თამრიკო ჭოხონელიძის სავანე საგურამოსთან ახლოს - "თბილისის ბინა ბანკში ჩავდე ამ სახლის დასამთავრებლად..."

დაახლოებით ოცი წლის წინ, საგურამოდან 3 კმ-ში მდებარე სოფელ არაშენდაში თამრიკო ჭოხონელიძემ მიწის ნაკვეთი იყიდა. ეჩხუბებოდნენ, რად გინდა, სახლს ხომ მაინც ვერ ააშენებო. ისე მოხდა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით სახლს საძირკველი ჩაეყარა და მშენებლობაც დაიწყო. თამრიკოს მამა, ბატონი კუკური, უზომოდ გახარებული იყო ამ ამბით.

- არაშენდაში ჩემს მეგობრებთან, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ეს სოფელი საგურამოდან ხუთი წუთის სავალზეა. პირველ რიგში, საგურამოსგან განსხვავებით, სიმშვიდემ მომხიბლა. ჩემთვის საგურამო ნაკლებად კომფორტულია დასასვენებლად იმიტომ, რომ ქალაქს წააგავს თავისი ცხოვრების წესით. ყოველთვის მინდოდა, სოფელი მქონოდა. ჯერ
ერთი, ფოლკლორისტი ვარ და, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სოფელი, გლეხები და მათთან ურთიერთობა მიყვარს. მერე, გვერდით გყავს ადამიანი, ვისაც აქვს რძე, ყველი, კვერცხი... ყველა პროდუქტი ბუნებრივი და ნატურალურია. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ასეთი სამეზობლო და ჩემთვის სულის მკვებავია ეს ურთიერთობები. მაშინ ვთქვი, ნეტავ როდესმე თუ მოვახერხებ, მსგავს ადგილზე პატარა ქოხი მქონდეს-მეთქი. სულ ცოტა ხანში ჩემი მეგობარი მირეკავს და მეუბნება, არაშენდაში ჩემ გვერდით ნაკვეთს ძალიან იაფად ყიდიანო. სასწრაფოდ ფული შევაგროვე მთელ სანათესავოში და ვიყიდე ადგილი, რომლისთვისაც ხუთი წელი ხელი არ დამიკარებია. იცინოდნენ, ეზო აქვს და ამით კმაყოფილდებაო.



- როცა დაიწყეთ მშენებლობა, სირთულეები შეგხვდათ?
- ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელმა ადამიანმა, რომელთანაც მირონი მაკავშირებს და რომელიც არაერთი კეთილი საქმითაა ცნობილი, დამასაჩუქრა თანხით. ფაქტობრივად, მისი წყალობით ავაშენეთ სახლის მნიშვნელოვანი ნაწილი. არქიტექტორმა მეორე სართულის ტერასაზე (ახლა შემინულია) სახურავის დადგმა მოიფიქრა. ეს ერთი შეხედვით მომეწონა, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით თურმე, შეცდომას ვუშვებდით. სახლს იმერელი ხელოსნები აშენებდნენ. ერთ დღეს მე და მამა ხარაჩოზე ავედით. მამაჩემს ღია ტერასა უნდოდა, ხელოსნები კი უმტკიცებდნენ, რომ ბრტყელი გადახურვა იყო საჭირო, კიდევ რაღაც პრობლემები დაასახელეს და უთხრეს: თქვენ, ბატონო, მუსიკა გესმით კარგად, მშენებლობა კი ჩვენი საქმეაო. მამაჩემმა ფურცელი და ფანქარი ითხოვა, შეეკითხა - რამდენი იყო სიგრძე, სიგანე, სიმაღლე... დაჯდა, იანგარიშა და ძალიან ლამაზად დახაზა ფურცელზე, რაც საჭირო იყო. მახსოვს, ის ფურცელი როგორ გადაუფრინა მაგიდის ერთი ბოლოდან მეორეზე და თქვა: ეს არის, ამისი მთელი ალია-ბალიაო. ისინი გაოგნდნენ. მამა ჩავიდა ხარაჩოდან, მე კი გაოცებულმა ხელოსნებმა მკითხეს: თამრიკო, აგვიხსენით, რაშია საქმე, ასე იდეალურად სპეციალისტებიც არ ხაზავენო! - განიშნებდით ხან ასე, ხან ისე და თქვენ ვერ შეამჩნიეთ... მამამ სამშენებლო დაამთავრა-მეთქი (იცინის). ტერასა ისე გაკეთდა, როგორც მამაჩემს უნდოდა, მაგრამ სახლის დამთავრებას ვერ მოესწრო.



საძირკვლის ჩაყრის შემდეგ ნარჩენი მასალა, ნიადაგისთვის გამოუსადეგარი ქვა-ღორღი ვერ გადავყარეთ, იმიტომ, რომ მამა გარდაიცვალა. ამ საქმეს ვეღარ მოვუარე, ქვა-ღორღი მიწას შეერია. ერთხანს ისიც ვიფიქრე, ამის ყურებას, ბეტონის დასხმა სჯობს-მეთქი, მაგრამ სიმწვანის გარეშე, რაღა აგარაკია! და კარგა ხანს მე და კოკო, ამ ადგილებს ხელით ვასუფთავებდით. ძალიან მონდომებით მუშაობდა კოკო, ნელ-ნელა წამოვიდა სიმწვანეც.

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სახლი გადაუხურავი დარჩა და ზიანდებოდა. შემომითვალეს, მყიდველი გამოჩნდა და რას იზამო? აი, მაშინ ჩემს თავს, უფრო კი მამას შევპირდი, რომ სახლს აუცილებლად დავამთავრებდი, ასე ძალიან რომ უნდოდა.

იყო ერთი ფაქტორიც. მამას გარდაცვალებით შოკირებულები ვიყავით, ისეთი საყრდენი მუხა გამოგვეცალა ხელიდან და უცბად დიდი ოჯახი დავიშალეთ. გაზაფხული იყო, რაღაც უცნაური ძალა მომეცა და ვთქვი: წელს, ზაფხულში ჩვენ ერთად ავალთ საგურამოში. ყველას გაუკვირდა, სახლი დაუმთავრებელი იყო. თბილისის ბინა ბანკში ჩავდე, რომლის ვალი ჯერაც არ გამისტუმრებია, მაგრამ მიღირდა. რადგან თანხა მქონდა, სახლი მალე დავამთავრე. სამივე და ოჯახებით და დედა ჩამოვედით საგურამოში. იყო სუფრა, ყველანი ერთად ვუსხედით მაგიდას. სულ მქონდა შეგრძნება, რომ მამაც ჩვენთან იყო... თინიკო მესამე შვილს ელოდა, მამაჩემმა იცოდა ამის შესახებ და ისიც იცოდა, რომ გოგონა გაჩნდებოდა. ჩემი და საგურამოდან წავიდა სამშობიაროში, ლიზა დაიბადა და ორივე აქ ამოვიყვანეთ. მადლიანი სახლია, სიყვარულის დიდი ენერგეტიკა მოსდევს, ჩემი მარიამიც აქედან წავიყვანეთ სამშობიაროდ და ელენესთან ერთად დავბრუნდით.

- ეზოში რა დარგეთ, თავდაპირველად რომელი კუთხე მოაწესრიგეთ?
- ვარდები დავრგე, ახალ ჯიშებს ვამატებ ხოლმე. ბოლოს, ულამაზესი ირლანდიური ვარდი ჩავრგე. საერთოდ, ვარდზე ვგიჟდები, ყველაზე მეტად მიყვარს. დედაჩემს შროშანი უყვარს, მაგრამ რთული გასაზრდელია, ჩვენ არ გვაქვს.


ეზოში ცოტა ხეხილი იდგა, ბიძაჩემმა თენგო გაგლოშვილმა ნერგები მაჩუქა. მე და კოკომ პაწაწუნა წიწვოვანი ბუჩქები ამოვიტანეთ, უკვე გაიზარდნენ. მირონის ხე როცა ყვავილობს (თეთრი ყვავილი აქვს), საოცარ სურნელს აფრქვევს. ეზოში ერთი ხეა, გულდედავას ჯიშს ეძახიან, ზუსტად არ ვიცი, ქლიავია თუ ალუჩა, მაგრამ მსგავსი სიტკბო იშვიათია.

ჩემთვის ტრადიციად ვაქციე ერთი რამ - ჩუმად გადანახულ თანხას ვაგროვებ ე.წ. „საგურამოს ყულაბაში“. პირველად იმ თანხით აუზის ერთ მხარეს კომფორტული დასასვენებელი კუთხე გავაკეთე. მეორე წელიწადს, აუზის მეორე მხარეს შეზლონგების ზონა გაკეთდა, იქვე კედელი ჩემი ხელით მოვხატე. მომდევნო წელს ფანჩატური აშენდა და ასე, ყოველ წელს რაღაცას ვამატებ. ყველაზე მეტად ის მსიამოვნებს, რომ ახალგაზრდებსაც აქვთ სურვილი, სახლს რამე თვითონაც შესძინონ.



- აივანზე ჩიტები და ხე თქვენ დაგიხატავთ, კიდევ რა გეხერხებათ?
- დავიწყე ხატების ბისერებით შემოსვა. ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ამაში სიახლე და განსაკუთრებული არაფერია, თუმცა ჩემი მეთოდი მაქვს. საეკლესიო ჟურნალებიდან ამოღებული ხატების ბევრი ფოტო დამიგროვდა (ვერ ვაგდებდი) და ერთ დღესაც ვნახე, რომ მაცხოვრის ხატის ხელი გაცრეცილი იყო. ვიფიქრე, რით შეიძლებოდა აღდგენა. დავიწყე ხელის განახლება ბისერებით... შევყევი და გავაცნობიერე - უფლება მაქვს? ჩემს მოძღვართან, მამა გრიგოლ კუმელაშვილთან მივედი, ის დღეს ლურჯი მონასტრის ეზოშია დაკრძალული, საოცარი ადამიანი იყო. დასრულებული ნამუშევარი როცა ვაჩვენე, აღფრთოვანდა და მითხრა, გააგრძელე ეს საქმეო, რაზეც კურთხევა ავიღე. ხანდახან ხატზე სამოსს ფერს ვუცვლი, დანარჩენს არ ვეხები. ხატს მოვრთავ და ვინმეს ვჩუქნი, ანუ ვიღაცის სახელზე ვაკეთებ, ის ადამიანი წარმომიდგება ხოლმე თვალწინ. სახლში მხოლოდ რამდენიმეა ჩემი შემოსილი ხატი. მიყვარს, თითქოს გამოუსადეგარი ნივთის გალამაზება, მაგალითად, გზაზე დაგდებული უბადრუკი ტოტი წამოვიღე და ბისერებით გავაწყვე.



ამ სახლში ყველაზე ძველი ნივთი და ჩემთვის ძვირფასი რელიკვიაა დმანისის არქეოლოგიური გათხრებიდან ამოღებული პატარა სურა, რომელიც 3000 წელზე მეტს ითვლის. ის ჩემს ოჯახს აჩუქა კარგმა ქართველმა თემურ თავაძემ. მის ოჯახს დიდ პატივს ვცემ. საკუჭნაოს კარზე მივუჩინე ადგილი დედაჩემის დროინდელ სათამაშო-ნახატს, სადაც გამოსახულია წელიწადის დროები და დედას გაფერადებულია.

- მეორე სართულზე მნიშვნელოვანი ადგილია ტერასა...
- ტერასა შევმინეთ, რადგან ქარი ყველა მხრიდან უბერავდა. აქ ძველ ნივთებს მოვუყარე თავი, არაფერს ვაგდებ - ჩემოდნები, საკერავი მანქანა, პიანინო... რაც მთავარია, ეს არაა მხოლოდ ჩემი წარსული, აქ ბებია-ბაბუის ნივთებიც ინახება. ჩემოდნები ეკუთვნოდა ბაბუას - ვალიკო კალანდაძეს, რომელიც სუხიშვილების ანსამბლის პირველი თაობის ცნობილი სოლისტი იყო. ამ ჩემოდნებით დადიოდა მრავალი წელი გასტროლებზე. ამას წინათ ფრიდონ სულაბერიძე მიყვებოდა მის შესახებ და დიდი სიამაყით ავივსე, როცა მითხრა, რომ ძალიან კოლორიტული მოცეკვავე, ნოვატორიც ყოფილა და სიახლეები შეჰქონდა პროგრამაში. მაგალითად, ცეკვა „კინტოურში“ პირველად ბაბუამ დაიდგა ბოთლი თავზე, ყოველგვარი დამაგრების გარეშე. მისი მონაწილეობით სულ პატარა კადრი შემორჩენილია ფილმში „რერო მასპინძლობს“. ერთ მაგიდაზე მოვათავსე ის ნივთები, რაც ქართულ კუთხეს ქმნის. ყანწებთან ერთად, აქ დევს ფილმ „მამლუქში“ გამოყენებული რამდენიმე ნივთი, ისინი ბაბუას აჩუქეს. ჩემთვის ისტორიული ნივთებია და უსულო საგნის ასოციაციას არ იწვევს. ეს არის ლამაზი წარსული და საუკეთესო მოგონებები. ჩარჩოში ჩავსვი ორი კაბა - დედაჩემის ნაქონი, როცა ერთი წლისა იყო და ჩემი კაბა, ასევე ერთი წლისას რომ მეცვა. მას შემდეგ ყველა გოგოს, ვინც დაიბადა ჩვენთან, ეს კაბები ეცვა (იცინის). თუ კიდევ გაჩნდა გოგო, კაბას გამოვიღებ ჩარჩოდან, ბავშვს ჩავაცმევ, სურათს გადავუღებ და კაბას ისევ ჩავსვამ თავის ადგილზე.




მთლიანად ბისერებით მოვრთე საკმაოდ მაღალი ხე და ტერასის ერთ კუთხეში დავდგი. ბისერები მუქი ფერისაა და ხის ასოციაციას ტოვებს, ოღონდ ოდნავ ბრწყინავს. ხის ტოტებზე სხვადასხვა ფერის ქისები ჩამოვკიდე. ჩემთან მოსული სტუმარი, ვისაც უნდა, ბარათზე დამიწერს თავის სურვილს, რომელსაც ქისაში ჩადებს, მე არ ვკითხულობ. ამას დავარქვი „სურვილების ხე“. ნახევრად ხუმრობით ვამბობ ხოლმე, სიბერეში თითო-თითოს ჩამოვხსნი და ვნახავ, ვინ რა მისურვა-მეთქი. ალბათ, სიყვარულითა და კეთილი სურვილებით დავიტვირთები, რაც დიდ ძალას მომცემს.



- რომელია სახლში თქვენი საყვარელი ადგილი?

- მეორე სართულის ტერასიდან მზის ჩასვლის ყურება დიდი სიამოვნებაა, ხშირად ამოვდივარ და ვუყურებ ხოლმე. ზოგადად, აქედან ულამაზესი ხედია. მიყვარს ქვემოთ აივანზე ჯდომა, როცა ერთად ვართ ოჯახის წევრები და ვერთობით. ჩემი სურვილია, არაშენდას სახელი შეუცვალონ, ამაში მეზობლებსაც ჩავრთავ. კონკრეტულად ჩვენს უბანს ვარდისუბანს ეძახიან. იქნებ, არაშენდას ეს სახელი დაარქვან!

ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები

ხათუნა 2023-12-17 20:26
იხარეთ და იბედნიერეთ ქალბატონო თამრიკო თქვენი ლამაზი ოჯახით. ულამაზესი სახლია, ნამდვილად ყველაფერს კარგს იმსახულებთ. ????????❤️ არ მიაქციოთ ყურადღება ბოღმიან და შურით სავსე ადამიანებს, თქვენი ქალობა და ღირსება არ გაძლევთ ამის უფლებას. სხვა რომ არაფერი ჩვენი პატარები თქვენს ნამღერი იავნანაზე იზრდებოდნენ და დაიზრდებიან კიდეც.... მიყვარხართ
ნინო 2023-07-29 08:56
მშვიდობაში და სუხარულში მოიხმარეთ
მკითხველი 2023-03-06 11:54
ქალბატონო თამარ, რა გაგიკეთეს ასეთი ნაცსექტანტებმა, რომ უმადურობის ჭაობში ჩაიძირეთ და ჩვენი პატრიარქის კურთხევა უგულვებელჰყავით, სამებასთან კონცერტზე მონაწილეობაზე? ხოლო ეგ სახლი ბერას დახმარებით აგიშენებიათ,რამდენადაც ცნობილია და ეხლა მიშაა თქვენთვის კერპი(დიახ, კერპი და და მამა-მარჩენალი. ხოლო ,, ნორმალური" გეები და ლესბოსელები თურმე უფრო დასაფასებლები არიან თქვენთვის ვიდრე ჩვენ უბრალო ჰეტეროები ანუ ჰომოფობები).
აკა 2023-03-05 19:19
ამაზე იტყვიან ყველა დროს ერგებაო.რამოდენიმე დღის წინ ძველი გაზეთი ჩამივარდა ხელში.არჩევნებისწინა პერიოდის .ამის სახოტბო წერილი იყო შევარდნაძეზე გული აგერეოდა.
ანა 2023-03-05 19:16
როგორც ვიცი ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა სახლის მშენებლობისას.ნათელ მირონობაც ბერასთან აქვს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები