"ჭკვიანი ფანჯარა", რომელიც თავად იწმინდება, დეზინფექციას უტარებს ჰაერს და მწერებისგან იცავს სახლს - ქართველი გამომგონებლის პროექტი

წარმოიდგინეთ სახლის ფანჯრები, რომლებიც თვითონ იწმინდება, თავადვე ანიავებს ოთახს, დეზინფექციას უტარებს ჰაერს და მწერებისგან იცავს სახლს. ეს უნიკალური „ჭკვიანი ფანჯარა“ ქართველმა სპეციალისტებმა შექმნეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ერთ-ერთ გამარჯვებულ სტარტაპად დაასახელა.
უფრო დეტალურად ამ გამოგონების შესახებ გამოგონების ავტორი, კომპანია „ირნეროს“ დირექტორი ლუკა პაჭკორია და მარკეტინგის მენეჯერი მიხეილ კვარაცხელია საუბრობენ.
ლუკა: სტარტაპების კონკურსში მონაწილეობის იდეა დამებადა იმიტომ, რომ პროდუქტი შექმნილი გვქონდა და სახელმწიფოსგან მხარდაჭერა გვჭირდებოდა გრანტის სახით. დღეს ოფისებში და საცხოვრებელ სახლებში დიდი ზომის, ვიტრაჟული
ტიპის ფანჯრებს იყენებენ. მათი წმენდა ძალიან რთულია. ვიტრაჟულ ფანჯარას სტანდარტულისაგან განსხვავებით აქვს წვრილი ჩარჩო და დიდი ზომის მინა, რომელიც ოთახში მეტი სინათლის შემოსვლის საშუალებას იძლევა.
მიხეილი: ეს არის ფანჯარა, რომელსაც აქვს თვითწმენდის და ჰაერის შიდა სივრცის ვენტილაციის მექანიზმი. ყველაფერი იმართება მობილური აპლიკაციის საშუალებით, ამიტომ ჰქვია „ჭკვიანი ფანჯარა“. შეგვიძლია აპლიკაციის საშუალებით გავწმინდოთ ფანჯარა და გავანიავოთ შიდა სივრცე. ფანჯარაში დამონტაჟებულია ჰაერის იონიზატორი, რომელიც ჰაერის დეზინფექციას ახდენს. ცალკეა ფილტრაციის სისტემა, ის არ უშვებს ჭუჭყსა და დაბინძურებას გარედან. შესაძლებელია ჰაერის სენსორები ჩამონტაჟდეს და როცა სენსორი აღიქვამს ოთახში ჰაერის დაბინძურებას, ავტომატურად ჩაირთვება განიავება და ოთახში ჰაერი გაიწმინდება.
სავენტილაციო სისტემაში არის რამდენიმე ვარიანტი: მაოზონირებელი მოწყობილობა, იონიზატორი, რეკუპირაცია. შერჩევა ხდება ფართობის, დოზირების, ფანჯრის განლაგების მიხედვით. ოზონი მსოფლიოში მიღებულია, როგორც ყველაზე თანამედროვე და ეფექტური საშუალება ბაქტერიებთან, ვირუსებთან, სოკოვან და სხვა მავნებლებთან ბრძოლისათვის. ეს სადეზინფექციო საშუალება 3000-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ქლორი.
ლუკა:
როგორც წესი, სავენტილაციო სისტემებისთვის დიდ მოწყობილობებს დგამენ ხოლმე. ჩვენ გვაქვს ამისი გაუმჯობესებული ვარიანტი და არა ჩანაცვლება. შესაბამისად ვღებულობთ სუფთა, გაჯანსაღებულ ჰაერს გაჯერებულს ჟანგბადით. არ შემოდის ხმაური, დაცულია მწერებისგან, არ მოქმედებს ნალექი და მტვერი, უსაფრთხოა.

- რა ზომის შეიძლება იყოს ჭკვიანი ფანჯარა?
ლუკა: სტანდარტული ალუმინის ვიტრაჟული ფანჯრის მაქსიმალური სიგანეა 1,8 მეტრი, მაქსიმალური სიმაღლე - 3 მ. თვითმწმენდ მექანიზმს ორწლიანი გარანტია აქვს. სითხის ავზი ინდივიდუალურია და მოთავსებულია ვიტრაჟში, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ცენტრალური ავზის გარეთ დამონტაჟება. ჩარჩოს ზედა ნაწილში განთავსებულია როგორც საწმენდი, ასევე სავენტილაციო სისტემის პლატა, ძრავი და სხვა საჭირო დეტალები. მექანიზმის ცვეთადი ნაწილების გამოცვლა ძალიან მარტივია. ყველა ნაწილის შეცვლა შესაძლებელია ოთახის შიდა მხრიდან. საწმენდი სითხე განთავსებულია ჩარჩოში მოთავსებულ ავზში. ფანჯრის კვადრატულობა განსაზღვრავს გამოსაყენებელი სითხის მოცულობას. ავზში მოთავსებული სითხე უზრუნველყოფს 6-8 გაწმენდას. თვითმწმენდი მექანიზმი 100%-ით წმენდს მინას მინიმალურ დროში. სამართავი პულტის ან აპლიკაციის მეშვეობით ხდება სითხის მისხურება და შემდეგ, მინის მწმენდი ავტომატურ რეჟიმში იწყებს მუშაობას.

ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები