ილია მეორე: "მოგიწოდებთ ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოთ"

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოუწოდებს ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოს.

როგორც პატრიარქმა დღევანდელ ქადაგებაზე განაცხადა, საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არსებობს კოლეჯი ზურაბ შევარდნაძისა და დედა თეკლეს ხელმძღვანელობით და ნერგების გამოყვანის შესწავლის მსურველებს შეუძლიათ ამ კოლეჯს მიმართონ.

”ადამიანი ურთულესი ქმნილებაა ღვთის. ადამიანი არის ხატება ღვთის. ბევრ საკითხს ადამიანის გონება წვდება, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელსაც ვერ წვდება. მაგალითად, რა არის სიცოცხლე. მაგალითად, ავიღოთ მცენარე. შესაძლოა, ადამიანმა შექმნას მსგავსი თესლი, თუმცა ის თესლი იქნება მკვდარი, არავითარი სიცოცხლე მასში არ იქნება, თუმცა თუ ღვთისგან ჩადებელი სიცოცხლეა მასში, იზრდება და მრავლდება. მცენარეები, რომლებიც შეაქვთ სახლში, ტაძრებში, თუ მოჭრილია, ის მომაკვდავია. თუ სიცოცხლეა მასში, თუ ფესვის სისტემაა მასში, ის ცოცხალია და სიცოცხლე შეაქვს ადამიანის საცხოვრებელში. 10 წლის წინ გაიხსნა გამწვანების კოლეჯი საქართველოს საპატრიარქოში, სამების ტერიტორიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ ზურაბ შევარდნაძე და დედა თეკლე. ამ 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და მინდა დავლოცო მათი შემოქმედება. მოგიწოდებთ ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოთ”, - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით,

საქართველოს ბევრი ნერგი აქვს, რომელიც სხვა ქვეყნებში გააქვთ.

”ჩვენ ბედნიერი და მდიდარი ვართ იმით, რომ მრავალი მცენარე გვაქვს. ამით სარგებლობენ უცხოეთის ქვეყნები, რომლებსაც მიაქვთ თესლი საქართველოდან და ვრცელდება მსოფლიოში. მაგალითად, სოჭის ხე, რომლითაც მდიდარია რაჭა - საქართველოდან გააქვთ მისი თესი და შემდეგ იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით გამოირჩევა დანია”, - აღნიშნა პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს ურჩევს, ახალ წელს სახლში „მკვდარი ნაძვის ხის“ ნაცვლად, ნაძვის ნერგი შეიტანონ. მრევლისადმი შესაბამისი მოწოდება ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებაზე გააჟღერა და ნერგების გახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

”მოდის ახალი წელი. ხშირ შემთხვევაში სახლებში შეაქვთ მკვდარი ნაძვის ხე. სასურველია, რომ შეიტანოთ ნაძვის ნერგი”, - განაცხადა პატრიარქმა.

ინტერპრესნიუსი

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები