როგორ მოვაწყოთ სააგარაკო ნაკვეთი ან ეზო


საკუთარი სახლის ეზო, აგარაკი ის ადგილია, რომელიც ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ლამაზი, მოხერხებული და ფუნქციონალური იყოს. კარგ ამინდებში ხომ ადამიანები ძირითადად ეზოში ვატარებთ დროს, მით უმეტეს, თბილ სეზონებზე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ წელიწადის სხვა დროს ეზოს მოვლა უნდა დავივიწყოთ, მას მუდმივი მზრუნველობა სჭირდება.

ლანდშაფტის დიზაინი საკმაოდ საფრთხილო თემაა, მასაც, როგორც სახლის ინტერიერს, კარგი დაგეგმარება, საერთო სურათისა და ფონის გათვალისწინება სჭირდება.

ლანდშაფტის დიზაინში მთავარი აქცენტი, მცენარეებზე კეთდება. მცენარეების შერჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ საერთო ფონს, ანუ რა ზომის და სიმაღლის

ყვავილები მოუხდება თქვენს გარემოს. პროპორციებს - მცენარეები უნდა განლაგდეს პროპორციულად, ბუჩქნარი და მაღალი მცენარეები ერთმანეთს შეეფერებოდეს. ფუნქციონალობას - რომ ეზოში გქონდეთ არა მარტო დეკორატიული, არამედ მსხმოიარე ხეები; და ფერთა შეხამებას - ანუ მცენარეებისა და ფოთლების ფერის შერწყმას.



ეზოსთვის მცენარეების შერჩევისას გაითვალისწინეთ, უნდა შეირჩეს არა მარტო ისეთი მცენარეები, რომლებიც ლამაზად გამოიყურებიან ზაფხულში, იფიქრეთ მათ ვიზუალზე წელიწადის სხვა დროსაც.

ლანდშაფტის საერთო კონცეფციის შექმნის დროს თქვენი ეზო უნდა დაყოთ სხვადასხვა ფუნქციურ ზონად: ბოსტანი, ნაყოფიერი ზონა, დასასვენებელი ზონა, საპიკნიკე ზონა და ბავშვების სათამაშო ზონა. ასე ზონებად დაყოფა თქვენს გარემოს უფრო მოსახერხებელს გახდის. არ უნდა დაგავიწყდეთ ეზოში საყოფაცხოვრებო ზონის მოწყობა, სადაც განათავსებთ სამუშაო იარაღსა და სხვა საყოფაცხოვრებო ინვენტარს. თუმცა ეს ფრთხილად უნდა გააკეთოთ, ის ჰარმონიულად უნდა შეერწყას სხვა ზონებსაც, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ არ იქცეს უსარგებლო ნივთების ადგილსამყოფელად.



თუ ფანტაზიას მოიხმართ, ისეთი ნაგებობაც კი, როგორიც სათბურია, სასარგებლოსთან ერთად თავისუფლად შეიძლება იქცეს ესთეტიკურად მომხიბვლელ ობიექტად.

საპიკნიკე (საქეიფო) ზონის მოწყობის დროს გაითვალისწინეთ სახლის დიზაინიც - ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს. შესაძლებელია ამ ზონის შემინვაც, რაც საკმაოდ ლამაზი სანახავია.

ნებისმიერ ლანდშაფტს დაამშვენებს წყლის კონსტრუქცია, იქნება ეს აუზი, ხელოვნური ტბა თუ სხვა რამ. დაიმახსოვრეთ, ასეთი კონსტრუქციები ღია ზონაში უნდა განათავსოთ, რომ შემოდგომის ფოთოლცვენამ ხასიათი არ გაგიფუჭოთ ხოლმე.



ლანდშაფტის გამდიდრება შესაძლებელია სხვადასხვა აქსესუარის ხარჯზეც. ეს შეიძლება იყოს განათების ელემენტები, პატარა გორაკები და სხვა.

ეზოს ლანდშაფტის მოწყობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახლის დიზაინის, ის ხომ თქვენი სახლის ანარეკლია.

თამუნა დავითაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები