მოვლა სჭირდება?
- რა თქმა უნდა ყველას თავისებური მოვლა სჭირდება.საკვებით დიდად არ ვანებივრებ.რამდენჯერმე ბანანის ნაყენი დავამზადე. ყვავილებისთვის მიწას ვყიდულობთ და მასშიც მშვენივრად გრძნობენ თავს. ბეგონიებს ვერ მივეჩვიეთ, ბევრჯერ ვცადეთ მათი გახარება, მაგრამ უშედეგოდ. არც მზეზე მოსწონთ,არც ჩრდილში. აღმოსავლეთის აივანზე პომიდვრები, პიტნა, წიწაკა, ბაზილიკი, როზმარინი, ქონდარი, ნიახური გვითესია.

- საქართველოსთან შდარებით გერმანიაში როგორაა განვითარებული მცენარეების კულტურა?
- ახალი არ იქნება რასაც ვიტყვი,გერმანიაში ყველა დაინტერესებულია მცენარეებით. დიდ ყურადღებას აქცევენ ეკოლოგიას. ყველა ჩართულია და გააზრებული აქვთ, რას ნიშნავს მოუარო და შეინარჩუნო ფლორა. ქალაქში ხეებს ნათლიები ჰყავთ. მიკრულია აბრა და აწერია, ამ ხეს ჰყავს ნათლია, პატრონი. მის ძირში ყვავილებია დარგული, ძირითდად ვარდები. აქ ყველა ზრუნავს თავის ხეზე.

- არ გიოცნებით კერძო სახლზე, სადაც თქვენი ყვავილების მიმართ სიყვარულს, ფანტაზიას ფართო გასაქანი ექნებოდა?
- ეზო რომ მქონდეს, ალბათ, მთელს თავისუფალ დროს იქ გავატარებდი. ფანტაზია უსაზღვროა და ბევრი რამის შექმნაა შესაძლებელი, მთავარია ამაში სივრცე და გარმო გიწყობდეს ხელს. ერთმა შვეიცარიელმა ჭკვიანმა ბაბუმ მითხრა,ძალიან მიკვირს ქართველები ასეთ შესანიშნავ ბუნებრივ რესურსებს რომ არ იყენებთ. მთის მდინარეები უხვად გაქვთ და ერთი მინი ჰესი პატარა მთის სოფლისთვის, ან რამდენიმე მოსახლისთვის ადვილი წარმოსადგენიაო. მწვანე მოძრაობა საქართველოში დაწყებულია, თითოეულმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის განვითარებაში. ბუნებასთან ურთიერთობა საუკეთესო თერაპიაა. ძალიან მინდა ამ კუთხით ქართველებმა მსოფლიოში თავი ვისახელოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები