დაათვალიერეთ გია დავითიანის აგარაკი ბროწეულაში


გია დავითიანი ანსამბლ "ალილოს" პირველი ხმა და "ქუჩის მუსიკოსების" აქტიური წევრია. დიდი ხანია, სცენაზე დგას და სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს. ალბათ ბევრი ვერც კი წარმოიდგენს, რომ ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი დიდი მეურნეა, აქვს საკუთარი ხელით გაშენებული ბაღ-ბოსტანი და ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა... ბატონ გიას ბროწეულაში საკუთარ აგარაკზე ვესტუმრეთ...

- აქაურობის ბატონ-პატრონი მე ვარ, ყველაფერს თავად ვუვლი. ეს მიწა 1986 წელს შევიძინე, ტრიალი მინდორი იყო, ერთი ხეც არ იდგა, ამიტომ ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ეზოში 800 ძირი ტუია მაქვს დარგული, უკვე მშვენიერი ბუჩქნარია, სპეციალური

მაკრატლით ვამუშავებ ხოლმე, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს და თან, ძალიანაც არ გაიზარდოს. გვერდით ეზოც ჩემია, ჯერჯერობით ღობით არის გაყოფილი, 100 ძირი ნაძვი მაქვს საკუთარი ხელით დარგული. მოკლედ, რასაც აქ უყურებთ, სულ ჩემი გაკეთებულია, - დარგული, გაზრდილი, მოვლილი. მაქვს ყურძნის ტალავერი, სადაც სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ხარობს, აი, იქ სუროების ხეივანია. ხეივანში სხვადასხვა ფერის - ყვითელი, ჭროღა, ბორდოსფერი, წითელი ვარდები ხარობს. მაისში ყველა ერთად ყვავის, ულამაზესი სანახავია, თავი ზღაპარში გეგონება...

- ეს დაბალი ხეები რაღაც ახალ ნარგავებს ჰგავს.
- კი, შემოდგომის დასაწყისში ნუშები დავრგე. გაიზრდება და მათ ნახვას არაფერი აჯობებს. სულ 4 ძირია. აქვეა შინდის ხეებიც, "სპანსკი" ალუბლებს რომ ეძახიან და მსხვილი ნაყოფი რომ აქვს. ეს კი ჭერამია. მოკლედ, უამრავი ხეა, რომლებიც უპრობლემოდ ხარობს.

- ახლა მხოლოდ კარალიოკიღა გაქვთ დასაკრეფი.
- კი, ასეა. სხვათა შორის, ფოთოლგაცვენილი და მხოლოდ ნაყოფშემორჩენილი კარალიოკის ხეც ძალიან ლამაზი შესახედია.



- ამ ადგილს ბროწეულა რატომ ჰქვია?
- ადრე, სანამ აქაურობა გაშენდებოდა, ფერდობებზე ბევრი ბროწეული ხარობდა. მერე ხალხმა დასახლება რომ დაიწყო, ბროწეულები გაიჩეხა, თუმცა, ძველი სახელი კი შემორჩა. ბროწეულაზე ლექსიც მაქვს დაწერილი და ჩემს კრებულშია შესული... ბროწეულას კი ეძახიან, მაგრამ ეს ულეველის ადგილია, მარტყოფის ველი, სადაც საუკუნეების წინ ბრძოლები იმართებოდა. მოკლედ, ბრძოლის ველი სააგარაკე ნაკვეთებად დაიყო.

- თქვენ როგორ აღმოჩნდით აქ?
- როდესაც ნორიოს მეფრინველეობის ფაბრიკაში ვმუშაობდი (პროფესიით ზოოტექნიკოსი ვარ), ხშირად ფანჯრიდან გამოვყურებდი ხოლმე აქაურობას და ძალიან მომწონდა. თან ვხედავდი, რომ ამ ტერიტორიაზე სახლები სოკოებივით მრავლდებოდა. როდესაც ვიკითხე, - რა ადგილია-მეთქი? სააგარაკე ფართობია და ძირითადად კინოსტუდიის ხალხი სახლდებაო. დიახ, აქ აგარაკები ჰქონდათ: იპოლიტე ხვიჩიას, რეზო ჩხეიძეს, ახლაც აქ ცხოვრობს ცნობილი მსახიობის, დუდუხანა წეროძის შვილი - შაკო იოსელიანი, საქონელი და ქათმები ჰყავს და მეურნეობას ეწევა.

მოკლედ, ერთხელაც, აქეთ მანქანით ამოვიარე და ეს ფერდობი კიდევ უფრო მომეწონა, ვიკითხე, - ვინმე ხომ არ ყიდის მიწას-მეთქი? თან, ამ ადგილმა, სადაც ახლა ჩემი აგარაკია, ძალიან მიმიზიდა, ხეობის თავზეა და რაღაც ძალიან მხიბლავს. არადა, ხომ გითხარით, თავიდან ერთი ტრიალი მინდორი იყო. მოკლედ, გამიმართლა, ადგილი, რომელიც ძალიან მომეწონა, იყიდებოდა და მაშინვე დავთანხმდი.

- გამოდის, რომ ტრიალი ადგილი იყიდეთ.
- დიახ, 1500 კვ/მ მიწის ფართობი. ახლაც კარგად მახსოვს, როგორ გადავუთვალე 600 მანეთი მეპატრონეს და იქიდან მოყოლებული შრომაში ჩავები. 3-4 წელია, რაც მშენებლობა და რემონტი დავასრულე. გასაკეთებელს რა გამოლევს, მაგრამ რაც გეგმაში მქონდა, იმის დასრულებას ვგულისხმობ. მოკლედ, აქაურობას აგარაკის სახე მივეცი. აქ სტუმრობა ყველას უყვარს. რაც აქ ბატკანი დაკლულა, პურმარილი გაშლილა და ღვინო დალეულა, ვინ მოთვლის...



- ზაფხულობით ალბათ სულ აქ ხართ.
- რა თქმა უნდა. აუზიც გვაქვს, სადაც ვბანაობთ და ვგრილდებით, ვისვენებთ, მაგრამ ხომ გეუბნებით, დასვენებაზე მეტად აქ მუშაობა და შრომა მიყვარს...

- რამდენი შვილი გყავთ?
- ორი ქალიშვილი - ნინო და ნათია, მყავს შვილიშვილებიც - 11 წლის თათა და თვეების ნენე. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ბათუმში დასვენება. ზაფხულობით ადრე ყოველთვის იქ მიდიოდნენ. მერე მითხრეს, თუ აგარაკზე აუზს გაგვიკეთებ, ბროწეულაში ხშირად ვივლითო. გავაკეთე და აქაურობას აღარ შორდებიან. ზაფხულის ცხელ დღეებში აუზი მისწრებაა.

- კაპიტალური აუზი გაგიკეთებიათ.
- კი, თავისი ფილტრებით. სპეციალური ოთახი მაქვს, სადაც დანადგარი დგას, რომელიც აუზის წყალს მთელი ზაფხულის განმავლობაში ფილტრავს. წყალს რომ ერთხელ ჩავასხამ, მთელი ზაფხული გაკრიალებულია.

- ფანჩატურიც გაგიკეთებიათ.
- დიახ, ჭაც არის. ფანჩატურში სპეციალური მაგიდა გავაკეთე, 15 კაცი ჯდება, სკამებიც იქ სტაციონარულადაა, ზაფხულში აქ ჯდომას და დროს ტარებას არაფერი ჯობია. ჰოდა, ხომ გეუბნებით, ხშირად ვიკრიბებით - გიტარა და კარგი სიმღერაც ჩვენზეა... როგორც უკვე გითხარით, აქ შრომა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, - აი, ხომ ხედავთ, მიწის რაღაც ნაწილი უკვე დავბარე კიდეც.

- სულ რეპეტიციები და კონცერტები გაქვთ. აქ შრომას როდის ახერხებთ?
- არ არსებობს, კვირაში ორი დღე არ გამოვნახო და აქ არ ამოვიდე. დედაჩემსაც უყვარს აქაურობა, ისეთი სიმშვიდე და სიწყნარეა, ფიზიკურად და მორალურად ისვენებს. ამდენი ხანია აქ ხართ და ჯერ მანქანას არ გაუვლია, ხომ ხედავთ? ეკოლოგიურად სუფთა გარემოა, ყველა პირობაა იმისთვის, რომ გემრიელად დაისვენო.

- როგორც გატყობთ, თქვენი აგარაკი ძალიან გიყვართ.
- იმიტომ მიყვარს, რომ ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული. ნულიდან დავიწყე და ახლა თითქმის გამართულია აქაურობა. თუმცა მაქვს გეგმები: იმ ღობის აღება და ეზოს გაერთიანება მინდა იმიტომ, რომ ნაძვნარი არ ჩანს...

დასავლეთში "ქუხნა" რომ იციან, ისეთი მინდა ავაგო ეზოში, ყველანაირად მოწყობილი - ბუხრით და ყველა საჭირო ელემენტით, სადაც ზამთარშიც იცხოვრებ და მწვადსაც შეწვავ. მანსარდაც ექნება და პატარა აივანიც. მოკლედ, კაპიტალური შენობა მინდა, რომ იყოს.

- თბილისში, "პლეხანოვზე" ხართ გაზრდილი. მიწისა და მეურნეობის ასეთი სიყვარული საიდან გაგიჩნდათ?
- მყავს მეგობარი, ზაზა ნატროშვილი (ახლა საფრანგეთშია), "პლეხანოვზე" ერთად გავიზარდეთ, ბაღშიც, სკოლაშიც ერთად დავდიოდით. მის ოჯახს ზაჰესში მშვენიერი აგარაკი ჰქონდა. ზაზას მამა, ბატონი დავითი ხშირად მეპატიჟებოდა ხოლმე იქ. შაბათ-კვირას მივდიოდით. იქაურობა ძალიან მომწონდა. იქიდან მოყოლებული ვნატრობდი, მეც მქონოდა სადმე ისეთი ადგილი, სადაც ჭიშკარს გავაღებდი, შევიდოდი და იქ ჩემს საქმეს გავაკეთებდი: დავისვენებდი, ვიმუშავებდი.
ზოდიაქოთი კურო ვარ, მიწის სიყვარული და მიწასთან შრომა ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია. წარმოიდგინეთ, მიწის სუნიც კი მიყვარს. როცა ვბარავ, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.

- ე.ი. ყველანაირი სასოფლო-სამეურნეო სამუშაო იცით, ხომ?
- კი, რა თქმა უნდა. ხეხილის გასხვლა, შეწამვლა, მყნობა, ვაზის გაფურჩვნა. ეს ყველაფერი დაბადებიდან არავის დაჰყოლია. რომ მაინტერესებდა, აგრონომიულ ლიტერატურას ვკითხულობდი, გამოცდილ ადამიანებს ვეკითხებოდი და ყველაფერში ნელ-ნელა გავერკვიე. მოკლედ, ჩემს ბაღ-ბოსტანს თვითონ ვუვლი, აბსოლუტურად ყველა ხე ვიცი, რომელი ტოტი რომელ წელს გამოიტანა. ყველა ჩემი მოვლილ-ნაპატრონებია.

- ისე, ზოოტექნიკოსი ხართ და ამ ყველაფრისგან მაინცდამაინც შორს არ არის ეს სფეროც.
- ვეტერინარია, ზოოტექნიკა მართლაც ამ ყველაფრისგან არც ისე შორს არის. გითხარით, რომ 15 წელი ნორიოს მეფრინველეობის ფაბრიკაში განყოფილების გამგე გახლდით. მიყვარს, როცა ეზოში ქათმები დადიან, მაინც მეფრინველე ვარ და ქათმების მომრავლებასაც ვაპირებ. თუმცა, იყო პერიოდი, როცა ამ ეზოში 50 ფრთა ულამაზესი ფრინველი დაგოგმანებდა. თუ სადმე ლამაზ ქათამს ვნახავდი, მომყავდა. მინდა, ამ საქმეს ისევ დავუბრუნდე.

ისე, მე და ჩემი ცხონებული მეუღლე ბავშვებთან ერთად, ადრეულ წლებში ახალ წელსაც აქ ვხვდებოდით. გვყავდა ძროხა, რომელმაც 2 ხბო მიგო. ჩვენ ვუვლიდით. თვითონ ვაკეთებდით ყველს, ვდღვებდით კარაქს, გვქონდა ნადუღი. გვყავდა ქათმები, ინდაურები, - რაღა დაგიმალოთ და სერიოზული მეურნეობა გვქონდა. არეულობის წლებში, თბილისში პურის რიგები რომ იყო, აქ კარგი "გლეხური ფეჩი" (სვანური) გვქონდა, სადაც ხაჭაპურსაც ვაცხობდით და პურსაც. სახლიდან გასვლა არც გვჭირდებოდა. დილით საბუდრიდან 30 კვერცხი გამოგვქონდა.

- საშემოდგომოდ მიწა უკვე დაბარეთ, ნუშის ნერგებიც დარგეთ, კიდევ რა სამუშაოს ჩატარებას აპირებთ?
- ცოტა ხნის წინ ყველა ხეს ნაკელი მოვუყარე. კარგია, როცა შემოდგომის პირზე ხეხილს სასუქით გაანოყიერებ. მას ზამთრის ნალექი (წვიმა, თოვლი) მიწაში ფესვებთან ჩაიტანს და გაზაფხულზე ხარისხიან ნაყოფს მოგვცემს. ნაკელი ყურძენსაც უხდება და ნებისმიერ მცენარესაც.

- რა ჯიშის ყურძენი გაქვთ?
- არის უწიპწოც, თეთრი, შავი ყურძენი, რქაწითელის მაგვარი, თითა ყურძენი, ალადასტური, - ძირითადად სუფრის სადესერტო ყურძენი. ღვინის დასაწურად არ მომყავს, ძირითადად, სადესერტო ყურძნის ჯიშებია. ვკრეფ და მერე კალათებით შვილებს, შვილიშვილებს, ახლობლებს ვურიგებ.



- ყურძენს არ წურავთ, თუმცა ბუხრიანი მარანი კი გაქვთ...
- სახლს მარანიც სჭირდება... ისე, დიდი სახლები არ მიყვარს, იმხელა სახლი მაქვს, რაც ჩემს ოჯახს საცხოვრებლად სჭირდება და ჰყოფნის.… საერთოდ კი 50 წელს გადაცილებული ადამიანისთვის იმაზე მეტი სიამოვნება რა არის, როცა შენს დარგულ ხეს ეფერები, როცა საკუთარ ეზოს ყურადღებას აქცევ. შრომას რომ გასწევ, ხიდან ნაყოფს მოწყვეტ და დააგემოვნებ. არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მანაღვლებს, მაღელვებს და ყოველთვის მინდა, რომ აქ ვიყო, რაღაცას ვაკეთებდე, მიწასთან ვურთიერთობდე, ვრგავდე, ვრწყავდე.
ჰო, კიდევ ერთი მინდა, რომ გითხრათ, - ძალიან მიყვარს ყვავილების მორწყვის პროცესი. დილას რომ ვიღვიძებ და ყველაფერი იფურჩქნება, მწვანდება, სურნელებას აფრქვევს, - ეს ჩემთვის დიდი ემოციის მომნიჭებელია. ამიტომ, როგორც გითხარით, ნახევარ საუკუნეს რომ გადააბიჯებ, უნდა ეცადო და სადღაც პატარა ხის ქოხი მაინც ჩადგა.
სხვათა შორის, თავიდან ხის სახლი მქონდა, სწორედაც რომ ქოხი იყო. ჩემი მეგობრები "ბიძია თომას ქოხს" ეძახდნენ...
დამიჯერეთ, უდიდესი სიამოვნებაა ეს ყველაფერი. ჩვენი უწმინდესი და უნეტარესიც ხომ ქადაგებს, რომ დაამუშავეთ მიწა, მიხედეთ ყვავილებს, დარგეთ ხე. რადგანაც ჩვენი პატრიარქი ასე გვმოძღვრავს, ეს ღვთიური საქმეა, რაც ყველამ უნდა ვაკეთოთ...
ტრაბახში არ ჩამომართვათ და თუ რამეს მიზნად დავისახავ, ვაღწევ. ასე რომ, მთავარია სურვილი. მერე ისიც ძალიან კარგი რამ არის, როცა ახლობელ-მეგობრები ნახელავს გიქებენ. ეს დიდ სტიმულსა და ენერგიას განიჭებს.

- სახლის რემონტიც საკუთარი ხელით გააკეთეთ?
- არა, ელიავას ბაზრობაზე ვნახე ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი ეხერხებოდა, იდგა და საქმეს ვერ შოულობდა. ვუთხარი, - წამოდი, გაცხოვრებ აგარაკზე, არაფერს მოგაკლებ, მოვილაპარაკოთ და იმუშავე-მეთქი. ნიკო 2 წელიწად-ნახევარი აქ ცხოვრობდა. ასე გადავაკეთე ჩემი ძველი, რიკულებიანი, პატარა ხის სახლი... ამ სამზარეულოს ადგილზე ადრე მანქანის სადგომი იყო. ახლა ავტოფარეხის გაკეთებას სხვა ადგილას ვაპირებ... მოკლედ, თქვენ ახლა ჩემი ოცნების სახლში იმყოფებით...

ლალი ფაცია

კომენტარები

გულნარა 2017-05-19 23:49
სამოთხედ გიქცევია აქაურობა , ჯანმრთელობა მოგცეს ღმერთმა და შეგარგოს შენი ნაშრომი!
Nukri karkadze 2017-05-19 20:26
Batono gia ixaret
lasha jiadze 2017-05-19 19:34
kai kaci xar dzma, alalia, sulsheni shroma ikneba, rac gicnob sul futkarivit shromob. roca metyvi tu mogindeba, camoval da mogexmarebi, ert dzmobis xesacv me davrgav rames karg xes !!!.
gia nikoladze 2017-05-19 18:33
genacvale giush dzma xar!
გია დავითიანი 2017-05-19 18:07
უღრმესი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, გაიხარეთ, ნამდვილად დიდი რელაქსია და სიამოვნება შენ გაშენებულ ბაღნარში მთელი დღე ფუსფუსი, ყველას გირჩევთ დაკავდეთ ამ საქმით, მით უმეტეს, უწმინდესი გვმოძღვრალვს, შეიძინეთ ან დაუბრუნდით სოფლებს და თქვენი ხელით ნოყვანილი პროდუქტით იკვებეთო!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები