"რამდენი კვირტი გაიღვიძებს და რამდენი ფოთოლი ამოვა, ყველა ჩემი შვილის სული მგონია" - გარდაცვლილი ქმარ-შვილისთვის გაშენებული ბაღი

ქალბატონი მედიკო ჯიქია აფხაზეთიდანაა დევნილი. საკმაოდ დიდი ხანი ვსაუბრობდით, მონუსხული ვუსმენდი ამ ძლიერ ქალბატონს და ვრწმუნდებოდი - ადამიანი ქვაზე ძლიერია. იგი მხრებით გაუსაძლის დარდს და ტკივილს ღირსეულად ატარებს. მიუხედავად ყველაფრისა, უფლის მადლობელია და მხოლოდ მისი იმედით ცოცხლობს. ულამაზეს ყვავილებში თავისი უდროოდ გარდაცვლილი შვილი გააცოცხლა, დანარჩენს თვითონ მოგიყვებათ. დამერწმუნეთ ის, რასაც აქ წაიკითხავთ, ზღვაში წვეთია, ქალბატონ მედიკოს ცხოვრებაში ბევრად მეტის გადატანა მოუწია.


- რამდენი კვირტი გაიღვიძებს და რამდენი ფოთოლი ამოვა, ყველა ჩემი შვილის სული მგონია. შეიძლება სისულელეა, მაგრამ მე ასე მინდა მჯეროდეს. ტირილით და დარდით დაღლილი ვიღვიძებ დილით და ყვავილებთან ვპოვებ შვებას, ცოტა დარდს ვიქარვებ. ჩემს შვილს და მეუღლეს ძალიან უყვარდათ ყვავილები, მე ამათი არაფერი ვიცოდი. სახლი სავსე იყო ყვავილებით. ფეხებში რომ მედებოდა, ვბრაზდებოდი და ფეხით მივწევდი ხოლმე კედელთან, ისინი გაიღიმებდნენ და ისევ გამოსწევდნენ. ახლა მე აღარ მეტევა სახლში... სტუმრები რომ წავლენ მე, ჩემი ობლები და ჩემი ყვავილები ვრჩებით მარტო...

როცა ჩემი შვილი დაიღუპა ყვავილი კი არა, სიცოცხლეც აღარ მინდოდა, გაუთავებლად ვტიროდი. ჩემი უფროსი შვილიშვილი რომ ხედავდა ჩემს ყოფას, მითხრა, ბებია, გამოფხიზლდი, თავი ხელში აიყვანე, თორემ შენ რომ რამე მოგივიდეს, ბავშვთა სახლში ჩაგვაბარებენ და დავიღუპებითო. მან მომიყვანა გონზე და გამომაფხიზლა... ორი თვის ბავშვის გაზრდა ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. შუათანა იმ დროს 7 წლის იყო, უფროსი - 13-ის. უფროსი დამეხმარა და ერთად გავზარდეთ პატარები. უმცროსი ახლა 11 წლისაა. ბევრი ცრემლი, გაჭირვება, ტანჯვა და წამება ვნახეთ მე და ჩემმა ობლებმა. რუსეთში დაიღუპა ჩემი ქალიშვილი, მეც იქ ვიყავი იმ პერიოდში. ჩემი გოგო ძუძუს აწოვებდა ბავშვს და ცუდად ვარო, თქვა. შევიდა საპირფარეშოში, დიდი ხანი რომ აღარ გამოვიდა, შემეშინდა და კარზე დავუკაკუნე, ვეძახდი და ხმა რომ არ გამცა, შევამტვრიე კარები. იქ იყო დამხობილი. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. გამოვათრიე წინა ოთახში, დავაწვინე, გულწასული მეგონა. კოვზით ენას ვუჭერდი, ვცდილობდი გამომეფხიზლებინა, თურმე ანევრიზმა ჰქონია და შველა შეუძლებელი იყო... იმ დღეს დასულდა ჩემი სიცოცხლეც... ბავშვებს არ მატანდნენ რუსეთიდან, რადგან მათ რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ, მე - საქართველოსი. წართმევა დამიპირეს და მოვიპარე, ბოშასავით ზურგზე აკიდებული წამოვიყვანე საქართველოში.


ჩემი შვილის და მეუღლის პატივსაცემად გავაშენე ეს ბაღი, უკვე ოთხი წელია ვუვლი და ვეფერები. რაც მათ უყვარდათ, თავიდან იმ ყვავილების გამრავლება დავიწყე. ვარდები ჰქონდა ჩემს მეუღლეს აფხაზეთში ისეთი, თვალს ვერ მოწყვეტდით. მაშინ არაფერი მესმოდა მცენარეების. იცით, როგორი კაცი იყო ჩემი მეუღლე? ბოსტანში არ მიშვებდა, ყველაფერს თვითონ აწესრიგებდა და მერე იტყოდა, მედიკომ დაამუშავაო. მიწას ცრიდა, დამწვარ ნაკელს ურევდა და ისე ყრიდა ბოსტანში. მე კიდევ ვსაყვედურობდი, უსაქმური ხარ და ასე იმიტომ იქცევი-მეთქი. ახლა კი ვხვდები, რომ უნდოდა ყველაფერი ლამაზად გაეკეთებინა.

ჭიანჭველა რომ მიდიოდა, ფეხს არ დააბიჯებდა, გზას მისცემდა და ეტყოდა, გამოსაცდელივით რომ ხარ გამოშვებული, ჩქარა გაირე, შე საცოდავო, სანამ მედიკო მოსულა,

თორემ გამოგასალმებს სიცოცხლესო. სწორედ ჩემი დაღუპული ქმარ-შვილი გახდა ჩემი შთაგონების წყარო და დავიწყე ყვავილების გამრავლება. დავეძებდი ისეთ ყვავილებს, რომელიც მათ ჰქონდათ ერთ დროს, რომელიც განსაკუთრებით უყვარდათ. მერე ისე შევედი აზარტში, რომ პურის ფულითაც კი ვყიდულობდი ხოლმე ყვავილებს. ჩემს ეზოს კარები არ აქვს, სულ გახსნილია. თავიდან მპარავდნენ და გული მტკიოდა, გაუთავებლად ვტიროდი, მეგონა, ჩემი შვილი მომპარეს, თავიდან დავკარგე... უბანში ყველასთან ვიხვეწებოდი, არ მოეპარათ ყვავილი, ვუყვებოდი ჩემი მათდამი დამოკიდებულების შესახებ და დღეს ბედნიერი ვარ, შეისმინეს ჩემი თხოვნა და აღარ მეკარგება ყვავილები.


- ამ ეტაპზე რა სახეობის ყვავილები გაქვთ?
- გგონიათ ყველას სახელი ვიცი? თამილა-თამაზის ვეძახი ყველას (იღიმის). ყველას სახელს ვერ ვიმახსოვრებ. რაც მომწონს ვყიდულობ, ან მჩუქნიან. ერთი გოგოა იების კოლექციონერი, სხვათა შორის "შინის" ვებგვერდზე გქონდათ მასზე სტატია, ნინო შალამბერიძე, მე იების დედოფალს ვეძახი. ბევრი ია მაჩუქა, მასწავლის მოვლას, გამრავლებას. ისიც აფხაზეთიდანაა დევნილია... უმეტესებას რაღაც უჭირს, შვებას კი ყვავილებში ეძებენ. ბევრი შვილმკვდარი დედა ვიცი, თავის ტკივილს, დარდს, მონატრებას ყვავილებს უზიარებს. ვინც აფხაზეთიდან ვართ, ყველამ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. თვალწინ გვიკლავდნენ შვილებს, ქმრებს, ნათესავებს, მეზობლებს... იქ არ იყო ომი ეროვნებათა შორის, იქ იყო ომი პატიოსან ადამიანებსა და ყაჩაღებს შორის. მკვლელები ვნახე ქართველებშიც, აფხაზებშიც, რუსებშიც. დახვრეტილ ქმარს მკვდრებში დიდი ხანი ვეძებდი და ძლივს მივაგენი. ურიკაზე დავდე და სახლში წამოვიღე. იმ ღამეს შემეშინდა და ჩემი ქმარი არ დავმარხე, მკვდარ ქმართან მეძინა, რომ გათენდა, მერე დავკრძალე ეზოში. არ ვიცოდი, შვილები სად იყვნენ, გვითხრეს, რომ სამივე მოგიკლესო, ისეთ დღეში ვიყავი, შიში რა იყო აღარ მახსოვდა, წინ ვერაფერი დამიდგებოდა, დასაკარგავი აღარაფერი მქონდა - მომკლავდნენ და მოვეკალი, აღარ მადარდებდა. იმ ღამეს ჩემს ქმარს ფიცი მივეცი და ვუთხარი, თამაზ, ოღონდ შვილები მაპოვნინე, ცოცხალი გადაიყვანე საქართველოში და მე შენს საფლავს არ მოვცილდები-თქო. ვეხვეწები და მოვთქვამ, არ მაქვს იმედი, რომ ჩემი შვილები ცოცხლები არიან, თან სადღაც გულის ღრმა კუნჭულში იმედის ნაპერწკალი მაინც ღვივდება... ვფიქრობდი თამაზიმ თავისი სიკვდილით იქნებ შვილების სიცოცხლე გამოისყიდა-თქო. შევფიცე თამაზს, მაშინ მანეთობა იყო, თუ რამე დანაზოგი მექნება, 2000 მანეთის გარდა სახლში ერთ კაპიკსაც არ გავაჩერებ, ყველა დამეკარგოს, თუ სახლში ფული მოგროვილი მექნება და გაჭირვებულს არ დავეხმარები-თქო... თვითონ ყველას ეხმარებოდა, სახლში კაპიკს არ დატოვებდა და გაჭირვებულს მისცემდა. სულ ვეუბნებოდი, შენ ასე რომ არიგებ ფულებს, ალბათ მალე მათზე გაჭირვებულები ჩვენ ვიქნებით-მეთქი. მარადიორები, რომ დადიოდნენ ნელ-ნელ გამოგვქონდა სახლიდან ოქრო, ბევრი ადამიანი გამოვისყიდეთ, მაგრამ მერე ისე გაირყვნენ, ვაძლევდით ოქროს და მაინც ხვრეტდნენ ხალხს... ერთი ფიცი შევუსრულე თამაზს, მეორე ვერა. პირიდან ლუკმას გამოვიღებ, ჩემს ობლებ მოვაკლებ, თუ მათზე გაჭირვებულს ვხედავ. დაუსრულებლად შემიძლია მოგიყვეთ ჩემი ცხოვრების შესახებ, მაგრამ ეს დიდ დროს წაიღებს... მეგონა, თბილისში რომ ჩამოვიდოდი საქართველო გულში ჩამიკრავდა... თურმე ყველას თავისი გასაჭირი აქვს.
აფხაზეთიდან ერთი შვილიშვილით გამოვედი, დღეს 9 შვილიშვილი მყავს და მიხარია. კი ვტირივარ ჩემს ქმარ-შვილს, მაგრამ უფალს მაინც მადლობას ვწირავ ყველაფრისთვის.

მერი ბლიაძე

 

ასევე იხილეთ: "ჩემი ბაღი მივუძღვენი ჩემს ქალიშვილს, რომელიც ტრაგიკულად დავკარგე..." - დედა, რომელმაც გარდაცვლილ შვილს ზღაპრული ბაღი აჩუქა

კომენტარები

გულიკო 2017-04-13 20:32
ქალ.მედიკოს ისტორია და ყვავი ლების სიყვარული თანხვედრაშია ჩემთან.ნამდვილად ობოლი შვი ლიშვილები და ყვავილები გაცოც ხლებენ და იმედს გისახავენ. გამძლეობა და ჯანი თქვენ მოთმი ნებასთან ერთად,ყოჩაღო ქალბა ტონო.
roza kakulia. 2016-10-12 22:54
gmertma daglocot da gagadzlierot, shvilishvilebis saimedot. istebi dagzrdodet saaxeloebi da tkivili sheemsuqebinot tqventvis.
Nanaჯ 2016-10-12 00:36
ჯამრთელობა და დღეგრძელობა მრავალჟამიერ!
Fati 2016-10-10 14:28
Gmertma daglocot da gagazlierot
manana 2016-10-10 14:10
gmertmma gamdzleoba mogcet sitkvebi ar mkmara iseti girseuli adamiani xart gvtis madli mudam gparavdet

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები