დალაგება იაპონურად - იაპონელი დიასახლისების სისუფთავის საიდუმლო

დახვეწილმა აღმოსავლეთმა დიდი ხანია დაიპყრო დასავლეთის გული საკუთარი მინიმალიზმით. განთქმულ სუშისა და ჰაკამას არც დასუფთავების იაპონური მეთოდი ჩამოუვარდება აქტუალობით. ამ დასუფთავების პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ თავიდან უნდა მოვიშოროთ ყველა ის ნივთი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ამ შემთხვევაში ყველაზე რთული სწორედ ეს არის, საჭირო და არასაჭირო ნივთების ერთმანეთისგან გარჩევა. საქმის გასამარტივებლად გირჩევთ ნივთების 5 პუნქტად დაყოფას:

1. საბუთები
2. ტანსაცმელი
3. კოსმეტიკა
4. წიგნები
5. სუვენირები

თითოეულ პუნქტთან მუშაობის პრინციპი მეტად მარტივია. ერთად ვყრით ყველა ტანსაცმელს, გარეცხილს, გასარეცხს, დაუთოებულს, დასაუთოებელს, ზამთრისას
თუ ზაფხულისას.

როგორ მოვიქცეთ?
შემდეგ სათითაოდ ვიღებთ ყოველ მათგანს და საგულდაგულოდ ვუსმენთ საკუთარ გულისთმქას. იპონელებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამიტომაც არის, რომ იაპონურად დასუფთავება სწორედ ემოციებზე დაყრდნობას გულისხმობს. თუ რომელიმე სამოსის დანახვა არ გესიამოვნათ ან რაიმე უარყოფითი გაგახსენათ, ერთი წუთითაც ნუ დაფიქრდებით, თამამად მოათავსეთ გადასაგდებ ტომარაში. ეცადეთ, რომ სახლის ტანსაცმელიც ახალი შეიძინოთ და მაინცდამაინც დახეული და შელახული ნივთებით არ ისარგებლოთ.

ასევე მოიქეცით კოსმეტიკის გადარჩევის დროსაც. აუცილებლად დაუკვირდით შენახვის ვადას და იმას, თუ ბოლოს როდის გამოიყენეთ ესა თუ ის საშუალება.

წიგნები და ქაღალდები
წიგნი უნდა იყოს საყვარელი და უნდა გქონდეთ მისი წაკითხვის სურვილი. აბა, რა აზრის აქვს ისეთი წიგნის ქონას, რომელიც არასდროს გადაგიშლიათ და არც გადაშლით.

საბუთების შემთხვევაში ფრთხილად იყავით, კარგად გააანალიზეთ მათი საჭიროება.
სათანადო ყურადღება გაამახვილეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის პასპორტებსა და საგარანტიო ბარათებზე, დაუკვირდით მათი მოქმედების ვადებს. ვადაგასული და გამოუსადეგარი ქაღალდები თამამად გადაყარეთ.
სუვენირების შემთხვევაში საქმე ცოტა რთულად არის ხოლმე. თუ რომელიმე ნივთი მრავალი წელი ახარებდა თქვენს თვალს, ხომ არ მოვიდა დრო ახლა სხვა ოჯახში დაიდოს ბინა?

ნივთების ასეთი პრინციპით გადახარისხების შემდეგ ავეჯის დროც მოვა. ცარიელი და არასაჭირო კარადა ან თქვენს მეგობართან გადაინაცვლებს ან აგარაკზე დაბინავდება. ერთი რამ კი გახსოვდეთ, არ არის აუცილებელი, ძველი ნივთები გადაყაროთ, ის ან გააჩუქეთ ან გაყიდეთ.

ამის შემდეგ კი იწყება დალაგება.
ტანსაცმელი დაახარისხეთ სეზონის, ფერისა და ფაქტურის მიხედვით. იგივენაირად დაალაგეთ წიგნები და კოსმეტიკა. ეცადეთ ისინი განალაგოთ თავისუფლად და მთავარია, გამოიყენოთ.
ასე თქვენი სახლი უფრო მჩატე და მარტივი იქნება, ასევე ადვილი იქნება მისი დალაგება და აქედან გამომდინარე თქვენც ბევრად ლაღი და ხალისიანი გახდებით.