"აქაურობა სამანქანე გზად აქციეს, ამიტომ მოვიწვიე კორპუსის კრება და წამოვაყენე იდეა, სკვერი მოგვეწყო..." - ზურა პაპას სკვერი გლდანში

"ამ სკვერს 11 წლის განმავლობაში ვაწყობდი, მსგავსი რამ საქართველოში არავის გაუკეთებია", - ამბობს 73 წლის ზურაბ ოზაშვილი, რომელმაც გლდანში ულამაზესი სკვერი მოაწყო. ის თავად გვიამბობს, როგორ ცდილობს სხვებისთვის საოცარი გარემო შექმნას...

ზურაბ ოზაშვილი:

- სამი შვილი მყავს, ტყუპი ვაჟი და გოგო, ხუთი შვილიშვილი... პროფესიით შალის სპეციალისტი ვარ, მაუდის კომბინატში დიდხანს ვმუშაობდი. ამჯერად სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურში ვმუშაობ. დილაადრიან გავდივარ, 5 საათზე, და ღამის 12 საათზე მოვდივარ. მერე ერთ დღეს ვისვენებ და ამ დროს სულ სკვერს ვუთმობ. იმდენად მიყვარს ძალიან ადრე
ადგომა და ბაღში გასვლა, ოდნავ თუ შემაგვიანდა, რომელიმე მეზობელი რეკავს, ზურა ხომ კარგად არის, სკვერში არ ჩანსო.

2000 წელს ბინის ამხანაგობის თავმჯდომარედ ამირჩიეს. 22 წლის განმავლობაში, რაც კი რამ ყოფილა მერიის დაფინანსება კორპუსებისთვის, ყველა პროგრამა ათვისებული მაქვს.

- სკვერის მოწყობა როდის დაიწყეთ?

- სადაც ახლა სკვერია, 400 კვადრატული მეტრია, რაც საკმაოდ დიდია. რატომღაც იქაურობა სამანქანე გზად აქციეს, ამიტომ 11 წლის წინ მოვიწვიე კორპუსის კრება და წამოვაყენე იდეა, სკვერი მოგვეწყო. ზოგს გარაჟები სურდა, ზოგს ისევ გზა, მაგრამ საბოლოოდ სკვერზე შევთანხმდით. თავიდან მარადმწვანე, პატარა ბუჩქებით შემოღობვა დავიწყე, შემდეგ ბოძები ჩავუყენე და მავთულიც გავაბი. ორი წლის განმავლობაში ვრგავდი ნერგებს. ნერგს საღამოს რომ ჩავრგავდი, დილით აღარ მხვდებოდა. ერთ ღამეში 16 ძირი ერთდროულად მომპარეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ხელფასზე ვარ, ძვირად ღირებულ, განსაკუთრებულ დეკორატიულ მცენარეებს ვყიდულობდი. რადგან სკვერის მოწყობა ჩავიფიქრე, მართლაც განსაკუთრებული მსურდა. ახლა მეზობლებიც მომეხმარნენ და კამერებიც დავაყენეთ, მაგრამ მანამდე ბევრი სირთულე გამოვიარე.

60 ძირი დეკორატიული ხე გვაქვს და სკვერი ზამთარშიც ულამაზესია.

- როგორც ვიცი, ვარდების უამრავი სახეობაც გაახარეთ...

- დიახ, 80 ძირი ვარდია და გაზაფხულიდან მოყოლებული სულ ყვავიან. ვარდი ძალიან რთული მოსავლელია, ბევრი ახალი და უცნაური ფერის ვარდი მაქვს. გვალვის დროს ვარდი უფრო რთული მოსავლელია. ბევრი შრომა სჭირდება, ჩვენი მეზობელი პატარა ბავშვები ცდილობენ დამეხმარონ. თუ დაინახეს, რომ ვინმემ ვარდი მოწყვიტა, ეჩხუბებიან, ზურა პაპამ ჩვენთვის დარგოო. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები