თბილისის ცენტრში გაშენებული წალკოტი

ეს ულამაზესი ბაღი ქალბატონმა ქეთი ყალიჩავამ საბურთალოზე, ვეძისის უბანში გააშენა. ეს ეზო გახდა სწორედ "შინ"-ის ეზო-ბაღების კონკურსზე ჟიურის რჩეული. წლების განმავლობაში ეზომ რამდენჯერმე იცვალა სახე. დღეს უამრავი ულამაზესი ყვავილი ამშვენებს. 

- როდის დაიწყო თქვენი ყვავილებით გატაცება? რამ განაპირობა ეს სიყვარული?
- მცენარეებით 15 წლის წინ დავინტერესდი, როცა კერძო სახლში გადმოვედით საცხოვრებლად. დაძაბული გონებრივი სამუშაოს შემდეგ, ყვავილების გადარგვა, მოვლა, მოფერება და თუნდაც ცქერა, საოცარი განტვირთვაა. როცა ძალიან ვიღლები ან ემოციური სტრესი მაქვს ყვავილების მაღაზიებშიგავრბივარ და ახალ მეგობარს ვიძენ.

- როდის დაიწყეთ
მისი გაშენება?

- მე და ჩემი მეუღლე ნელ-ნელა ვცვლიდით და ვამატებდით დეტალებს. რამდენჯერმე შეიცვალა ეზომ სახე. არ ვიცი ეზოს ქვეშ რა კომუნიკაციები გადის და ამიტომ ხანდახან კარგად გაზრდილი ხეები უცებ ხმება და მერე მის ადგილს სხვა ხეები და მცენარეები იკავებენ. როცა ეს ეზო შევიძინეთ აქ დაგვხვდა კაკლის, ბროწეულის და სხვადასხვა ჯიშის ვაზისნერგები. ბროწეული გადავანაცვლეთ, ვაზს ტალავერები მოვარგეთ და კაკალი ისევ ისე დავტოვეთ, როგორც იყო. ახლა კიდევ გვაქვს ვაშლის, ალუბლის, ბლის, კარალიოკის, ფეიხოას, უნაბის, მუშმულას და მსხლის ხეები. გარდა ამისა უამრავი ყვავილის ხე და ბუჩქი.

- რთული იყო ბაღის გაშენების პროცესი? რა სირთულეები შეგხვდათ?
- ტერიტორია პატარაა, მაგრამ გაგვიმართლა, რომ დამრეცი ზედაპირი ჰქონდა. თანაც ძველი ბეტონის კედელი დაგვხვდა, რომლის მონგრევაც არ იყო რეკომენდირებული. ეზო ორ სართულად დავატერასეთ და თვითონ გვიკარნახა, როგორი განლაგება მიგვეცა. ჯერ კიდევ ვერ მივიყვანეთ ჩანაფიქრი ბოლომდე. განათების საკითხი დასახვეწია, ერთი დიდი კედელი გვაქვს მოსაპირკეთებელი და ეზოს წინა ნაწილი შესაცვლელი. არ ვჩქარობთ, ნელ-ნელა ვიღებთ სიამოვნებას ჩვენი ნაშრომიდან.ბევრ დეტალს თვითონ ვქმნით:მე დიზაინს დავსახავ და ჩემი მეუღლე მათ რეალიზებაში მეხმარება. მაგრამ ხელოვნური კლდისა და წყაროს მოწყობაში ჩვენი მეგობარი მოქანდაკე ლევან ტაბატაძე დაგვეხმარა.

- ბაღის გაშენება დიდ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. როგორ მიიღეთ ეს ცოდნა?
- თავდაპირველად აქ სხვადასხვა გემოვნებისა და გამოცდილების მქონე დიზაინერი მოვიწვიეთ. უმეტესი მათგანი გაშლილი ლანდშაფტისათვის დამახასიათებელ ბაღს გვთავაზობდა მარადმწვანე მცენარეებითა და ქვის ბილიკებით. მე კი მსურდა ძალიან ბევრი ყვავილი მქონოდა ბუნებრივთან მიახლოვებული დიზაინით. უამრავი წიგნი და ჟურნალი შევიძინე ყვავილების მოვლასა და ეზოს დიზაინის მოწყობაზე. შეძენილ ყვავილს პირველად ქოთანში ვრგავდი და ვაკვირდებოდი, რომელი ადგილი მოსწონდა ყველაზე მეტად. ვარჩევდი ყვავილობის პერიოდების მიხედვითაც. მაგალითად იასამანი და ბუდლეა ერთად მაქვს ჩარგული, ჯერ იასამანი ყვავილობს. გავკრიჭავ და მერე ბუდლეა ანაცვლებს. ასეა ყველგან, ერთად არის რამდენიმე მცენარე ჩარგული, რომ მონაცვლეობით იყვავილონ. რადგან ეზოში ადგილი არ მყოფნის ზოგიერთი ხე ქოთანში მაქვს გაზრდილი.

- დღეს რამდენი სახეობის ყვავილი „ცხოვრობს“ თქვენს ბაღში?
- მარტო ვარდია 30-მდე სახის, ზამბახი, კროკუსი, ტიტა, კლემატისი, ჰორტენზია, გლიცინია, პელარგონია, იუკა, ჰიბისკუსი, ვეიგელა, ბეგონია, ქრიზანტემა, აზალია, როდოდენდრონი, მატიოლა, ოლეანდრა, და ა. შ. ადრე კატალოგებს ვაკეთებდი, რამდენი ყვავილი მქონდა. ეხლა დრო აღარ მაქვს დავთვალო. თანაც როცა რომელიმე მათგანი კვდება, უსიამოვნოა ამ ჩანაწერის გაკეთება. თებერვლიდანდეკემბრამდე ყვავილობენ, თუმცა აპრილი-ივნისი განსაკუთრებულია. ზამთარში ზოგი მათგანი კიბის ქვეშ მოწყობილ ორანჟერეაში შემაქვს, ზოგი სახლში.ზოგს ადგილს ვუნაცვლებ, რომ თოვლმა არ გააფუჭოს.

- მათ მოვლაში ვინ გეხმარებათ?
- ჩემი მეუღლე და ოჯახის მეგობარი ირინა.

- ოთახის მცენარეებიც გაქვთ? დაახლოებით რამდენი ქოთანი გექნებათ?
- სახლში სადაც შუქია ყველგან ყვავილებია, საძინებლების გარდა. პატარა ზამთრის ბაღიც მაქვს. ცალკე მაქვს კაკტუსებისა და სუკულენტების კუთხე. როცა „ყვავილნარი“_ს ჯგუფში ყვავილიანი ქოთნების კონკურსი გამოცხადდა 600_ზე მეტი დავთვალე.

- ფავორიტი მცენარე თუ გყავთ?
- არა, ვერ გამოვარჩევ. თუმცა ერთადერთი ყვავილი, რომელსაც ვჭრი და თაგულის სახით მაგიდაზე ვილაგებ, ვარდია.

- ყვავილი, რომელზეც ოცნებობთ...

- კონკრეტულად ერთ ყვავილზე არასოდეს მიფიქრია. პრაქტიკოსი ვარ და ვცდილობ ისეთი ყვავილები მოვიძიო, საქართველოში რომ ხარობს. უცხოეთიდან შემოტანილი მცენარეები დიდხანს ვერ ძლებენ და გამრავლებაც ჭირს. ძალიან მინდა მინიატურული ხეების (ბონსაის) ტყე მოვიწყო სახლში. ამას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ არსად მეჩქარება.

- სულ ახლახან გაიმარჯვეთ შინ-ის კონკურში. რას გვეტყვით ამ კონკურსის შესახებ?
- არაჩვეულებრივია, რომ საქართველოში დაიწყეს ასეთი ტიპის კონკურსების მოწყობა. საერთოდ, მომხრე ვარ, შემოქმედებითი აზროვნების ადამიანებმა იაქტიურონ საზოგადოებაში და არა ცხოველური ინსტინქტების დონეზე დასულმა ცნობადმა სახეებმა. მობეზრდა ყველას უსაქმური და მოლაყბე პირების წარმოჩინება, თვითონ არაფრის მკეთებლები, ერთმანეთის ნაკლისა და შეცდომების წამოძახებაში რომ კარგავენ დროს. უამრავი საინტერესო ადამიანია, ვინც თავისი ძირითადი პროფესიით საქმიანობის გარდა ხატავს, ქსოვს, კერავს, ძერწავს, სამკაულს ქმნის, ავეჯს აწყობს ან რაიმე დიზაინს ქმნის. ბევრია ყვავილების მოყვარული, ვინც ვერ გაიგო ამ კონკურსის შესახებ და იმედია, ყოველ წელს გაიმეორებთ. ქალბატონი იზა ნამდვილად იმსახურებს 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულის ტიტულს. ვულოცავ და სიამოვნებით გავისეირნებდი მის წალკოტში.

- როგორ შეცვალა ყვავილებმა თქვენი ცხოვრება?
- ყვავილების გარდა, ძაღლები მიყვარს ძალიან, პეკინესები მყავს. ყვავილებთან და ძაღლებთან ურთიერთობამ გაცილებით უფრო მობილიზებული და შემწყნარებელი გამხადა. ცნობიერების ჰორიზონტიც უფრო ფართო და საინტერესო გახდა. ცხოველს და მცენარეს რადგან ლაპარაკი არ შეუძლია, ე.ი. ჩვენზე გაცილებით უფრო მაღალი ტელეპატიის უნარი აქვთ. უსიტყვოდ გრძნობენ შენს განწყობას და გაორმაგებულად უკან გიბრუნებენ იმ სითბოს, ყურადღებას და ენერგიას, რასაც მათთვის გაიღებ.

- როგორია თქვენი საოცნებო ბაღი?
- ოცნების დრო არ მაქვს. ინტერნეტში უამრავი ლამაზი ბაღი მაქვს ნანახი, მაგრამ მიმსგავსების სურვილი არ მაქვს. თუმცა გარკვეულ დეტალებს ვიმახსოვრებ და მერე ვცდილობ ჩემს გარშემო არსებული გარემო ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად მომხიბვლელი, მშვიდი და კომფორტული გავხადო.




მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები