ულამაზესი ყვავილები და ხის ნაკეთობები - ცოლ-ქმრის მიერ შექმნილი საოცარი გარემო

ქალბატონი ლეილა ვაზაგაშვილის ულამაზეს ეზოში ველური ბუნების და დიასახლისის გემოვნებით შერჩეული მცენარეების საოცარ სინთეზს შეხვდებით. აქ ყველა მცენარე ქაოსურადაა განლაგებული, რაც საოცარ ელფერს მატებს ბაღს. ყვავილებში ბებოსთან ერთად პატარა სანდრო დაფუსფუსებს, რწყავს და შემხმარი ფოთლებისგან ასუფთავებს მათ.


- დედა მყავდა ბიოლოგი. სოფელში დაბადებული და გაზრდილი ვარ. გორის რაიონში ცივი ზამთარი იცის, ტროპიკულ ყვავილებს იქ ძალიან უჭირთ გახარება. კარგად მახსოვს, ფანჯარაში ჰქონდა ხოლმე დედას დადგმული თეთრი კალები. ეზოში უამრავი ტიტა, პიონები და სხვა მრავალი ჯიშის ყვავილი ყვაოდა. სამოთხეში გეგონებოდათ თავი. სკოლაშიც ბიოლოგიის

კაბინეტი ულამაზესი ყვავილებით ჰქონდა დამშვენებული. ამ სილამაზემ, დედის გატაცებამ და ალბათ გენეტიკამაც ჩემზე იქონია გავლენა.

 

ოთხი წელია ეს ადგილი ვიყიდეთ. ერთი წელი მშენებლობას მოვამდომეთ და უკვე სამი წელია საცხოვრებლად გადმოვედით. მანამდე კორპუსის სახლში ვცხოვრობდით. იქ აივანზე 120 ძირი ტიტა მქონდა. წარმოგიდგენიათ, ერთოთახიან ბინაში 120 ტიტა? ამ ეზოსთვის ჰოლანდიური ტიტების ბოლქვები მქონდა ნაყიდი, მაგრამ იმის გამო, რომ მშენებლობა მქონდა და უამრავი სატვირთო შემოდიოდა ეზოში, აქ ვერ დავრგე და ისევ კორპუსის სახლში მომიწია მათი გახარება.


- ალბათ ნიადაგიც გაფუჭებული იყო როცა გადმოხვედით. როგორ გაანოყივრეთ?
- კი, ნიადაგი ძალიან იყო გაფუჭებული. შემოვიტანე დიდი რაოდენობით ნაკელიანი ტყის მიწა და დავყარეთ. იმის მერე ყოველ წელს ვყიდულობ ტომრებით და ვშლი ეზოში. კარგი ნიადაგი აუცილებელია მცენარეებისთვის. 2003 წლიდან აქ იყო მიტოვებული მინდორი. ამ ადგილას ადამიანს არასოდეს უცოვრია, არც არაფერი იყო დარგული. ამ ქლიავის ადგილას იყო მხოლოდ ერთი ბებერი ქლიავი, ეს იმის შვილია. უკანა ეზოში არის ერთი ტყემალი. ეს იყო და ეს, სხვა აქ არაფერი იყო, რასაც ხედავთ ყველაფერი ჩემი ხლითაა დარგული. როგორც კი დამთავრდა მშენებლობა, მაშინვე დავიწყე მცენარეების და ხეების დარგვა. მომივიდა ერთი შეცდომა, ესეც ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერში არ ვიყავი გათვითცნობიერებული. თავდაპირველად უნდა მომესპო სარეველა და მერე გამეშენებინა ბაღი. იმის მერე ვებრძვი ამ სარეველას, მაგრამ მაინც იჩენს ხოლმე თავს ჩემს ყვავილებში.


- ბაღი ალბათ ყოველ წელს მოითხოვს ცვლილებებს.
- კი, ვგეგმავ ამ გაზაფხულზე დიზაინის შეცვლას. ერთი და გივე გარემოს ყურება ცოტა მოსაბეზრებელია. დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს ლამაზი ეზო, სულ სჭირდება განახლება, გასუფთავება, ხელის შევლება. ამ ყველაფერს თითქმის მარტო ვაკეთებ. შიგადაშიგ მეუღლე მეხმარება, ხან სიძე. როცა დიდი ხეებია დასარგველი ამას მარტო ვერ შევძლებ, მაინც ქალი ვარ. ზოგჯერ მუშას ვიშველიებ.


- ხეხილიც ბევრი გაქვთ.
- ატმები მაქვს ჩაყრილი, ასევე ყურძნის რამდენიმე ჯიში, ქლიავი, მსხალი, მუშმალა, ლეღვი, კაკალი და სხვა. რაც აქ ვართ, არც ამ ქლიავს მოუცია ნაყოფი და წელს დავემუქრე თუ ნაყოფს არ მოგვცემ მოგჭრი მეთქი. დამიჯერეთ მცენარეს ესმის პატრონის საუბარი. ყვავილნარელია ერთი ძალიან სასიამოვნო ქალბატონი, მარინა ვაშაძე და მასთან მივდიოდით სტუმრად სოფელში. ბაღში ჰქონდა შაბიამნისფერი, ძალიან იშვიათი სილამაზის მქონე იპომიები, რომელიც იშლება დილით. მარინამ გვითხრა, რომ დილით, როცა ეს ყვავილი გაიშალა, შევეხვეწე, შევემუდარე, არ დაიხურო, სანამ ჩემი გოგოები არ გნახავენ, როგორი ლამაზი ხარ-თქო. საღამოს 9 საათზე წამოვედით იქიდან და მაშინ დაიხურა. არ მგონია, ეს დამთხვევა იყოს. ყველანი გაოცებულები წამოვედით.


ულამაზესი ყვავილების გარდა ქალბატონი ლეილას სახლში იშვიათი და საუცხოო ხის ნაკეთობებსაც შეხვდებით, რომლებიც მისი მეუღლის ბატონი ალექსანდრე მანწკავას ხელითაა შექმნილი. ბატონი ალექსანდრე პროფესიონალი დრამატურგი და სხვადასხვა სატელვიზიო მხატვრული თუ ანიმაციური ფილმის ავტორია. ამ არაჩვეულერივი ნივთების შექმნის სურვილი პენსიაზე გასვლის შემდეგ გაუჩნდა.

- 40 წელი კინოსტუდიაში ვიმუშავე. 15 ფილმი მაქვს გაკეთებული. ერთ-ერთია მრავალსერიანი ფილმი "მიზანი". როცა პენსიაში გავედი, ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და ამ საქმიანობამ გამიტაცა. როცა ბუნებაში ვნახავ ნივთს, მომეწონება, იმას ვაძლევ შესაბამის ფორმას. სპეციალური იარაღებით არასოდეს მიმუშავია. პრიმიტიულ იარაღებს ვხმარობ. ზოგი კოვზით, ზოგი კოვზის ტარით მაქვს ამოჭრილი. ეს კოლექცია ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ყოველ ჯერზე მათი დათვალიერება სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ცისანა ცისა 2017-06-17 09:50
ყოველივე კარგი ამ ლამაზ და სიყვარულით სავსე ოჯახს.
Zoia ruadze 2017-06-15 13:56
ულამაზესი და დიდი გარჯის შედეგი...
მანანა 2017-06-15 13:08
მსგავსი საოცრება არ მინახავს. ბრავო
manana 2016-09-16 20:28
ეტყობა რომ ყველაფერი სიყვარულით და გემოვნებით არის გაკეთებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები