ეკა ჩხეიძის სუპერთანამედროვე ბინა

ეკა ჩხეიძე შუაგულ თბილისში საჯარო ბიბლიოთეკის მოპირდაპირე მხარეს, საკმაოდ დიდი ხნის წინ აშენებულ სახლში ცხოვრობს. ჟამთა სვლამ შენობას თავისი კვალი დააჩნია, სადარბაზოში შესულს ცოტა გამიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ რესპონდენტის სახლში ისეთი ინტერიერი დამხვდებოდა, რაც შემდეგ ვიხილე. მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან შელახული კიბეებით სამი სართული ავიარე და მოულოდნელად XXI საუკუნის მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში აღმოვჩნდი.

- ამ ბინას საოცარი ისტორია აქვს. ჩემს ერთ მეგობარს ბინის ყიდვა უნდოდა, ძებნის პროცესში იყო, როცა ერთ-ერთი მორიგი ვარიანტის სანახავად წაყოლა მთხოვა. გავყევი და მოვედით აქ. ამ მისაღებში

იყო ოთხი "ბინა", სადაც ოთხი სხვადასხვა ოჯახი ცხოვრობდა, ოთახები ერთმანეთში გადიოდა, ბოლოში საერთო სამზარეულო და სააბაზანო გახლდათ - ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი კომუნალური სახლი იყო, საშინელ მდგომარეობაში. ჩემმა მეგობარმა - რა ახალი სახლი ამიშენებია და რა ეს გამიკეთებიაო, - თქვა და ამის ყიდვაზე აღარც უფიქრია. მე კი მომეწონა, გავგიჟდი ხედზე - პირდაპირ სამება მოჩანს, წინ არაფერი გეფარება, და ამით ძალიან მოვიხიბლე. თან ყველაფერთან: კინოსთან, თეატრთან, ახლობლებთან ახლოს ვიქნებოდი, ჰოდა, ყიდვაზე დავფიქრდი. ზოგადად, ეს ადგილი ძალიან მიყვარს, დედაჩემი აქ ცხოვრობს. ამავე უბანში, ქვედა ქუჩაზე ვარ გაზრდილი, აქვე იყო თეატრალური უნივერსიტეტი და სულ აქ მიწევდა ტრიალი. ბინის სანახავად მოვიყვანე ჩემი ქმარი, რომელიც პროფესიით არქიტექტორია, გიჟდება ძველ სახლებზე, ზოგადად სიძველეზე, და ყიდვაზე დამთანხმდა... იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, საკმაოდ იაფი დაგვიჯდა. სამაგიეროდ, რემონტი გრძელდებოდა 5 წელიწადი. ჩემმა ქმარმა დაიწყო საფუძვლიანი კეთება - კედლებისა და საძირკვლის გამაგრებით, დაანგრია ყველა შიდა კედელი, აყარა იატაკი, დაასხა ბეტონი, სახურავი გამოცვალა. ერთიანად რომ არ გიჭირავს თანხა, ძნელია, ნელ-ნელა ეტაპობრივად ვაკეთებდით ყველაფერს. ნგრევის დროს ვიღებდით ფოტოებს, შეიძლება ითქვას, ფოტოარქივი მაქვს ამ სახლის, რა იყო მაშინ და როგორ მოვედით აქამდე.


სახლში ხომ ყველაფერი დავანგრიეთ და ხელახლა გავაკეთეთ, გარეთაც გავედით, ასფალტიც კი დავაგეთ. სადარბაზოში სანამ შემოხვალთ, კიბეა, ასფალტის მრავალჯერ დაგებისგან გზა ამაღლებული იყო და სადარბაზო შედარებით დაბალზე დარჩა, წვიმის დროს წყლით ივსებოდა. ჩემმა ქმარმა მოიყვანა ხალხი, ძველი ასფალტი აყარეს, გაასწორეს და თავიდან დააგეს. უბრალოდ არ შეიძლებოდა სხვანაირად, სახლს საფრთხე ემუქრებოდა. სადარბაზოს მარტო ვეღარ მოვერიეთ, რადგან არც ერთი მეზობელი არ შემოგვიამხანაგდა. ეს შენობა ძეგლია და წესით გამგეობა უნდა შემოგვეშველოს, გაარემონტოს, განცხადებებიც გვაქვს დაწერილი, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ ისმის. ჯამში სულ ოთხი ოთახია, - სამი საძინებელი და მისაღები სამზარეულოსთან ერთად.

- მინდა გითხრათ, რომ რემონტის დროს სახლში საერთოდ არ შემოვსულვარ. ჩემმა მეუღლემ მითხრა, არ ნახო და არ ჩაერიო, მე ხომ არ გასწავლი, როგორ ითამაშო როლები, ნურც შენ ჩაერევი ამ საქმეშიო. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველაფერი თვითონ გააკეთა. მტვერსასრუტიან-ტელევიზორიანად ყველაფერი ნაყიდი დამხვდა, ჩემი წვლილი მხოლოდ ფარდების ყიდვაში შევიტანე. ერთადერთი, რაც ვთხოვე, იყო ის, რომ არ მინდოდა კარადები არც ერთ ოთახში და გაითვალისწინა, ცალკე გამიკეთა გარდერობის ოთახი. რაკი სახლში ყველაფერი შევცვალეთ, მინდოდა, ყველა ნივთი ახალი მქონოდა, ბალიშიც კი არ წამომიღია ძველი. გავაჩუქე ჩემი ავეჯი და ნივთები და შეიძლება ითქვას, ახალი ცხოვრება დავიწყეთ. მაგრამ ბანკის ვალები ჩემს ქმარს მგონი დღემდე აქვს.

ბინა მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი. ორიგინალურობა შესასვლელი კარიდანვე იწყება, რომელიც არასტანდარტულად იღება და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი ზედაპირი ტყავითაა დამუშავებული. მინისკედლებიანი დერეფნით უზარმაზარ მისაღებს ვეწვიეთ, რომლის ბოლოშიც ისეა მოქცეული სამზარეულო, რომ თუ შიგნით არ შეიხედე, ვერც კი მიხვდები, რომ მისაღებისგან განსხვავებული დანიშნულების სივრცეა...



- ამ სტილს მინიმალიზმი ჰქვია, როცა ზედმეტი არაფერია სახლში. ნახატების დაკიდების "უფლებაც" კი არ მაქვს ჩემი მეუღლისგან, ეს, რა თქმა უნდა, უტრირებულად (იღიმის). მითხრა, ერთი დიდი ნახატი შეგიძლია დაკიდოო, ამ დიდ კედელს კანდინსკი მოუხდება-მეთქი, - ვუთხარი და კანდინსკიზე ბოდიშიო (იღიმის).

ბინის სტილისტიკიდან გამომდინარე, მისაღები ხალვათადაა მოწყობილი - რბილი სამეული, ტელევიზორი, თაროები, რომლებზეც სხვადასხვა ორიგინალური ნივთი თუ ფოტოა მოთავსებული. მისაღებისა და სამზარეულოს გამმიჯნავ გარნიტურთან კი მაგიდასა და სკამებს შენიშნავთ.

- ეს გახლავთ გამომშრალი ქოქოსი, რომელშიც უბრალოდ ქვებია ჩალაგებული, მაგიდაზე გვიდევს აფრიკულ-ბრაზილიური გამომშრალი ხილი, რომელიც დეკორატიულს ჰგავს, მაგრამ ხელოვნური არაა. მოგზაურობიდან ჩამოაქვთ ხოლმე ასეთი რაღაცები. აი, მაგალითად, ეს ბრაზილიური გირჩებია, ოღონდ უბრალო არ გეგონოთ, გაფურჩქნულ-აყვავებული გირჩები გახლავთ. ეს პატარა კასრი შოტლანდიაში მაჩუქეს, ვისკის სახლში ვისკი ვიყიდე და მაჩუქეს.

ამ ბინაში რომ გადმოვედით, ტიმჩენკოს ნახატი მამაჩემმა მაშინ გვაჩუქა... ისე იყიდა, ჯერ ბინა ნანახიც არ ჰქონდა, მაგრამ ფერებში და სტილში იმდენად ჩაჯდა, რომ მისაღებში მივუჩინეთ ადგილი, ოღონდ დაკიდების პატივი არ ერგო, ასე უნდა იდოსო (იღიმის). ეს გახლავთ ჩემი სახელობითი შოკოლადის შეფუთვა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრმა გამოუშვა შოკოლადი, რომლის შეფუთვაზეც ჩვენი თეატრის მსახიობების ფოტოები იყო გამოსახული სპექტაკლიდან, ერთ-ერთი გახლდათ ეს, შოკოლადი შვილებმა შეჭამეს, შეფუთვა მე დამრჩა.



სახლში ქოთნის მცენარეებმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება.

- მცენარეები მიყვარს. ეს პალმა ბათუმიდან მაქვს ჩამოტანილი. მანამდე ძალიან დიდი პალმა გვქონდა. ბებიაჩემი, დედაჩემის დედა რომ გარდაიცვალა, პალმა და უზარმაზარი ჩინური ვარდიც გახმა. ეს ქრისტესისხლაც ბებიაჩემისეულია, სულ წითელი ყვავილები ჰქონდა ირგვლივ, უზარმაზარი იყო, მაცივარზე ედგა და იქიდან იშლებოდა. სამოქალაქო ომი რომ დაიწყო და შუქი, გაზი ყველაფერი გამოირთო, გაიყინა, პატარა ტოტი გადავარჩინე, წამოვიღე და აი უკევ ამხელაა. სხვათა შორის, მედიკოსთანაც საოცრად კარგად ხარობდა ყვავილები, ეს კაქტუსიც მან მომცა, პატარა ტოტი მომიწყვიტა და გამომატანა, ამანაც მალე გაიხარა.

- მე სამზარულოსთან კონფლიქტი მაქვს. ამიტომ მეუღლემ აქ დიდი სარკე გამიკეთა, საჭმლის კეთების დროს გაერთობიო. ერთი პერიოდი ყველა მოგზაურობიდან ჩამომქონდა ჭიქა, რომელსაც იმ ქვეყნის გერბი ან რაიმე სიმბოლო ჰქონდა, ან უბრალოდ მომწონდა და ვყიდულობდი... მერე მივხვდი, რომ ძალიან ბევრი დამიგროვდა და შევეშვი. ეს ბუში და პუტინი, რომელიც სარკეზე ჰკიდია, იუმორის თვალსაზრისით მაქვს ნაყიდი...

თეთრ კარადაზე ისე ზის დიდი შავი ობობა, ჯერ შეგეშინდება და მერე მოგინდება, სასწრაფოდ მოაშორო, მაგრამ ეს დიასახლისის "სატყუარა" ყოფილა.

- მიკროტალღურ ღუმელს ვიყენებ, აი გაზქურა ჯერ არ გამომიყენებია, გჯერა? ნახე, ინსტრუქციის ქაღალდი ისევ აქ დევს. ინანო მეუბნებოდა, დედა, მუყაოს ქაღალდები მაინც შემოაცალეო. ვერ ვმეგობრობ სამზარეულოსთან და რა ვქნა?! დედაჩემი მიკეთებს კერძებს, სტუმრიანობის შემთხვევაში კი - ვუკვეთავ.



ეკას ვაჟს - დათას, ოთახში სავარჯიშო სივრცე და ალბათ ბევრი ბავშვისთვის საყვარელი, საცოცი კედელი აქვს, ესეც ჩვენი რესპონდენტის მეუღლის იდეითაა გაკეთებული, იქვეა კონსტრუქტორებით სავსე სათამაშოების კარადა...

- კლდეზე ცოცვა ჩემი ქმრის ჰობია და შვილსაც გამოჰყვა, სერიოზული მიღწევები გვაქვს, პირველი ადგილი ვერა, მაგრამ მეორე ადგილი ავიღეთ, თანრიგოსანია.

დასასრულ ეკამ თავის საძიენებლში შეგვიყვანა, სადაც უზარმაზარი სარკე დგას.

- მინდა, ეს სარკე გადაიღოთ, რომელსაც ნამდვილი ხის ჩარჩო აქვს და უმძიმესია, ძლივს შემოიტანეს სახლში. კედელზე უნდა დაეკიდათ, მაგრამ იმსიმძიმეა, რომ გადაიფიქრეს და დგას ასე...

...კიდევ უფრო მეტი ფოტო ეკას სახლიდან, და ბევრი სხვა საინტერესო ბინის ინტერიერი, აგარაკი, პრაქტიკული რჩევა თუ იდეა შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალ "შინის" ზამთრის ნომერში, რომელიც უკვე იყიდება.


ციცი ომანიძე

კომენტარები

თამუნა 2016-01-07 22:27
კატერინა
mimi 2016-01-02 19:38
qartvelebis umravlesoba turqul kichs arian shechveulni da simaxinjit gadatvirtuli saxlebi goniat myudro.
sashinelebaa chuqurtmiani avejisa da madonas servisis yureba :)
mimi 2016-01-02 19:36
ai gemovneba, ai xarisxi.
dzalian lamazia
Eteri 2016-01-02 13:20
vgiJdebi ise momwons minimalisturi
interierebi. saukeTesoa.
ibednieret
Kartveli 2016-01-01 18:43
Vgijdebi me am kalze

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები