დედამთილის მიერ დანატოვარი საოცარი ბაღი, რომელსაც ცნობილი ექიმი სათუთად უვლის

ახმეტაში ყველა იცნობს ექიმ ნევროპათოლოგს მაია კოხტაშვილს. გარდა მედიცინისა, ქალბატონი მაია დაინტერესებულია მებაღეობითაც. მისი საკმაოდ დიდი ბაღი სავსეა ყვავილებით, ხეებით, ხე-ყვავილებით, დეკორაციებით, აქ ფერწერულ ნამუშევრებს და მძივებით დაქარგულ სურათებსაც კი შეხვდებით. უპირატესობას ბუნებრიობას ანიჭებს, სწორედ ბუნების სიმშვენიერე და სისადავე იგრძნობა მის ეზოშიც. თავის ნებაზეა მიშვებული, სულ უბრალოდ ხელშევლებული მცენარეები, გალაღებული და გაფოთლილი ხეები, მსხალზე ასული მრავალწლიანი სურო, მიწამდე თავდახრილი ტირიფი, რიყის ქვებით მოპირკეთებული დაბალი ღობეები, საოცარი დეკორაციები, მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები - თავს ჯადოსნურ ადგილას გაგრძნობინებთ, ადგილას, სადაც ფერიებს და სხვა

ათას მაგიურ არსებას დაუდია ბინა.


თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ჯადოსნური ადგილი ქალბატონი მაიას შექმნილი არ არის, ეს ყველაფერი მის დედამთილს ქალბატონ ინეზას დაუწყვია, მასვე დაურგავს უზარმაზარი ხეები, დაუეგეგმარებია ბაღი, მასვე დაუქარგავს მძივებით სურათები და დაუტოვებია საკუთარი შთამომავლობისთვის. ამ ყველაფერს დღეს ქალბატონი მაია აგრძელებს და საკუთარ კვალს ტოვებს. ძვირფასი დედამთილის ჰობი მისი ხსოვნის პატივსაცემად ქალბატონმა მაიამ საბოლოოდ საკუთარ ჰობად აქცია. მისი თქმით, ბაღის მოვლა ერთგვარი თერაპია და რელაქსია.

- ყვავილების მოვლის პროცესი ჩემი ანტიდეპრესანტია, მამშვიდებენ, მაწყნარებენ. სამსახურიდან რომ მოვდივარ ემოციებით დატვირთული, ყვავილები მშვენივრად მიხსნიან სტრესს. თითოეული ყვავილი და ბალახი ჩემთვის აქ მნიშვნელოვანია. მიხარია, ვესაუბრები, ვეფერები - ეს ჩემი განწყობა მათაც ედებათ და ისინიც ყვავიან, იფურჩქნებიან. ჩემი ყვავილები და ბაღი დადებითად მოქმედებენ ჩემს პაციენტებზეც. ხშირად უთქვამთ, აქ რომ შემოვდივართ, უკვე ყველა ტკივილი და ავადმყოფობა გვავიწყდებაო.

- ძირითადად რა ჯიშის ყვავილები ხარობს თქვენს ბაღში?
- უმეტესად ოთახის ყვავილები, ბალბები, პატარძალები, პეტუნიები, ასევე - ქრიზანთემები, გეორგინები, შროშანები, მაქვს განსაკუთრებული ჯიშის ხე ყვავილებიც - მაგალითად დეკორატიული უთხოვარი, წითელი ნეკერჩხალი, ზეთისხილის ხე, ბანანის ხე. უამრავი ვარდი მაქვს. დეკორაციების შექმნაში ჩემი შვილები მეხმარებიან, სულ პატარა სუვენირებისგან, დამტვრეული ჭურჭლისგან თუ თიხის ან კერამიკის ნაკეთობებისგან უამრავი საინტერესო რამის შექმნა შეიძლება. გარდა ყვავილებისა, მაქვს პატარა ბოსტანიც სადაც პომიდორი, ბადრიჯანი, კიტრი, მწვანილი მომყავს. მიწასთან ურთიერთობა უზარმაზარი სიამოვნებაა.

- რამდენი ხანი ქმნიდით ამ ყველაფერს?
- ამ ყველაფერს თავის ისტორია აქვს. ეს ყველაფერი ჩემმა დედამთილმა შექმნა. მისი გარდაცვალების შემდეგ დამრჩა შიში, რომ ვერ მივხედავდი და ვერ მოვუვლიდი. ამიტომ შევეცადე მაქსიმალურად, შედეგს კი თავადაც ხედავთ.

- როგორ უნდა შევქმნათ დეკორაციები?
- გამოგადგებათ ძველი ხეები, უცნაური ფორმის ტოტები, კენჭები, ნიჟარები - საინტერესოა და ძალიან ლამაზი გამოდის დეკუპაჟი ქოთნებზე. რომლისთვისაც ლამაზი ხელსახოცები და წებო ემულსია დაგჭირდებათ. ჩემს შვილებს ხატვა ეხერხებათ და ხშირად ხატავენ ღობეებზე, კედლებზე. საინტერესო დეკორის შექმნა შეიძლება თიხისგან გამოძერწილი სხვადასხვა ფიგურით, შეიძლება პატარა ამბავიც კი შექმნათ და პერსონაჟები გამოძერწოთ, რაც არაჩვეულებრივ განწყობას ქმნის.


- რას ურჩევდით მათ ვისაც ბაღის გაშენება სურთ?
- პირველ რიგში ვურჩევდი მონდომებას, მცენარეების მოგროვებას. ძალიან მსიამოვნებს როდესაც მცენარეებს მთხოვენ, ხშირად პაციენტებსაც ვაძლევ ხოლმე - ეს ჩემთვის განსაკუთრებული რიტუალია, ყვავილების გაჩუქება, მათთვის ვისაც ვგრძნობ რომ ისინი სჭირდებათ. შემდეგ მათ ამბავს სულ ვკითხულობ და როდესაც ვიგებ, რომ მათ გაიხარეს, გაიზარდნენ, ისე მიხარია, თითქოს ჩემი შვილების ამბავს ვიგებდე.


- რომელიმე მცენარეს თუ გამოარჩევდით ან მის ისტორიას?
- სურო, რომელიც მსხალზეა ასული, 50 წლის მაინც იქნება. კენწერომდე მიაღწია და შემდეგ ტევრებად მიწამდე ჩამოუშვა თავისი ხვიარები. ბავშვები ზედ შეახტებიან და ქანაობენ ხოლმე. სიმბოლურია ეს ხე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, თითქოს ჩვენი კერაა, ჩვენი სიმტკიცე და თილისმა. ზედ უამრავი ჩიტი ბუდობს, ძირითადად კი შაშვები. სხვა ხეებზე ბინადრობს ციყვი, ოფოფი, ბუ. არც მინდა იმის გაფიქრება, რომ ოდესმე ეს ყველაფერი აღარ იქნება.


- რა შეცვალეთ ან დაუმატეთ ბაღს, მას შემდეგ, რაც თქვენ დაიწყეთ მისი მოვლა?
- შემოსასვლელი მოვკირწყლე დიდი ქვებით, რკინის კარი ხის კარით ჩავანაცვლე, წიწვოვანი ხეები დავრგე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ორი უნიკალური ხე, რომელიც კალიფორნიის სანერგედან გამოვიწერეთ. ესენია: ატლანტიკური მტირალა კედარი და იაპონური გინგკო. გინგკო იმითაა გამორჩეული, რომ „ცოცხალ ნამარხს“ უწოდებენ, მიუხედავად უამრავი კლიმატური ცვლილებისა, ეს ხე 200 მილიონი წელია არ შეცვლილა, გინგკო გვაკავშირებს შორეულ წარსულთან, იმ დროსთან, როცა ჯერ კიდევ დინოზავრები ცხოვრობდნენ.
შარშან ავაშენეთ ღვინის მარანი, რომელიც მოვაწყეთ ტრადიციული სტილით, ჩავყარეთ ქვევრები და ღვინოც ჩამოვასხით. მოკლედ ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ ის საქმე, ის მიმართულება, რომელიც ჩვენმა ოჯახმა წლების წინ დაიწყო.


მერი ბლიაძე

კომენტარები

Cinari 2017-08-30 15:10
Minda bevri kargi rame davweroo. Ubralod mikvarxart da meamakeba rom gvkavxart axmetelebs
nino 2017-04-20 13:33
maiteresebs mtirala tiripis dargva saxshi sheidzleba tu ara mezoblebi mishlian
ლულუ 2016-09-14 21:00
არ გიცნობთ, მაგრამ მიყვარხართ
ასმათ კვარაცხელია 2016-08-31 13:09
თვითონ დიდად მოყვარული ვარმცენარეების,მაგრამ აშკარად მიხარია თქვენისთანა ადამიანების გაცნობა...უპირველესად მადლობა მერის,ყვავილების პრინცესას,თქვენნაირ ხალხს რო მ გვაცნობს და ამით გვანებივრებს...ვერასდროს გაგიცნობდით,ეს ფაქტორი რომ არა...ყველაფერი ვიცი თქვენზე...თქვენს პიროვნებაზე...ამ ამბავს ყვავილები მიამბობებ...დაგელოცოთ მარჯვენა და ქალობა
ნატო ნარსია 2016-08-29 14:26
ქ.ნო მაია თვითონაც ზღაპრული პიროვნება ბრძანდებით სიკეთით და სიყვარულით სავსე დაუღალავი და იშვიათად იმედიანი ადამიანი ყურადღებიანი ექიმი და საუკეთესო მეგობარი მიხარიხარ და მიყვარხარ უზომოდ

კომენტარის დამატება