ვარდების წვიმა საგურამოში და "ქართული ბაღის" იდეა, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა

9 ივნისს საგურამოს ვარდების ბაღში ROSE ART, რომელიც ლანდშაფტის დიზაინერ ცირა ოქროპირიძის მიერ არის მოწყობილ-გალამაზებული და ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე, უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება გაიმართა - "ვარდების წვიმა"  დევიზით "აავსე დედამიწა ვარდის სურნელით". ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერი, ასევე ტრადიციულად, წელსაც გახლდათ ვებგვერდი shin.ge

მარად აქტუალური თემები იყო წარმოდგენილი პრეზენტაციაზე, როგორიცაა მწვანე საფარის მოფრთხილება, რეკრეაციული ზონების გაფართოება, ველური ბუნების ელემენტების შენარჩუნება ქალაქში. ასევე ქალბატონმა ცირამ ისაუბრა იაპონური ბაღების კულტურაზე.

- ღონისძიებაში შევიტანეთ იაპონური ნოტები და დღევანდელი დღე მინდა ერთგვარი გამოძახილი გახდეს ქართველი ხალხისთვის, თუ როგორ
უფრთხილდება იაპონელი წყალს, მიწას, ჰაერს და ბუნებას, - აღნიშნა ქალბატონმა ცირამ.

პრეზენტაციაზე დიზაინერი ასევე გამოვიდა ერთგვარი ინიციატივით, რომ ქართველებს გვქონდეს ჩვენი, ე.წ. ქართული ბაღი, როგორც ეს არის თუნდაც იაპონიაში. ასეთ ბაღში შეკრებილი იქნება ენდემური ქართული მცენარეები, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი უნიკალური ჯიშები, წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციები და კულტურა და საოცარი სანახაობა იქნება როგორც ქართველებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. 

იდეას დიდი აღტაცებით შეხვდა შეკრებილი საზოგადოება და ასევე იაპონელი სტუმრები - საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები. 
1
ვარდების ულამაზეს გარემოში საღამო გაამრავალფეროვნა და კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა კონცერტმა, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტები: ვანიკო გალუაშვილი, თამაზ საგინაძე, სულხან გველესიანი, გოჩა დათუსანი, ხათუნა ჭოხონელიძე, ოთარ შიშინაშვილი, მარიამ ბარათაშვილი, ირაკლი მურჯიკნელი, ნათია ბეჟაშვილი, მარიკა მაჩიტიძე, გია ბეროშვილი და ა.შ. კომპოზიტორი და მომღერალი გია მაჭარაშვილი, პიანისტი დინი ვირსალაძე, პოეტები: ირმა გურიელი და ნანა ცინცაძე, მსახიობი მურმან ჯინორია, ღონისძიებას უძღვებოდნენ დუტა სხირტლაძე და ცირა ოქროპირიძე. იყო გამოფენილი ნინო ქარუმიძისა და თამარ ვაჩეიშვილის ფერწერული ნამუშევრები, ასევე ლილე ფილფანისა და მაიკო არჩვაძის ხელნაკეთი ნივთები. წარმოდგენილი იყო მღვინე შალვა გვარამაძის ღვინო, რომელმაც წელს იაპონიაშიბ გამართულ ღვინის ფესტივალზე ორი ოქროს მედალი აიღო.

"ვარდების წვიმას" ესწრებოდნენ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჩეისონ კარლ ფლაიმი მეუღლე ჯულისთან ერთად და იაპონიის საელჩოს წარმომადგნელები.



თუმცა რასაკვირველია, ყველაზე მთავარი და შთამბეჭდავი გახლდათ ვარდის ფურცლების წვიმა, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს საგურამოში.







კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები