"აავსე დედამიწა ვარდის სურნელით" – ვარდების საოცარი სამეფო საგურამოში

შემოდგომის მშვენიერ დღეს, 16 ოქტომბერს, ჟურნალი "შინ" ძალიან სასიამოვნო გარემოში იმყოფებოდა სტუმრად და ამის შესახებ თქვენც უნდა გიამბოთ. 

Rose Art - ასე ჰქვია ულამაზეს ბაღს, სანერგეს, რომელიც საგურამოში მოაწყო დიზაინერმა და მშვენიერმა ქალბატონმა ცირა ოქროპირიძემ. აქ ვარდები მართლაც ხელოვნების ნიმუშებს უფრო ჰგვანან, ვიდრე უბრალოდ ყვავილებს.

ქალბატონმა ცირამ სხვადასხვა ჯიშის ულამაზეს და უიშვიათეს, ფერად-ფერად და სურნელოვან ვარდებს მოუყარა თავი, მარადმწვანე და ბევრი სხვა მცენარით შეუქმნა ყვავილების მეფეებს ზღაპრული გარემო, ბარაქიანი შემოდგომის "დახმარებით" ხატოვანი კომპოზიციებითაც მორთო იქაურობა და საოცარი სანახაობა დაახვედრა სტუმრებს ღონისძიებაზე, რომელსაც

არანაკლებ გამორჩეული სახელწოდება ერქვა - "აავსე დედამიწა ვარდის სურნელით".

- მინდა, სამყაროში, რომელიც სულ უფრო მეტად მიიწევს ბეტონიზაციისკენ, სულ უფრო მეტი ადამიანი შეეცადოს ამ ტენდენციასთან შეწინააღმდეგებას. ვეცადოთ, რომ ბუნება ვარდებით, სხვადასხვა ყვავილით, მცენარით გავალამაზოთ და გავაცოცხლოთ. გადავარჩინოთ ჩვენი გარემო, ჩვენი ქალაქი და რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი ფერი და სურნელი შევმატოთ, - ამბობს ქალბატონი ცირა, რომელიც პროფესიით მსახიობია, თუმცა არც ისე დიდი ხანია, მეორე პროფესიას - დიზაინერობას დაეუფლა და ვარდების მოვლა-გამრავლებასთან ერთად სანუკვარი ოცნების ასრულებისკენაც მიისწრაფვის - შეიქმნას თბილისში დიდი როზარიუმი და გაჩნდეს ჩვენს დედაქალაქში კიდევ ერთი ცოცხალი, სურნელოვანი ადგილი, სადაც დიდი დღესასწაულები გაიმართება ხოლმე.

საღამო ძალიან თბილი და მრავალფერი იყო არა მხოლოდ კომპოზიციებითა და თავად ამ არემარის დედოფლების - ვარდების დამსახურებით, არამედ მოწვეული სტუმრების წყალობითაც. "შინ"-ის საშემოდგომო, ბარაქიან ნომერთან ერთად, ღონისძიების გაფორმებაზე იზრუნეს ოპერის მომღერლებმა - ქართული მრავახმიანი ქალაქური სიმღერებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები