"ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ჩემი და ჩემი მეუღლის ნახელავია..." - ლამაზი ბაღი ტაბახმელიდან

ქალბატონი ქეთინო კოდელაშვილი ტაბახმელაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. წლების წინ ბაღის გაშენება გადაწყვიტა. მეუღლის და ოჯახის წევრების დახმარებით ეზო ნამდვილ წალკოტად აქცია. დღეს მისი ბაღი გულგრილს არავის ტოვებს. მეგობრები, ახლობლები ხშირად სტუმრობენ ოჯახს და დროს ულამაზეს გარემოში სასიამოვნოდ ატარებენ.

- ბაღი მდებარეობს სოფელ ტაბახმელაში და გაშენებულია 200 კვ მეტრზე. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ჩემი და ჩემი მეუღლის დამსახურებაა. მასაც ძალიან უყვარს მცენარეები. უამრავი მცენარე, ხის ნერგი მისი ნაყიდია და განსაკუთრებულადაც უვლის. ბაღის გაშენება და მოვლა მარტივი არ არის. დიდ შრომას და
ცოდნას მოითხოვს. ვცდილობთ, ძალას არ ვიშურებთ, რომ ჩვენი ბაღი ლამაზი და გამორჩეული იყოს.


- ძალიან ფერადი და მრავალფეროვანია თქვენი ეზო. რა ჯიშის მცენარეები ჭარბობს და რის მიხედვით შეარჩიეთ ეს მცენარეები?
- მიყვარს მრავალფეროვნება. ყველანაირი ყვავილი მიყვარს, ამიტომ ვცდილობ ყველა სახის მცენარე გავაშენო. განსაკუთრებით მაშინ მიყვარს, როცა ყვავილობენ. ეზოს გალამაზებისთვის უფრო მეტად წიწვოვანი და მარადმწვანე მცენარეები გვაქვს შერჩეული. ისინი წლის ნებისმიერ დროს, ყინვაშიც კი ალამაზებენ ბაღს.

- ბაღის სიმდიდრეა ვარდი. რამდენი სახეობის ვარდი გაქვთ და როგორ ახერხებთ, რომ ასეთი უხვი ყვავილობა ჰქონდეს?
- 35 სახეობის ვარდი მაქვს. მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რომ უხვად იყვავილოს. კვება, გასხვლა, შეწამვლა - თუ ამ ყველაფერს ზედმიწევნით კარგად, წესების დაცვით შეასრულებთ, ის აუცილებლად დაგაჯილდოვებთ განსაკუთრებული სილამაზით.

- შვილებს, შვილიშვილებს თუ უყვართ მიწაზე მუშაობა?
- ოჯახის წევრებიდან ყველა ძალიან მეხმარება. დიდსაც და პატარებსაც გვიყვარს ყვავილები, ამიტომ შეძლებისდაგვარად ყველა ჩართულია მათ მოვლაში, ბაღის გალამაზებაში.

- მეგობრები, ახლობლები ალბათ ხშირად გსტუმრობენ...
- დიახ, ძალიან უყვართ ჩემს მეგობრებს ჩემთან მოსვლა, განსაკუთრებით ზაფხულში. ულამაზესია ირგვლივ ამდენი მცენარე რომ ყვავილობს. ეზოშო დეკორაციაც ბევრი მაქვს, რაც ვფიქრობ მეტად ალამაზებს ბაღს. თვითონ ეზოს განლაგება, მოპირკეთება მეუღლემ და ჩემმა შვილმა საკუთარი ხელით გააკეთეს. ყველას ძალიან მოეწონა, თავადაც კმაყოფილები იყვნენ. ჩვენც ძალიან გვიყვარს სტუმრები და გულითადად ვმასპინძლობთ მათ. მიხარია, როცა გვიქენებ ნაშრომს, მოსწონთ გარემო და სასიამოვნო დროს ატარებენ ჩვენთან.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები