23 წლის ფერმერი გოგო, რომელიც ორი ქარხნის, პლანტაციების და ფერმის მფლობელია

 მარიკა კოდუა 23 წლის ფერმერია, რომელიც ზუგდიდის რაიონში, სოფელ დარჩელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი ოჯახი ფერმერულ საქმიანობას 1985 წლიდან მისდევს, მათ შორის მეფუტკრეობას, მემცენარეობას, მეცხოველობას, მეხილეობას. დღეს ამ ყველაფერს მარიკა ოჯახის თანადგომით თვითონ უძღვება. 


- როდესაც სახელმწიფო მოწყობა შეიცვალა და ბიზნეს გარემო ნელ-ნელა დამოუკიდებელი გახდა სახელმწიფოსგან, ეს გარკვეული სტიმული იყო მცირე ბიზნესის დასაწყებად. ამ პერიოდში სამეგრელოში თხილის ბიზნესი ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს და მეტ-ნაკლებად სარფიანადაც ითვლებოდა. ჩვენც ამ მიმართულებით დავიწყეთ საქმიანობა, ვყიდულობდით მოსახლეობისგან თხილს და ქარხანას ვაბარებდით, რომელიც იმ პერიოდში ერთადერთი

იყო მთელ რეგიონში. გარკვეული ფინანსების დაგროვების შემდეგ შევიძინეთ 12ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც გავაშენეთ თხილის პლანტაცია. ამ პერიოდში ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ვაჭრობით შემოიფარგლებოდა. თუმცა ვხედავდით რომ ბაზარზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდებოდა და გადავწყვიტეთ საკუთარი ფირმის დაფუძნება, რათა უკვე ჩვენი ფირმის სახელით შეგვძლებოდა პროდუქციის უშუალო მომხმარებლისთვის მიწოდება. 
1999 წელს ვაჭრობიდან და ასევე ჩვენი თხილის პლანტაციიდან მიღებული შემოსავლებით გადავწყვიტეთ, მცირე ზომის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება, რათა შეგვძლებოდა ნედლეულის გადამუშავება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა. ვინაიდან ამ პერიოდში ქვეყანაში შექმნილი იყო რთული სიტუაცია (გაუმართავი ინფრასტრუქტურა, დანაშაულის მაღალი სტატისტიკა და ა.შ.), ბიზნესის წარმოება საკმაოდ რთული და ამავდროულად სარისკო იყო, იძულებული გავხდით საწარმოს მშენებლობა დაგვეწყო საკარმიდამო ნაკვეთზე, ასე უფრო უსაფრთხო იყო. მწირი ფინანსებიდან გამომდინარე, მშენებლობა 2001 წელს დავასრულეთ და პროდუქციის პირველი ექსპორტი ამავე წელს ესპანეთში განვახორციელეთ.

დღემდე კომპანიას ექსპორტირებული აქვს დაახლოებით 5000 ტონა თხილის გული, 2000 ტონა თხილის კაკალი, 1100 ტონა დაბალი ხარისხის თხილის გული (ზეთის წარმოებისთვის) - ესპანეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, გერმანია, პოლონეთი, ყაზახეთი, იტალია.

- ამ ეტაპზე ყველაფერს თავად უძღვებით?
- დღესდღეობით პირადად ვმხენძღვანელობ ჩვენს საწარმოებს. გვაქვს მცირე ფერმა (20 სული პირუტყვი), ფუტკრის 55 სკა, საიდანაც წელიწადში დაახლოებით 1.5 ტონამდე თაფლს ვწურავთ, თხილის მიმღები და გადამამუშავებელი ქარხანა, თხილის პლანტაციები როგორც საკუთრებაში, ასევე იჯარით, სილოსის გადამამუშავებელი ქარხანა.

ბავშვობიდან ჩემს და-ძმასთან ერთად ყოველთვის ჩართული ვიყავი ამ საქმეში. მიჩვეული ვართ ფიზიკურ შრომას. როდესაც შენ თავად ხარ ჩართული შრომის პროცესში, სხვისას უკეთ აფასებ. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, 2009 წელს, მომიწია თბილისში საცხოვრებლად გადასვლა, რაც ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ჩემი სფერო უფრო მიწასთან სიახლოვეა. იყო დრო, როცა თვეში 4-ჯერ ჩავდიოდი ზუგდიდში, რათა დავხმარებოდი მშობლებს თხილის პლანტაციის მოვლაში, პროდუქციის გადამუშავების სხვადასხვა პროცესში. სტუდენტობის დროს ინტერნეტის საშუალებით ვეძებდი თხილის შემსყიდველ კომპანიებს, შესაბამისად თბილისიდანაც აქტიურად ვიყავი ჩართული ბიზნესსაქმიანობაში.


- და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სფელს დაუბრუნდით?

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაზე ჩაბარებას სოფელში დაბრუნება და მშობლების დაწყებული საქმის გაგრძელება ვამჯობინე. ამჟამად ვარ ჩვენი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. 2013 წელს მე და ჩემმა დამ იჯარით ავიღეთ 273 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 92 ჰა-ზე თხილის სრულმოსავლიანი პლანტაციაა, ნაწილი სახნავ-სათესი მიწებია, ნაწილზე კი ტყის საფარია. 2015 წელს ავაშენეთ სილოსის გადამამუშავებელი ქარხანა და ადგილობრივ ბაზარს მივაწოდეთ ვაკუუმად შეფუთული სილოსი.

- ალბათ საკმაოდ რთული გზა გაიარეთ წარმატების მისაღწევად.
- რაც შეეხება სირთულეებს, არა რსებობს საქმე, რომელიც ადვილად გამოდის, მაგრამ მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. მონდომებით და დაუღალავი შრომით ყველა საქმეში წარმატების მიღწევა შესაძლებელია. არ არსებობს პრობლემა, რომლის გადალახვაც შეუძლებელია, მთავარია სწორად მიუხვდე გამოსავალს.


- ახალგაზდა გოგონასთვის რთული არ იყო ეს ყველაფერი?
- საქმიან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრებთან ერთად. პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს რაიმე სახის პრობლემას, მაგრამ ზოგადად ქალის სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართვა საკმაოდ რთულია და დიდი გამბედაობა სჭირდება.
ტრაქტორის მართვაც ვიცი, ჩემით ვისწავლე. ხანდახან ოპერატორ კაცს არ ეცალა, მე კიდევ მეურნეობაში საქმე მიფუჭდებოდა. პირველად სოფელში ტრაქტორით რომ გავედი, თვალებს არ უჯერებდნენ (იღიმის). ჯერ ეგონათ ვსეირნობდი და ვერთობოდი. მერე რომ დამინახეს საკუთარ ნაკვეთს როგორ ვფარცხავდი, გაუკვირდათ, ვერ წარმოედგინათ, რომ ქალსაც შეუძლია მსგავსი სამუშაოების ჩატარება...
ძალიან ბევრი დაბრკოლება მქონდა, გარკვეული იმედგაცრუებები, მაგრამ არასოდეს შემიწყვეტია სვლა მიზნისკენ. ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული ვიყავი და დღესაც ვისწრაფვი ამისკენ. არასოდეს არ ვუშინდები სტერეოტიპებს და ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მეტ კეთილდღეობას მოგვიტანს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები