ხელოვანი დედა-შვილის ნაქარგების სამყარო გაგაოცებთ

ქალბატონ ნანა მიქავას სახლში ვესტუმრე და თავი საგამოფენო დარბაზში მეგონა. ხელოვანი დედა-შვილი, ნანა მიქავა და მეკო გელაშვილი ერთ მყუდრო ბინაში, საოცარ სამყაროში ცხოვრობენ. მათ სახლში შეხვდებით ჯვრულ, ტრადიციულ ნაქარგებს, წყლით ნაქარგ ნამუშევრებს, გობელენს, ალმასით და ლენტებით შექმნილ უმშვენიერს პეიზაჟებს და ნატურმორტებს. "შინის" საშუალებით გაიცანით თვითნასწავლი ხელოვანი დედაშვილი და დატკბით მათი ნამუშევრებით. 

- ბავშვობიდან მიყვარდა და მეხერხებოდა ხელსაქმე. ყველაფერი ჩემით ვისწავლე. თავიდან ვმუშაობდი ჩხირებით და ყაისნაღით. მერე დავინტერესდი წყლით ხატვით და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. შემდეგ გობელენი ვისწავლე, ასევე ჯვრული ქარგვა. მალე მბეზრდება

ერთი და იგივე, ამიტომ სულ სიახლის ძიებაში ვარ. ბოლო პერიოდში გამიტაცა ლენტებით ქარგვამ, არაჩვეულებრივი სურათები იქმნება ლენტებით. ალმასებით და ბისერებით ვქმნი ნახატებს. ამ ეტაპზე ალმასებზე ვმუშაობ,როგორც გითხარით წლებია დაინტერესებული ვარ ხელსაქმით. ჩემი მეუღლე ბორჯომიდანაა, როცა რაიონში მივდიოდით გზაში სულ ვქსოვდი, ზოგჯერ ერთი ჯემპრი, ან გადასაფარებელი დამიმთავრებია.


- ყველაზე რთული ქარგვის რომელი სახეობაა?
- ყველაზე რთული და ყველაზე ლამაზი არის წყლით ქარგვა. საკმაოდ შრომატევადია. წყლით ქარგვას სჭირდება მულინეს ძაფები, რომელიც აუცილებლად ძალიან კარგი ხარისხის უნდა იყოს. ამ ეტაპზე საქართველოშიც იშოვება, აქამდე უცხოური საიტებიდან ვიწერდი. კლეოპატრას სურათი ძალიან მომეწონა, ორიგინალი პაპირუსი მქონდა და ჩემით გადავიღე ტილოზე, არაჩვეულებრივი გამოვიდა.

ჩემს შვილსაც ეხერხება ხატვა, მასაც ვასწავლი ქარგვას. ეს ახალგაზრდაა და უფრო სხვა ხედვა აქვს, არაჩვეულებრივი ნამუშევერები აქვს მასაც. შესრულებული აქვს კლიმტის "კოცნა", კლოდ მონეს "ქალი ბაღში", ვან გოგის "ღამის კაფე" და სხვა მრავალი პეიზაჟის სურათი.

მეკოს ნამუშევრები


- ყველაზე რთული ნამუშევარი რომელია, რაც შეგიქმნიათ?
- წმინდა გიორგის ხატები მაქვს გაკეთებული, რომელიც ძალიან რთული გასაკეთებელი იყო. სამი თვე ვმუშაობდი ერთ სურათზე. ასევე, გობელენზე გაკეთებული მაქვს წელიწადის ოთხი დრო, მათ გაკეთებასაც სკმაოდ დიდი დრო მოვანდომე. შრომატევადი იყო, მაგრამ საბოლოოდ დასრულებული სახე რომ ეძლევა, სიამაყის გრძნობით ივსები.


- რომელია ნაქარგი, რომელსაც არასოდეს არ გაყიდით?
- ჩემი პირველი ნამუშევარია წერო. ამით ვისწავლე ქარგვა. შემდეგ გავაკეთე ფიროსმანის მებადური და მეეზოვე. რა უნდა მოხდეს, რომ ესენი ვინმეს მივცე, ან რაიმე ფასად შეველიო... ძალიან ძვირფასია შემოდგომის პეიზაჟიც, რომელსაც რამოდენიმე თვე ვაკეთებდი.

- საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ, ქარგვისთვის დროის გამონახვას როგორ ახერხებთ?
- კი, საკმაოდ რთული სამსახური მაქვს, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ძირითადად შაბათ-კვირას ვქარგავ, ან საღამოს, სამსახურის შემდეგ ტელევიზორის ყურების დროს. ეს ჩემთვის განტვირთვის და დასვენების ძალიან კარგი საშუალებაა. შვებულების დროს ზღვაზე, რომ წავედი საქარგები წავიღე და ყველა იცინოდა. ბუნებაში ყველა ფოთოლს, ბალახს, ყვავილს ვუღებ ფოტოს, შემდებ ნაქარგებში გადამაქვს ეს ყველაფერი. არ უნდა გიჭირდეს ჩრდილების დანახვა, თითქოს შედიხარ სურათში და ბუნებაში იკარგები. თუ ასე არ დასვი ნახატი, აზრი არა აქვს. აი, უყურებ ქუჩის პეიზაჟს და ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს მიუყვები ქუჩას, იქ ხარ და ეს ბედნიერებით გავსებს.


- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- ამ ეტაპზე დავინტერესდი ხალიჩების ქსოვით და დავიწყე შესწავლა. პირველი ნამუშევარი ჯერ არ დამისრულებია. დარწმუნებული ვარ, გაამართლებს. ძალიან მინდა გავაკეთო გამოფენა, თუმცა ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული. იმედი მაქვს, რომ ამ ოცნებას ავისრულებ.

ჩვენი მკითხველისთვის ქალბატონმა ნანამ პატარა ვიდეოგაკვეთილიც ჩაატარა - თუ გსურთ ლენტებით ქარგვის სწავლა, იხილეთ ვიდეო

მერი ბლიაძე

კომენტარები

ინგა 2017-01-04 14:09
რა ბედნიერებაა როდესაც ღმერთი ასეთი ნიჭით გაჯილდოვებს. ძალიან ვისიამოვნე, ულამაზესია
lika 2016-12-22 20:50
gaocebuli var, ra silamazea da ramdeni shromaa chadebuli, bravoo.
eliso 2016-11-18 15:28
gaocebuli var, ra silamazea.
Tamuna 2016-11-14 19:21
gilocavt Nana, saocrebaa, carmatebas gisurvebt orives
მანანა ბერიძე 2016-11-10 21:37
დიდებული ადამიანი ხარ, ნანა. ღმერთმა გადღეგრძელოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები