ორქიდეების გამრავლებისა და მოვლის წესები ცნობილი კოლექციონერისგან

ორქიდეა ანტიკური ეპოქიდან, ტროპიკული ტყეებიდან იღებს სათავეს და დღესაც აღფრთოვანებას იწვევს მნახველში. თავდაპირველად მას სამეფო ბაღებში აგროვებდნენ და ეთაყვანებოდნენ. ორქიდეა სიბრძნისა და სილამაზის სიმბოლოდ მოიაზრებოდა, საყვარელ ადამიანებს ჩუქნიდნენ და მსოფლიოში დღემდე ყველაზე პოპულარულ მცენარედ ითვლება. ორქიდეების კოლექციონერი ალექსანდრე ბაინდურაშვილი გვიამბობს, თუ როგორ უნდა გავამრავლოთ ეს მცენარე, როგორი პირობები შევუქმნათ, როგორ დავიცვათ მავნებლებისგან, რათა თავისი თვალისმომჭრელი სილამაზით ცხოვრება გაგვილამაზოს.

- დაბადებიდან მიყვარს ყვავილები. ბებია ბიოლოგი იყო და უზომოდ ჰყვარებია მცენარეები. საინტერესო ის არის, რომ როცა ბებია გარდაიცვალა, მე შვიდი წლის შემდეგ დავიბადე, ალბათ ჩემი ყვავილებისადმი სიყვარული გენეტიკურია. დედა იხსენებს ხოლმე, ხელში რომ აგიყვანდი და სადმე ფოთოლს ან ყვავილს დაინახავდი, მოსვენებას კარგავდი, ხტოდი, სანამ მასთან არ მიგიყვანდი, არ ისვენებდიო. თავდაპირველად კაქტუსების შეგროვება დავიწყე. ჩვენთან ახლოს მამაჩემის ბიძაშვილს აქვს აგარაკი. ის იყო დაინტერესებული კაქტუსებით და მრავალფეროვანი კოლექცია ჰქონდა. უზომოდ მომწონდა და გადავწყვიტე, მეც შემეგროვებინა. მე-8 კლასში დაახლოებით 80 ჯიშის კაქტუსი მქონდა. 4 წლის ვიყავი, ცუდად გავხდი და მშობლებმა ექიმთან წამიყვანეს. რომ მივედით, მოსაცდელში ძალიან ლამაზი კაქტუსი დავინახე, ბურთებივით ჰქონდა შვილები ასხმული. წამოსვლის წინ მოვწყვიტე და მუჭში დავმალე. როგორ მოვითმინე ეკლების ჩასობა, არ ვიცი. როცა დავიძინე, მერე ნახა დედამ ჩემს მუჭში დამალული კაქტუსი. მთელი ღამე მაცლიდნენ ეკლებს. დედამ ეს კაქტუსი გაახარა და დღესაც გვაქვს, სამწუხაროდ, ცოტა მობერდა.



- როგორც ვიცი, განსაკუთრებული დამოკიდებულება ორქიდეასთან გაქვთ.
- ორქიდეა ჩემი მისტიკური გატაცებაა. წლების წინ ეს ყვავილი ჩემთვის მიუწვდომელი იყო. მხოლოდ ვოცნებობდი, მაგრამ ვიცოდი, ამ ოცნებას აუცილებლად ავიხდენდი. დაახლოებით 15 წლის წინ ბიძაჩემმა გერმანიიდან ჩამოიტანა 10 ძირი ორქიდეა. საოცარი გრძნობა გამიჩნდა და ამის შემდეგ მთლიანად ორქიდეებზე გადავერთვე. იმდენად საინტერესო და სასიამოვნოა ამ მცენარესთან ურთიერთობა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გადაახალისა. კაქტუსები და სხვა მცენარეები მიყვარს და ვაგროვებ, მაგრამ ორქიდეასთან ყველაფერი უფასურდება. დაავადებასავით შემეყარა.

- ორქიდეებს თქვენ თვითონაც ამრავლებთ თუ მხოლოდ გახარებულ ძირს ყიდულობთ?
- მათი გამრავლება საკმაოდ რთულია, თუმცა ჩემი ორქიდეების 10% თავად გავამრავლე.



- გაგვიზიარეთ ორქიდეის გამრავლების თქვენეული მეთოდი.
- საუკეთესო საშუალებაა ორქიდეის ხელოვნური გზით გამრავლება. არსებობს სპეციალური საცხი-ჰორმონი Kეიკი ორცჰიდ. ამ საცხს მცირე რაოდენობით ვადებთ საყვავილე ღერზე განვითარებულ კვირტზე მას შემდეგ, რაც კვირტს ფრთხილად მოვაცლით აპკს, რომელიც მას ფარავს, ისე, რომ არ დავაზიანოთ. ამ დროს ორქიდეა აუცილებლად უნდა იყოს დაყვავილებულ მდგომარეობაში. გასამრავლებლად უნდა შევარჩიოთ ძლიერი და ჯანმრთელი ყვავილი, რადგან ჰორმონის გამოყენება ასუსტებს მას.

ორქიდეის თესლით გამრავლება სტერილურ პირობებს მოითხოვს და საკმაოდ რთულია. თესლიდან ამოსული ორქიდეა დაახლოებით 5-6 წლის შემდეგ იყვავილებს.



- ორქიდეის ბევრი სახეობა არსებობს?
- მსოფლიოში ორქიდეის უამრავი სახეობა არსებობს. ბუნებრივ სახეობებს ყოველწლიურად ემატება ათასობით და ათი ათასობით ჰიბრიდი. აჯვარებენ სხვადასხვა სახეობის ორქიდეებს, რის შედეგადაც სრულიად განსხვავებულ სახეობებს იღებენ.

- საქართველოში თუ ხდება ახალი ჯიშის გამოყვანა?
- საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს ამის ბაზა. საზღვარგარეთ, სადაც ორქიდეები გამოჰყავთ, ეძახიან

ორქიდეების ფერმას. ასეთი ფერმა საქართველოში კი არა, მთელ ამიერკავკასიაში არ არსებობს, რადგან ძალიან დიდ თანხებს, სიღრმისეულ ცოდნას და სპეციფიკურ გარემო პირობებს მოითხოვს.



- საქართველოში ორქიდეის რომელი სახეობაა გავრცელებული და აქტუალური?
- საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახეობაა ჰალენოპსის. ის სითბოსა და სინათლის მოყვარულია. მისი უხვი ყვავილობის აუცილებელი პირობა სწორედ სინათლეა. ჰალენოპსის-ს არ უყვარს პირდაპირი მზე, მხოლოდ დილის მზეს ეტრფის. პირდაპირმა მზემ შესაძლოა, ფოთლები და ფესვები დაუწვას, რაც მის დაღუპვას გამოიწვევს. კარგად ხარობს სახლის პირობებში, მთავარია სწორი მორწყვა და სინათლე. მისი ფესვები უნდა მოვათავსოთ გამჭვირვალე ქოთანში, რადგან ფესვები, ისევე როგორც ფოთოლი, ფოტოსინთეზის პროცესში მონაწილეობს. შეიცავს დიდი რაოდენობით ქლოროფილს და მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სინათლეს. ბუნებრივ ორქიდეას აქვს არაჩვეულებრივი სუნი და გამორჩეული შეფერილობა. თითქმის ნახევარი წელიწადი ყვავილობს და ასაჩუქრებს პატრონს თავისი სილამაზით. ორქიდეას განსაკუთრებული მორწყვის მეთოდი აქვს. მცენარის მორწყვას განაპირობებს მისი ფესვის შეფერილობა. როცა ფესვები გაუვერცხლისფერდება, ქოთანს ვდგამთ ღრმა თასში და ვასხამთ წყალს ისე, რომ ორქიდეის ქოთნიდან გადმოსული წყალი გარედან მოადგეს ქოთნის კიდეს და ყველა ფესვი წყლით დაიფაროს. ვაჩერებთ დაახლოებით 15-20 წუთი, შემდეგ ვიღებთ თასიდან და როდესაც კარგად დაიწურება, თავის ადგილზე ვაბრუნებთ. მორწყვის შემდეგ ფესვები ხასხასა მწვანე ფერს იღებს. მორწყვის დროს გაითვალისწინეთ, რომ წყალი არ უნდა მოხვდეს ფოთლის ცენტრში, ანუ როზეტში, საიდანაც ახალი ფოთოლი ვითარდება. ამან შეიძლება როზეტის ლპობა გამოიწვიოს. თუ მაინც მოგვიხვდა წყალი ამ ადგილზე, ბამბით ფრთხილად უნდა მოვამშრალოთ. ორქიდეას აუცილებლად სჭირდება კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქი, მაგრამ ყვავილობისას სასუქის მიცემა არ შეიძლება, რადგან ყვავილობის ინტერვალს საგრძნობლად ამცირებს. მაგალითად, თუ ნორმალურ პირობებში ყვავილობს ხუთი-ექვსი თვე, სასუქის მიცემის შემდეგ შეიძლება 2-3 თვეში დაასრულოს ყვავილობა. დაყვავილების შემდეგ უნდა დავასვენოთ ერთი თვე და ამის მერე დავიწყოთ მისი მომზადება ახალი ყვავილობისთვის. როცა განივითარებს ფოთოლს, შევატყობთ, რომ ფესვთა სისტემა იზრდება და ვრწყავთ სასუქიანი წყლით. ხელმისაწვდომი, იაფი და გამართლებული საშუალებაა თევზების აკვარიუმიდან ამოღებული წყლით მორწყვა, რადგან აკვარიუმის წყალი დიდი რაოდენობით ფოსფორს შეიცავს, მდიდარია მინერალებით და სასუქით.



- როცა ორქიდეა წყვეტს ზრდას და ცუდად ყვავილობს, რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი?
- შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ნემატოდების კოლონია, რომელიც ფოთლის ქვედა მხარეს სახლდება და მცენარის წვენით იკვებება. მის სამკურნალოდ გამოიყენება ნემატოციდები.



- როგორ ვუმკურნალოთ დაზიანებულ ორქიდეას?
- ხშირ შემთხვევაში, არასწორი მოვლის პირობებში ორქიდეებს უზიანდებათ ფესვთა სისტემები. ფესვი მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი კომპონენტია. ფესვის დაზიანების შემთხვევაში მცენარეს ვიღებთ ქერქიდან და გადაგვაქვს სფაგნუმის ხავსში. თუ ორქიდეას გადარჩენის შანსი აქვს, ის ხავსის გარეშეც შეიძლება გადავარჩინოთ, მაგრამ ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, რაც ჩვენგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამიტომ უმჯობესია, გადავიტანოთ სფაგნუმის ხავსში, ის ებრძვის სოკოვან დაავადებებს და მკურნალობს მას, რომ აღარ განვითარდეს ლპობა, და აძლევს ორქიდეას ძალას, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ახალი ფესვების გამოტანა. აუცილებელია, დაზიანებული ფესვები სტერილური იარაღით მოვაცილოთ. თუ შეამჩნევთ, რომ დიდი ადგილი დარჩა მოჭრილი ღიად, თავი დავიზღვიოთ და ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ სამედიცინო ნახშირი, რომელიც კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა. როდესაც დავამთავრებთ ფესვების დათვალიერებას და არასაჭირო ფესვების მოცილებას, უკვე გადაგვაქვს ხავსში, რომელიც სპეციალურად გვექნება მომზადებული. ხავსი მორწყვის დროს ბევრ წყალს იწოვს, ამიტომ ქოთანი დავდგათ ღრმა ლანგარზე და ქვეშ დავუსხათ პატარა ჭიქით წყალი, ხავსი თანაბრად შეიწოვს და გაანაწილებს ტენს.

მერი ბლიაძე

 

ეს და ბევრი საინტერესო სტატია იხილეთ ჟურნალ "შინის" მე-5 ნომერში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები