6 ათასი ღილისგან შექმნილი ნაძვის ხე და მოყვარული ხელოვანის ულამაზესი დეკორაციები

თამუნა გაჩეჩილაძე თვითნასწავლი ხელოვანია. მისი ხელით შექმნილი დეკორატიული ნივთები ნამდვილად გაგაოცებთ დახვეწილობით და საოცარ ემოციასაც მოგგვრით. თხილი, კაკალი, რკო, წიწვები, გირჩი - ეს იმ მასალების მცირედი ჩამონათვალია, რითაც ქალბატონი თამუნას განსხვავებული და ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები იქმნება.
- ბავშვობიდან მიტაცებდა უცნაური ნივთების გაკეთება. წლების განმავლობაში უამრავი დეკორაცია მაქვს შექმნილი. ბოლო რამდენიმე წელია უფრო აქტიურად მოვკიდე ამ საქმეს ხელი. ძალიან ხშირად ვმოგზაურობ და საზღვარგარეთ უფრო მაქვს დეკორაციებისთვის საჭირო მასალების შეძენის საშუალება. ჩვენთან, პრაქტიკულად, არაფერი არ იყიდება, ძირითადი მასალები გერმანიიდან ჩამომაქვს. საზღვარგარეთ მოგზაურობისას ყველა სუვენირებს, ტანსაცმელს ყიდულობს, მე კი სპეციალურ მაღაზიებში დავდივარ, სადაც გამხმარი ყვავილები, ფოთლები, განათებები იყიდება, მოკლედ, ყველაფერი, რაც შეიძლება მერე გამომადგეს. ნოტრდამში, კაფეში ძალიან ლამაზი ხელსახოცი მოიტანეს, დამენანა ხელსაწმენდად გამოყენება, ამიტომ წამოვიღე და ერთ ბოთლზე დეკუპაჟი გავაკეთე, ულამაზესი გამოვიდა. სხვანაირად ასეთ ქილას ვერ გავაკეთებდი.

- უფრო ხშირად რა მასალებს იყენებთ?
- ძალიან მარტივია ხელოვნური თივით სამზარეულოს დეკორაცია შექმნა, ვიყენებ ღილებსაც. ერთ-ერთი ნაძვის ხე 6 000 ღილისგან მაქვს გაკეთებული. ხშირად ხდება ისე, რომ რაღაც მასალას ვყიდულობ და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამას გამოვიყენებ და რაიმე ნივთს აუცილებლად ვაჩუქებ სიცოცხლეს.

- როგორც ვიცი, ბუნებრივ მასალებზეც მუშაობთ.
- ჩემთან სახლში ბუნებრივი მასალა - კაკლი, თხილი ძალიან მენანება და არასოდეს იჭმევა. მათ ყოველთვის დეკორაციაში ვიყენებ. ეხლა ზამთარია და ახალ წელს უხდება კაკლის, თხილის, გირჩის, წიწვებისგან შექმნილი დეკორაციები. მთელი წელი ვაგროვებ ბუნებრივ მასალას. აბასთუმანში ვარ, აბასთუმანის გირჩები მომაქვს, ბახმაროში ვარ, ბახმაროს გირჩებს ვაგროვებ. თუ რომელიმე რაიონში ვარ სტუმრად და თხილი დავინახე, სახლში მომაქვს, ასევე რკო და კიდევ უამრავი რამ. თხილი ერთადერთი ტოტია, რომელიც წელიწადის ამ დროს იდრიკება და ნებისმიერ ფორმას მისცემ, ამიტომ უამრავი ტოტი წამოვიღე რაიონიდან, შევღებე და გავამზადე, რომ საახალწლო გვირგვინები გავაკეთო.

- რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?
- ვგიჟდები, ისე მიყვარს ახალი წელი. ახალი წელი რომ ახლოვდება, ისეთი იდეები მეწვევა, რომ შეიძლება მთები გადავატრიალო. ყველა იდეა თავისით იბადება და მოდის. გაგიკვირდებათ და შარშან ნაძვის ხე მაისში ავიღე, რადგან ძალიან მომწონდა და მინდოდა მეყურებინა.
არ მიყვარს ზოგადი სიტყვები, მაგრამ როცა მუშაობას ვიწყებ, აღარ მახსოვს არც ოჯახი, არც მეგობრები, არც ნათესავები (იღიმის). მთლიანად ვარ ამ პროცესში ჩართული. ძირითადად, ღამე ვქმნი დეკორაციებს, როცა ყველას სძინავს, რადგან ხმაური, ხალხმრავლობა ხელს მიშლის. ყოფილა შემთხვევა, დამიწყია მუშაობა და ჩანაფიქრისგან სრულიად განსხვავებული ნივთი გამომსვლია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

- რამდენად დიდი შრომა და ძალისხმევა გჭირდებათ თქვენი ხელნაკეთების შესაქმნელად?
- გულწრფელად გეტყვით, ძალიან შრომატევადი პროცესია. მარცხენა ხელი ისეთ მდგომარეობაში მაქვს, რომ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ჩავიტარე. ბოლო პერიოდი მთელი დღე ღილებზე მიწევდა მუშობა და ძალიან დამეძაბა. ამის მიუხედავად, მაინც ვერ ვანებებ თავს მუშაობს, ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

- ყველაზე რთული ნამუშევარი რა შეგიქმნიათ?
- ყველაზე რთული, ალბათ, ნაძვის ხის

გაკეთება იყო, რომელიც 6000 ღილისგან შეიქმნა. თითო ღილში ოთხ ქინძისთავს მაინც ვურჭობ.როცა ამ ნაძვის ხეს ვაკეთებდი, წარმოდგენა არ მქონდა რა გამომივიდოდა. სწორედ ამ დროს დაიწყო ჩემი ტკივილები.

 

- ნამუშევრების რეალიზებასაც ახდენთ თუ მხოლოდ თქვენთვის ქმნით?
- არასოდეს არაფერი გამიყიდია. ყოველთვის ვაკეთებ სიხარულით, სიყვარულით. როცა ნივთს კონკრეტული ადამიანისთვის ვაკეთებ, ზუსტად ვიცი მისი ხასიათი, გატაცებები, ინტერესები და ისეთ ნივთს ვუმზადებ, რომ ვიცი, აუცილებლად მოეწონება. ჩემი ნამუშევრების მხოლოდ 10% მაქვს სახლში, დანარჩენი გავაჩუქე. ეხლაც ვაკეთებ საახალწლო საჩუქრებს მეგობრებისთვის.

 

- ალბათ ძლიან მოსწონთ თქვენი შექმნილი ნივთები.
- ყველას ძალიან მოსწონს., თავიდანვე ვცდილობ შევუთანხმო, როგორი დეკორაცია მოეწონებათ, რა ფორმის, რა ფერის და ა.შ. როგორც ყველა ადამიანი, მეც კარგად ვიცნობ ჩემს მეგობრებს, ნათესავებს და ვიცი, რაც მოეწონებათ. ყოველთვის მირჩევნია, ნაყიდ საჩუქარს ჩემს მიერ დიდი სიყვარულით შექმნილი ხელნაკეთი საჩუქარი.

- ერთი და იგივე ნივთს რამდენჯერმე ქმნით?
- არა, მასალას ბევრჯერ ვცვლი, ერთნაირ ნივთს ვერასოდეს გავაკეთებ. მიყვარს სიახლეები და სიურპრიზები.

- სამომავლოდ რა ჩანაფიქრი გაქვთ?
- იდეები ძალიან ბევრია. უკვე სააღდგომო ნივთებზე ვიწყე ფიქრი. მასალის შეგროვებაც შევუდექი.
მერი ბლიაძე

კომენტარები

Nino 2016-12-23 03:30
Saocari adamiani xar tamo
Teona 2016-12-20 21:50
tamooo dzaan magari xar ♥
მაიკო 2016-12-20 18:19
მაგარი ხარ ტამოოო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები