"ბაბუს დავპირდი და მის ეზოს კიდევ უფრო გავალამაზებ" - 24 წლის ქართველი გოგონას ულამაზესი ეზო და კომპოზიციები

ანა ნიშნიანიძე პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ახალი მიღებული აქვს უმაღლესი განათლება და სწავლის გაგრძლებას საზღვარგარეთ გეგმავს. თუმცა ანას ძირითადი საქმიანობის გარდა ძალიან უყვარს ბაღისა და ყვავილების მოვლა და ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში მდებარე პატარა ეზოს მისი ხელი ატყვია.

- ჩვენი ბაღი გაშენებულია ტყის პირას სამკურნალო თვისებების მქონე წყაროების გარემოცვაში.

- როდის დაინტერესდი ყვავილებით?
- ყვავილებზე ზრუნვას ბებო და ბაბუ ბავშვობიდან მასწავლიდნენ, მაგრამ უშუალოდ ამ პროცესში უფრო აქტიურად წელს ჩავები, მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ იმ ყველაფერს, რაც მათი საოცარი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა, სჭირდებოდა არა მარტო მზრუნველობა, არამედ განვითარებაც.


- რამდენი ხანი აწყობდით ამ ბაღს და ვინ გეხმარებოდათ?
- ბაღის მოწყობა-გალამაზებაში მთელი ოჯახი ვმონაწილეობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს სხვადასხვა იდეებსა და პროექტებს. ეზოში გვაქვს სხვადასხვა ჯიშის ვარდები, პალმები, ეზოსა და ოთახის ყვავილების დაახლოებით ორმოცდაათი განსხვავებული სახეობა, რომელთა რიცხვიც მომავალ წელს მნიშვნელოვნად გაიზრდება.

- იცოდი ყვავილების მოვლა თუ თანდათან ისწავლე, მუშაობის პროცესში?
- ყვავილების მოვლის ძირითადი პრინციპი ვიცოდი, მაგრამ არსებობს ყვავილების სახეობა, რომლებსაც სჭირდება განსაკუთრებული პირობების შექმნა და მათი მოვლის შესახებ ყოველთვის ვცდილობ ინტერნეტის

დახმარებით მოვიძიო ინფორმაცია. ასევე ძალიან მომწონს სხვადასხვა კომპოზიცია, რადგან ბაღს უხდება და განხსვავებულად წარმოაჩენს, შესაბამისად ყოველთვის ვცდილობ მოვიძიო ინფორმაცია მათი გაკეთების შესახებ და შემდეგ საკუთარი ინტერპრეტაციით ვცდილობ შევქმნა ისეთი დეკორაციები, რომლებიც ჩვენი ბაღის მდებარეობას განსაკუთრებულ ელფერს შესძენს.

- მომავალში აპირებთ ამ ბაღის კიდევ დახვეწას და გაფართოებას?
- ბაღი, რომელიც ახლა მაქვს, საწყისი ეტაპია მისი შემდეგი განვითარებისათვის. გვაქვს მიწის საკმაოდ დიდი ფართობი, რომელზეც ბაღის გაშენება, მისი დიზაინი მე და ბაბუმ ერთად დავგეგმეთ. სამწუხაროდ, ჩვენი ერთობლივი იდეების განხორციელება ახლა უკვე მის გარეშე მომიწევს. შევეცდები საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმუმი გავაკეთო დანაპირების შესასრულებლად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები