ქართველი ოსტატი, რომელიც ათონის მთის მონასტრებს ამკობს

ათონის მთაზე მდებარე დიონისეს მონასტრის ცენტრალურ ეკლესიაში ნიკოლოზ ბადურაშვილის მიერ შექმნილი უნიკალური კარი დაიკიდება. ძველი, 400-500 წლის წინანდელი მონასტრის კარს კი, რომელსაც ახლით ჩაანაცვლებენ ოსტატი რესტავრაციას ჩაუტარებს, რის შემდეგაც მუზეუმში განათავსებენ. ნიკოლოზ ბადურაშვილს ათონის მთაზე ინტერნეტით დავუკავშირდი.

- როგორ დაიწყო შენი შემოქმედებითი საქმიანობა ათონის მთაზე?

- ხეზე მუშაობა დაახლოებით 20 წელია დავიწყე. წარმოშობით თიანეთიდან ვარ. 15-16 წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე, როგორ აკეთებდა ხეზე ნამუშევრებს ჩვენი ოჯახის მეგობარი. ძალიან მომეწონა და ამიტომ მოსე თოიძის სასწავლებელში შესვლა გადავწყვიტე. ძალიან კარგი სკოლა ჰქონდათ…

რეზო ბადურაშვილი და ცხონებული ვასო საღლიანი გვასწავლიდნენ. ორივე ძალიან კარგი ოსტატები, შემსრულებლები და პედაგოგები იყვნენ, მათი სკოლა გავიარე. შემდეგ დაიწყო დიდი სამების მშენებლობა, პატარა ჯგუფი ვიყავით და ბევრი რამ გავაკეთეთ. 2-3 წელი სამებაში, ტაძრის კარზე, საკმაოდ მოცულობით სამუშაოს ვასრულებდი. ჩემს პროფესიაში პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია, მე დღესაც პრაქტიკას გავდივარ…

– ვინ შემოგთავაზათ მონასტრის კარის გაკეთება?
– საქართველოში, ბეთანიის მონასტერში გავიცანი მამა გაბრიელი, რომელიც წლებია, ათონზე მსახურობს. მამა გრიგოლს დავუკავშირდი და გამომიგზავნა მოწვევა. მონასტერში ნახეს ჩემი ნამუშევრები, მოეწონათ, დამტოვეს და სამი წელი ვმუშაობდი იქ. შემდეგ ათონის მთაზე ბერძნების ვაპოტედის მონასტრიდან მივიღე შეთავაზება. ამ მონასტერში წელიწად-ნახევარი დავყავი. 300–400 წლის წინანდელი ნამუშევრები მუზეუმში წაიღეს და ახალზე მე ვიმუშავე, რომელიც მათ ადგილზე დაიდო მონასტერში. მერე დიონისეს მონასტრის ცენტრალური ეკლესიის მონაზონმა ნახა ჩემი ნამუშევრები, მოეწონა, ქართველები უყვარს ძალიან და მთხოვა, ეკლესიისთვის კარი გამეკეთებინა. ასე აღმოვჩნდი ათონის მთაზე მდებარე დიონისეს მონასტერში, ძველი კარი V საუკუნეზე მეტს ითვლის, რამდენჯერმე ჩაუტარდა რესტავრირება, ახლა კი მისი შეცვლა გადაწყვიტეს… კარზე მუშაობის პროცესს 9 თვე დაჭირდა.

- ახალი კარი იმ ძველის ანალოგიაა?
– აბსოლუტური ანალოგია იმ კარის, რაც აქამდე იყო. ძველ კარს რესტავრაციის შემდეგ მუზეუმში წაიღებენ. ახალი კარი დასრულების ეტაპზეა, შეღებვა, მოოქროვება უნდა მოხდეს… შემდეგ კი დიონისეს მონასტრის მთავარ ტაძარში დაიკიდება. კარიდან 90 პროცენტი დარჩა ძველის ზუსტი ანალოგი, ქვემოთა დეტალები კი ძალიან დაზიანებული იყო და მითხრეს – შენ რასაც მოიფიქრებ, ისე შეავსეო. ამიტომ გარკვეული დეტალები ჩემი ესკიზით არის შესრულებული. მეამაყება, რომ ქართველის გაკეთებული ნამუშევარი დარჩება ამ მონასტერში. ძველი კარის ავტორის ვინაობა დღემდე დაუდგენელია, მისი ვინაობა არსად შემონახულა. მინდოდა მეთხოვა და თავად დამასწრე შემოტავაზება, რომ ახალ კარზე, გამოსაჩენ ადგილზე, ქართული ასოებით დაეწერება შემსრულებლის სახელი და გვარი. მონასტრის ახალ კარიბჭის ქართველი ოსტატის ვინაობას ყველა აქ მომსვლელი წაიკითხავს.
ახლა ხდება ამ კარის მოოქროვება და შეღებვა. ნაწილი ოქროვდება ნაწილიც ფერებში იხატება. ძველი კარების ზუსტი ანალოგი იქნება.. თავად არ ვხატავ ამ კარებს, მაგრამ მეც ვართ ჩართული მოხატვის და მოოქროვების მუშაობის პროცესში.



– როგორი იყო მუშაობის პროცესი, ხელით შეასრულეთ?
– მთლიანად ხელით შევასრულე დაზგაზე მხოლოდ მასალის დამუშავება მიწევდა. ორნამენტები თითქოს ერთნაირია, მაგრამ არცერთი დეტალი არ მეორდება, აბსოლუტურად სხვადასხვაა. თვითონ კარი არის მუხის, რომელზეც შემდეგ არის ორნამენტი აწყობილი. ორნამენტი საქართველოდან წაღებული ველური მსხლის, ანუ პანტას მასალისგანაა. წებო არ გამომიყენებია, სპეციალური ხის ბურთულებითა არის ორნამენტები დაკავშირებული. წლების შემდეგ თუ რესტავრაცია დაჭირდება, შესაძლებელია დაშლა და შემდეგ აწყობა. კონსტრუქცია საკმაოდ საინტერესოა. მიკვირს კიდეც, იმ პერიოდში როგორ შეძლეს ასეთ მაღალ დონეზე მუშაობა, იმაზე უკეთესია, ვიდრე დღეს გვაქვს…



- ათონზე მონასტრულად ცხოვრობდი?
- ათონის მთაზე ძირითადად სხვადასხვა პროფესიის ქართველები ვმუშაობთ. თითოეული მათგანი მონასტრის გარეთ ცხოვრობს. ვინაიდან ენა არ ვიცოდი კელია მამა გაბრიელის გვერდით მომცეს, სადაც მონასტრის ძმები ცხოვრობენ. მონასტერში ვცხოვრობდი და ასე თუ ისე შეძლებისდაგავარად ტიპიკონშიც ვცდილობდი ჩავმჯადარიყავი და დავსწრებოდი ღვთისმსახურებას. ამას მამა გაბრიელიც მთხოვდა. მონასტერში ყოველდღიურად ტარდება წირვა-ლოცვა. მე შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ვცდილობდი დასწრებას.

 

- ათონზე ცხოვრებამ რა შეგძინათ?
- ენა კარგად არ ვიცი და ამის გამო ვერ ვესაუბრები აქაურ ბერებს. ძალიან მაღალი სულიერი დონის მამები მსახურობენ და გულდასაწყვეტია, რომ ვერ ვესაუბრები. ენა ვიცი, მაგრამ ისე არა, რომ სულიერ საკითხებზე ვესაუბრო. ათონზე ძალიან დიდი სიმშვიდე და სიყავრულია. საოცარი ხალხია. ამის მერე ძალიან ძნელია არ გაგიჩნდეს სურვილი კარგი ადამიანი გახდე და თავმდაბლობა გქონდეს. ამათ ფონზე არავინ ხარ. სულიერ გამოცდილებასთან ერთად პროფესიული გამოცდილებაც მივიღე. სამი შვილი მყავს. თეკლა, ალექსანდრე და იოანე. შვილს წმინდა იოანე ნათლისმცემის სახელი დავარქვი. ძალიან დიდ შეწევნას ვგრძნობ წმინდა იოანე ნათლისმცემლისგან. ახლობლებს ინტერნეტით ვუკავშირდები. საქართველოში ჩამოსვლას ექვს თვეში ერთხელ მაინც ვახერხებ.

თეა ცაგურიშვილი

 

კომენტარები

ნუგზარი 2016-11-02 21:41
მომწერე ან ფეიზბუკზე nugzar dvalisvili an +995599367236 +33658160780
ნუგზარი 2016-11-02 21:36
ძაან კარგი ადამიანია თან გადაგყვა გვერდიდან არ მოგვშ, ნიკუშ გახსოვს 2011ში მე და მამა აბიბოსი ანტვერპენიდან ვიყავით ივერონის მონასტერში ხარებას შენი ნომერი დამსადღაც გამებნა და ვერ დაგირეკე
Tengo 2016-10-24 13:28
იცოცხლე და გაიხარე, კარგო კაცო!
თემრაზ 2016-10-24 08:31
კარი კი არა--კარები
kaxa 2016-10-21 21:06
carmatebebi nikoloz! mixaria

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები