7 რჩევა მათთვის, ვისაც რემონტის დაწყების ეშინია

რემონტი მარტივი საქმე რომ არ არის, ყველამ კარგად იცის. ფული, დრო, კონტროლი, ნერვები - მინიმუმ ეს 4 რამ უნდა ჰქონდეს, რემონტის დაწყება რომ გადაწყვიტოს ადამიანმა. შედეგად, ჩვენი რემონტი წლობით იწელება და ძალიან ხშირად ჩვენ მიერ ჩაფიქრებულ და წარმოდგენილ იდეალურ შედეგსაც ვერ ვიღებთ. ეს ასეა, ამაზე დავა არ ღირს, თუმცა...
ჩვენ მაინც შევეცდებით დავანგრიოთ მითი რემონტის საშიშროებასთან დაკავშირებით და მოგცეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა. მაშ ასე:

1. პირველ რიგში რემონტის პროცესს სიამოვნებით მოეკიდეთ. გაითავისეთ, რომ თქვენი სახლი ამ პროცესის შემდეგ გახდება ბევრად ლამაზი,

მყუდრო და კომფორტული. ერთი სიტყვით, განეწყვეთ პოზიტიურად და ყველაფერი კარგად წარიმართება.

2. კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა კაპიტალური რემონტი. თუ თქვენ უბრალოდ ატმოსფეროს შეცვლა გსურთ, ამისთვის საკმარისია კედლების გადაღებვა და ავეჯის გადაადგილება. თუ უახლოეს მომავალში თქვენს ოჯახში მატებაა მოსალოდნელი, ნუ იჩქარებთ ტიხრების აღებას და სტუდიოს ტიპის სახლის გაკეთებას. გახსოვდეთ, რომ ბავშვები ძალიან მალე იზრდებიან და ასეთი სტილის სახლი თქვენთვის მოსახერხებელი ნამდვილად არ იქნება. მოკლედ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით, რომ შემდეგ გადაკეთება არ მოგიწიოთ და ზედმეტი ფული და ენერგია არ დახარჯოთ.



3. თავიდანვე განსაზღვრეთ რემონტის ბიუჯეტი. თუ თანხა არ გყოფნით, სჯობს რემონტი გადადოთ, თუ არადა მკაცრად ჩამოაყალიბეთ პრიორიტეტები და ფული მხოლოდ გათვალისწინებული ხარჯების მიხედვით დახარჯეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი გაღიზიანება გარდაუვალია.



4. საგულდაგულოდ შეარჩიეთ ხელოსნები. აუცილებლდ გაიკითხეთ მეგობრებსა და ნაცნობებში, ან დაეკითხეთ დიზაინერებს, ან სულაც უმჯობესია თავად მოინახულოთ მათ მიერ შესრულებული სამუშაო. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუთვალისწინებელი ხარჯები და პრობლემები გარდაუვალია.



5. ნუ გადაიხდით მთელ თანხას წინასწარ. პროფესიონალი ხელოსნები თანხას წინასწარ არ იღებენ. ეცადეთ აკონტროლოთ მასალის შესყიდვის პროცესი, ან გაყევით ხელოსნებს, ან მოითხოვეთ ჩეკები, არ მოგერიდოთ.



6. თუ სარემონტო სამუშაოებს დამოუკიდებლად აწარმოებთ, კარგად შეისწავლეთ ბაზარი. მართალია, ეს დროს მოითხოვს, მაგრამ გახსოვდეთ, რეკლამირებული პროდუქტი ყოველთვის საუკეთესო როდია. გაეცანით ფორუმებს, ჰკითხეთ ახლობლებს, გვერწმუნეთ, ასე საკმაო თანხას დაზოგავთ.



7. როდესაც მასალებს იყიდით, ყველაფერ ჩაინიშნეთ, ადგილი, ფასი. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ სხვა დროსაც, საჭიროების შემთხვევაში, სწორად გათვალოთ ბიუჯეტი და დარწმუნებული იყოთ მასალის ხარისხში.

მთავარია, არ შეგეშინდეთ რემონტის, მიმართეთ ექსპერიმენტებს და გახსოვდეთ, თქვენი სახლი თქვენი ციხესიმაგრეა.

კომენტარის დამატება